სიღნაღის ამბები

უღარიბესი ბიჭი, რომელმაც მსოფლიო კახური ქუდით შემოიარა

სკოლის დარაჯის ჯიხურში დაწერილი ცნობილი ლექსები...

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, პოეტ იოსებ ნონეშვილის წალკოტად ქცეული მუზეუმის აივნიდან, დიდებულად მოსჩანს კავკასიონის მთებში მარგალიტივით ჩასმული, აფერადებული ალაზნის ველი.

,,ირმების გადმოსახედ“ კახეთზე მომღერალი, აწ გარდაცვლილი პოეტი მშობლიურ სოფელში ყველას უყვარს. თამარ დურგლიშვილი, რომელიც იოსებ ნონეშვილის მუზეუმს გახსნის დღიდან ხელმძღვანელობს, ნონეშვილების ოჯახის ახლობელი აღმოჩნდა. მას ვთხოვე, პოეტთან დაკავშირებული,  აქამდე უცნობი  ამბები გაეხსენებინა, რაზეც სამოვნებით დამთანხმდა.

,,ღმერთი და ხელები“ და კარდენახელი ამბაკო

იოსებ ნონეშვილის ბებია და ბებიაჩემი ბიძაშვილები იყვნენ. ისინი ერთ ეზოში ცხოვრობდნენ და პატარა იოსების გაზრდაში, ბებიაჩემი ოჯახს ძალიან ეხმარებოდა. ცნობილი პოეტი შემდგომ ხშირად აღნიშნავდა, კარდენახში, ჯანგულაურის ქალის კალთის ქვეშ ამოფარებული პურით გავიზარდე, ქმარს რომ არ გაეგო, პურს კალთის ქვეშ მალავდა და ჩუმად მაჭმევდაო.

იოსებს, თანასოფლელი ბავშვებისგან განსხვავებით, ძალიან ჰყვარებია გლეხებთან  ჩამოჯდომა და მათი მასლაათის მოსმენა. სახლში მისული კი დედას უყვებოდა მათ ნაამბობს. სწორედ მშრომელი ადამიანის, მათი დაკოჟრილი ხელების სიყვარული   დაუდო ლიბოდ ცნობილ ლექსს- ,,ღმერთი და ხელები“.  იგი საქართველოს სილამაზეს, მის მომხიბვლელობას სწორედ გლეხკაცის შრომასთან აიგივებდა: ,,თუ საქართველო ასეთი რად არის, დახედეთ, გლეხკაცის ხელები გეტყვიან“- ამბობს ლექსში პოეტი.

იოსებ ნონეშვილი 1973 წლიდან მშვიდობის დაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობდა და უცხოეთში ხშირად მიდიოდა. ამ ვიზიტების დროს მას ყოველთვის ეხურა თუშური, იგივე კახური ქუდი და ჩვენს ქვეყნას აცნობდა სხვა ხალხებს. იოსებს უცხოეთიდანაც ჩამოჰყავდა საქართველოში  მწერლები და საზოგადო მოღვაწეები. იმ პერიოდში, პერიფერიებში სასტუმროები და რესტორნები არ არსებობდა, ამიტომ, კახეთში მათი მასპინძელი თავად იოსები იყო – საკუთარ სახლში უშლიდა სუფრას და ღამეც თავისთან ან მეზობლის სახლში აძინებდათ. მისი წყნეთის ბინაც  მუდამ სტუმრებით იყო სავსე. უცხოელებთან ერთად ეპატიჟებოდა  ქართველ მწერლებსაც და მართავდა დიდ ზეიმებს.

