საზოგადოებასიღნაღის ამბები

ვაქირში ცემენტის ლომები, ვეფხვები,ზღარბები და ფლამინგოები ბინადრობენ

,,სიმშვიდის მოსაპოვებლად წინათ დამამშვიდებელი მედიკამენტები მჭირდებოდა, მაგრამ წამლებს ხელოვნებით გატაცებამ აჯობა"

“ყველაზე კარგი ფსიქოთერაპია ხელოვნებით გატაცებაა. სიმშვიდის მოსაპოვებლად წინათ დამამშვიდებელი მედიკამენტები მჭირდებოდა, მაგრამ წამლებს ხელოვნებით გატაცებამ აჯობა. ამჯერად არანაირ მედიკამენტს აღარ ვიღებ და საოცარ ფიგურებს ვქმნი”, – მითხრა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში მცხოვრებმა ხათუნა ხატიაშვილმა და საკუთარი ხელით გამოძერწილი ცემენტის ფიგურები დამათვალიერებინა. 5 თვის წინ მეუღლის გარდაცვალებამ ქალი დეპრესიაში ჩააგდო, ექიმებმა კი ძლიერი ტრანკვილიზატორები გამოუწერეს. როგორც თავად მითხრა, წამლის გარეშე ვერ იძინებდა. ალბათ, დიდხანს გაგრძელდებოდა ასე, გამოსავალი თავად რომ არ გამოეძებნა.

ხათუნა ხატიაშვილი:

– წელიწადიც არ არის, რაც მეუღლე გარდამეცვალა და ნევროზი დამემართა. ახლობლებმა მირჩიეს, რამე საქმე დამეწყო და გულისყური იქით გადამეტანა. ბავშვობაში კარგად ვხატავდი და გადავწყვიტე, პოლიმერული თიხით სხვადასხვა ფიგურა გამომეძერწა. ინტერნეტში მომეწონა ლამაზი ფინჯანი და ლამბაქი და მისი გაკეთება დავისახე მიზნად, თუმცა, როცა მზეზე გამოსაშრობი თიხა ვიშოვე, აზრი შევიცვალე და გოგონა გამოვძერწე. ეს იყო ჩემი პირველი ნამუშევარი. ამის შემდეგ მომივიდა იდეა, ცემენტის ფიგურები გამომეძერწა და ჩემი ნამუშევრებით ეზო მომერთო.

ჩემს ბაღში ასზე მეტი ყვავილი ხარობს. გაზაფხულიდან რომ იწყებენ ყვავილობას, სულ გადაბდღვრიალებულია ნაირფრად. როცა წარმოვიდგინე, როგორ მოუხდებოდა ამ სილამაზეს სხვადასხვა ფიგურა, საქმე მაშინვე დავიწყე.

პირველად ცემენტის ზღარბი დავამზადე – ცემენტი და ლამი ქალის წინდაში გამოვკარი და ხელით მივეცი ფორმა. ოდნავ რომ გაშრა, ეკლები ხელით გამოვუქანდაკე, ცხვირ-პირი გავუკეთე და კარგად გაშრობა ვაცადე. შემდეგ ფასადის საღებავით შევღებე. მეზობელს ისე მოეწონა, მთხოვა, იქნებ კიდევ დაამზადო და მაჩუქოო. ცხადია, არ დავზარდი და ხელიც გავიწაფე. მერე ზღარბების ოჯახიც დავამზადე – დედა-შვილებით და ეზოში დავსვი. გნომი რომ გავაკეთე, მისი ფოტო ჩემს ქალიშვილს გავუგზავნე, შემიქო ნახელავი და იდეებიც მომაწოდა. მუხლუხა ჭიების დამზადებაც არ გამძნელებია – ცემენტი მოვზილე, ისიც ქალის წინდაში ჩავდე და დავაგრძელე. ცოტა რომ შეშრა, მავთულით ორ ადგილას ფორმა მივეცი და რამდენიმე ნაწილად დავყავი. გაშრობის შემდეგ შევღებე და ნამდვილ ჭიებს დავამსგავსე.

