რელიგია

რა ხდება ცეცხლის გარდამოსვლის დროს მაცხოვრის ტაძარში

პატრიარქს განმოსავენ. იგი კაბით რჩება, ხელში 33 ჩამქრალი სანთელი უჭირავს...- აღდგომის ღამე იერუსალიმში

 ნაწილი 1

  ნაწილი 2

აღდგომის დღესასწაულის წინ, ვნების შვიდეულის პარასკევს, მაცხოვრის საფლავის კარს სანთლით ბეჭდავენ. იკეტება ტაძრის კარიც. მორწმუნეთა დიდი ნაწილი ტაძარში რჩება, ზოგიც მთელ ღამეს ტაძრის ეზოში, ლოცვაში ატარებს. მაცხოვრის საფლავის ზედაპირზე აფენენ ბამბის თხელ ფენას და ზეთით სავსე ჩამქრალ კანკელს დგამენ. დიდ შაბათს მართლმადიდებელი პატრიარქი მაცხოვრის საფლავთან აღმართულ სამლოცველოში, იგივე კუვუკლიაში შედის. მანამდე კი მას განმოსავენ. იგი მხოლოდ კაბით რჩება. თურქი ჯარისკაცები თხემიდან ტერფამდე სინჯავენ, რათა აალებადი არაფერი ჰქონდეს და ცეცხლი ამით არ გააჩინოს. პატრიარქს ხელში 33 ჩამქრალი სანთელი უჭირავს. განმოსვის შემდეგ იგი ლოცვას იწყებს. პირველიდან ორ საათამდე შუალედში ყველა მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლას ელოდება. საკმაოდ დაძაბული ატმოსფეროა და სრული სიჩუმე სუფევს.

ყველა ადამიანს, ვინც იმ ღამეს ტაძარში ან მის გარეთ იმყოფება, კონად შეკრული 33 სანთელი უჭირავს. ეს ციფრი მაცხოვრის დედამიწაზე გატარებული წლების აღმნიშვნელია. ცეცხლის გარდამოსვლის წინ ტაძარში პერიოდულად ელავს. ამის შემდეგ გუმბათიდან მოცისფრო ალი უფლის საფლავისკენ ეშვება და საფლავის ფილაზე დაფენილ ბამბას ნელ-ნელა ეფინება. პატრიარქი მას სანთლებით ეხება, ანთებს მათ და გამოდის ხალხთან, რომელიც ზეციურ ცეცხლს სულმოუთქმელად ელოდება. რამდენიმე წამში ტაძარში არსებული ყველა სანთელი ინთება. მადლმოსილი ცეცხლი 10-15 წუთის განმავლობაში არ წვავს. ეს რომ ასეა იმითაც მტკიცდება, რომ რამდენიმე წამში ტაძარი ცეცხლის ზღვად იქცევა, მაგრამ არავის ახსოვს, იქ ოდესმე ხანძარი გაჩენილო.

მაცხოვრის საფლავზე გარდამოსული ცეცხლის წასაღებად იერუსალიმში მრავალი ქვეყნიდან ჩადიან. ცეცხლის გარდამოსვლიდან მოკლე დროში მათ იგი თავიანთ ქვეყანაში თვითმფრინავებით მიაქვთ. როგორც ამბობენ, არსებობს წინასწარმეტყველება, როცა ქვეყანაში ანტიქრისტე გამეფდება, მაცხოვრის საფლავზე ღვთაებრივი ცეცხლი აღარ გარდამოვა, რაც ერთ-ერთი ხილული ნიშანი იქნება აპოკალიფსის, ქვეყნიერების აღსასრულის მოახლოვებისა. ხალხიც ცეცხლს მოუთმენლად სწორედ ამიტომ ელოდება.

ნელი ვარდიაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close