კატეგორიის გარეშე

ნუკრიანელმა ქალებმა ძველი ტრადიციები გააცოცხლეს

,,ევროკავშირის ელჩმა გვითხრა, ქიზიყურ კერძებში შევიგრძენი ქართული მიწის, მზისა და ქართველი ქალის ხელების სურნელი და გემოო"

ქალაქ სიღნაღის მიმდებარე სოფელ ნუკრიანში ოქროსხელება ქალებს სათემო ორგანიზაცია და სახელოსნო აქვთ შექმნილი და მუხლჩაუხრელად შრომობენ. მათი მიზანი მივიწყებული ტრადიციებისა და საქმიანობების აღდგენა და ხალხის სამსახურში ჩაყენებაა. რას არ ნახავთ აქ fnafporn.games – ,,რეტრო“ სტილით შეკერილ სუფრებს, ფარდებს, სამოსს, მუთაქებს, ჩანთებს, მივიწყებული მეთოდით მოქსოვილ წინდებს, ძველი ქიზიყური კერძების რეცეპტებს …  ნუკრიანელი ქალების  ნამუშევრები უცხოეთშიც ისევე პოპულარობით სარგებლობს, როგორც საქართველოში.

მაია ბიძინაშვილი, სათემო ორგანიზაცია ნუკრიანის და სოციალური საწარმო ნუკრიანის სახელოსნოების მენეჯერი:

_ ნუკრიანის სახელოსნოები თავდაპირველად კავკასიური სახლისა და სათემო განვითარების ცენტრისთვის, სოფლად შემოსავლების მომტანი პროექტების განვითარების ფარგლებში შეიქმნა. ის გახლდათ დასაქმებისა და თვითდასაქმების საინტერესო პროექტი. თავდაპირველად ჩატარდა სასწავლო პროცესები და სოფელ ნუკრიანში მაცხოვრებელი ქალები უამრავ მივიწყებულ პროფესიას  დაეუფლნენ. შეისწავლეს  ქვილთის, ტექსტილის, თექის დამზადება, ქსოვა, ორნამენტების გამოყვანა, მომინანქრება.

        _ იშვიათი და მივიწყებული ხელობები ვინ შეგასწავლათ?

_ თექის წარმოება მეცნიერებათა დოქტორმა, ეთნოლოგმა ნანალო აზიკურმა გვასწავლა. იგი წარმოშობით თუშია. ხელობასთან ერთად საინტერესო ისტორიებით გაგვიმდიდრა თვალსაწიერი. ქვილთის წარმოებას თეატრმცოდნე მანანა აბზიანიძემ დაგვაუფლა.

2009 წლამდე სასწავლო კურსს სოფლის სკოლაში ვატარებდით. იმ დროს, დამამთავრებელ კლასებში გაუქმდა შრომის გაკვეთილები და მის ნაცვლად ჩვენ ვასწავლიდით პატარებს იშვიათ პროფესიებს. სერთიფიკატსაც ვაძლევდით. მერე ხმა გავარდა, რომ ჩვენთან ხელსაქმის სწავლა შეიძლებოდა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან გვიკავშირდებოდნენ- სასწავლებლად ნუკრიანში  ჩამოდიოდნენ. ვინც კარგად შეისწავლა ხელობა, სამუშაოდ ჩვენთან დავტოვეთ. ზოგმა დამოუკიდებელი წარმოების წამოწყება გადაწყვიტა და დღეს წარმატებული ბიზნესი აქვთ. მსურველები თუ გამოჩნდებიან, სასწავლო პროცესებს ახლაც ჩავატარებთ. სიღნაღის ცენტრში ყოველდღიურად არის გამოფენილი ხელთნაკეთი ნივთები. ამ ნივთების ყველა ავტორი ჩვენი მოწაფე იყო. ნუკრიანის საწარმოს განვითარება გამოიწვია გამოცდილების დაგროვებამ და ფესტივალებში მონაწილეობამ. საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა გამოფენასა და ფესტივალში მივიღეთ მონაწილეობა. პარტნიორების დახმარებით ნუკრიანის ნაწარმი უცხოეთშიც გადიოდა. ფირმა ,,ევკანამ“ გერმანიის გამოფენაზე ბუნებრივი მატყლითა და საღებავებით დამზადებული, ჩვენს მიერ წარმოებული, სხვადასხვა ჟანრის პანოები, თუშური ორნამენტებიანი წინდები, ქვილთის საბნები და  თექა წარადგინა. ამ გამოფენით ბევრმა გაგვიცნო და შეკვეთებიც მივიღეთ. სოციალური ქსელით ამერიკელებმა ,,მოგვაგნეს“ და ნატურალური მატყლით მოქსოვილი წინდების ამერიკაში გაგზავნა გვთხოვეს.

