სიღნაღის ამბები

,,სიღნაღში, ვანო სარაჯიშვილის ძეგლთან გიდმა ტურისტებს უთხრა, ვანო ფალიაშვილიაო”

,,რა უნდა შეიიცვალოს ტურიზმში, უცხოელებისთვის საქართველო რომ არ იყოს ქვეყანა, სადაც ყველაფერი მოსულა?"

,,სტუმართ-მასპინძლობით განთქმულია საქართველო, მაგრამ ჩვენი ქვეყანა არ უნდა გახდეს უცხოელი სტუმრებისთვის მხოლოდ ხაჭაპურის, ხინკლის, მწვადისა და ღვინის სამშობლო. ჩვენი ქვეყნის დიდი წარსულით, მისი კულტურითა და ტრადიციებით უფრო მეტად უნდა დავაინტერესოთ უცხოელი სტუმრები – ვაჩვენოთ მუზეუმები, გავაცნოთ სასიქადულო ქართველი მხატვრები, მწერლები, პოეტები, მოვასმენინოთ საოცარი ხმის მქონე ქართველი მომღერლების ნამღერი სიმღერები…

ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს დიდი მისია აკისრიათ და მათ ეს ტვირთი ღირსეულად უნდა ზიდონ“ – გვითხრა ყოფილმა გიდმა, თამაზ ბეჟიაშვილმა.  ჩვენმა რესპოდენტმა გაიხსენა, კომუნისტების პერიოდში ვინ სტუმრობდა კახეთს, რას ნახულობდნენ ისინი და როგორი ემოციებით ბრუნდებოდნენ თავიანთ ქვეყნებში.

თამაზ ბეჟიაშვილი:

_ კომუნისტების დროს, კახეთის მოსანახულებლად ბევრი ტურისტი ჩამოდიოდა. სწორედ ამიტომ, გასული საუკუნის 80-იან წლებში, სიღნაღში ააშენეს ტურბაზა, რომელიც მთელი დატვირთვით მუშაობდა. 5 სართულიანი, უზარმაზარი შენობა მუდმივად იყო სავსე ტურისტებით. მრავალი წელი ვიმუშავე ამ ტურბაზის გიდად. მეოცე საუკუნის 90-იან წლებში ტურბაზა დაიკეტა და შენობიდან ბოლო ტურისტი მე გავაცილე.  გარკვეული პერიოდი, ტურბაზის შენობა ფუნქციადაკარგული იყო, შემდეგ კახეთის გუბერნტორმა, გია არსენიშვილმა იქ გაახსნევინა ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ფილიალი, რომელმაც დიდხანს ვერ იარსება. ყოფილი ტურბაზის შენობაში ახლა კერძო პირს აქვს  სასტუმრო, რომელიც ჯერ არ გაუხსნია.

   _  სიღნაღი ტურბაზა რომელი ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმრებს მასპინძლობდა?

_ სხვადასხვა ქვეყნებიდან მოდიოდნენ სტუმრები. იყო წლები, როცა კახეთში 100-მეტი ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტი ისვენებდა. კომუნისტები ჩვენს ქვეყანაში უცხოეთიდან შემოსული  ყველა ადამიანის აღრიცხვას ახდენდნენ. ხშირად ვმასპინძლობდით სამთავრობო დელეგაციებს. ტურბაზაში იმართებიდა კონფერენციები, სიმპოზიუმები… ყველა ტურისტმა წინასწარ იცოდა, კახეთში ვიზიტის დროს, სად უნდა წასულიყო და რა უნდა მოენახულებინა. ყველა ტურისტულ მარშრუტში გვქონდა შეტანილი წმინდა ნინოს მონასტრისა და სიღნაღის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დათვარიელება, მიგვყავდა სიღნაღის ციხე – გალავანის მოსანახულებლად, ლაგოდეხის ნაკრძალში, ყვარლის ტბაზე, ილია ჭავჭავაძის  მუზეუმში, აგრეთვე ღვინის კომპანია ,,ქინძმარაულში“, რომელიც ყვარლის ცენტრში იყო, ინტერესდებოდნენ თელავით.  მარშრუტი რამდენიმე დღიანი იყო და თელავში ათვალიერებდნენ მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, იყალთოს აკადემიას, გრემს, შუამთას.  ეს ღირსშესანიშნაობები შედიოდა კახეთის ტურისტულ მარშრუტში. ბევრი ცნობილი ადამიანი ჩამოდიოდა და იხიბლებოდა კახეთით.