ერთ-ერთი ასეთი ქეიფის დროს მასთან, წყნეთის სახლის კარზე, მოულოდნელი ზარი გაისმა. იოსების მეუღლე  გაგებებია სტუმარს და ხელში შერჩენია კარდენახიდან ჩასული, მხარზე სავსე ხურჯინგადაკიდებული ბიძაჩემი , ამბაკო. მედეას შეუპატიჟებია სოფლიდან ჩასული ნათესავი, მაგრამ იმ ოთახისთვის აურიდებია, სადაც გამოჩენილი სტუმრები ქეიფობდნენ. ცოტა ხანში იოსებს თავად უკითხავს ცოლისთვის, კართან ვინ იყოო? მედეას ყურში უჩურჩულია, კარდენახელი ამბაკოა, გვერდით ოთახში შევიყვანე, სტუმრებთან აღარ გამოვაჩინეო. როგორ თუ გვერდით ოთახშიაო, გაბრაზებულა პოეტი, თავად შესულა ამბაკოსთან და ხურჯინიანად წარუდგენია სტუმრებისთვის. შემდეგ გლეხკაცისთვის ხელები აუწევინებია და თავისი ლექსი წაუკითხავს. საპატიო სტუმრები თურმე სათითაოდ მიდიოდნენ  და ამბაკოს შრომისგან დაკოჟრილ ხელებზე კოცნიდნენ.

კარდენახში, საღირალას გორაზე 9 მაისობის სახალხო  ზეიმს საფუძველი იოსებ ნონეშვილმა ჩაუყარა.  ამ გორაკზე გაშენდა შინმოუსვლელთა პარკიც და კარდენახიდან მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ვაჟკაცების სახელზე 403 ნაძვი დაირგო. ყველა ნაძვზე ტრაფარეტი იყო ჩამოკიდებული, რომელზეც ჯარისკაცების სახელები ეწერა. რადგან ეს ინიციატივა იოსების სახელს უკავშირდებოდა, იგი თავს ვალდებულად თვლიდა, ყოველ 9 მაისს კარდენახში ჩამოსულიყო. ხალხიც მის გარეშე არ იწყებდა ზეიმს. ერთ წელიწადს, იოსებ ნონეშვილს, 9 მაისს იაპონიაში უწევდა  ყოფნა, რადგან ქართულ დელეგაციას ის ხელმძღვანელობდა. კარგად  იცოდა, რომ თანასოფლელები, მის გარეშე ამ დღეს არ აღნიშნავდნენ, ამიტომ იაპონიის დაგეგმილ ვიზიტს რამდენიმე დღე მოაკლო და 8-ში, გვიან ღამით მაინც ჩაფრინდა მოსკოვში. 9 მაისს კი, თბილისის აეროპორტიდანვე პირდაპირ მიაშურა კახეთს.

მართლაც, იმ დღეს ხალხი დიდხანს ელოდა იოსებს, მერე იმედი გადაეწურათ და გულდაწყვეტილები სახლში ბრუნდებოდნენ, როდესაც ყველამ დაინახა, საღირალას გორის აღმართზე ჩქარი ნაბიჯით როგორ მოემართებოდა ხალხის პატარა ჯგუფი. გზადაგზა მათ სხვებიც უერთდებოდნენ. თურმე იოსები რომ დაინახეს, კარდენახის მოსახლეობამ პირი ისევ გორაკისკენ იბრუნა და მასთან ერთად, საღამოხანს აღნიშნეს 9 მაისობა.

 ვის უძღვნა იოსებ ნონეშვილმა ლექსი- ,,მასწავლებელი“

იოსებ ნონეშვილმა ბავშვობის წლები მშობლიურ სოფელ კარდენახში გაატარა. მისი მამა, სიღნაღის მაზრის რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე იყო. სწორედ მისი თაოსნობით, იმ შენობაში, რომელშიც ამჟამად იოსებ ნონეშვილის მუზეუმი ფუნქციონირებს, დაარსდა 7 წლიანი სკოლა. იქ დაამთავრა იოსებმა 7 კლასი, შემდეგ კი სწავლა თბილისში, მე-18 ვაჟთა გიმნაზიაში, ამჟამინდელ 51-ე საჯარო სკოლაში გააგრძელა.

