სიღნაღის ამბები

სიღნაღში სამხატვრო აკადემიის რეზიდენცია დაიდებს ბინას

რა ღონისძიებები მოეწყობა ისტორიულ ქალაქში

ისტორიულ ქალაქ სიღნაღში მაისიდან გვიან შემოდგომამდე  სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება იგეგმება. სიღნაღის მერმა, მალხაზ ბეგიაშვილმა euronews.ge -ს ღონისძიებების გეგმა გააცნო.

მალხაზ ბეგიაშვილი:

_ შარშან სიღნაღში ჩავატარეთ ფესტივალი ,,ფიროსმანია სიღნაღში“ და ბულვარში გავხსენით ნიკო ფიროსმანის ბიუსტი. ფესტივალზე  ბავშვების დახატული სიღნაღის პეიზაჟებიც გამოვფინეთ. ეს ფესტივალიც არ გვეთმობა, ამიტომ, ჯერჯერობით ვფიქრობთ,  ცალკე ჩავატაროთ თუ არტფესტივალთან ერთად. სიღნაღში კვლავ გაიმართება ,,არტფესტივალი“, ,,ზაფხულის ღამის ფესტივალი“ და ,,ღვინის ფესტივალი“. გასულ წელს ჩვენს ქალაქში გაიმართა ბიძინა კვერნაძის ახალგაზრდა კომპოზიტორთა კონკურს- ფესტივალი. მისი სულისჩამდგმელი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად იყო მსოფლიოში ცნობილი ახალგაზრდა პიანისტი ჩვენი მუნიციპალიტეტიდან ნიკა ნიკვაშვილი.  ფესტივალზე ახალგაზრდა კომპოზიტორები ჟიურის წინაშე  საკუთარი ნაწარმოებებით წარსდგნენ. კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე წარმოშობით სიღნაღიდან იყო და მშობლიურ კუთხეს დიდ პატივს სცემდა. ეს ფესტივალიც  ყოველ წელს გაიმართება.

სიღნაღში ფესტივალები მაისიდან დაიწყება და გვიან შემოდგომამდე გასტანს. წელს აღვადგენთ საქართველოს ბულბულის, ვანო სარაჯიშვილის სახელთან დაკავშირებულ, ,,ვანოობის ფესტივალს“. წლების წინ, მაისის ბოლო კვირას სიღნაღში ყოველთვის  იმართებოდა ეს ღონისძიება, მაგრამ შემდეგ შეწყდა. ამიერიდან  ყოველწლიურად გაიმართება ,,ვანოობა“.

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ გადაწყვეტა სიღნაღში გააკეთოს  აკადემიის რეზიდენცია. მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია ყოფილი პოლიკლინიკის შენობა და სწორედ იქ დაიდებს ბინას. იქვე იქნება  ხელოვნების სასწავლებელიც. სამხატვრო აკადემიის რეზიდენცია არის თანამედროვე ტიპის ორგანიზაცია, რომელიც გააჩენს შესაძლებლობას, მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ მაღალი დონის მხატვრები, ერთხანს დარჩნენ სიღნაღში და იმუშაონ. ისინი ჩვენს მხატვრებს, ასევე ხატვით გატაცებულ ბავშვებს შეხვდებიან და ჩაუტარებენ მასტერკლასებს.

ნელი ვარდიაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close