ერთხელ სიღნაღში  ჩამოვიდა ინგლისში მოღვაწე ქართველი პროფესორი, თამარ დრაგაძე. მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მას ვაჩვენეთ სამხატვრო გალერეა, სადაც გამოფენილი გვქონდა ქართული ხალიჩები და კერამიკული მასალა. ერთ-ერთ დარბაზში მან მოინახულა წნორელი კერამიკოსის, იმ პერიოდში უკვე გარდაცვლილი, ვაჟა მოსულიშვილის ნამუშევრები. ყველაზე მეტად აღაფრთოვანა ხისგან დამზადებულმა ჭადრაკის უაზრმაზარმა დაფამ, რომლის ფიგურებად თიხისგან დამზადებული ზღაპრის პერსონაჟები იყვნენ. ქალბატონმა თამარმა ემოცია ვერ დაფარა, სკამი მოითხოვა, დაჯდა და ტირილი დაიწყო – ასეთ საუკეთესო შემოქმედთან სიკვდილს რა უნდოდაო. გვთხოვა, მიგვეცა უფლება, მოსულიშვილის ნამუშევრები მისალოც ბარათებზე გამოესახა.

სიღნაღს ასევე ესტუმრა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ნოე ჟორდანიას შვილი, მწერალი და კომპოზიტორი რეჯებ ჟორდანია. მას ახლდნენ საქართველოში მოღვაწე უცხოელი პროფესორები. იმ დროს, მუზეუმის სამხატვრო გალერეაში გამოფენილი გვქონდა ნახატი- ,,ბრძოლა ხორნაბუჯთან“. ტილო ასახავდა მონღოლთა შემოსევის დროს გამართულ შეტაკებას და ხორნაბუჯის დაცემას. ჟორდანია გულმოდგინედ ათვარიელებდა ტილოს და ნახატის ავტორს ეძებდა. ამ დროს მოხდა კურიოზი, მუზეუმის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ასე ჩაილაპარაკა: ,,თუ იპოვი, უცებ არ წაიკითხო”. მას ეგონა, რომ რეჯებ ჟორდანიამ ქართული არ იცოდა. ცხადი, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შთამომავალმა გაიგონა რაც თქვა მასპინძელმა, მაგრამ ქალბატონს გაუღიმა და ქართულად უპასუხა, სათვალე დამრჩა მანქანაში და ამიტომ ვერ ვკითხულობო. შემდეგ ჟორდანია მივიდა იქვე მდგარ როიალთან და ცალი ხელით დაუკრა სულიკო. მუსიკალური განათლებაც მაქვს ვოკალის განხრით. თანამშრომლებმა მთხოვეს, მიდი, დაუკარი სულიკო, მოეწონებაო. ჟორდანიამ იმღერა, შემდეგ სხვა მელოდია დავუკარი და უკვე ერთად ვიმღერეთ. ქართული სიმღერებით მოხიბლული სტუმრები მუზეუმის იატაკზე დასხდნენ და დიდხანს ვმღეროდით ერთად.

     _ სიღნაღი ბევრი პოეტის, კომპოზიტორისა თუ მხატვრის მუზა გამხდარა. ამ პატარა ქალაქში განსაკუთრებით რა ხიბლავდათ უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს?

_  ყველას უნდოდა, სიღნაღიდან დაენახა ალაზნის ველი, რომელიც ამ პატარა ქალაქის სხვადასხვა ადგილიდან, სხვადასხვანაირად მოსჩანს. ინტერესდებოდნენ სიღნაღის ციხე-გალავნით, ძველი ქუჩებით… ფოტოებს უღებდნენ, ზოგი იქვე აკეთებდა ნახატის მონახაზს, ლექსებს უძღვნიდნენ. ვისაც როგორ შეეძლო, ისე გამოხატავდა აღფრთოვანებას. თითქმის ყველა დიდ პოეტს აქვს მიძღვნილი ლექსი სიღნაღისადმი. ცივგომბორის კალთაზე შესკუპებული ქალაქი ძალიან მოწონდა მხატვარ ელენე ახვლედიანსაც. ცნობილია, რომ იგი ხშირად სტუმრობდა სიღნაღს, ქუჩებში დადიოდა და ხატავდა. ელენე ამბობდა, სიღნაღი პარიზს მაგონებსო. ახვლედიანს შესანიშნავად აქვს დახატული სიღნაღის ციხე -გალავანი, რომელიც სიღნაღის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.