3 წლის იყო იოსები მამა რომ მოუკლეს და კარდენახში, საღირალას გორაზე დაკრძალეს. წელს, იოსებ ნონეშვილის ვაჟიშვილმა, სანდრომ, პაპის, როგორც რევოლუციონერის და საზოგადო მოღვაწის  ნეშთი თბილისში, გმირთა სასაფლაოზე გადაასვენა.

კარდენახში ნონეშვილების ოჯახი ძალიან ღარიბად ცხოვრობდა. იოსები მშობლების ერთადერთი შვილი იყო. როცა ის დაბადებულა, მამამისს სახლში რევოლუციონერი მეგობრები მოუყვანია ვაჟიანობა რომ აღენიშნათ, მაგრამ იმის გამო, რომ ოჯახში მხოლოდ ერთი თლილი ჭიქა იყო, თურმე მორიგეობით სვამდნენ პატარა იოსების სადღეგრძელოს.  ეს ჭიქა ამჟამად კარდენახის მუზეუმში ინახება.

იოსების დედამ თბილისის ბამბეულის ფაბრიკაში დაიწყო მუშაობა. გაჭირვების გამო, დედა-შვილს არ შეეძლო ბინა დაექირავებინათ, ამიტომ დედა ფაბრიკაში იძინებდა, იოსები კი სკოლის დარაჯის პატარა ჯიხურში იყო შეხიზნული. მასწავლებლებს ძალიან ეცოდებოდათ უმამოდ დარჩენილი, უღარიბესი, მაგრამ ნიჭიერი ბავშვი და შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ. იოსებ ნონეშვილის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ვარო ვარდიაშვილს კარგად ვიცნობდი. მისგან იოსების ბავშვობის არაერთი საინტერესო დეტალი მაქვს მოსმენილი. – სანამ იოსებს გაკვეთილზე ახალ მასალას გამოვკითხავდი, ჯერ ახალ ლექსს წავაკითხებდი ხოლმე. მის კლასში  იოსების ლექსის გარჩევით ვიწყებდი ქართულის გაკვეთილს. არადა, ბევრი ლამაზი და შინაარსიანი ლექსი სკოლის დარაჯის ჯიხურში ჰქონდა დაწერილიო, მითხრა ღვაწლმოსილმა პედაგოგმა.

მე-9 კლასში იყო იოსებ ნონეშვილი, დედა რომ გარდაეცვალა. მასწავლებლები ხელფასიდან ფულს უგროვებდნენ და ასე ინახავდნენ ბავშვს. კარდენახელ, ნიჭიერ მოსწავლეს ძირითად ყურადღებას მაინც ქალბატონი ვარო აქცევდა. იოსებსაც ძალიან უყვარდა ქართულის მასწავლებელი.

მუზუმში ინახება იოსებ ნონეშვილის ბებიის წერილები, რომელიც კარდენახიდან თბილისში გაუგზავნია შვილიშვილისთვის. ერთ-ერთ წერილში წერია: ,,შვილი იოსებ, თუ ფეხსაცმელში წყალი შეგივიდა, კარდონი ჩაუფინე და მაინც იარე  სკოლაში.“ ცხადია, მასწავლები ხედავდნენ, როგორი ფეხსაცმელებითაც დადიოდა ბავშვი. ვარო მასწავლებელს იოსებისთვის, დედის დაკრძალვის  წინა დღეს ფეხსაცმელი უყიდია და პანაშვიდზე მიუტანია. ბავშვს  თავმოყვარეობა რომ არ შელახოდა, გარეთ გაუყვანია და უთქვამს, ფეხსაცმელი ვიყიდე, ძალიან მიჭერს და მიდი, ჩაიცვიო. დაკრძალვის შემდეგ იოსებს ფეხსაცმლის დაბრუნება  გადაუწყვეტია, ვარო მასწავლებლისთვის მიუტანია და უთქვამს, ალბათ ფეხსაცმელმა გაიწია და ახლა კარგად გექნებათო. ვარო მოფერებია ბავშვს და  ყურში უჩურჩულია, ეს ფეხსაცმელი შენთვის  ვიყიდეო. შემდგომ,  იოსებ ნონეშვილმა არაჩვეულებრივი ლექსი ,,მასწავლებელი“ უძღვნა თავის პედაგოგებს,  თუმცა ლექსის გარკვეულ სტროფებშიც იგრძნობა, რომ ვარო ვარდიაშვილი მისთვის გამორჩეული აღმზრდელი იყო. ,,მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი“- პოეტის ეს სიტყვები მხოლოდ ვარო მასწავლებელს ეკუთვნოდა.

