პოლიტიკა

მთავრობა უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ რა ეკონომიკური ეფექტი ექნება სათამაშო ბიზნესის კოლაფსს

,,ნებისმიერი ასეთი ქმედება გვაშორებს ევროპას“- მოიტანს თუ არა დადებით შედეგს დაანონსებული საგადასახადო ცვლილებები?

როგორია სათამაშო ბიზნესის ზოგადი სტრუქტურა და რა გავლენას ახდენს იგი საქართველოს ეკონომიკაზე? დაანონსებული საგადასახადო ცვლილებები ეკონომიკურად ეფექტის მომტანი იქნება ქვეყნისთვის და სათამაშო ბიზნეს გარემოსთვის თუ არა? ამ კითხვებით საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსსა და ვიცე-პრეზიდენტს, ევრო ხმელთაშუა ზღვის ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, მეცნიერებათა დოქტორს ალექსანდრე თვალჭრელიძეს მივმართეთ.

     _ მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, სათამაშო ბიზნესი, მათ შორის სამორინეები და ონლაინ კაზინოები წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობის არამწარმოებლურ სფეროს და ეკონომიკურად ძალიან ახლოსაა ისეთ სფეროებთან, როგორიცაა კრიპტოვალუტის ბაზარი, საბითუმო და სანედლეულო ბირჟები, ETF ფონდები, ლატარია, ვალუტის დერივატივები და სხვა. ყველა ეს ეკონომიკური სფერო ეფუძნება სპეკულანტების (სათამაშო ბიზნესის შემთხვევაში – მოთამაშეების) ჩართულობას, რაც საბოლოო ჯამში ამ ბაზრების ლიკვიდურობას განაპირობებს.

ისტორიულად, სათამაშო ბიზნესი გაჩნდა ფულის ექვივალენტის გაჩენისთანავე. ჰომეროსის ილიადაში აღწერილია ოლიმპოს ღმერთების აზარტული თამაშები ბრძოლაში გამარჯვებულის დასადგენად. ითვლება, რომ პირველი სამორინე დაარსდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 557 წელს, როცა რომის მეფე ტარკვინიუს ლუციუს პრისკმა  ე.წ. „დიდი ცირკი“ ააშენა. ეს ,,ცირკი“ რომში სათამაშო ბიზნესის ცენტრი გახდა.

ალბათ, სახსენებელი არც არის მონტე-კარლოსა და ლას-ვეგასის მაგალითები, სადაც სამორინეები გადაქცეულია ჭეშმარიტ ეკონომიკურ მანქანებად, რომლებიც ადგილობრივ ბიუჯეტს მთლიანად უზრუნველყოფს. მონაკოს შემთხვევაში ის წარმოადგენს მშპ-ს ძირითად წყაროს.  აქვე დავძენთ, რომ სათამაშო ბიზნესი დიდ როლს თამაშობდა და თამაშობს საგარეო პოლიტიკაში, განსაკუთრებით ცივი ომის პირობებში. გაიხსენეთ თუნდაც იან ფლემინგის უცნობილესი რომანი „კაზინო რუაიალი“, სადაც პირველად ჩნდება ჯეიმს ბონდი.

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად გაჩნდა ონკაინ კაზინოები, რომელიც ჭეშმარიტად ჩვენი ეპოქის ერთ-ერთ ურთულეს პრობლემად იქცა. მეტი გარკვეულობისთვის შევჩერდეთ კლასიკური სამორინეებისა და ონლაინ კაზინოების ძირითად მახასიათებლებზე.

კლასიკური სამორინე:

  1. არის ეროვნული ეკონომიკური მანქანა იმ თვალსაზრისით, რომ გადასახადების გარდა ქმნის მნიშვნელოვან პირდაპირ და არაპირდაპირ ფულად ნაკადს (პერსონალის ხელფასები, სამორინე შენობის უზრუნველყოფა და ლოგისტიკა, რესტორნები და მრავალი სხვა), ასაქმებს ადგილობრივ მოსახლეობას, მონაწილეობას იღებს უძრავი ქონების ბაზარზე, ახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს და მრავალი სხვა.
  2. წარმოადგენს ტურისტული ბაზრის განვითარების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს – მაგალითად, მონტე-კარლოსა და ლას-ვეგასში ჩამოსულების 95% სწორედ სამორინეებმა მოიზიდა. აქვე დავძენთ, რომ ბათუმში, ვთქვათ, ისრაელიდან ჩამოსული ტურისტების უდიდესი უმრავლესობა სწორედ სამორინეებში დროს გასატარებლად (და ფულის სახარჯად) გვსტუმრობს;
  3. წარმოადგენს ქვეყნის თავისებურ, მაგრამ უფასო რეკლამას;
  4. მნიშვნელოვნად ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ აჭარა ტურისტულად მიმზიდველი გახდა არა ზღვის ან ჰავის (რომელიც არ არის იდეალური) გამო, არამედ, სწორედ სათამაშო ბიზნესის წყალობით. ამ ფაქტმა გამოიწვია აჭარაში სამშენებლო ბუმი. თურქეთის კურორტები უფრო იაფი და კომფორტულია, მაგრამ უცხოელები სწორედ აჭარაში ჩამოდიან. აჭარის ტურისტული ინფრასტრუქტურა ვითარდება, ხოლო თურქეთის – სტაგნაციაშია.