სახელოსნოში გვაქვს საქარგი და საკერავი მანქანები, აგრეთვე საქსოვი დაზგები. ბოლო დროს აბრეშუმის ქაღალდის წარმოებაც შევისწავლეთ, რომელსაც დეკუპაჟი ქვია. მოსახლეობაში შემორჩენილ ქართული აბრეშუმის ნაჭრებს ვაგროვებთ და ქაღალდად ვაქცევთ. ტექნოლოგია ასეთია: ნაჭერს პატარა ზომებად ვჭრით, უთოს გამოყენებით სპეციალური წებოთი ვამაგრებთ  და სიპრიალე რომ შევუნარჩუნოთ, ვსანთლავთ. აბრეშუმის ქაღალდით ვამზადებთ მოსაწვევ ბარათებს და ჩვენივე ნაწარმს ვფუთავთ.  ოჯახებიდან ვაგროვებთ შემონახულ ძველ ბუნებრივ ქსოვილებს- ჩითებს, ბამბას… ძველი მატერიების ფერებს საოცარი ბრწყინვალება აქვს. ახლა ასეთ ხარისხიან ქსოვილებს ვეღარ შეხვდებით. ამ ნაჭრებისგან ვაკეთებთ ტექსტილს და ვკერავთ საბნებს, ვიყენებთ ტრადიციული სამოსის მოსართავად. ქვილთის ტექნოლოგიით დამზადებული ნაწარმი ყველა ქვეყანაშია. ამერიკაშიც იკერება ქვილთის იაფი საბნები, მაგრამ საქართველოში ჩამოსული ტურისტები ჩვენს საბნებს ყიდულობენ და მიაქვთ. ჩვენი ტექსტილის საბნები ხელთნაკეთია. მსოფლიოში თითქმის არავინ კერავს ჩვენნაირი ჩაწვრილმანებით- ერთ საბანში იმდენი ქსოვილია გამოყენებული, ვერც კი დაითვლით.

        _ ხალხში შემონახულ ქიზიყური კერძების  რეცეპტებსაც აცოცხლებთ…

_ ჩვენმა ახალგაზრდების ჯგუფმა მოირბინა სოფლები -ნუკრიანი, ზემო მაღარო და ხანდაზმული ადამიანებისგან ჩაიწერა ქიზიყური კერძების უძველესი რეცეპტები. ამ კერძებით ვუმასპინძლდებით ჩვენთან მოსულ ტურისტებს. განსაკუთრებით მოთხოვნადია შინდის და ღოლოს შეჭამანდი, ლობიოში და ჭინჭარში მოხარშული პური. სტუმრებს აოცებს სხვადასხვა მწვანილითა და ცხელი ლავაშით მომზადებული კერძი, რომელსაც ბოღლოწოს უწოდებდნენ. მას მიცვალებულის დაკრძალიდან დაბრუნებულ სტუმრებს ახვედრებდნენ და ე.წ. ჩვენებური ქელეხის განუყოფელი ნაწილი იყო. ასევე მოწონთ კახური შოთი, ლავაში და ნაზუქი. ქიზიყურ ლავაშს სამი კუთხე აქვს, რაც ღმერთის სამბუნებოვნებაზე მიგვანიშნებს.

ერთხელ ევროკავშირის ელჩი  კარლ ჰარცელი გვესტუმრა, მთელი დღე ჩვენთან გაატარა, ქარგვა ვასწავლეთ, საკერავ მანქანაზე მუშაობა და ღილების დაკერებაც სცადა. ბოლოს სუფრა გავუშალეთ და ძველი ქიზიყისთვის დამახასიათებელი ღოლოს შეჭამანდი მივართვით. ღოლო არის ძალიან სასარგებლო მცენარეული კულტურა და  ის სოფელ ნუკრიანში მოიპოვება, თუმცა ამჟამად ეს კერძი მოსახლეობას მივიწყებული აქვს. ამ მცენარეს იქამდე კრეფენ, სანამ აყვავდება, რადგან მერე მისი პროდუქტი სიმწარეს იძენს. მის ფოთლებს წნავენ, აშრობენ და ზამთარში გამოსაყენებლად ინახავენ. ელჩს გავაცანით კერძის სასარგებლო თვისებებიც. დაგემოვნების შემდეგ მან გვითხრა, ამ კერძში შევიგრძენი ქართული მიწის, მზისა და ქართველი ქალის ხელების სურნელი და გემოო.

