სიღნაღის ამბები

სიღნაღელი ,,ჯარისკაცები”- ,,გვინდა,  ბევრი მაყაშვილები, ანდრონიკაშვილები და მაზნიაშვილები იზრდებოდნენ საქართველოში და ჩვენს მშობლიურ ქიზიყში”

რაზმში ამჟამად 13 წევრია და უმეტესობა გოგონები არიან

ზუსტად ერთი წლის წინ, სიღნაღის ისტორიულ გალავანზე, სამხედრო ფორმაში ჩაცმული ბავშვები პირველად გამოჩნდნენ. ამ ფაქტს მაშინ ყურადღება არ მივაქციე და სკოლის მოსწავლეების გასართობ პერფორმანსად ჩავთვალე. შემდეგ, სოციალურ ქსელში  მათ  საველე ვარჯიშების ამსახველ ფოტოებს წავაწყდი. სიღნაღელი ,,ჯარისკაცები“ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის სიღნაღის რაზმის წევრები აღმოჩნდნენ. მეთაური 21 წლის გოგონაა- პროფესიით ბიოლოგი, ნათია გურაშვილი. შეხვედრა სოფელ საქობოს ტყეში, ძველი ციხის ნანგრევებთან დამითქვეს. დამინახეს თუ არა, სამხედროფორმიანი გოგო-ბიჭები ჩემს შესახვედრად მწყობრი ნაბიჯით გამოეშურნენ. სამშობლოს პატარა ჯარისკაცები ჩემს წინ ჩამწკრივდნენ და ერთხმად მომესალმნენ- თავი სიზმარში მეგონა. შემდეგ იქვე ჩამოვჯექით და ერთმანეთი გავიცანით.

გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონმა, მთელი საქართველოს მასშტაბით, 2013 წლიდან  დაიწყო ახალგაზრდების გადამზადება სამხედრო საქმეში. 2022 წლის აგვისტოში კი პირველად კახეთში სიღნაღის რაზმი დაარსდა. როგორც რაზმის მეთაურმა განმიმარტა, მათი მიზანია  სამშობლოს სამსახურში ახალგაზრდების გაერთიანება, მათში პატრიოტული სულის გაღვივება და სამხედრო ძალებში მობილიზება. ,,თითოეული ჩვენგანის მისია, ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე დგომა და დაცვა უნდა გახდეს. იმ ხელოვნური ბარიერების დაძლევა, რომელიც რაზმის წევრებს ვარჯიშის დროს გვხვდება, დაგვეხმარება  გავხდეთ ფიზიკურად და სულიერად ძლიერები, ცხოვრებისეული დაბრკოლებები ადვილად გადავლახოთ და ეპოქის მანკიერ გამოწვევებს წინ აღვუდგეთ. თავისუფლებისკენ რომ ვისწრაფვით ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ თავისუფალი მაშინ ხარ, როცა შენს სურვილებზე ზემოთ ქვეყნის საჭიროებებს აყენებ“ – ამიხსნა ნათიამ.

სიღნაღის რაზმში ამჟამად 13 წევრია. უმეტესობა გოგონები არიან. ყველაზე უფროსი 23 წლისაა, უმცროსი კი 12-ის. კესო გურაშვილი, მარიამ შიხაშვილი, ანანო ჭოტაშვილი, საბა სპანდერაშვილი, მარიამ შიხაშვილი… რაზმის მეთაურმა ყველაზე მეტად 12 წლის ანდრია ქიტუაშვილი აქო- ჩვენთან რომ მოვიდა უკვე ნაწრთობი ჯარისკაცის ჩვევები ჰქონდაო. ანდრია სამხედრო გენერლობაზე  ოცნებობს- უნდა,  სამშობლო მტრისგან დაიცვას. რაზმის წევრების უმეტესობა სამშობლოს ჯარისკაცობას აპირებს – ზოგმა მედდა ვიქნებიო, ზოგმა დრონების ტექნიკას შევისწავლიო…

 ნათია გურაშვილი:

_  ხშირად გვეკითხებიან, კახეთში, პირველად სიღნაღში რატომ ჩამოყალიბდა გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის რაზმიო? ისტორიულად მთელ კახეთში, სწორედ სიღნაღში იყო ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე სადროშო.  გადავწყვიტეთ, ფეხი აგვეწყო ისტორიული წარსულისთვის და მოწინავეობა ამჯერადაც არავისთვის დაგვეთმო. ლეგიონის მეთაურებსა და სიღნაღის მერიას რომ გავუმხილეთ ჩვენი იდეა, ძალიან მოგვიწონეს და დახმარებას შეგვპირდნენ. ჩვენი რაზმი სიღნაღის მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელი ახალგაზრდებისგან არის დაკომპლექტებული. რაზმში გაწევრიანება ყველა ახალგაზრდას შეუძლია- სკოლის მოსწავლეს, სტუდენტს… სანამ სამხედრო სწავლებებზე გადავალთ, ახალწვეულებს ვუხსნით, როგორი უნდა იყოს ლეგიონერი.