 _ ონლაინ კაზინოებზე რას იტყვით. ისიც ქვეყნის ეკონომიკის ზრდას ემსახურება?

_    ონლაინ კაზინო:

  1. სუპერეროვნული ეკონომიკური მანქანაა იმ თვალსაზრისით, რომ აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ რომელ ქვეყანაშია განთავსებული ბრაუზერი და საიდან ხდება მისი ადმინისტრირება;
  2. არავითარ მონაწილეობას არ იღებს ქვეყნის განვითარებაში და არ ქმნის სამუშაო ადგილებს;
  3. აზიანებს ტურიზმის განვითარებას.

აქედან გამომდინარე, ეკონომიკურად არაპროფესიულად და სოციალურად გაუმართლებლად მიმაჩნია ამ ორი ბიზნესის ერთ საგადასახადო სისტემაში მოქცევა იმ პირობებში, როცა გვინდა ჩვენი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას დავუახლოვოთ.

და კიდევ, შეგახსენებთ, რომ ქვეყნის საგადასახადო სისტემა მისი ეკონომიკური სარკეა. იგი უნდა ვითარდებოდეს და იცვლებოდეს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან თანხვედრაში, სინქრონულად და სინერგიულად. ამიტომ ყოვლად დაუშვებელია, საგადასახადო სისტემის შეცვლა ფართო საზოგადოებასთან, განსაკუთრებით ბიზნეს ოპერატორებთან შეუთანხმებლად, ფართო დისკუსიისა და კონსენსუნსის მიღწევის გარეშე.

რომ დავაზუსტოთ, მოქმედი კანონმდებლობით სამორინე ღებულობს ხუთწლიან ლიცენზიას, რომელიც უნდა იქნეს გადახდილი. შესაბამისად, როდესაც ხორციელდება ლიცენზიის მიღება, მისი მესაკუთრე წინასწარ ითვლის იმ დანახარჯს, რაც ექნება ამ საქმიანობაში, ანუ ინვესტიციის დაგეგმვისას ხდება ყველა მონაცემის გათვალისწინება, რაც სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული ახალი დაბეგვრითი რეჟიმის პირობებში სულ სხვა სახეს იღებს.

ამიტომ ეკონომიური მიზნებისთვის გადასახადების დაუგეგმავი ზრდა ამ ბიზნესის ყოფნას და გამართულ ოპერირებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს, რაც პირველ რიგში სარისკოა ზოგადად ქვეყნის ეკონომიკისთვის.

განსაკუთრებით დამაზიანებელია ნებისმიერი საკანონმდებლო ინციატივა, რომელიც ძირშივე კლავს კონკურენციას, წვრილ და საშუალო ბიზნესებს ბაზრიდან აძევებს და პრაქტიკულად, მონოპოლისტურ პირობებს უქმნის თითო-ოროლა მსხვილ მოთამაშეს. გვახსოვდეს ისიც, რომ ნებისმიერი ასეთი ქმედება გვაშორებს ევროპას. არა და, შემოთავაზებული საგადასახადო ცვლილებები ზუსტად ამ ხასიათისაა.

ჯერ ერთი, გაუმართლებლად მიმაჩნია სამორინეებისა და ონლაინ კაზინოების ერთ საგადასახადო სივრცეში მოთავსება და მეორე, ყოველგვარი ეკონომიკური გათვლების გარეშე სამორინეებისთვის ახალი გაზრდილი გადასახადის დაწესება. მესამე, მიუღებელია საგადასახადო რეჟიმის გაუფრთხილებლად შეცვლა. წუთიერი სარგებლის მიღების ხარჯზე, ეს ჩვენ ეკონომიკურ მდგრადობას აკნინებს.

