სიღნაღის ამბები

როგორ აცხობენ თონეში პურს ქიზიყში

,,დიასახლისი სახელდახელოდ მაგიდას აწყობს- ყველი და მწნილი მოაქვს. ასეთი გემრიელი, თონესთან რომ პურის და ყველის ჭამაა, არაფერია სხვა"

ქიზიყში პურის გამოცხობის სამზადისს ღამიდან იწყებენ დიასახლისები. ფქვილს გაცრიან და სათონეს მოაწესრიგებენ.
დილაუთენია დგებიან, თავზე მოსახვევს წაიკრავენ და ცომს მოზელენ.
თონის გახურება მამაკაცის საქმეა. წინასწარ მომარაგებულ ფიჩხს, სათონესთან მიიტანენ და დიასახლისის განკარგულებას ელოდებიან.
ამ დროს მეზობელი შემოდის და ახსენებს, რომ მასაც უნდა პურის გამოცხობა და ნებართვას იღებს.
სულ მალე ცომიც ამოფუმფულდება. ერთხელ კიდევ გადაზელს და თონესთან მოფუსფუსე მამაკაცს გასძახებს, თონე გაახურეო.
ცეცხლი რომ ჩაქრება, ნაკვერჩხალზე წყალში არეულ ნაცარს დააყრიან და რკინის თავსაფარს დადებენ. თან პარალელურად გუნდების გაკეთების პროცესი მიმდინარეობს.
გადააფარებენ სუფთა, სპეციალურად ცომისთვის განკუთვნილ ნაჭერს. ცოტა ხანში იწყება პურის “ჩაკვრა”. ჩაკვრამდე, თონის შიდა კედლებს, მარილიან ნაჭერს შემოატარებენ. ამას “თონის მონელება” ჰქვია.
ისეთი ცხელია თონე ახლოსაც ვერ მიეკარები, მაგრამ დიასახლისი ბოლომდე ჩადის და თანაბრად აწიკწიკებს პურს. სახე უწითლდება, მაგრამ არაფრად აგდებს.
ჰო, დამავიწყდა პირველი პური ლავაში იკვრება. მას გასაცემ პურად მოიხსენიებენ. (ქუჩაში მშიერ ადამიანზეა გათვლილი.)
თონეს ფიცრებს გადააფარებენ და გამოცხობას ელოდებიან.
დიასახლისი უქმად არ ჩერდება. სახელდახელოდ მაგიდას აწყობს. ყველი და მწნილი მოაქვს. ასეთი გემრიელი, თონესთან რომ პურის და ყველის ჭამაა, არაფერია სხვა. ბოლო პურს რომ მოხდის თონიდან, ახლა მეზობელი იწყებს “ჩაკვრას”.
ამ დროს ოჯახის უმცროს წევრს ეძახიან და კარის მეზობლებთან ატანენ პურს (მოსაკითხად).
ბოლო რიტუალს, პურის ჩაბრუნებას ეძახიან. თონეში კრამიტებს ჩაალაგებენ, ზედ ნახევრად გადატეხილ პურებს დადებენ, თავზე დააფარებენ და დილისთვის გემრიელი სუხარი მზად იქნება.
დიდ თასში ჩალაგებული გამომცხვარი პური სახლში შეაქვთ და ერთი კვირის მარაგი მზადაა. ეს ყველაფერი ისეთი შრომატევადია, ვისაც არ უნახავს, ვერც კი წარმოიდგენს. ჩემი ბებო მთელი ცხოვრება ასე აცხობდა და ერთხელაც არ დაუწუწუნია.
ავტორი : თეა მანგოშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close