 

– წეღან მითხარი, იდეებს სიძეც მაწვდიდაო…

– ერთხელ მითხრა, მოგეხმარები და ჩანჩქერი გააკეთეო. გზად ხშირად მხვდებოდა ლამაზი ქვები, მაგრამ არ ვიცოდი, რისთვის გამომეყენებინა. ჩანჩქერის გაკეთების იდეის გაჩენისთანავე გამახსენდა ეს ამბავი და მათ მოსაგროვებლად გავწიე. ორ კვირას შორიდან ვედროთი ვეზიდებოდი ფერად კენჭებს. ჩანჩქერის ფუნდამენტი დიდი ქვებით დავამზადე და ფერად-ფერადი კენჭებით გავაფორმე. ჩანჩქერი სამი აუზისგან შედგება. ზემოდან წამოსული წყალი ერთიდან მეორე აუზში გადავა, მერე მესამეში და ყვავილნარში ჩაიკარგება. აუზი ლამაზი რომ გამოვიდა, სიძემ მითხრა, მოდი, ერთ აუზში წერო ჩავსვათო. ასეც მოვიქეცით, ძალიან მოუხდა, მაგრამ ასეთ წყლებში ბაყაყები უფრო სხდებიან, ვიდრე წეროები. თაბაშირით დავამზადე პატარა ბაყაყები და ვიფიქრე, აუზებთან დავსხამ-მეთქი, მაგრამ თაბაშირი წყალს ვერ აიტანდა და გაფუჭდებოდა. მეც ცემენტის ბაყაყები დავამზადე. ისეთი ფორმები მივეცი, ერთი თითქოს წყლიდან ახალი ამომხტარია, მზეს ეფიცხება, მეორე კი ენას არ აჩერებს – ყიყინებს და ყიყინებს…

ყველაზე დიდი ფიგურა ვარდისფერი ფლამინგოა. მუშაობა რომ დავიწყე, მოცულობა ვეღარ განვსაზღვრე და ვუმატებდი და ვუმატებდი ცემენტს. ამიტომ გამომივიდა დიდი. ფიგურების დამზადება არავის უსწავლებია, ინტუიცია რასაც მკარნახობდა, ისე ვიქცეოდი. თავდაპირველად ცელოფანის ფორმები დავამზადე, რომლებსაც წებო-ცემენტსა და ცემენტში, ლამსა და წყალში არეული მასა დავასხი. გაშრობამდე რკინებიც ჩავუწყვე და მავთულებით შევკარი. ფლამინგოს რკინის ფეხები გავუკეთე და გასაშრობად გამზადებულ კონსტრუქციაში ჩავამაგრე. შეერთების ადგილები ცემენტით გადავლესე, გავხეხე რკინის ჯაგრისით და შევღებე. ფლამინგოს ბუმბული და კუდი ცემენტზე ხელით გამოვიყვანე. სიმართლე გითხრათ, ამ საქმეში კაცის ხელიცაა საჭირო, რადგან რკინის კონსტრუქციების დამზადება ქალისთვის რთულია.

5ea548de-60f8-4936-a831-52008fb7b27d-1707485161.jpg

– ვინ გეხმარებათ?

– რკინის კონსტრუქციების დამზადებაში მეზობელი მეხმარება. ფლამინგოს დიდი და თეთრი წერო მივაყოლე და წეროების მთელი არმია შევქმენი – ბევრი მათგანი უკვე გავაჩუქე.

ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარდა ვაზი, ყურძენი, სადაც წავიდოდა, ვაზის ახალ-ახალი ჯიშები მოჰქონდა. გარდაცვალებამდე ამბობდა, სამზარეულოსთან შავი ვაზი უნდა ჩავყარო და კედელზე ავიყვანოო. გადავწყვიტე, მის პატივსაცემად სამზარეულოს კედელი ცემენტის ვაზით გამელამაზებინა. კედელი სამადაა გაყოფილი, ფანჯრებითა და კარით. სამივე კედელზე ჯერ ვაზი დავხატე და ყურძნის­ მტევნები დავკიდე, მერე კი ცემენტით შევამკე.­ კედელს ჯერ წებოს ვუსვამდი და მერე ვამაგრებდი ცემენტის ნარევს. ფოთლები და ყურძნის თითოეული მარცვალი ხელით გამოვიყვანე.