  _ როგორი უნდა იყოს, მეც ამიხსენით...

_ ლეგიონერობის სტატუსი ახალგაზრდებს დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ჩვენი რაზმის წევრისთვის საკუთარი ღირსება მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ლეგიონერი უნდა იყოს მაღალი მორალისა და პასუხისმგებლობის, ცოდნის მქონე ახალგაზრდა და სამშობლოსთვის  გულანთებული ჯარისკაცი. სადაც წავა, მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგეს და მისი ქმედებები, ქცევები, ყველასთვის მისაბაძი გახდეს. ზედმიწევვნით უნდა იცნობდეს საკუთარი ქვეყნის წარსულს, ისტორიას და პატივს სცემდეს, აფასებდეს, იხსენებდეს სახელოვან წინაპრებს.  ჩვენს რაზმს მუნიციპალიტეტში აქვს საგანმანათლებლო აქტივობები, რომელშიც სხვა ახალგაზრდებიც იღებენ მონაწილეობას. სწორედ ჩვენი აქტიურობის შედეგია, რომ ე.წ. ლეგიონში წვევამდელების მიღებაზე, ჩვენს რიგებში მოხვედრის სურვილი უკვე 25-მა ახალგაზრდამ გამოთქვა.

გარდა იმისა, რომ ვიკრიბებით და შეძენილ ცოდნას ვიმტკიცებთ, მუნიციპალიტეტში გარკვეულ ღონისძიებებსაც ვატარებთ. ყოველ 9 აპრილს, სიმბოლურად,  ყველა ლეგიონერი ფეხით გავდივართ 9 კილომეტრს და 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა მემორიალთან სანთლებს ვანთებთ.  ყოველ 8 აგვისტოს კი 8 კილომეტრიან მარშს ვატარებთ და  წნორიდან ფეხით ავდივართ სიღნაღში, შემდეგ ვჩერდებით 2008 წლის ომის დროს დაღუპული ექიმის, საქართველოს ერონული გმირის, გიორგი აბრამიშვილის საფლავთან და პატივს მივაგებთ მის ხსოვნას. გიორგი ბარნაბიშვილი მოიერიშე თვითმფრინავებისა და ტყვიების ,,წვიმაში“ ჰოსპიტალში დარჩა და სხვების გადარჩენისთვის თავი გაწირა. ცხადია, თავადაც კარგად აცნობიერებდა, რომ სიკვდილზე მიდიოდა, მაგრამ უკან არ დაუხევია და ექიმის მოვალეობა პირნათლად შეასრულა.

ახალწვეულებს ხშირად ვესაუბრებით გენერალ ალექსანდრე ანდრონიკაშვილის ცხოვრების შესახებ, რომელიც ასევე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანიდან იყო. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გენერალი, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, 1923 წლის 21 მაისს, საბჭოთა რეჟიმმა თბილისში დახვრიტა კოტე აფხაზთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად. ის უკვდავი სიტყვები, რომლითაც მან ახალგაზრდებს მიმართა, ჩვენი რაზმის დევიზია: „ყმაწვილებო! ბედნიერი ვარ მოგილოცოთ, რომ საშუალება გეძლევათ თქვენი მოქმედებით დაადასტუროთ თქვენი სურვილი სამშობლოს სამსახურისა. მე, თქვენ მასწავლებელს და უფროსს ეჭვი არ მეპარება, რომ ზუსტად შეასრულებთ მხედრულ მოვალეობას და პირნათლად წარსდგებით ქართული ისტორიის სამსჯავროს წინაშე. არ დაივიწყოთ ველად ყოფნისას, რომ ყოველ თქვენს ნაბიჯს მოწმედ ეყოლება იგივე ცა, მიწა და ბუნება, რომელიც არაერთხელ გაკვირვებულა ქართველთა გმირობით და უდრეკლობით სიკვდილის წინაშე. გაუმარჯოს ჩვენს საქმეს, გაუმარჯოს საქართველოს და ქართულ ჯარს, ვაშა!“ გვინდა, ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველა ახალგაზრდამ იცოდეს, როგორი თანამემამულე გვყავდა. პერიოდულად სხვადასხვა სოფლებში დავდივართ და ახალგაზრდებს მის ბიოგრაფიას ვაცნობთ.