ერთხელაც სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლები და ელჩები გვესტუმრნენ. მათ მასტერკლასები ჩავუტარეთ და მერე სუფრასთან მივიპატიჟეთ. ზოგმა თავად მოინდომა თონეში პურის ჩაკვრა და ქიზიყური ნაზუქის მომზადება. გაოცებას ვერ მალავდნენ და გვეკითხებოდნენ, ასეთ ცხელ თონეზე როგორ ახერხებთ ცომის მიკვრასო? განსაკუთრებული მიდგომა ჰქონდათ ქალის- დედის თითებზე, რომელსაც კახურ შოთს იგივე დედას პურს თონეში ჩაკვრამდე დაატყობს ხოლმე მცხობელი.  გვითხრეს, ამით კიდევ ერთხელ უსვამთ ხაზს იმას, რომ ქართველებისთვის დედა ოჯახის ბურჯია და ის ზრუნავს ქმარ-შვილის გამოკვებაზეო.

   რამდენიმე ქიზიყური კერძის რეცეპტს გაგაცნობთ:

ზაფხულში უნდა დაკრიფოთ ღოლო, დაწნათ ქალის ნაწნავებივით და გააშროთ. ზამთარში მოხარშოთ, დაკეპოთ ასტამით (პურის ცხობის დროს გამოიყენება ასაფხეკად), ან გაატაროთ ხორცის საკეპში. ისევ დაასხათ წყალი, მოუკიდოთ ფქვილი, მოხრაკოთ ზეთი და ხახვი და კარგად ნადუღ ღოლოს  დაასხათ. ცოტა გატარებული ნიგოზი, ნიორი, ძმარი და ბევრი ქინძი ჩააყაროთ. ქიზიყში არსებობდა ასეთი გამოთქმაც: რძალ-დედამთილი ჩხუბით გააძღო და ღოლოს შეჭამანდი დუღილოთაო.

    გაზაფხულზე კეთდება კერძი, რომელსაც ,,სახლაპუწას“, ზოგან კი ,,ბოღლაწოს“ უწოდებდნენ ჩვენი წინაპრები. ყველანაირი მწვანილი უნდა დავჭრათ ბლომად, დავასხათ ძმარი და წყალი. იჭმება თონეზე, ცხელ ლავაშთან ერთად.

    ლობიო რომ მოიხარშება, უნდა ამოაცალოთ მარცვლები და მის წვენში მოხარშოთ გამხმარი შოთის პური. მოხარშულ პურს ამოღების შემდეგ მოაჭრათ ქინძი და ხახვი, მოასხათ კახური ზეთი და მოაყაროთ მარილი.

საინტერესოა კერძი ,,გორსილა“. სიმინდის ფქვილი უნდა მოზილოთ, დააგუნდავოთ და წყალში, როგორც ხინკალი ისე მოხარშოთ. წინაპრები ამ კერძს გამოთლილი ჯოხებით ჭამდნენ. ომიანობის დროს ის იყო მათი ძირითადი საკვები.

   ,,ჭირტალიც“ იგივენაირად მზადდება, მაგრამ მასში ხორბლის ფქვილს იყენებდნენ. მოხარშულ ცომებს  ზეთში მოდაღულ ხახვში აწყობდნენ, მარილს აყრიდნენ და მიირთმევდნენ.  

ნუკრიანის სახელოსნოებში ქართულ ეროვნულ სამოსსაც ვკერავთ. ქიზიყის ანსამბლ ,,ათინათს“, რომელიც გასტროლებზე უცხოეთში ხშირად დადის, ქართული ტრადიციული ფორმები ჩვენ შევუკერეთ. ახლახანს დავასრულეთ ქოქლოს შეკვეთაზე მუშაობა. ეს სამოსი ძველად ქალებს მთაში ეცვათ. ჩვენ ის გავათანამედროვეთ და გულმკერდი მანებიანი ორნამენტით მოვურთეთ. ასეთი შემოსაცმელით ქუჩაში ახლაც დადიან და მოდურად ითვლება. უამრავი ფორმის ქოქლო გვაქვს შეკერილი.

