სიღნაღის ამბები

 ,,ვერ დავიკვეხნი, რომ ყველა ვალდებულებას ვასრულებდი“_ სიღნაღის შიდა აუდიტის ხელმძღვანელის ,,აღიარებითი ჩვენება“

,,არ არსებობს იმის მექანიზმი, ვინმემ გააკონტროლოს, წარმომადგენლობითი ხარჯების ფულით საკრებულოს თავმჯდომარე საკუთარ ნათესავს უმასპინძლდება, მეგობარს თუ მუნიციპალიტეტისთვის საინტერესო სტუმარს“

ნელი ვარდიაშვილი

ნაწილი პირველი  (ნახეთ აქ)

ნაწილი მეორე

სიღნაღის ახლადარჩეულმა მერმა საკრებულოს სხდომაზე ისე ამაყად განაცხადა, სიღნაღის მუნიციპალიტეტში სოციალური პოლიტიკა შესაცვლელიაო, თითქოს მერად გახდომამდე ყოფილი მერის მოადგილე სხვა მალხაზ ბეგიაშვილი იყო ან უფლებები ჰქონდა აყრილი.

,,საარჩევნო კამპანიის დროს ვნახეთ და დავრწმუნდით, რომ აუცილებელია სიახლე. მეტ- ნაკლები სიზუსტით მოვახდინეთ იმ გაჭირვებული ოჯახების აღწერა, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებებს. ადამიანები ცხოვრობენ ცუდ  პირობებში და არ შესწევთ ძალა, რაიმე შეცვალონ – საცხოვრებელი გაარემონტონ და არ ჩამოენგრეთ, ან სახლის სახურავი არ აქვთ და ვერ აკეთებენ. აქამდე მერიას არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მათთვის დახმარება აღმოეჩინა. გამოჩნდა ფანჯარა და ის გვაძლევს საშუალებას, დავეხმაროთ თანამემამულეებს“, – განაცხადა მერმა.

ამრიგად, სიღნაღის საკრებულომ ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 აპრილის #21 დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა. სოციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ლია ბაკაშვილმა კი გაგვაცნო ცვლილებების ნუსხა. გაირკვა, რომ დახმარებები გაეზარდათ მრავალშვილიანებს, მძიმე დაავადებების მქონე პირებს, სტუდენტებს…

დაზიანებული შენობა-ნაგებობების აღდგენისთვის, მერია თავად გამოაცხადებს ტენდერს, გამარჯვებული კომპანია კი შეასრულებს სამუშაოებს. ცხადია, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ ახალ ინიციატივას იქვე გადაასხეს ცივი წყალი. მათი თქმით, სტუდენტებს მანამდეც ეხმარებოდნენ, მაგრამ არჩევნებში ,,ოცნების” მხარდამჭერა მათთვის აუცილებელი პირობა იყო.

,,დაგვასწარით სხდომებს, სადაც ეს საკითხები წყდება და მერე უკეთ გაირკვევა, სინამდვილეში რა ან როგორ ხდება. ჩვენ გვაქვს თქვენ მიერ დახმარება გაწეული სტუდენტების სია. როცა მას გაეცნობით, დარწმუნდებით ჩვენს სიმართლეში“, _  განუცხადა მერიის წარმომადგენელს საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა, ნატო უსენაშვილმა და დასძინა, რომ მუნიციპალიტეტში უმრავლესობა სიღარიბის ზღვარს მიღმაა. უსენაშვილის ბოლო წინადადებას საკრებულოს თავმჯდომარის სხარტი პროტესტი მოჰყვა – ფეხზე წამომხტარმა დავით ჯანიკაშვილმა იუარა – უმრავლესობა სიღარიბის ზღვარს მიღმა არააო.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის უფროსის, ვასილ ბალიაშვილის 2021 წლის გაწეული მუშაობის ანგარიში საკრებულოს სხდომაზე მეხუთე საკითხად გამოიტანეს. ეს ის შიდა აუდიტორია, რომელიც, გასულ წელს სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ნეგატიური შეფასებით მოხვდა. სახელმწიფო აუდიტის კრიტიკა, წესით და რიგით, შიდა აუტიდის სამსახურის ხელმძღვანელისთვის ე.წ. ,,ვირის აბანოს“ ერთგვარი საგზური უნდა გამხდარიყო, თუმცა  აღმოჩნდა, რომ ბალიაშვილს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სხვა ჩინოსნების მსგავსად, კრიტიკული შეფასებები ,,ბალი ათ შაურად“ მიაჩნია და ცა ქუდი, დედამიწა კი ქალამანი ჰგონია.