ლევან სანიკიძის ,,დედა ისტორიაშიც“ წერია, რომ 1735 წელს, როდესაც პატარა კახი 15 წლის იყო, ქიზიყს ლეკები შემოესივნენ. არასრულწლოვანმა უფლისწულმა კი, ახალგაზრდა კახელი მხედრების მცირე რაზმებით სასტიკად დაამარცხა მტერი. ეს იყო ბატონიშვილის პირველი ბრწყინვალე გამარჯვება. ეს ისტორიული ფაქტიც არასდროს უნდა დავივიწყოთ.

გასულ წელს ლეგიონერის სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია სიღნაღის გალავანთან აღვნიშნეთ. ახალგაზრდები ჩირაღდნებით დავდექით გალავნის რკალზე, რაც იმის მიმანიშნებელი იყო, რომ ჩვენი კუთხის ისტორია უკვალოდ არ იკარგება და კარგად ვიცნობთ მას.  წელს გადაწყვეტილი გვაქვს, სწორედ ჭიან ტყეში გადავცეთ ახალწვულებს სერთიფიკატები.

რაზმის ყველა წევრი ჩართული იყო გენერალ ანდრონიკაშვილზე საინტერესო და უცნობი მასალების მოპოვების კამპანიაში, რომელიც მუნიციპალიტეტში დაიწყო. გვინდა, ბევრი ვიცოდეთ ჩვენს გმირ წინაპარზე და ყველას გავაგებინოთ მისი სამშობლოსადმი თავდადების ამბავი. რაზმის  შეძახილადაც ამიტომ ავირჩიეთ 1921 წელს დაარსებული ორგანიზაცია ,,შევარდენის“ შეძახილი: ,,ვგუშაგობ ერს მარად, ვგუშაგობ ერს მარად, ვგუშაგობ ერს მარად, მარად, მარად!“  გვინდა,  ბევრი მაყაშვილები, ანდრონიკაშვილები და მაზნიაშვილები იზრდებოდნენ საქართველოში და ჩვენს მშობლიურ ქიზიყში.

  _ სიღნაღელ ომის ვეტერანებსაც ხვდებით?

_ დიახ, ვხვდებით. ამას წინათ ერთმა ომის ვეტერანმა ასე დაგვარიგა: ყოველთვის იფიქრეთ თქვენს სახელზე და არასდროს შებღალოთ ის. როცა ნამდვილი ჯარის მეთაურები გახდებით და 20-30 ადამიანის სიცოცხლეს ჩაიბარებთ, თქვენს სიტყვას ყოველთვის უნდა ჰქონდეს ფასი და სარწმუნო იყოს. ამას მხოლოდ სამხედრო განათლებით ვერ მიაღწევთ. ამის საწინდარი თქვენი განვლილი ცხოვრების გზა იქნება. საქართველო პატარაა, არასდროს არაფერი იმალება, ამიტომ იცხოვრეთ ისე, რომ თავი არ წაიხდინოთ და საქმეც არ წაგიხდებათო.  ეს დარიგება თითოეულმა ლეგიონერმა ჩვენი ცხოვრების მთავარ პოსტულატად ვაქციეთ.

გვიხარია, რომ საზოგადოებას მოწონს ჩვენი აქტივობა და შემართება. ამას წინათ სამხედრო ფორმა გვეცვა და სიღნაღში ფეხით მივდიოდით. უცებ ვიღაცამ მანქანა შეაჩერა და მხედრულად დაგვიძახა- სიღნაღელო ჯარისკაცებო, დაჯექით მანქანაშიო. მძღოლი ყოფილი მებრძოლი აღმოჩნდა. გზაზე თავისი საბრძოლო ისტორიები მოგვიყვა. ერთხელ აფხაზეთის ომის ქიზიყელ ვეტერანს შევხვდით, რომელმაც თავისი გამოცდილება გაგვიზიარა.

ამას წინათ მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან გვქონდა შეხვედრა, ერთ-ერთ ვეტერანს შემთხვევით გაუგია და ისიც მოვიდა. აღმოჩნდა, რომ აგვისტოს ომი ჰქონდა გამოვლილი და  სამხედრო მისიებში იღებდა მონაწილეობას. მოგვიანებით, ჩვენს  საუბარში ისიც ჩაერთო, ახალგაზრდებს საბრძოლო მოქმედებების დროს სასმელი წყლის გამიყენების შესახებ გვესაუბრა და თავს გადახდენილი საინტერესო ამბავი მოგვიყვა. მისიაში ყოფნის დროს სამი დღე და ღამე ვიყავით ჩასაფრებაში და წამოდგომის საშუალება არ გვქონდა. რამდენიმე ადამიანს მხოლოდ ერთი მათარა წყალი დაგვრჩა. იმ დროს ეს წყალი კი არა, ჩვენი ადამიანობის საზომი იყო. სამი დღის განმავლობაში თითო ყლუპს ვინაწილებდით და ყველანი ასე გადავრჩითო.