თექისგან, ქვილთისგან, სხვადასხვა ქსოვილებისგან, ქართული ანბანით და ნაქარგით ქალის ჩანთებს ვკერავთ.  მასზე მოთხოვნა დიდია. ხშირად კორპორატიულ დაკვეთებსაც ვიღებთ. პანდემიამდე ,,ლოპოტა სპა რეზორტმა“ შეგვიკვეთა ქართული ანბანიანი ჩანთები. ყველა ჩანთაში ჩაგვაწყობინა ჩვენივე გაკეთებული ანბანიანი მუთაქა, ბალიში, გასანთლულ ქაღალდის ხელსახოცში გადახვეული ჩურჩხელა და აბრეშუმის ქარალდისგან დამზადებული მისალოცი ბარათი. როგორც ვიცით, ეს ჩანთები თანამშრომლებს საჩუქრებად გადასცეს.

ერთი თვის წინ თელავში ჩატარდა მეწარმე ქალთა გამოფენა, რომელსაც ესტუმრა ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი. მას ჩვენი დამზადებული ქართული ანბანიანი ჩანთა ვაჩუქეთ.

      მარგველაშვილი პრეზიდენტი რომ გახდა, ჩვენი გაკეთებული ქვილთის სუფრა გადავეცით საჩუქრად. მერე ტელევიზიით ვნახეთ, რომ პრეზიდენტის საახალწლო მაგიდას ეს სუფრა ეფარა.

       _ სუფრებსაც კერავთ?

_  სუფრებს ,,ლურჯი სუფრის“ ორნამენტებით ვკერავთ. ლურჯი სუფრის ხაზის ძირითადი ფერი ლურჯია, ჩვენ კი თეთრს სუფრებზე ვაკეთებთ ხელთნაკეთ ორნამენტებს. როდესაც ამ სუფრების კერვა დავიწყეთ, 2007 წელს, თანამედროვე და  ამჟამად გავრცელებული ,,ლურჯი სუფრა“ არ არსებობდა.  დამახასიათებელი ორნამენტები – დანა-ჩანგალი, ირმები, ლომები, ავაზები, ყვავილები, ჩიტები, სამოთხის ფრინველები, მანები და თევზები მუზეუმში ვიპოვეთ და ისე გადმოვიტანეთ. დიასახლისებისთვის   ორნამენტებიან სამზარეულოს ატრიბუტებსაც ვკერავთ- წინსაფარს, ხელთათმანებს, ქვაბის მოსადებებს, ჩაის ტილოს, სამზარეულოს ჯიბეებიან ფარდებს. უპირატესობას ვანიჭებთ ქართულ, ე.წ. დამჯდარ ფერებს- ბორდოსფერს, ყავისფერს, ნაცრისფერს. ლურჯი სუფრის მოტივებზე შექმნილი სუფრების გამოფენა თბილისის კავკასიურ სახლში მოვაწყეთ. სხვადასხვა ზომისა და ფორმის სუფრები გვქონდა გამოფენილი და უამრავი დამთვარიელებელი გვყავდა. წავიღეთ ქიზიყური კერძებიც და მსურველებს დავაგემოვნებინეთ. ლურჯი სუფრის ტექნოლოგიით ჩანთების ხაზიც შევქმენით. როდესაც რაიმე ტრადიციულ თემას ამოვირჩევთ, მის მოტივებზე სხვადასხვა ნაწარმს ვქმნით. სხვათა შორის, უცხოეთში მიმავალი ქართველები ხშირად ყიდულობენ ჩვენს წინსაფრებს, რომლებიც ბებიების წინსაფრებს მოგაგონებთ, თუმცა მას თანამედროვე ელემენტები დაჰყვება. ისინი დიდი სიამაყით იკეთებენ ამ წინსაფრებს საჯაროდ. ავსტრიის საშობაო გამოფენა- გაყიდვაზე ჩვენი ნაწარმი ხშირად მიაქვთ და ჰყიდიან. წინა წელს განსხვავებული ტექნოლოგიით მოქსოვილი თუშური წინდა გავგზავნეთ. მისი ქსოვა ნანალო აზიკურმა გვასწავლა. ორნამენტებით, რამდენიმე ფერის ძაფი ერთად ისე იქსოვება, რომ წინდა ორივე მხრიდან გამოსაყენებელია. რაც მთავარია, ძალიან გამძლეა  და თბილი.

