სიღნაღის ამბები

ვარდების დედოფალი ბოდბისხევიდან

,,ემიგრაციაში გატარებულმა წლებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ შენი ენერგია საკუთარ სამშობლოში უნდა დახარჯო და სხვა ქვეყანაში არ გაიქცე. ჩვენი ემიგრანტები უცხო მიწაზე სხვა ადამიანებისთვის არსებობენ და საკუთარი ცხოვრება არ გააჩნიათ"

,,ემიგრაციაში ვერ გავძელი და 10 წლის წინ დაწყებული საქმის გასაგრძელებლად საქართველოში დავბრუნდი“_ გვითხრა ლედი ხარაიშვილმა, რომელმაც სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში, ვარდების ბაღის გაშენება დაიწყო. სექტემბრის ბოლოს იტალიიდან დაბრუნებულმა ქალმა მიწაც დაამუშავა, კიდევაც გაანოყიერა და ვარდის ნერგებიც გადარგო. ამჟამად, ლედის ბაღში რამდენიმე ჯიშის ჰოლანდიური ვარდის 1 800 ნერგი ბიბინებს და გაზაფხულს მოუთმენლად ელოდება.

 ლედი ხარაიშვილი:

_ ოთხი ფერისა და რამდენიმე ჯიშის ჰოლანდიური ვარდის ორწლიანი ნერგები დავრგე. ჰოლანდიური ვარდის სანერგე მეურნეობა საქართველოში არ არსებობს, ამიტომ ნერგები ერევნიდან და ჰოლანდიიდან  ჩამოგვაქვს.  სოფელ ბოდბისხევში, ჩემი ეზოს ნაკვეთი დავამუშავე, გავანოყიერე და ერთი კვირის წინ ჩავრგე ნერგები. გაზაფხულზე უკვე ველოდები მოსავალს- მოსაჭრელ ყვავილს. მსგავსი ნერგები 10-15 წელი ინარჩუნებს უხვმოსავლიანობას, თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მცენარის სწორ მოვლა-პატრონობას. საუკეთესო პირობების შემთხვევაში, თითოეული ძირიდან, ერთბაშად, 20-30 ტოტის მოჭრას შევძლებ.

     _ კახეთის ჰავა და ნიადაგი ჰოლანდიური ვარდისთვის მისაღებია?

_ საქართველოში ჰოლანდიური ვარდისთვის საჭირო ნიადაგის პოვნა რთულია. მას სჭირდება ქვიშიანი მიწა, ნიადაგში წყალი არ უნდა დგებოდეს, თიხნარში ვერ ხარობს, რადგან ფესვს ჰაერიზაცია სჭირდება და ა.შ. ჰოლანდიური ვარდებისთვის სასურველი ნიადაგი თავად მოვამზადე. გავაკეთე ტრანშეები, შევიტანე დიდი რაოდენობით ლამი, ბუნებრივი ნაკელი და ასე მივიღე მცენარისთვის სასურველი მიწა.  ამის გარდა, ჰოლანდიურ ვარდს 5 დღეში ერთხელ სჭირდება შხამქიმიკატებით შეწამვლა მავნებლებზე, ჭრაქზე… ხშირად უჩნდება სოკოვანი დაავადებები. მისი ერთ-ერთი მტერი გახლავთ პირდაპირი მზის სხივებიც, ამიტომ ვაპირებ, გაზაფხულამდე ბაღს საჩრდილობელი ბადეები გავუკეთო. პირდაპირი მზის ქვეშ მოხვედრილი ვარდის ყვავილი ხავერდოვნებას, ხარისხს კარგავს და სწრაფადაც იშლება.

  _ რომელი ჯიშის ჰოლანდიური ვარდებია ქართულ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი?

_ ჯუმელი, ვერსილია, ექსპოილერი… ამ ჯიშის ჰოლანდიური ვარდები უეკლო, მდგრადი და უხვადმსხმოიარეა. მათი ტრანსპორტირება არ არის რთული, რადგან ყვავილის ფურცლები  მკვრივია და სწრაფად  არ იშლება.  ქართული ვარდების მიმართ მოთხოვნა ბაზარზე ნაკლებია. ჩვენი ვარდების ყვავილს ძალიან თხელი ფურცლები აქვს და მისი ტრანსპორტირებაც რთულია. სწრაფად ეფურჩქნება ყვავილი და ჭკნობას დროის მოკლე მონაკვეთში იწყებს.