ოპოზიციამ სახელმწიფო აუდიტის სკანდალური, მწვავე  დასკვნა სიღნაღის მერიის შიდა აუდიტის ხელმძღვანელს საკრებულოს სხდომაზეც გაუხსენა:

,,მერიის შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული ამოცანების ეფექტურად შესრულებასა და დასახული მიზნების მიღწევას, რისკების მართვასა და შიდა კონტროლის სისტემის გაუმჯობესებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახური ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებდა არასათანადოდ”, – სახელმწიფო აუდიტის დასკვნიდან ბალიაშვილს ამონარიდი წაუკითხა საკრებულოს წევრმა, ნონა ნინიაშვილმა.

ამის პასუხად კი, ოპოზიციამ ბალიაშვილისგან მოისმინა, რომ მერიის შიდა აუდიტის სამსახური მხოლოდ რამდენიმე წლის შექმნილია და ამიტომ ყველა სახის დარღვევა თურმე ეპატიება.

,,მერე რა, შეიძლება ასეც არის, მაგრამ 2017 წელს მოგვცეს ერთი წიგნი, 2 წელი ვიმუშავეთ ენთუზიაზმით. 100%-ით ვერ დავიკვეხნი, რომ ყველაფერს ვასრულებდი და ყველა ვალდებულებას ვაკმაყოფილებდი. ერთი კაცი ვმუშაობ და ყველა ობიექტზე შესვლა წარმოუდგენელია“, – განაცხადა ბალიაშვილმა.

მის წუწუნს ,,ვერხუშკიდან“ არავინ წამოგებია, რადგან, ჩემი ვარაუდით, ისინი მიიჩნევენ, რომ მათ წინააღმდეგ ჩადებული ამ ნაღმმტყორცნის ,,დაკონსერვებაში“ ფულის ყრაც  საკმარისია და ზედმეტი თანამშრომლები აღნიშნული სამსახურისთვის საჭირო არ არის.

ბალიაშვილმა საკრებულოს განუცხადა, რომ 2021 წელს 6 ობიექტზე მოასწრო აუდიტის ჩატარება. მისი თქმით, ყველა მათგანში არასწორად იყო ჩატარებული ძირითადი საშუალებებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა  ინვენტარიზაცია. წინა წლებთან შედარებით, მდგომარეობა თითქმის გამოსწორდა, თუმცა ჯერ კიდევ არის დარღვევები, როგორც საწვავის შეძენის, ასევე მისი   ხარჯვის საქმეშიო.

,,ა(ა)იპ „კომუნალური -1“-ის სამსახურის 5 თანამშრომელზე ჩამოწერილია  ბენზინი  არასრულყოფილი დოკუმენტებით 6 166 ლიტრი.  აღნიშნული გახარჯული ბენზინიდან მიღებული ეკონომიკური ეფექტი სინამდვილეში არ არსებობს.  ორგანიზაციას არ აქვს შემუშავებული კონტროლის მექანიზმები, რომლის მეშვეობითაც  შეძლებდა დადგენას, თუ რამდენად ეფექტიანად იხარჯება გაცემული საწვავი. კერძოდ, არ არის შესწავლილი და გაანალიზებული მიმღები პირები საწვავს მოიხმარდნენ სამსახურებრივი დანიშნულებით თუ პირადი მოხმარების მიზნებისათვის.

კვლავ ცუდი მდგომარეობაა დასახლებული ტერიტორიების დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების საქმეში. ყოველწლიურად უარესდება იურიდიული და ფიზიკური პირებიდან გადასახადების გადახდის მდგომარეობა გეგმასთან შესაბამისობაში. კერძოდ, თუ 2019 წელში მოსაკრებლის გეგმა შესრულდა -67%-ით, 2020 წელს ანალოგიური მაჩვენებელი შეადგენს-47%-ს. ჩვენი აზრით, გეგმის შეუსრულებლობის ძირითადი მიზეზია გადამხდელთა ბაზის არარსებობა. სრულად არ არის აღრიცხული გადამხდელთა რაოდენობა და თანხების გადახდა ხდება სტიქიურად (ვინც გადაიხდის).