  რას მოგვითხრობს წითელ ჩარჩოში ჩასმული ფოთოლი

რამდენიმე წლის წინ, სანდრო ნონეშვილმა ჩვენს მუზეუმს ხის გამხმარი ფოთოლი გადმოსცა, რომელსაც საინტერესო ისტორია აქვს. წითელ ჩარჩოში მოქცეული ფოთოლი, დამთვარიელებლების დიდი ინტერესს იწვევს. როგორც ცნობილია, იოსები და პოეტი ლადო ასათიანი გულითადი მეგობრები იყვნენ.  სიცოცხლის ბოლო პერიოდში, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ლადო, აბასთუმანში მიდიოდა სამკურნალოდ. წასვლის წინ, იოსები ლაღიძის წყლებთან მდგარ დიდი ჭადრის ხესთან დაუბარებია დასამშვიდობებლად. ერთმანეთს სიყვარულით ეთხოვებოდნენ, როცა ჭადრიდან ჩამოვარდნილა ფოთოლი და იოსებს მხარზე დასცემია. ლადოს აუღია ეს ფოთოლი და უთქვამს, ძმაო იოსებ, რა დაგიტოვო ცხოვრებაში სამახსოვროდ არ ვიცი, ამიტომ ჭადრის ეს ფოთოლი უნდა გაჩუქო და ჩემს სახსოვრად შეინახეო. სამწუხაროდ, ლადოს და იოსების ეს შეხვედრა ბოლო აღმოჩნდა. პოეტს ნაჩუქარი ფოთოლი გაუხმია და ასე შეუნახავს მეგობრობის ნიშნად.

იოსებ ნონეშვილი ინახავდა ვიეტნამის პრეზიდენტ ხო ში მინის  საინტერესო საჩუქარსაც.  ხოშიმინი სტალინის საქართველოში ყოფნის დროს ჩამოსულა ჩვენს ქვეყანაში და გორში, იოსებ ჯუღაშვილს, სახლში სწვევია. სტალინს საკუთარ ბაღში მოუწყვეტია ვარდი და ვიეტნამის პრეზიდენტისთვის უჩუქებია მეგობრობის ნიშნად.

ვიეტნამის პრეზიდენტად ხო ში მინი მრავალი წელი იყო. ამ ამბიდან ათწლეულების შემდეგ, როგორც მშვიდობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, იოსებ ნონეშვილი  ვიეტნამში ჩავიდა. როგორც ჩანს, ხოშიმინს უთხრეს, რომ საქართველოდან პოეტი იყო მათ ქვეყანაში სტუმრად, ამიტომ ოფიციალურ მიწვევას თავადაც დასწრებია. სუფრასთან კი იოსებისთვის მხარზე ხელი გადაუხვევია  და გამომყევიო, უთქვამს. ხო ში მინს ქართველი სტუმარი საკუთარ კაბინეტში შეუპატიჟებია და სტალინის მიერ ნაჩუქარი, უკვე გამხმარი ვარდი უჩვენებია. შემდეგ კი, საკუთარ ბაღში მოუწყვეტია ვარდი, იოსებისთვის გადაუცია და საქართველოში გამოუტანებია- ეს სტალინის ნაჩუქარი ვარდის სამაგიეროაო. ვიეტნამის პრეზიდენტის ნაჩუქარი გამხმარი ვარდი იოსებ ნონეშვილის ოჯახში ინახება და  მალე ისიც ჩვენი მუზეუმის ექსპონატი გახდება.