შეიძლება, ონლაინ კაზინოების შემთხვევაში დაგეგმილმა ცვლილებებმა ნამდვილად იქონიოს პოზიტიური ეფექტი. მათ შორის, საზოგადოების მკაცრი შეზღუდვის მხრივ – ამ ცვლილებებმა შეიძლება შეამციროს მიდრეკილება ონლაინ სამორინესადმი, რადგან საქართველოს მოქალაქეები მეტწილად სწორედ ონლაინ კაზინოს მომხმარებლები არიან და ამ მიმართულებით  დაანონსებულ ცვლილებებს პოზიტიური ეფექტი ექნება. და პირიქით, ჩვეულებრივი ლაივ კაზინოებისთვის ეს ეფექტი უარყოფითი იქნება არა მარტო სამორინე ბიზნესისთვის, არამედ ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლების კუთხითაც (მათ შორის დასაქმება, უძრავი ქონების ბაზარი, ტურიზმი და მრავალი სხვა). ეს ცვლილებები მკვეთრად შეამცირებს უცხოელების ნაკადს და მათ ხარჯებს როგორც  მთლიანად საქართველოში, ასევე ზღვისპირა კურორტებზე. ნუ დაგვავიწყდება რომ სწორედ ამ გაზრდილმა ნაკადმა, ორიოდე წლის წინ, დაგვაძლევინა პანდემიის უარყოფითი ეკონომიკური ეფექტი.

საქართველოს  ზღვისპირეთი სპეციფიური რეგიონია. იქ არის მოკლე ზაფხულის სეზონი  ხშირად წვიმიანი ამინდით, ძალიან მაღალი ფასები საცხოვრებელსა და კვებაზე მეზობელ კურორტებთან შედარებით. მეორე მხრივ, ეს რეგიონი წარმოადგენს ერთ-ერთ მსოფლიო მნიშვნელობის ცენტრს სათამაშო ტურიზმის მოყვარულთათვის. მას შემდეგ, რაც ბათუმში პირველი კაზინოები გამოჩნდა, ეს ქალაქი იქცა ერთგვარ მექად ჯერ თურქებისთვის, შემდეგ ებრაელებისთვის და არაბებისთვის. სწორედ სათამაშო ბიზნესის  წყალობით დაიწყო ბათუმში 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების გახსნა, განვითარდა ინფრასტრუქტურა, გაიხსნა რესტორნები, კლუბები, ბარები, სავაჭრო და ესთეტიკური ცენტრები და ა.შ. სათამაშო ინდუსტრია უზრუნველყოფს  უცხოური ვალუტის და მდიდარი ტურისტების შემოდინებას რეგიონში, რომლებიც არიან დაინტერესებულნი არა მხოლოდ სათამაშო პროცესით,  არამედ უძრავი ქონების შეძენით  და არიან შოპინგ ცენტრების, კვების ობიექტების, საკურორტო, სამედიცინო და სხვა სერვისების აქტიური მომხმარებლები და ინვესტორები. აღნიშნული გარემოება რეგიონში ქმნის სამუშაო ადგილებს, ადგილობრივ მოსახლეობას აძლევს საშუალებას,  განავითაროს მცირე და საშუალო ბიზნესები. ამიტომ ეჭვგარეშეა, რომ სათამაშო ბიზნესი პოზიტიურ როლს თამაშობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში. გარდა ამისა, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია,  სწორედ სათამაშო ინდუსტრიამ გარდაქმნა სეზონური ტურისტული ცენტრი უნისეზონურ ცენტრად, მათ შორის უზრუნველყო სასტუმროების სრული დატვირთვა მთელი წლის განმავლობაში. დღეს სასტუმროებს, აღნიშნული გარემოებების წყალობით აღარ უწევთ მომსახურე პერსონალის შემცირება შემოდგომიდან გაზაფხულამდე, რაც, რასაკვირველია, აისახება მოსახლეობის შემოსავლებზე.

ჩემი აზრით, მთავრობა უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ რა ეკონომიკური ეფექტი ექნება სათამაშო ბიზნესის კოლაფსს, რომლის საშიშროება, რასაკვირველია, არსებობს. ხომ არ გამოიწვევს იგი ფართომასშტაბიან ეკონომიკურ კრიზისს და შედეგად სოციალურ არეულობას?

გვახსოვდეს ისიც, რომ ეკონომიკაში მარტივი გადაწყვეტილებები, როგორც წესი, იწვევს მკვეთრად უარყოფით ეფექტს, რაც არაერთხელ გვიგემია. ამიტომ, ხომ არ ჯობია, სუფთა მოგების გადასახადის შემოღება? ასეთი გადასახადი იქნება განჭვრეტადი, ადვილად გამოთვლადი და პროგნოზირებადი, რაც სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებს გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების შესაძლებლობას მისცემდა.

  ნელი ვარდიაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close