ერთხელ სიღნაღში მოვიწვიეთ სამშვიდობო მისიის მონაწილე, რომელმაც ავღანეთის ამბები მოგვითხრო. გვითხრა, რომ ავღანელმა ტერორისტებმა მათი ბაზის შვილობილი, პატარა ბიჭუნა გადაიბირეს და აპირებდნენ, ნაღმით შეეგზავნათ მათთან. ისიც გაწირეს და ჩვენს აფეთქებასაც აპირებდნენ. საბედნიეროდ დაზვერვამ კარგად იმუშავა და ეს ტრაგედია თავიდან აგვაცილაო. იყო შემთხვევა, როცა ქალი ორსული გვეგონა, დავეხმარეთ და სინამდვილეში, კაბის ქვეშ ნაღმს მალავდაო. ეს ფაქტები ახალგაზრდებმა იმიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ კარგად გავაცნობიეროთ, რა გადაიტანა ჩვენი მამების თაობამ, რა რისკები აქვს ომს, როგორ დავიცვათ თავი, ოჯახი და სამშობლო.

   _ რა გზის გავლა დასჭირდება ახალგაზრდას ლეგიონერი რომ გახდეს?

_ რაზმში მოხვედრის მსურველი თავდაპირველად შეგვყავს ახალწვეულების 8 კვირიან კურსებზე, რომელიც მოიცავს თეორიულ და საველე სწავლებებს. ვასწავლით, როგორ უნდა გადაადგილდნენ ბრძოლის ღია ველზე, საომარი მოქმედებების დროს როგორ გაიარონ  შეუმჩნევლად ტყე და ა.შ.  შემდეგ ტარდება გამოცდა. თუ ახალწვეული ცოდნის დაწესებულ ზღვარს გადალახავს, ხდება ლეგიონერი და მას ვაძლევთ სერთიფიკატს. სერთიფიცირებულ ლეგიონერს არ აქვს ვალდებულება დარჩეს ლეგიონში, რადგან ეს დამოკიდებულია მის სურვილზე. ვთვლით, რომ ახალგაზრდას, რომელიც ჩვენს 8 კვირიან მომზადებას გაივლის, შეძენილი ცოდნა და გამოცდილება აუცილებლად გამოადგება ცხოვრებაში. ორგანიზაციაში ვინც რჩება, ირჩევს შემდგომი სწავლებისა და სამეთაურო მიმართულების კურსს- ზოგი სამედიცინო მიმართულებით მიდის, ზოგი დრონების გამოყენების ხაზით, ზოგსაც სამთო საქმე აინტერესებ და ა.შ. ჯამში 8-9 სექციაა და სწავლებებს გამოცდილი სამხედრო მაღალჩინოსნები ატარებენ. ცხადია, ჩვენი წევრებისთვის ყველა კურსი უფასოა. ასე ვაყალიბებთ მოქალაქეს, რომელიც ყოველთვის მზად იქნება, ნებისმიერ დროს კვალიფიციურად დადგეს სამშობლოს სადარაჯოზე. საქართველოს უახლესი ისტორიიდან ვიცით, რომ ომებში წასულ მოხალისეებს არ ჰქონდათ შესაბამისი  ცოდნა და უნარ-ჩვევები, არ იცოდნენ  როგორ უნდა ემოქმედათ ომის დროს, რამაც მსხვერპლის ზრდა გამოიწვია. ომში წასულმა ადამიანმა აუცილებლად უნდა იცოდეს, როგორ დაიდოს ლახტი ძლიერი სისხლდენის დროს.  ღამით თუ გაგზავნეს ჩასაფრებაზე,  არ მოწიოს სიგარეტი, რადგან მტერი სინათლის სხივით მიაგნებს და გაანადგურებს. ომის დროს ისე არ უნდა იაროს, როგორც  მშვიდობის დროს დადის და ა.შ. ვასწავლით როგორ უნდა იხოხონ, რომ არ დაზიანდნენ და მტერმაც მათი სილუეტები ვერ შეამჩნიოს. როგორ უნდა შეინიღბონ ნახევრად ბუჩქნარში ან წიწვოვან ტყეში. იარაღის უსაფრთხო მოხმარების კურსსაც გავდივართ. ეს  ცოდნა არასამხედროებსაც სჭირდებათ, რადგან ბევრი ფაქტი ვიცით, როცა იარაღი უსაფრთხოების არმცოდნე ადამიანს ჩაუვარდა და ფატალურმა შედეგმაც არ დააყოვნა.

წელს პირველად შევედით სკოლებში და პრეზენტაცია ჩავატარეთ. ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსწავლეებს გავაცანით ლეგიონის ისტორია, შინაარსი და სამომავლო გეგმები. ბევრმა გამოხატა ინტერესი და გამოთქვა სურვილი, მომავალი ლეგიონერი გახდეს.

ნელი  ვარდიაშვილი

.

.

 

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close