ყველაზე მეტად ჩექმების დამზადება გამიჭირდა. ყალიბი არ გამომიყენებია და ძირიც ხელით გამოვუძერწე. ზედა ნაწილისა და ფეხსაცმლის ენისთვის, რომლებიც გადმოგრეხილია, კარკასი შევქმენი და ცემენტში ამოვავლე. ცხადია, ხელით მუშაობა ადვილი არ არის, მაგრამ აზარტულია. ყველაზე დიდი დრო ამ ოქროსფერ ჩექმებზე დავხარჯე, მაგრამ როცა ყველამ მოიწონა, წვალება დამავიწყდა.

e3070156-c49f-48c7-9550-7250c6067741-1707485161.jpg

– ვერ ვიჯერებ, რომ ეს პატარა ჩექმა ირემსა და ვეფხვზე მეტად საწვალებელია…

– ასეა. პატარა ფიგურები მეტ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ჩემი მეუღლის სამშენებლო იარაღებში ვიქექებოდი და შემთხვევით ხელოვნური ქაფი ვიპოვე. ვიფიქრე, ფიგურებისთვის ფორმა ქაფით მიმეცა. ცელოფანზე რომ დავასხი, გაფუვდა და მოცულობაში გაიზარდა. ქაფი საჭირო ფორმებად გამოვჭერი და ირმისა და ვეფხვის კონსტრუქციების შესაქმნელად გამოვიყენე. ცხადია, მავთულებითაც გავამაგრე, რათა ფიგურებს კიდურები არ მოსწყვეტოდა. ქაფით დამზადებული კონსტრუქცია ფიგურას არ ამძიმებს და მისი გადაადგილება იოლია. ირმის რქები მავთულებით დავამზადე და დავაცემენტე. დიდ ფიგურებს უცებ ვქმნი – ვეფხვი ორ დღეში დავამზადე და ეზოში, მაგიდაზე დავდგი. ვეფხვის გაკეთებაც სიძის რჩევით დავიწყე. ფოტო მაჩვენა და მკითხა, აბა, სიდედრო, ასეთს დაამზადებო? სიძესთან ნირს როგორ გავიტეხდი? დავამზადებ-მეთქი, შევპირდი, და სიტყვა შევასრულე.

ურთულესი პროცესია ფერის სწორად შერჩევა. ვეფხვი რომ შემეღება, სამი-ოთხი ფერი გადავურიე ერთმანეთში – წითელი, აგურისფერი და ყავისფერი, ბოლოს კი ყვითელი გადავუსვი და ბრწყინვალება ასე შევძინე.

ჩემი ყვავილნარისთვის დიდი ცემენტის კუც გამოვძერწე. თავდაპირველად მწვანე იყო, მაგრამ გადამწვანებულ ბაღში ჩაიკარგა, ამიტომ ბაკანი აზიური ხალიჩის ორნამენტებით მოვუხატე და ეზოს შემოსასვლელთან, ყველაზე ხილვად ადგილას დავდგი. ცემენტის ჯირკიც გავაკეთე, ზედ ცემენტის დიდი ფოთოლი დავადე და ეზოს მაგიდა გამოვიდა. ახლა ვაპირებ ცემენტით სკამებიც დავამზადო. ვინც იგებს, რა სილამაზეს ვქმნი, სანახავად მსტუმრობს, ფოტოებს იღებენ ჩემს ფიგურებთან, შვილებს სხამენ ვეფხვზე და ვიდეოსიუჟეტებს ქმნიან.

ქიზიყში ვცხოვრობ და ამ კუთხისთვის დამახასიათებელია ბიბლიური ცხოველი – ვირი. ამჯერად ვირის დამზადებას ვაპირებ. ნაცრისფერ ვირს სიმაღლე 120 სმ უნდა ჰქონდეს, ჩემს ეზოში შემოსულმა ყველა ადამიანმა, პირველად ის რომ შეამჩნიოს. ხურჯინსაც გადავკიდებ და შიგ ტვირთსაც ჩავუწყობ. კონსტრუქციას რომ შევკრავ, მერე დავიმშვიდებ გულს და ვიტყვი, გამომივა-მეთქი. ვირს რომ დავასრულებ, ირემს დავამზადებ და ისეთ ადგილას დავდგამ, ალაზნის ველს რომ გადაჰყურებდეს. ჩემი ეზო ნამდვილად ირმების გადასახედია და მოუხდება.

– თქვენი ჯანმრთელობის პრობლემებზე ხელოვნებით გატაცებამ დადებითად იმოქმედა?

– ცხადია, პრობლემებს ხელოვნება ვერ მომიგვარებდა, მაგრამ სხვა სამყაროში გადასვლა დროებით მავიწყებს ყველაფერს. ხუთი თვის წინ დასაძინებლად აუცილებლად ძლიერი ტრანკვილიზატორი უნდა დამელია, ახლა კი არანაირ მედიკამენტს აღარ ვიღებ. ხალისიანად ვიღვიძებ, ვშრომობ და წამლების დახმარების გარეშე მძინავს.

ნელი ვარდიაშვილი- გაზეთი ,,კვირის პალიტრა”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close