     ბაფთიანი პატარძალი

სანამ იოსებ ნონეშვილი თავის მეუღლეს გაიცნობდა, თბილისელ ლეილაზე ყოფილა შეყვარებული. ერთხანობას თურმე ისე შესტრფოდნენ ერთმანეთს, ლეილასთვის ლექსებიც კი უძღვნია. მომავალი მეუღლე, მედეა დეიდაშვილთან, წვეულებაზე გაიცნო. მაშინ მედეა 15 წლის ყოფილა, პოეტი კი 17 წლით უფროსი იყო. გოგონას სილამაზით მოხიბლულმა იოსებმა სუფრასთან, ექსპრომტად დაუწერა  მედეას ლექსი, რომელიც შემდგომ ხალხმა აიტაცა და შეიყვარა: ,,რას მიყურებ, სურთ ამ თვალებს უმეცართ, შეგამჩნიოს ნაკლიცა და მშვენებაც, თორემ თუკი შემიყვარდი უეცრად, ყველაფერი კარგად მომეჩვენება“. იოსებით მოხიბლულმა მედეამ მალევე მიატოვა სკოლა, ბაფთით ჩამოვიდა თბილისში და იოსების მეუღლე გახდა.

ქორწილი სახლში გადაიხადეს. სუფრასთან გამოჩენილმა ქართველმა და უცხოელმა პოეტებმა და მწერლებმა მოიყარეს თავი. თამადობა გოგლა ლეონიძეს ხვდა წილად. ქორწილშიც მედეას თმაზე ბაფთა ეკეთა და ამიტომ, სტუმრებმა მას ბაფთიანი პატარძალი შეარქვეს. როდესაც მედეა  უდღეგრძელებიათ, იოსებს მეუღლისთვის უჩურჩულია, ბაფთა მოიხსენიო. ლეონიძეს გაუგონია ახლადდაქორწინებულთა საუბარი და იოსებისთვის მიუმართავს:  რა გინდა ვეჟო, თავი დაანებე მედეას. როგორ მოიხსნის, როცა მაგ ბაფთამ იოსები აპოვნინაო.

ქორწინებიდან რამდენიმე თვეში იოსებმა მედეა ბიძასთან, კარდენახში ჩამოიყვანა. წყვილი თბილისიდან კახეთში მატარებლით ჩამოვიდა. მთელმა სოფელმა მის სახლთან მოიყარა თავი და ფაქტიურად, მეორე ქორწილი კარდენახში გადაიხადეს. ამ ამბავს მედეა ხშირად იგონებდა. პატარძალი რომ დაუნახავს, მამაჩემ ხვთისოს უხუმრია, კახელები პატარძლებს ვირზე უკუღმა ვსვამთ და ისე შემოგვყავს ოჯახშიო. მედეას დაუჯერებია ეს ხუმრობა და შეშინებული მიკვრია მეუღლეს- ემანდ მართლა ვირზე შესმა არ დამიპირონო. იოსებს ძლივს დაუმშვიდებია, გეხუმრება, სინამდვილეში კახელებს რძლებზე მზე და მთვარე ამოსდითო. მართლაც იოსების სოფელში ,,ბაფთიან პატარძალს“ დიდ პატივს სცემდნენ და ძალიან უყვარდათ- როცა სოფელში ჩამოჰყავდა მეუღლეს, ოჯახიდან ოჯახში დაატარენდნენ და სუფრებს უშლიდნენ.

