საინტერესო

,,უწმინდესმა გათოშილი თითები და გული ერთად გამითბო. არ ვიცი, როგორ იგრძნო ჩემი განსაცდელი…”

მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !!!
– მიყვარხარ საქართველო!! ბუბუნებდა ტკბილი ხმით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს რიყეზე..
– გვიყვარხარ!! – ბანს აძლევდა ათი ათასობით ადამიანი და ასე დიდხანს, ძალიან დიდხანს, მრავალგზის..
ჭეშმარიტი სიყვარულის დამსახურებას დიდი შრომა სჭირდება, მრავალჯერ მოგიწევს საკუთარი თავის დავიწყება და მისთვის ღვაწლი, ბევრჯერ უნდა დაუჩოქო გამჩენს შენი საფიცარის კეთილდღეობისთვის, მრავალგზის უნდა გაათბო გათოშილი, ათასჯერ უნდა გადაფარო შენი სამოსელი, ლუკმა უნდა გაუყო, ჭირში და ლხინში უნდა გიგრძნოს, რომ გვერდით ხარ, ბევრი უნდა დაითმინო, მადლობასაც გეტყვიან, მაგრამ უმადურობა ბევრი იქნება, ძალიან ბევრი. სიყვარული ცოცხალი სხეულია, რომელიც გულის სისხლით უნდა კვებო, თუ გინდა იცოცხლოს და გაძლიერდეს..
გეცნოთ ხომ? ასე მხოლოდ შვილს შეიძლება მოექცე და მხოლოდ ასეთი სიყვარულია ალალი დედის ცრემლივით, ჭეშმარიტი გამჩენივით, ურღვევი მაცხოვრის კვართივით. „ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს”, ასეთი სიყვარული კი რჩება, იმიტომ რომ გამჩენის წინ ფიცით დაიბეჭდა! ასი ათასი მოწამე მოწმედ იყო 13 ნოემბერს და კიდევ ერთხელ დაადასტურებენ უფლის წინაშე…
ჰო, შრომა უნდა სიყვარულს, ყოვლდღიური, ყოველწუთიერი, ყოველ წამიერი, ბევრი შრომა…
გასული დღეები მძიმე იყო ჩემი სამეგობროსთვის, უახლოესი და საყვარელი ადამიანების – ნატოსა და ნინოს მშობლები აბრძანდნენ ზეცად. თან ეს ბინძური, ხელოვნურად ინსპირირებული აჟიოტაჟი უწმინდესის გარშემო, კინაღამ გავტყდი, ხერხემალი ვეღარ უძლებდა დატვირთვას, „მალებს სულ ჭახა–ჭუხი გაუდიოდათ“ სიმძიმისაგან. ორივე მეგობარი საპატრიარქოს ძირძველი თანამშრომელია და მწუხარების დღეებში იქაურობას ვერაფრით ეწეოდნენ. ნერვიულობდნენ თავისთავად, მაგრამ მშობლისადმი წმინდათაწმინდა ვალი აღსასრულებელი იყო. და მიუხედავად ყველაფრისა, ჯერ ნატოს, მერე ნინოს პირადად მიუსამძიმრა პატრიარქმა. გაოცებული ვუსმენდი, როდესაც სპეციალურად წარმოგზავნილმა სასულიერო პირებმა პატრიარქის პირადი სამძიმარი წაუკითხეს მგლოვიარე შვილებს. არადა, თავად ქვეყანა თავზე ემხობოდა 87 წლის მოხუც და მაინც გაუტეხელ პატრქიარქს საქართველოისას. ჰო, მაინც არ დაავიწყდა და გულის სითბო გაუგზავნა 25 წლის მანძილზე მის ერთგულებაში დამაშვრალ თანამშრომლებს. და აღუთქვა, რომ მათი დედ–მამის სულებისთვის თვითონ ილოცებდა, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. ჰოდა გეკითხებით, როგორ არ უნდა მიყვარდეს?!!
2002 წელი იყო, ჩემი ოჯახის წევრს უმძიმესი ფორმის ინსულტი განუვითარდა. მეგონა ცა ჩამომექცა თავზე. მაშინ საპატრიარქოში ვმუშობდი. ვიდრე ეს განსაცდელი დამიდგებოდა, ერთი ძალზე მნიშვნელოვანი შეხვედრის ორგანიზება ვიკისრეთ მე და ჩემმა მეგობრებმა, მნიშვნელოვანი ქვეყნისათვის. არ გამოდიოდა გადადება, დავტოვე ჩემი ახლობელი კლინიკაში, ჩავაბარე ექთნებს და წავედი შეხვედრაზე დასასწრებად. სანამ დელეგაცია მოვიდოდა, უწმინდესი ცოტა ადრე შემობრძანდა დარბაზში, ჩვეულებრივ ასე არ ხდება ხოლმე, მაგრამ ამ დღეს ასე იყო.. გავემართე მისგან კურთხევის მისაღებად როგორც წესი და რიგია, ის ის იყო მის თბილ ხელს შევეხე, უცებ მეორე ხელიც გამომიწოდა და ჩემი ორივე მტევანი ხელებში მოიქცია და უსაყვარლესი ღიმილით შემომცინა… „როგორ გაყინულხარ, ნუ გეშინია.. ყველაფერი კარგად იქნება“. იმ წუთს უწმინდესმა გათოშილი თითებიც და გულიც ერთად გამითბო. არ ვიცი როგორ იგრძნო ჩემი განსაცდელი პატრიარქმა, მე თქმაც კი ვერ მოვასწარი. მართლა გადაიარა ჩემთვის იმ ავბედითმა დღეებმა. მაგრამ მისი ხელების იმდღევანდელი სითბო და ხმაში ჩაქსოვილი სიყვარული არასოდეს დამვიწყებია. ჰოდა გეკითხებით, როგორ არ უნდა მიყვარდეს?!..
მრავალი წელი ვუყურებდი და ახლაც ვუყურებ, რამდენი უნუგეშო ადამიანი ანუგეშა, რამდენ შვილმკვდარ დედას ჩაუღვარა გულში იმედი, რომ მათი შვილებისთვის თვითონ ილოცებს, რამდენი სნეული განკურნა იმედით და რწმენით, რამდენი……
ჰოდა იცოდეთ, პატრიარქი თქვენ თუ არა, ადამიანებს უყვართ, ძალიან უყვართ. ის მათი იმედია და არა მხოლოდ ქართველებისა და ქრისტიანების – დღეში რამდენჯერმე მირეკავენ და თანადგომას უცხადებენ ისრაელიდან ჩვენი ქართველი ებრაელები, გურჯები, ფერეიდნელები. ჰო, უყვართ და განიცდიან, იმას რაც ხდება. 42 წლის მანძილზე ეს სიყვარული პატრიარქმა წვეთ–წვეთ აგროვა, აგურ–აგურ აშენა და ვერ ჩამოანგრევთ! ნუ ეპოტინებით ბინძური ხელებით, თორემ თავად მოყვებით თქვენი სიძულვილის ლოდებქვეშ.
იმ დღეს რიყეზე ათობით ათასი ადამიანი იდგა, წინა დღით სამებაში კიდევ მეტი და სრულიად ალალად უმხელდნენ ერთამნეთს სიყვარულს ადამიანები და პატრიარქი.
ეს დიდი ძალაა, ფრთხილად იყავით!!
„ძალი შეგვწევდეს ქადილსა“ ერთი დიდი პოეტისა არ იყოს…
ირინა ბიბილეიშვილი–იოსებაშვილი

Related Articles

Back to top button
Close