საინტერესო

საოცარი ამბავი, რომელიც ისტორიულ ტაოში, ოთხთას ეკლესიის მთებში ხდება

,,ძნელად მისასვლელ ადგილას მდებარე ამ წყაროს ადგილობრივები ,,მზეუნახავ წყალს" ან ,,დღეუნახავ წყალს" ეძახიან"

ერთი საინტერესო და უცნაური ამბავი ხდება ხოლმე ყოველდღე თურქეთში, ისტორიულ ტაოში, ოთხთას ეკლესიის მთებში – მზის ჩასვლისას ჩნდება წყარო, სადაც წყალი დილამდე მოედინება, მზის ამოსვლისას კი მოულოდნელად ქრება. და ასე მეორდება ყოველდღე.
მაღალ მთებში (3000 მ ზღვის დონიდან) ძნელად მისასვლელ ადგილას მდებარე ამ წყაროს ადგილობრივები Güngörmez Suyu-ს (ანუ “მზეუნახავ წყალს” ან “დღეუნახავ წყალს”) ეძახიან.
ეს წყარო ადგილობრივების მიერ წმინდა წყლადაა მიჩნეული. ისინი აქ წელიწადში ერთხელ ადიან და ამ წყალს საკლავსაც კი სწირავენ ხოლმე. მათ მიაჩნიათ, რომ ან წყლის სიწმინდის გამო არის ჭოროხის ხეობა საცხოვრისად ვარგისი, მისი წყალობით არსებობს მცენარეულთა სახეობების სიმრავლე და ბარაქა.
ამ წყალში განბანვაც ტარდება ხოლმე. ადგილობრივებს სჯერათ, რომ ისინი ამ განბანვით ყველა ავადმყოფობისგან განიკურნებიან და მომავალშიც დაცული იქნებიან გადამდები დაავადებებისგან.
ბავშვების აქ განბანვას რაიმე სახის წინაპირობა არ სჭირდება. ადგილობრივებს სჯერათ, რომ იმ ქალიშვილებს, რომლებიც ამ წყალს დალევენ, ბედი გაეხსნებათ. მაგრამ იმისთვის, რომ ქალიშვილებს წყაროსთან მისვლა და განბანვა შეეძლოთ, გარკვეული ცერემონიის ჩატარებაა საჭირო. მისი წინაპირობა კი ისაა, რომ ამ ქალიშვილებმა სიზმარში უნდა ნახონ წყლის ხარები ან მისი მსგავსი არსებები, რომლებიც ადგილობრივთა რწმენით, მთის ტბებში ცხოვრობენ. ისევ ამ რწმენის მიხედვით, ეს არსებები სიბნელეში გამოდიან გარეთ და ღამით კი იკარგებიან ხოლმე (მსგავსი გადმოცემები არსებობს შავშეთშიც).
ზოგადად, მითოლოგიაში წყალი განახლებისა და გაცოცხლების სიმბოლოა და მას ადამიანებსაც კი სწირავდნენ ხოლმე.
ამ უცნაური ამბის (წყარო რომ მხოლოდ ღამით მოდიოდეს და მერე იკარგებოიდეს) მეცნიერული ახსნა არ არსებობს (ყოველ შემთხვევაში, ვისაც ადგილობრივებმა მიმართეს ანუ თურქმა მეცნიერებმა ვერ ამოხსნეს). მსგავსი მოვლენა სხვაგან არც გამიგია.
ერთი რამ კი ცხადია, ეს წყალი და მისი პატივისცემა იქნებოდა წარმართობის დროსაც, ქრისტიანობის ეპოქაშიც და იგი არსებობს ახლაც, ადგილობრივ მუსლიმთა ხალხურ რწმენასა და წესებშიც, რაც ასახულია კიდეც ზემოთ მოყვანილ ამბავში და იგი ზეპირსიტყვიერად თაობიდან თაობას გადაეცემა აქ. უკვალოდ არაფერი იკარგება.
ვისაც უფრო მეტი დეტალი გაინტერესებთ და თუ თურქულიც იცით, შეგიძლიათ ნახოთ აქ: http://www.dirim.com/…/Gezi%20%3A%20Kac%CC%A7karlardaki…
ზურაბ ბატიაშვილი, პროფესორი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close