სიღნაღი იმითაც არის საინტერესო, რომ მუნიციპალიტეტში 300-ზე მეტი ისტორიული ძეგლია.  ციხე-გალავანს, რომელიც ქალაქს გარს ეკვრის, ერეკლე მეორის პერიოდს მიაწერენ, მაგრამ ვფიქრობ, ეს ასე არ არის. ლეგენდებს თუ ვერწმუნებით, ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში ყოფილა სიღნაღში გალავანი. ისტორიული წყაროები კი გვეუბნებიან, რომ  ერეკლე მეფემ, საქართველოს სხვა ციხე გალავნებთან ერთად,  აღადგინა და სათოფურები დაუყენა სიღნაღის ციხე-გალავანსო. ერეკლეს დამსახურებაა ისიც, რომ  სიღნაღი ქალაქთა სიაში შეიყვანა. პატარა კახს მოწონდა ჯიუტი ქიზიყელები და თავის დაცვაში ამ კუთხის ვაჟკაცები ხშირად მიყავდა.

_ როგორც მითხარით, კახეთის ტურისტულ მარშრუტში წინათაც იყო ლაგოდეხის ნაკრძალი, ყვარლის ტბა, თელავი… იქაური ამბებიც მოგვიყევით.

_ ლაგოდეხის ნაკრძალი მიეკუთვნება მსოფლიოში ცნობილ ნაკრძალთა რიცხვს. ის 1913 წელს, პოლონელმა  ლუდვიკ მალაკასევიჩმა ქართველებთან ერთად დააარსა. ენდემური ლანდშაფტი, რომელიც ლაგოდეხის მიმდებარე ტყეში იყო, ყველა პირობას ქმნიდა ნაკრძალის მოსაწყობად. სწორედ ნაკრძალის დაარსების შემდეგ შეიძინა ლაგოდეხმა ქალაქის სტატუსი, მანამდე კი პატარა დასახლება იყო, სადაც სამხედრო მოსამსახურეები ცხოვრობდნენ.  სახელწოდება ლაგოდეხი ანუ ,,ლაგერ ოტდიხა“, მათ მიერ არის შერქმეული და ნიშნავს  დასასვენებელ ბანაკს. მუნიციპალიტეტში ქუჩები ისეა გაქსელილი, ყველა მათგანი ნაკრძალთან მიდის.

წინათ, ლაგოდეხის ნაკრძალის ტეროტორიაზე იდგა  ადმინისტრაციის დიდი შენობა, სადაც ტურისტებს აცნობდნენ ნაკრძალის შესახებ ყველა საინტერესო ინფორმაციას, აჩვენებდნენ ფილმებს და ა.შ. ტყეში, ფეხმავალი ტურისტებისთვის მონიშნული იყო ცალკე საცალფეხო ბილიკები, ცხენების მოყვარულებისთვის- ცალკე. ვისაც ალპინიზმი უყვარდა, მათ ჰქონდათ მთის წვერზე ასვლის შესაძლებლობა ინსტრუქტორთან ერთად. თავგადასავლების მოყვარულები ადიოდნენ კავკასიონის მთაზე მდებარე  ტბაზე, რომელსაც შავი მთის ტბა ჰქვია.  ლაგოდეხელბი ამბობდნენ, ეს ტბა რომ კალაპოტიდან გადმოვიდეს, ისეთი ღრმაა, ლაგოდეხს წალეკავსო.

ტურისტები მიგვყავდა წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, რომელიც კახეთის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. აგრეთვე ყვარლის ტბაზე, რომელიც ხელოვნურად არის დაგუბებული კომუნისტების მიერ. იმ დროს ილიას ტბა არ არსებობდა და შემდგომ წლებში, ისიც ხელოვნურად შეიქმნა. ძალიან მოწონდათ ყვარლის ტბის ხედები, საათობით ისხდნენ და ბუნებით ტკბებოდნენ. ყვარელში ტურისტი აუცილებლად შეგვყავდა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში და ვუყვებოდით ჩვენი სასიქადულო მამულიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამბებს.