ორგანიზაციის მიერ სრულად არ არის შესწავლილი იურიდიული პირებიდან და სხვა კომერციული საწარმოებიდან,  თუ რა რაოდენობის ნარჩენის გატანა ხდება. აღნიშნულის გამო ვერ ხერხდება სრულად იურიდიულ  პირებთან და სხვა კომერციულ ობიექტებთან ხელშეკრულების გაფორმება და შემდგომ თანხების ამოღება. დასუფთავების მოსაკრებლის ხარვეზებზე შიდა აუდიტის სამსახურის მიერ დაფიქსირებულია ა(ა)იპ კომუნალური-1-ის წინა წლების საქმიანობის ფინანსურ და შესაბამისობის აუდიტის ანგარიშებში. მიუხედავად აღნიშნულისა, არსებული პრობლემა კვლავ მოუგვარებელია და აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ  მიერ გაცემული რეკომენდაცია შეუსრულებელია.

ჩვენ მიერ მოხდა ასევე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში მერიის მიერ 2020 წელში წარმომადგენლობითი ხარჯების ხარჯვის შესაბამისობა კანონმდებლობასთან. მოქმედი  კანონმდებლობის მიხედვით, კონკრეტულად არ არის განსაზღვრული  წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევის პროცედურა და მასთან დაკავშირებული შესადგენი დოკუმენტაცია. კერძოდ, სტუმრების მიღების ფორმა, მათი კატეგორია, გამასპინძლების ეტიკეტი და სხვა. თუმცა გონივრული პრინციპებიდან გამომდინარე, წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევა და მისი მიზანშეწონილობა უნდა იყოს დოკუმენტალურად სათანადოდ დასაბუთებული.

არის შემთხვევები, როდესაც მერიის პასუხისმგებელი პირების მიერ მოხსენებითი ბარათები საერთოდ არ არის წარმოდგენილი და თუ არის, ხშირ შემთხვევაში თუ რა სტატუსის მქონე სტუმრებზე  მოხდა გამასპინძლება, არ ფიქსირდება. შესაბამისად, არც მუნიციპალიტეტის მიერ არ  არის შემუშავებული შიდა ინსტრუქცია/წესი, რომლის მიხედვითაც მოხდება წარმომადგენლობითი ხარჯების მუხლიდან თანხების ხარჯვა“, _ ნათქვამია სიღნაღის შიდა აუდიტის დასკვნაში.

აღმოჩნდა, რომ 2021 წელს  სიღნაღის მერიამ წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 19 000 ლარი გამოიყენა, თუმცა მუნიციპალიტეტში, სადაც ბიუჯეტის ფულის ამ მიმართულებით ხარჯვის წესი არ არსებობს, არავინ კითხულობს და დაობს – რაში დაიხარჯა? რატომ დაიხარჯა? ვის ან რატომ  მოახმარეს ეს ფული?

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც საკრებულოს სხდომას ესწრებოდა, არაფერი უთქვამს, ამჯერად რას აპირებენ, კვლავ სპონტანურად უნდა ხარჯონ სტუმრების მიღება-გამასპინძლებაში თანხები, თუ ბოლოს და ბოლოს ვინმე გამოიჩენს ინიციატივას, მადლს მოისხამს და დაწერს აღნიშნულ წესს.

გიორგი ელიზბარაშვილი, ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოში:

_ წლების განმავლობაში არ არსებობს იმის მექანიზმი, ვინმემ გააკონტროლოს, საკრებულოს თავმჯდომარე საკუთარ ნათესავს გაუმასპინძლდება, მეგობარს თუ მუნიციპალიტეტისთვის საინტერესო სტუმარს. ვთქვათ, წერენ, რომ დელეგაციას გაუმასპინძლდნენ, მაგრამ არსად აფიქსირებენ, ვინ ესტუმრნენ, საიდან, რამდენი ადამიანი იყო ან რა მიზნით ჩამოვიდნენ, კონკრეტულად რომელ რესტორანში იყო სუფრა გაშლილი და ა.შ. არადა მენიუც კი წინასწარ უნდა იყოს გაწერილი და ცნობილი.

    _ ამ წესის  შემუშავება პრობლემებთან არის დაკავშირებული?