     _ სამაგიეროდ არაჩვეულებრივი სურნელი აქვს…

_ გეთანხმებით, ქართული ვარდები საოცარი სურნელით გამოირჩევა, რასაც ვერ ვიტყვი ჰოლანდიურ ვარდზე. მას სუნი საერთოდ არ აქვს და უსუნო ვარდების კატეგორიას მიეკუთვნება. ქართულ ვარდებს სისტემატურად არ ვჭრით, აყვავებული ტოტი ხშირად ბუჩქზე დიდხანს რჩება, მაგრამ ჰოლანდიური ვარდი გაზაფხულიდან იწყებს ყვავილობას და მისი მოკრეფვის სეზონი ნოემბრის ბოლომდე  გრძელდება. ამ პერიოდში მუდმივად იძლევა მოსავალს. აქედან გამომდინარე, მცენარე დიდ ენერგიას მოიხმარს და  ჩვენც ეს ,,ენერგია“ სხვადასხვა გზით, სისტემატურად უნდა მივაწოდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასურველ ნაყოფს – ყვავილს, ვერ მოგვცემს და დიდხანსაც ვერ იცოცხლებს.

    _ ვარდების მეურნეობის შექმნა როდის გადაწყვიტეთ?

_ ეს საქმე თავდაპირველად დეიდაჩემის ოჯახმა წამოიწყო. მათ ახლაც აქვთ ლაგოდეხში ვარდების ბაღები და თითქმის 20 წელია ამით არიან დაკავებულნი. ხშირად ვსტუმრობდი დეიდის ოჯახს. აყვავებული ვარდების უზარმაზარი ბაღები ისეთი ლამაზი იყო და ისე მომწონდა, ჯერ კიდევ წლების წინ გადავწყვიტე, იგივე საქმიანობა მეც დამეწყო. განსაკუთრებით ლამაზი სანახავია ვარდის მოკრეფვის  პროცესი. დეიდას ჰქონდა პატარა ურემი და სხვადასხვა ფერის ვარდის დიდი თაიგულები ბაღიდან ამ ურმით გამოჰქონდა. ხშირად ვესწრებოდი ამ საოცარ რიტუალს. მოგვიანებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში შევიძინე ჰექტარნახევარი მიწის ნაკვეთი და ვარდების გაშენება დამოუკიდებლად დავიწყე.  დავრგე 20 ათასი ძირი ბლეკმეჯიკისა და ჰოლანდიური თეთრის ჯიშის ვარდის ნერგები. მცენარეებთან და მიწასთან ურთიერთობა ყოველთვის მომწონდა, ამიტომ შრომატევადი საქმის გაძღოლა არ გამჭირვებია. ვარდის მეურნეობასთან ერთად გავაკეთე წყლის ბურღი და ხელოვნური ტბა, სადაც თევზები-გოჭა და სარკისებრი კარპი მოვაშენე. უკვე მეგონა, ყველა ძირითადი პრობლემა დაძლეული მქონდა, მაგრამ მოკლე ხანში, ყვავილების ბაზარზე უკეთესი ვარდის ჯიშები გამოჩნდა და ჩემი ვარდების ფასი დაეცა. გადავწყვიტე,  ძველი ვარდის ძირები გამეყიდა და მის ნაცვლად, ახალი ჯიშის ვარდები დამერგო. ასეც მოვიქეცი.  გაზაფხულზე ჰოლანდიიდან უკვე ველოდებოდი მოთხოვნადი ვარდის ნერგებს- ჯუმელიას, ექსპოილერსა და ვერსილიას, მაგრამ მსოფლიოში პანდემია- კორონა ვირუსი  დაიწყო და ჩემი ვარდის  ბიზნესიც ჩავარდა.

      _ ჰოლანდიიდან ნერგები აღარ გამოგიგზავნეს?

_ მიმოსვლა ჩაიკეტა და ვარდის ნერგები ვეღარ შემოვიტანე. აქედან გამომდინარე, შემოსავალიც შემიწყდა. დიდი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდი. ბანკიდან კრედიტი მქონდა გამოტანილი და ვეღარ ვფარავდი. სხვა გზა არ მქონდა, ემიგრანტი უნდა გავმხდარიყავი და იტალიაში, სამუშაოდ წავედი.