თუშეთში ვნახეთ ქვაზე დახატული უძველესი პიქტოგრამები, ფოტო გადავუღეთ და ისინი პანოზე გადავიტანეთ. ასეთ პიქტოგრამებს ზოგჯერ ძველ სახლებში ან მუზეუმებში ვნახულობთ და ვცდილობთ, ეს ძველი ,,დამწერლობა“ გავაცოცხლოთ გადასაფარებლებზე, საბნებზე, მუთაქებზე, ბალიშებზე და ა.შ. სიღნაღის თეატრის სასცენო ფარდები პიქტოგრამებით ჩვენ შევკერეთ. სიღნაღის თეატრი საგასტროლოდ ავსტრიაში რომ წავიდა, გავატანეთ პიქტოგრამებიანი პანო და მივაყოლეთ მისი ახსნაც. პიქტოგრამები დაფარული ნიშნებია, რომლითაც სარგებლობდნენ საქართველოსა და მის მთიანეთში ქართული დამწერლობის შემოღებამდე. ამ პანოში გამოყენებული ნიშნები განეკუთნებოდა საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთის, თუშეთის ადრეფეოდალურ კულტურას და შემორჩენილია იმ პერიოდის ნაგებობების ნანგრევებზე.

ერთ წელიწადს მთელი დატვირთვით ვიმუშავეთ ღვინის სუვენირებზე, ანუ ,,ვაზის ხაზით“ ვიყავით მხოლოდ დაკავებული. საახალწლო გამოფენებისთვის თექისა და ქვილთის ნაზავის აპლიკაციებს ვამზადებთ სუვენირებად. ეროვნული თოჯინების, ღვინის ბოთლების სამშვენისი ქართული კაბებისა და ჩოხების ნაირსახეობებიც გვაქვს. დამთვარიელებელს ეს სუვენირები ძალიან მოწონს.

      _ ვაზის ხაზი რას ნიშნავს?

_ იმ წელიწადს რა ნივთებზეც ვიმუშავეთ, ყველა ღვინისა და ვაზის თემატიკაზე იყო. იმ დროს სიღნაღი ტურისტულად დატვირთული ქალაქი გახდა და ბევრი დამთვარიელებელი სტუმრობდა  ჩვენს მუნიციპალიტეტს. დავამზადეთ პანოები ვაზის, ვენახის, ყურძნის გამოსახულებებით, სუფრები ყურძნის მოხატულობებით, ღვინის ბოთლების ჩასაწყობ ყუთებზე ვაზი და გლეხკაცი იყო გამოსახული, გვქონდა მტევნებიანი ვაზა, ყურძნის გამოსახულებიანი გულსაბნევები, ვაზის დეკორებიანი ფიალა და ყანწი, ხალიჩას და ა.შ. თექით გავაკეთეთ ყურძნის ჯაგნები, აკიდოები, ჩხები… ამ თემატიკის ნივთების გამოფენაც გვქონდა თბილისში, კავკასიურ სახლში და საკმაოდ ბევრი ნივთი გავყიდეთ.

მოგეხსენებათ, რომ თბილისში ყოველ წელს ტარდება ღვინის ფესტივალი. შეიძლება ითქვას, ამ ფესტივალებში აქტიურად ვიყავით ჩართული და გაგვქონდა გასაყიდად ჩვენი ნაწარმი. ღვინის თემატიკის სუფრები ერთხელ ისე დაგვტაცეს, მსურველების რიგი დაგვიდგა და აღარ გვქონდა. ღვინის ყველა დიდმა კომპანიამ შეიძინა ჩვენი ხელთნაკეთი სუფრა.

      _ უფრო მეტი ქალი რომ დასაქმდეს სოფლად და თქვენთან ერთად ჩაებას შემოქმედებით საქმიანობაში, ამისათვის რა არის საჭირო?

_ ამჟამად 10 ქალი ვმუშაობ ჩვენს საწარმოში. გვინდა, ეს რიცხვი გამზარდოთ, მაგრამ საკმარისი სამუშაო ფართობი არ გვაქვს. ერთი ოთახი ქირით გვაქვს აღებული და მეტი ადამიანი ვერ დაეტევა. ჩვენი სახელოსნო მუნიციპალურ აიპად რომ გადაკეთდეს, თუნდაც მხოლოდ პედაგოგები იღებდნენ ხელფასს და გვეძლეოდეს წარმოებისთვის საჭირო მასალის შესაძენი თანხა, უფრო მეტ ადამიანს დავასაქმებდით, მეტ კარგ საქმეს გავაკეთებდით და მუნიციპალიტეტს კიდევ უფრო გავუთქვამდით სახელს.

 ნელი ვარდიაშვილი, გაზეთი ,,კვირის პალიტრა”

.

.

.

.

 

 

 

 

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close