    შარვალსა და პიჯაკში გამოწკეპილი აბორიგენების ბელადი

მუზეუმში გამოფენილია საინტერესო ისტორიის მქონე ფოტო, რომელზეც იოსებ ნონეშვილი და აბორიგენების ბელადი არიან აღბეჭდილნი. იოსები, ოფიციალური ვიზიტით ჩასული იყო აბორიგენების ტომის ბელადთან, უანჯუკ მარიკასთან და ნახა, რომ იქ ადამიანები შიშვლები დადიოდნენ, არ იცოდნენ რა იყო თოფი და ცხოველებს ისრებით კლავდნენ. ცოტა ხანში პოეტმა უანჯუკი  საქართველოში მოიპატიჟა.  როგორ ჩანს, იოსებს უნდოდა მისთვის ეჩვენებინა, როგორ გამოიყურებოდა ლამაზი და ცივილიზებული ქვეყანა. აბორიგენების ბელადს იოსები საქართველოს საზღვართან შარვლითა და პიჯაკით ხელდამშვენებული დახვედრია- არ უნდოდა, შიშველი ადამიანი თბილისის ქუჩებში ეტარებინა. ერთ დღეს უანჯუკი კარდენახშიც ჩამოასეირნა. დედაჩემმა ეზოში, ხეივნის ქვეშ გაუშალათ სუფრა. უანჯუკ მარიკა შარვალსა და პიჯაკში გამოწკეპილი იჯდა, მაგრამ ეტყობოდა, რომ კარგად შეგუებული ჯერ ვერ იყო ახალ სამოსს. მოგვიანებით სტუმარს საპირფარეშოში მოუნდა შესვლა. იოსები შეწუხდა და მისი გაცილება ჩემს მეუღლეს დაავადა. თან იხუმრა, გაჰყევით კაცო, თორემ მაგან შარვლის მოხმარების წესი არ იცის და ემანდ კიდევ შიშველი არ დაგვიბრუნდესო.

აბორიგენების ბელადს იოსებმა თოფი და ტყვია- წამალი აჩუქა, გამოყენებაც ასწავლა და ასე ხელდამშვენებული გაგზავნა თავის ტომელებთან.

    პოეტის სიკვდილი

იოსებ ნონეშვილმა სტალინის გარდაცვალების შემდეგ დაწერა ლექსი- ,,მამავ, ძვირფასო“. ძველი თაობის წარმომადგენლებს ეს ლექსი დღემდე ახსოვთ. მიუხედავად ამისა, იოსები ნამდვილი სახალხო პოეტი იყო. დიდი მწერლები, გოგლა, გალაკტიონი მის ხალხურობას ყოველთვის უსვამდნენ ხაზს. ერთ-ერთმა ჩეხმა მწერალმა თავის მოგონებებში დაწერა, თბილისში იოსებ ნონეშვილთან ერთად დავდიოდი და გაოცებული დავრჩი, პოეტს ხალხი ისეთი სიყვარულით ესალმებოდაო.

იოსები 1980 წელს გარდაიცვალა. სახალხო პანაშვიდები რუსთაველის თეატრში გაიმართა. გამოსვენებას უამრავი ხალხი ესწრებოდა, კუბო დიდუბის პანთეონში რომ შეიტანეს, ხალხის ნაკადი კვლავ რუსთაველზე იყო გაჩერებული და ვერ იძვრებოდა.  რუსთაველიდან დიდუბემდე, ხეებზე ხმის გამაძლიერებლები იყო დამაგრებული, რომლებიდანაც ნონეშვილის ლექსები და სიმღერები ისმოდა. ხალხმა საფლავის კარამდე ხელით მიაბრძანა და ასე მიაგო უკანასკნელი პატივი სამშობლოზე, ხალხზე შეყვარებულ პოეტს.

ნელი ვარდიაშვილი

წყარო: დაიბეჭდა გაზეთ ,,კვირის პალიტრაში”

 

 

 

 

 

 

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close