სიღნაღის ამბები

რა ხდებოდა სიღნაღში პირველი თეატრალური ფესტივალის გახსნის დროს

თეატრალურ ფესტივალს სიღნაღი ყოველ წელს უმასპინძლებს

15-წლიანი პატიმრობის შემდეგ ორი შვილის დედა ოჯახში ბრუნდება. შვილები გაზრდილან, შეცვლილან და უდედობის კვალი აშკარად ეტყობათ. ბიჭი დაოჯახებულია, მაგრამ არ მუშაობს, გოგონა რესტორანში ცეკვავს და ძმის ოჯახს გაჭირვებით არჩენს. საკუთარი შვილის მკვლელის იარლიყიანი დედა მათთვის მიუღებელია და ერთმანეთთან საერთოს ვეღარ პოულობენ. რძალმა არ იცის დედამთილის არსებობა – გარდაცვლილი ჰგონია. ქმარს სიმართლის გამხელის შერცხვა და დაუმალა.

15 წლის შემდეგ ოჯახში დედის გამოჩენა ყველას აღიზიანებს. შვილები ქალს არ პატიობენ დანაშაულს, პატიმრობას, მცირეწლოვანი ბავშვების მარტო დატოვებას… რესტორნის დირექტორი გზააბნეულ, უპატრონო გოგოს აუპატიურებს, ძმა დის შემარცხვენელის მოსაკლავად გარბის და ისედაც ჩამოუყალიბებელ ოჯახში იწყება აურზაური, უთანხმოება, კონფლიქტი. ბოლოს და ბოლოს, დედა გადაწყვეტს, რომ გაეცალოს ოჯახს.

აქ იხსნება კვანძი და ირკვევა სიმართლე – მესამე შვილი ქალს არ მოუკლავს და ის პატარა და-ძმამ თამაშის დროს გაგუდა. დედამ კი შვილების ჩადენილი დანაშაული თავად იტვირთა.

ეს ოჯახური ტრაგედია მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის  მსახიობებმა სიღნაღში, თეატრალური ფესტივალის ღია სცენაზე გააცოცხლეს. მათმა ოსტატობამ და შინაარსობრივ-ემოციურად დატვირთულმა სპექტაკლმა მაყურებელი მოხიბლა. ცხოვრებისეული წარმოდგენა – ,,მარინა რევია“ – სამოყვარულო დასებისა და სახალხო თეატრების პირველი ფესტივალის პირველი სპექტაკლი იყო, რომელიც წარმატებით ჩატარდა.

სიღნაღის თეატრალური ფესტივალი 10 ივნისამდე გაგრძელდება. ის  დაჯილდოებითა და გალა კონცერტით დასრულდება. როგორც ფესტივალის ორგანიზატორებმა გვითხრეს, პირველ თეატრალურ ფესტივალზე დოკუმენტურ ფილმსაც გადაიღებენ.

საინფორმაციო სააგენტო EURONEWS.GE თეატრალური ფესტივალის რამდენიმე ორგანიზატორს ესაუბრა.

    მალხაზ ბეგიაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი:

_ მაქსიმალურად ვცდილობ, ისეთი დაპირება არ გავცე, რომელსაც ვერ შევასრულებ. ხალხს შევპირდი, რომ სიღნაღი ფესტივალების ქალაქი გახდებოდა და ფაქტი სახეზეა. ვამკვიდრებთ ახალ სლოგანს: ,,სიღნაღი – ფესტივალების მწვანე ქალაქი“. ჩვენს ქალაქში ჩატარებულ ყველა ფესტივალს დაამშვენებს ბევრი ყვავილი, მცენარე. ასევე – ყველა ფესტივალის პროგრამაში შევა გარემოს გამწვანებაზე ზრუნვა და ნერგების დარგვა.

სიღნაღის ე.წ. ინგლისურ პარკში, რომელიც უფუნქციოდაა დატოვებული, გვინდა, გავაკეთოთ ღია ამფითეატრი, სადაც ჩატარდება კონცერტები, დაიდგმება სპექტაკლები. ვცდილობთ, შემდგომი ფესტივალებისთვის ინფრასტრუქტურა შესაბამისად მოვამზადოთ და ამ მიმართულებითაც განვავითაროთ ჩვენი მუნიციპალიტეტი.

  _ სამოყვარულო დასებისა და სახალხო თეატრების პირველი ფესტივალისთვის სიღნაღი რა ნიშნით შეარჩიეთ?