ყოველთვის მიმაჩნდა, რომ თუ შრომა არ გეზარება და ხელს გაანძრევ, საქართველოშიც შეგიძლია ნორმალურად იცხოვრო, გქონდეს სათანადო შემოსავალი. ემიგრაციაში გატარებულმა წლებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ შენი ენერგია საკუთარ სამშობლოში უნდა დახარჯო და სხვა ქვეყანაში არ გაიქცე. ჩვენი ემიგრანტები უცხო მიწაზე სხვა ადამიანებისთვის არსებობენ და საკუთარი ცხოვრება არ გააჩნიათ.  იცით რა საშინელი განცდაა, როცა შენი ქვეყნიდან, ახლობლებისგან შორს  ხარ? თითქმის ყოველდღე საკუთარ თავს დასტირი და გლოვობ. ურთულესი წლები გავატარე ნეაპოლში, უდიდესი ფსიქოლოგიური სტრესი გადავიტანე, თუმცა ზუსტად ვიცოდი, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა, რადგან იქ მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მიზნის ბოლომდე განხორციელებისთვის ვიყავი ჩასული.

ემიგრაციაში უამრავი ქართველი გავიცანი, უმეტეს მათგანს საშინელ პირობებში უწევს შრომა. მიყვებოდნენ, რომ მხოლოდ ორი საათი აქვთ დასვენება და ამ დროსაც, საკუთარი თავების გამოსატირებლად იყენებენ. ვნახე ქალები, რომლებიც უცხო ქვეყანაში რამდენიმე ათეული წლის წინ წავიდნენ. მართალია ძალიან ენატრებათ საქართველო, მაგრამ აქ ჩამოსვლას მაინც აღარ აპირებენ. ყველა მათგანი ცხოვრებამ გახადა იძულებული, ემიგრანტის ტკივილიან გზას დასდგომოდა. ახლა კი, როცა ცხოვრება გაიუმჯობესეს, ბევრმა მათგანმა აღარ იცის, საქართველოში დაბრუნების შემდეგ  რა გააკეთოს- აღარ აქვს არანაირი მიზანი, გეგმა და ურჩევნია, ერთადერთი შემოსავლის წყაროს ჩაებღაუჭოს და არ  დაკარგოს. მხოლოდ რამდენიმე ემიგრანტი ვნახე, რომლებიც გეგმავდნენ საქართველოში დაბრუნებას და საკუთარი ბიზნესის წამოწყებას. 24 წლის ქართველ გოგონას, თამუნას, რომელსაც იტალიაში დავუმეგობრდი,  საქართველოში სილამაზის სალონის გაკეთება სურდა. მის ოჯახს სათანადო ფინანსები არ გააჩნდა, ამიტომ გოგონა დროებით წავიდა ემიგრაციაში – ფულს აგროვებს, რომ დაბრუნდეს და ჩანაფიქრი განახორციელოს.

       _ ლედი, საქართველოში უამრავი ყვავილი ხარობს, შესაბამისად, ბაზარიც ნაირნაირი სილამაზეებით არის სავსე. ვფიქრობ, ემიგრაციაში საქმეაწყობილი ქალისთვის, საქართველოში დაბრუნება და ყვავილების ბიზნესს ხელმეორედ შეჭიდება, საკმაოდ რისკიანი ნაბიჯია. შენ ასე არ მიგაჩნია?

_ ყველა საქმიანობაშია საჭირო გარვეული რისკი. თუ არ გარისკავ, წარმატებასაც ვერასდროს მიაღწევ. ყვავილების ბიზნესი ბევრმა წამოიწყო, მაგრამ უმეტესობამ არ იცის, როგორ უნდა მოუაროს მცენარეს. წინათაც ვარდებით სავსე იყო ყვავილების ბაზარი, მაგრამ ჩემს ყვავილზე მოთხოვნა მაინც არსებობდა. საქმის ხარისხიანი კეთება მიყვარს, ამიტომ ბაღში დარგული ყველა მცენარის მოვლა-პატრონობისთვის საჭირო დეტალებს ზედმიწევნით ვსწავლობ.

საქმეს უთენია ვიწყებ და გვიან საღამოს ვასრულებ. წინათ, ჩემს ბაღში 10-12 ადამიანი მყავდა ყოველდღიურად დასაქმებული. დილის 6 საათიდან ვიწყებდით ვარდების ჭრას და შებინდებისას ვასრულებდით. შემდეგ ვაფასოვებდით, ვფუთავდით და ვგზავნიდით სარეალიზაციოდ. ამჟამად 2 დამხმარეც მყოფნის, თუმცა როცა გავაფართოვებ საქმიანობას, მეტ ადამიანს დავასაქმებ. საქმის დაწყებამდე კი ყველას პირადად ვასწავლი იმას, რაც უნდა აკეთონ.