_ ცხადია, არა. ეს წესი მერიამ უნდა წარუდგინოს საკრებულოს, განიხილონ და დადებითად შეფასების შემთხვევაში დაამტკიცოს, მაგრამ უწესობა აწყობს მმართველ გუნდს და ამიტომ ცდილობს, მისი არქონის პერიოდი გაახანგრძლივოს – ბიუჯეტის თანხები თავისუფლად, გაუკონტროლებლად, სურვილისამებრ ხარჯოს.

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახორციელებელი პროექტების დამტკიცების შესახებ მოხსენება გიორგი ბაღანაშვილმა წარმოადგინა.

ნათელა ნადიკაშვილმა თუ საკრებულოს ანგარიშის ბოლომდე წაკითხვა არ აღირსა, ბატონი გიორგი სხდომაზე ანგარიშის ჩარაკრაკების სურვილით წარსდგა. მიუხედავად ამისა, ოპოზიციას კმაყოფილება მაინც არ გამოუხატავს და მომხსენებელს ჩარაკრაკებულის ხარისხიც მოსთხოვა: ნუკრიანში გააკეთეთ ახალგაზრდული სახლი, მაგრამ მეორე წელს შენობას ჭერი აეხადა. ასეა სხვა ობიექტებზეცო. ხალისიანად წაკითხულ ანგარიშს მსუბუქი კრიტიკა საკუთარი გუნდიდანაც მიაყოლეს – გარე განათებებს რომ აკეთებთ, ხარისხიანი ნათურები  დაუყენეთ, რომ სულ გადამწვარი არ იყოსო.

სიღნაღის ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა, რომელმაც ხანგრძლივობითა და ნერვების ომით ყველა წინამორბედს გაუსწრო, ჟრიამულით დასრულდა. დრო ვიხელთე და სიგარეტის მოსაწევად ფოიეში გასულ საკრებულოს თავმჯდომარეს გავყევი. მაინტერესებდა, საკრებულოს წევრებთან, ლია ბეჟაშვილთან და მადონა ბატიაშვილთან ერთად, რატომ მიშლიდა ხელს, საჯაროდ დამესვა კითხვები აიპ სიღნაღის სახელოვნებო და საგანმანათლებო მომსახურეობის ცენტრის დირექტორ ნათელა ნადიკაშვილისთვის ამ სფეროში არსებულ პრობლემებსა თუ დარღვევებზე.

დავით  ჯანიკაშვილი:

_ როგორ გეკადრებათ, თავიდანვე  გითხრით, რაც გინდათ, ის ბრძანეთ-მეთქი.

_ მოდით, სხდომის ჩანაწერი ვნახოთ ერთად… წესით, სხდომას  უნდა იწერდეთ. ასე არ არის?

_ შენ ხომ აკეთებდი ჩანაწერს? (მოულოდნელად საკრებულოს თავმჯდომარე ურთიერთობის შენობით ფორმაზე გადავიდა – ნ.ვ.).

_ ჩემი ჩანაწერით უნდა იხელმძღვანელოთ? ბატონო დავით, საკრებულოს ოფიციალური სხდომის ჩანაწერი მართლა არ კეთდება?

_ როგორ გეკადრება, მოწვეული იყავი, არ გამოხვედი სიტყვით? მე გითხარით, ერთ საკითხზე კითხვა დავსვათ ერთხელ. ნებისმიერ საკითხზე დასვით კითხვები, პრობლემა არ გექნებათ. აი, ეხლა ბევრი საკითხები იყო და გადატვირთულები ვიყავით (სტილი დაცულია – ნ.ვ.)...

_ მდაააა…

დავით ჯანიკაშვილთან ამ მოკლე პაექრობიდან გამოჩნდა, რომ სიღნაღის საკრებულო ოფიციალური უწყების ოფიციალური სხდომის ჩანაწერსაც არ აკეთებს.  ამიტომაც საკრებულოს სხდომაზე ვინც რა უნდა თქვას, წისქვილი მაინც ხელისუფლების სასარგებლოდ ტრიალებს და სხდომაზე გამოთქმულ ყველა შეფასებას, კრიტიკას, პასქვილსა თუ წინადადებას ქარი ისე  შორს მიაფრიალებს, ნაკვალევიც კი არსად რჩება.

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close