სიღნაღის ამბები

,,მძივების დედოფალი” ნუკრიანიდან

,,ვცდილობ, მძივებით გავაცოცხლო ისეთი მცენარეები, რომლებიც საქართველოში ხარობს"

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში ცხოვრობს ქალი, რომელიც მძივებით და ნატურალური ქვებით ულამაზეს ნაკეთობებს ამზადებს. მარინა ხუციშვილს სახლში ვესტუმრეთ და მის მიერ დამზადებული საოცარი ნივთები დავათვალიერეთ. მძივებით შექმნილი ტირიფის ძირში ბრჭყვიალა ლოკოკინას აქვს ბინა დადებული, ,,ზღვის სანაპიროს“ სხვადასხვა ფორმის  პალმები ამშვენებს, პაპას ქოხთან, ასწლოვან ხეებზე, ვიღაცას ჰამაკი გაუბამს, იქვე მდგარი გრძელი სკამი კი დამსვენებელს ელის…  ოჯახის წევრებმა ,,მძივების დედოფალი“ შეარქვეს. ქალბატონი მარინაც საკუთარი ნახელავით ამაყობს და საკუთარი ქმნილებების გამოფენის მოწყობაზე ოცნებობს.

    მარინა ხუციშვილი:

_ წარმოშობით დედოფლისწყაროს სოფელ არბოშიკიდან ვარ. როგორც ჩანს, ხელოვნების ნიჭი გენეტიკურად გვაქვს, რადგან ჩემი ძმა რკინის არაჩვეულებრივ ნაკეთობებს ამზადებს, ძმიშვილი კი სამხატვროზე  სწავლობს. მეც ბავშვობაში კარგად ვხატავდი. შეიძლება ერთ დღეს 5-6 ცნობილი ადამიანის პორტრეტი დამეხატა. დახატული მყავს დავით აღმაშენებელი, შოთა რუსთაველი, ერეკლე მეფე… კარგად მახსოვს, როგორ დავხატე პუშკინი. სკოლა რომ დავამთავრე, თანაკლასელების პერანგები და წინსაფრები მე მომახატინეს. ჩემს თეთრ წინსაფარზე წყლის საღებავებით იმ დროს პოპულარული მომღერალი საბრინა და იხვი დონალდი დავახატე. ვინც ნახა ჩემი წინსაფარი ყველამ შემაქო, რა მაგარიაო. იმ წინსაფარს ახლაც ვინახავ. მინდოდა ხატვას გავყოლოდი და უმაღლეს სასწავლებელში ჩამებარებინა, მაგრამ  ჩემს მშობლებს არ ჰქონდათ საშუალება თბილისში მეცხოვრა, ამიტომ კახეთის ერთ-ერთ ტექნიკუმში გავაგრძელე სწავლა, მალევე გავთხოვდი და ხელოვნებას ჩამოვშორდი.  წლების განმავლობაში შვილებს ვზრდიდი და ჩემი საყვარელი ხატვისთვის დრო არ მრჩებოდა. ხელოვნებაში ,,მეორე სუნთქვა“ რამდენიმე წლის წინ გამეხსნა. თავისუფალი დრო  როგორც გამომიჩნდა, გადავწყვიტე, რაიმე განსაკუთრებული გამეკეთებინა. ერთ დღეს ინტერნეტში ვნახე მძივებით დამზადებული ულამაზესი ხე. ვერ წარმოვიდგინე, მძივებისგან ასეთი სილამაზის შექმნა თუ შეიძლებოდა და გადავწყვიტე, მეც მეცადა. სახლში რაც კი მძივი მქონდა, ყველა დავშალე და თავდაპირველად 15-20 სანტიმეტრიანი შემოდგომის ხე ავაწყე.  როდესაც იდეა მიჩნდება და მის განხორციელებას ვიწყებ, ვცდილობ, სწრაფად შევასხა ხორცი. სანამ შედეგს დავინახავ, ვღელავ. ახლა რომ ვუყურებ ჩემს პირველ ნამუშევრებს, ბევრ ნაკლს ვხედავ, მაგრამ მაინც განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს მათ მიმართ- მახსენდება, როგორი რუდუნებით ვქმნიდი. საბოლოოდ იმდენი ლამაზი ნივთი დამიგროვდა, გაჩუქება დავიწყე. დაბადების დღეებზე რომ მეპატიჟებოდნენ, ლამაზ ყვავილს ან ხეს დავამზადებდი, შევფუთავდი და საჩუქრად მიმქონდა. მეც ძალიან მიხაროდა, როცა ჩემი საჩუქრის დანახვაზე ემოციას ვერ მალავდნენ.