   _ იქნებ გაიხსენოთ ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ვარდების ბაღის მოვლის დროს შეგხვდათ?

_ ვარდების განკურნება ტკიპასგან დიდ პრობლემას წარმოადგენს.  ეს მავნებელი გაზაფხულზე, მიწაში თავისით ჩნდება. მის წინააღმდეგ სისტემატური ბრძოლა ეფექტური პრეპარატებით თუ არ დაიწყე, შეიძლება, მცენარემ სათანადო მოსავალი ვერ მოგცეს. შხამქიმიკატები მხოლოდ გამოჩეკილ მავნებელზე მოქმედებს და კვერცხის მიმართ, რომელიც მიწაში მილიარდობითაა, ეფექტური არ არის. ყოველდღიურად იჩეკება ახალი ტკიპა, ამიტომ მუდმივად უნდა წამლო, რაც სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული. პრობლემას წარმოადგენს ე.წ. ნაცრის დაავადებაც, რადგან მის წინააღმდეგ ბრძოლაც არ არის იოლი. ვარდს ნაცარი ჰაერის მაღალი ტემპერატურის დროს უჩნდება და  ქიმიკატებით შეწამვლას ამ პერიოდშიც საჭიროებს. მავნებლები ბუდობენ ნაკელშიც, ისინი ღერომდე აღწევენ და აზიანებენ.

   _ პარაზიტების საწინააღმდეგო ბუნებრივი საშუალებებიც ხომ არსებობს და  რატომ არ ცდილობთ, ამ ფორმით ებრძოლოთ მათ? თანაც, როგორც ვიცი, სოფელ ბოდბისხევში 24 საათიანი წყალმომარაგება ჯერ არ არის. თქვენს ვარდებს წყლით როგორ ამარაგებთ?

_ მავნებლების საწინააღმდეგო ბუნებრივ საშუალებებს ძირითადად სახლის ყვავილების მოსავლელად იყენებენ. ჰექტარნახევარ ტერიტორიაზე გაშენებულ ბაღში ბუნებრივი საშუალებებით მცენარეების მოვლა რთული და არაეფექტურია. რაც შეეხება წყლით კვებას, ნერგების ძირებში უკვე ვამონტაჟებ წვეთოვანი წყალმომარაგების სისტემას, რომელსაც დიდი ავზთან შევაერთებ. წვეთოვანი სისტემა ეკონომიურია. როგორც გითხარით, ვარდების ნიადაგი ქვიშით გავამდიდრე, რომელიც სინოტივეს დიდხანს უნარჩუნებს მცენარეს და ხშირ მორწყვას აღარ საჭიროებს.

  _ იქნებ ვარდების მოყვარულებს ურჩიოთ, ვაზაში დიდხანს რომ გაძლოს ჰოლანდიური ვარდის ყვავილმა, როგორ უნდა მოიქცნენ?

_ ჰოლანდიური ვარდის ყვავილი, მოჭრიდან ორი კვირა ძლებს და არ ჭკნება. თუმცა გარკვეული მეთოდების გამოყენებით, შეგიძლიათ, კიდევ უფრო დიდხანს შეუნარჩუნოთ სიცოცხლე და სილამაზე. ვაზაში, წყალთან ერთად მცირე რაოდენობის ქლორი ჩაასხით და ვარდის ტოტები ისე ჩააწყეთ. ხშირად, მოჭრილი ვარდის გაფუჭების მიზეზი გახლავთ წყალში გაჩენილი ბაქტერია- ღერო ლპობას იწყებს და ყვავილიც ამის გამო მალე ჭკნება. წყალში ქლორის დამატების დროს, მცენარის ტოტი ბაქტერიისგან დაცულია.

ვარდის ყვავილის სიცოცხლის გახანგრძლივება ასევე შესაძლებელია ვაზაში, წყალთან ერთად შაქრის გამოყენებითაც- ის ახალი ენერგიას მიაწვდის ვარდის ტოტს.

ვაზაში ჩაწყობილ ვარდის ტოტებს წყალი ხშირ-ხშირად უნდა უცვალოთ და ღეროს ქვედა ნაწილი ყოველდღიურად მოაჭრათ.

ნელი ვარდიაშვილი

წყარო: გაზეთი ,,კვირის პალიტრა”

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close