ტურისტების აღფრთოვანებას იწვევდა გრემის ტაძარი, რომელიც შემაღლებულ ადგილზეა და იქიდან, მთელი კახეთი მოსჩანს. იმ პერიოდში ისე პროფესიონალურად ვადგენდით ტურისტულ მარშრუტებს, რომ სტუმარი ყველა ტაძარში ერთ დღეს არ მიგვეყვანა,  ისტორიები ერთმანეთში არ არეოდათ ან არ დაღლილიყვნენ. ქართული ღვინის დასაჭაშნიკებლადაც შეგვყავდა. ზოგჯერ იმდენ ღვინოს ყიდულობდნენ ტურისტები, დატვირთული მანქანით ვბრუნდებოდით სასტუმროში. ღვინოსთან დაკავშირებით რამდენიმე ექსცესის შემსწრეც გავხდი.

გორბაჩოვის დროს, ე.წ. მშრალი კანონი  კრძალავდა ალკოჰოლური სასმელის მიღებას და ტურისტებიც ვერ ყიდულობდნენ საქართველოში სასმელს. ერთხელ, ჩვენს სასტუმროსთან გაჩერდა ტაქსი, საიდანაც გადმოვიდა ბრგე უცხოელი მამაკაცი. მას ხელში ქარხნული ღვინის რამდენიმე ბოთლი ეჭირა. სასტუმროს დაცვა წინ გადაუდგა და შემოსვლის უფლება ღვინის ბოთლებით არ მისცა. კაცი ამტკიცებდა, რომ ღვინოს მაინც შეიტანდა სასტუმროში და ჯობდა, მისთვის გზა გაეთავისუფლებინათ. ადმინისტრაციამ გამოიძახა რაიონის მილიცია, რამაც ისე გადარია სტუმარი, ღვინის ბოთლები ფრთხილად დააწყო და მოწინააღმდეგეებს მუშტით დაერია. საკმაოდ ყოჩაღი აღმოჩნდა, ვისაც ხელი დაარტყა, ყველა იატაკზე დასცა. მილიციელებმა დამხმარე რაზმი გამოიძახეს. რამდენიმე წუთში რაიონის მილიციის უფროსიც მოვარდა და ატყდა ერთი ამბავი, მაგრამ აღნოჩნდა, რომ საქმე ჰქონდათ სსრ კავშირის უშიშროების მაღალჩინოსანთან, რომელიც სპორტის დამსახურებული ოსტატიც იყო და ამიტომაც იგერიებდა მარდად მილიციელებს. როგორც კი შეიტყვეს სტუმრის ვინაობა და თანამდებობა, მილიციის უფროსი ,,ჩესტით“  დაუდგა სტუმარს, სასტუმროში ღვინოც შეატანინა და რესტორანშიც დაპატიჟა.

იყო შემთხვევა, როცა შუა მთაში, ტაძართან ახლოს, ერთ-ერთმა ტურისტმა მოისაქმა. რა თქმა უნდა, შევაჩვენე და ავუხსენი, რომ ეს იყო ქართველების, საქართველოს ისტორიის, კულტურის და თითოეული ქართველის შეურაცხყოფა.

ერთ-ერთი ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტები კი ისე დათვრნენ, ზოგიერთმა ტანსაცმელი გაიხადა და სასტუმროს ეზოში დედიშობილა დაიწყო ცეკვა. ადმინისტრაციამ მოუწოდა, შეეწყვიტათ ასეთი შეურაცხმყოფელი მოქმედება. უთხრეს, თუ არ გაჩერდებით, მილიციაში დავრეკავთო. იცით რა უპასუხეს უცხოელებმა, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ყველანაირი ქმედება დაშვებულიაო.