_ ჯერ ერთი, თეატრალური ხელოვნების ქართველი გიგანტი, სანდრო ახმეტელი სიღნაღელი იყო და მეორე, სოფელ მაჩხაანში დღემდეა შემორჩენილი თეატრის 130 წლის შენობა. ამ ისტორიულმა მოცემულობამ დაუდო საფუძველი აზრს, რომ თეატრალური ფესტივალი ყოველთვის სიღნაღში ჩატარდეს. ჩვენს საზოგადოებაში არის თეატრალური ნიჭის გენეტიკური კოდი და მისი გაღვივება ამგვარი ღონისძიებებით უნდა ვეცადოთ. ეს გახლავთ ჩვენი ინსპირაცია, სანდრო ახმეტელის მშობლიურ კუთხეში გამოვავლინოთ ნიჭიერი მსახიობები, რეჟისორები, ოპერატორები…

გარდა ამისა, სიღნაღური ფესტივალებით ჩვენი ქალაქი რეგიონში დაიმკვიდრებს კულტურულ-შემოქმედებით ნიშას და მისი სახელი საქართველოსაც გასცდება. კულტურის ენას არ აქვს შეზღუდვა. შეიძლება სპექტაკლი სულ სხვა ენაზე იყოს გახმოვანებული, მაგრამ მის შინაარსს მაინც კარგად ჩაწვდე. გვინდა, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის საზოგადოებაც მოემზადოს, რათა სიღნაღს ფესტივალების ქალაქის სტატუსი მუდმივად შევუნარჩუნოთ. სტუმრებთან კი არა მხოლოდ სასიქადულო წარსულით, არამედ ღირსეული დღევანდელობითაც წარვდგეთ.

საბა ასლამაზიშვილი, სიღნაღის თეატრალური ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი:

_ თეატრალური ფესტივალი დაფუძნდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პარლამენტის დეპუტატ დავით სონღულაშვილის, სიღნაღის მერიის ინიციატივითა და მხარდაჭერით. სახალხო თეატრებისა და სამოყვარულო დასების ფესტივალი საქართველოში პირველად ტარდება. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნებიან ყველა რეგიონის წარმომადგენლები, რომლებმაც ჟიურის გამოუგზავნეს თავისი სპექტაკლები და მოხვდნენ საკონკურსო პროგრამაში.

ფესტივალის ლოგო შედგება უწინდელი ბერიკაობა-ყეენობის პერსონაჟების სახეებისგან. მიზანი გვქონდა, რომ  ქართულ თეატრალურ საწყისებთან  დავბრუნებულიყავით და იქ მოგვეძებნა ისეთი რამ, რომელსაც ახლებურად გავაჟღერებდით. სწორედ სიღნაღიდან იწყება ამ თეატრალური ფორმების საწყისები და ამიტომაც გადავწყვიტეთ, თეატრალური ფესტივალი ამ პატარა ქალაქში ჩაგვეტარებინა.

ჩვენი კონცეფციაა: საწყისში ვეძებთ დღევანდელს. ფესტივალი საგანმანათლებლო სახესაც ატარებს – ჩატარდება მასტერკლასები, ლექციები… ვეცდებით, მაქსიმალური ცოდნა გავუზიაროთ მოყვარულ თეატრალებს – სახალხო თეატრებსა და იმ დასებს, მომავალში ვის მხრებზეც უნდა დადგეს ქართული თეატრი.

   _ ფესტივალი მხოლოდ ქართულ თეატრებს შემოქმედებას მოიცავს?

_ გეგმის მიხედვით, სიღნაღი ყოველ წელს უმასპინძლებს თეატრალურ ფესტივალს. ამის პოტენციალი მუნიციპალიტეტში არსებობს და მერიისგანაც მხარდაჭერა გვაქვს. მაქსიმალურად ვცდილობთ, ფესტივალი პირველივე წელს ხარისხიანად ჩავატაროთ. მასტერკლასებითა და ვორდშოპებით კი უზრუნველვყოთ, მომავალ წელს უფრო მასშტაბური გახდეს. დიდი სურვილი გვაქვს, მომავალი წლიდან ფესტივალი საერთაშორისო დონის იყოს და ჩვენს თეატრალურ საწყისებზე წარმოდგენა მთელ მსოფლიოს შეექმნას. ამის რესურსი და პოტენციალი სიღნაღში არსებობს.

ფესტივალის ფორმატში ჩატარებული სპექტაკლები ყველა მსურველისთვის იქნება უფასო. წარმოდგენები გაიმართება ღია სივრცეში და სიღნაღის თეატრის შენობაში. მაქსიმალურად ვცდილობთ, ქალაქის ყველა ლოკაცია მოვიცვათ, რათა ამ ღონისძიებით  სიღნაღმა ხელოვანების მუშაკებისა და კულტურის წარმომადგენლების კიდევ უფრო მეტი დაინტერესება გამოიწვიოს.

თეატრალურ ფესტივალის გახსნას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი, კახეთის გუბერნატორი – გიორგი ალადაშვილი და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი -დავით სონღულაშვილი. სპექტაკლის შემდეგ მაყურებელი სიღნაღის თეატრის წინ ბერიკების ფერხულისა და ცეცხლოვანი ცეკვის შემსწრე გახდა. დასასრულს  სტუმრებისთვის მოეწყო ა ლა ფურშეტი.

  ნელი ვარდიაშვილი

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close