ყოველთვის  ვცდილობდით, ისე პროფესიონალურად შეგვედგინა ტურები,  ჩვენი სავიზიტო ბარათი უცხოელებთან, მხოლოდ სმა-ჭამა და დათრობა არ ყოფილიყო. აქედან წასულებს მხოლოდ ხინკალზე, მწვადზე, ხაჭაპურზე და ღვინოზე არ ელაპარაკათ და ჩვენი სასიქადულო და უძველეს წარსულითა და ისტორიითაც გაოცებული დარჩენილიყვნენ. სამწუხაროდ, დღეს ასეთი გულმოდგინებით არ ხდება უცხოელებისთვის ტურების დაგეგმვა. არის შემთხვევები, როცა ტურისტები შეურაცხყოფენ ჩვენს ისტორიულ ძეგლებს, ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს.

_ რა უნდა შეიიცვალოს ტურიზმში, უცხოელებისთვის საქართველო რომ არ იყოს ქვეყანა, სადაც ყველაფერი მოსულა?

_ ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხია, მაგრამ ზოგჯერ ,,თქმა სჯობს, არა თქმასა”. რადგან უცხოელი ფულს იხდის, ზოგ ქართველსაც მიაჩნია, რომ მას ყველაფრის უფლება უნდა მისცეს. ცხადია, უნდა გვესტურონ, დაისვენონ, დალიონ კიდეც, მაგრამ საქართველოს და ქართველ ხალხს პატივი უნდა სცენ.

ერთხელ მუზეუმში გამოფენილი გვქონდა ნიკო ფიროსმანის ცნობილი ნახატი – ,,ექიმი ვირზე“. დასათვარიელებლად შემოვიდა უცხოელების ერთი ჯგუფი. ამ ნახატის დანახვაზე, მათ  ხარხარი მორთეს, ერთმანეთს ზედ ახტებოდნენ. ისე გავბრაზდი, სასწრაფოდ დავატოვებინე მუზეუმი და ავუხსენი, რომ ფიროსმანი არ იყო ვინმეს ხელის წამოსაკრავი მხატვარი და მისი ნახატის წინ ასეთი ქმედება, არა მხოლოდ მხატვრის, ქართველი ერის შეურაცხყოფაც იყო.

დღეს ყველას შეუძლია, რომ იყოს გიდი და უცხოელ ტურისტებს ჩვენი  ქვეყანა, კულტურა და ისტორია გააცნოს. არსებობენ მძღოლი გიდები, მზარეული გიდები… რამდენჯერმე შევესწარი, გიდი არასწორ ინფორმაციას რომ აწვდიდა ტურისტს და ჩვენს ისტორიას აყალბებდა. ჩემი აზრით, ეს გახლავთ გიდების მოუმზადებლობის შედეგი- არ იცის რეალობა, ისტორია და ატყუებს. ერთხელ გიდს ტურისტმა ფიროსმანის სახელი ჰკითხა. გიდი დაფიქრდა და უპასუხა, პასპორტის მიხედვით გიორგი ერქვა და ისე, ნიკოს ეძახდნენო. იყო ისეთი ფაქტიც, როცა მუზეუმში შემოიყვანეს ჯგუფი და გიდი ტურისტებს ეუბნებოდა, ეს გახლავთ ნიკო ფიროსმანის ავტოპორტრეტი შესრულებული პიკასოს მიერო. ვერ მოვითმინე და შენიშვნა საჯაროდ მივეცი, რას უყვებით? ავტოპორტრეტი რა არის იცი? თუ ფიროსმანის ავტოპორტრეტია, პიკასო რა შუაშია და თუ პიკასომ დახატა, ავტოპორტრეტი როგორღა იქნება მეთქი? ამას წინათ, გიდმა ჯგუფის წევრებს ვანო სარაჯიშვილის ძეგლი დაანახვა და აუხსნათ, რომ ეს იყო ვანო ფალიაშვილი. ყველა პროფესიაში საჭიროა  პროფესიონალიზმი, მაგრამ გიდი არის ადამიანი, რომელმაც ჩვენი ქვეყანას, ჩვენი წარსული და საუკუნეების განმავლობაში ნაშრომ- ნაღვაწი ღირსეულად, დაუმახინჯებლად   წარუდგინოს სხვა ქვეყნის შვილებს. თუ გვინდა, ჩვენი ქვეყანა, მეობა შევინარჩუნოთ, ქვეყნის ინტერესები უნდა დავაყენოთ ყველანაირ შემოსავალზე მაღლა.

ნელი ვარდიაშვილი

წყარო: გაზეთი ,,კვირის პალიტრა”

 

 

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close