მუშაობის დროს არ ვიღლები, რადგან ერთი მიზანი მამოძრავებს- სწრაფად დავასრულო და ვნახო, როგორი გამოვიდა. უკვე გამზადებულ ნაკეთობას ვიდეოს ვუღებ და როცა დასაძინებლად ვწვები,  ვაკვირდები ხარვეზები აღმოსაჩენად, რომ მერე გამოვასწორო. თუ ნაკლი დავინახე, ნივთს ვშლი და ახლიდან ვაწყობ. გაჩუქებული ნივთი თუ დაზიანდა, სახლში მომაქვს, რესტავრაციას ვუტარებ და პატრონს ვუბრუნებ. ერთ დღესაც მძივები გამითავდა, ძალიან გაძვირდა,ამიტომ  სუვენირების კეთება შევაჩერე და ბეტონის ნაკეთობების შექმნა დავიწყე.

_ არ ვიცოდი თუ თქვენი ეზოს ბინადარნი- პანდა, სპილო, ჟირაფი, ვირი… თქვენი ნახელავი იყო.

_ ცემენტით ფიგურების გამოძერწვაც ინტერნეტით ვისწავლე. პირველად ქოთანი დავამზადე- ცემენტის თხელი მასა მოვზილე, შიგ ტილო ამოვავლე, მზეზე გავაშრე, ფორმა მივეცი, გავამაგრე, შევღებე და ისეთი ლამაზი გამოვიდა, გადავწყვიტე, ამ საქმიანობაშიც მეცადა ბედი. შემდეგ, ცემენტით ფრინველებისა და ცხოველების ძერწვაზე გადავედი. პირველი გედი რომ გავაკეთე და ეზოში დავდგი, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ამის შემდეგ ჩიტები დავამზადე და ყვავილებთან ჩავამწკვივე. მალე პანდამაც დაამშვენა ჩემი ეზო.  ყველა ფიგურას ხელით ვძერწავ და ყალიბი არასდროს გამომიყენებია. ჟირაფი ჟოზეს შექმნის ისტორია ძალიან სასაცილოა. ვერც წარმოიდგენთ, რა მასალები მაქვს მისი დამზადების დროს გამოყენებული.

   _  რა გამოიყენეთ?

_ ჟირაფის შუა ნაწილად პლასტმასის 20 ლიტრიანი წყლის ჭურჭელი გამოვიყენე.  თავი მოვაჭერი, ზედ რკინის ცხაური შემოვაკარი და მუცელი გამოვუყვანე. ძველი მტვერსასრუტის ჯოხი ვიპოვე და ჟირაფის ყელი დავამზადე, შემდეგ კი მავთულით მივაბი ტანს. სახის გამოსაკვეთადაც მავთულები გამოვიყენე. ღრმულები ე.წ. ზღვის ქაფით ამოვავსე. ყელზე ცემენტში ამოვლებული ტილო დავახვიე და ეს ყველაფერი დავფარე. სანამ ცემენტი გამაგრდებოდა, რომ არ დამსხვრეულიყო, ჟირაფი ხეზე ჩამოვკიდე. ერთ კვირაზე მეტხანს ვაკეთებდი ჟირაფს და მაინც გამოვიყვანე. ბოლოს შევღებე და უკვე რამდენიმე წელია ჩემს ეზოს ამშვენებს. 4 წლის განმავლობაში ვაკეთებდი ცემენტის ნაკეთობებს და ეზოში ვანაწილებდი. ჩხიკვები, სამოთხის ჩიტი, პანდა, ჟირაფი, სპილო, ფარშევანგი, გედები, წერო, ვირი … ჩემს ყვავილების ბაღში ცემენტის თითქმის ყველა ცხოველსა  და ფრინველს ნახავთ. ძალიან მინდოდა შველი გამეკეთებინა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობა აღარ მიწყობდა ხელს და ცემენტით მუშაობასაც დავანებე თავი. მოგვიანებით ისევ მძივებით სუვენირების დამზადება დავიწყე და ახლაც დიდი ენთუზიამით ვამზადებ სხვადასხვა ყვავილებს, ხეებს, მძივებითა და თაბაშირით ახალ-ახალ კომპოზიციებს ვქმნი. ჩემი სახლი სავსეა ჩემი ნახლავით.

    _ ქალბატონო მარინა, მძივებით ლამაზი სუვენირების დამზადების თქვენეულ ხერხებს ხომ არ გაუზიარებთ  მკითხველს…

_ როცა გადავწყვეტ რა უნდა დავამზადო, გონებაში მის ფორმებს წარმოვიდგენ.  თავდაპირველად ვაგროვებ საჭირო მასალებს- სხვადასხვა დიამეტრის სირმა მავთულს,  სხვადასხვა ფერის მძივებსა და ბუნებრივ ქვებს.

მაგალითად მინდა ყვავილის გაკეთება, სირმაზე გრძლად ვასხამ თვლებს და როცა მოვრჩები, ასხმულით ვიწყებ გვირგვინის ფურცლების დაგრეხვას. ჯერ ერთ ფურცელს მოვგრეხავ ხელით და მერე მეორეს ვამაგრებ ისე, რომ მავთულს არ ვწყვეტ. ასე გამომყავს ყვავილი. ცალკე ვამზადებ ბუტკოებს და ვამაგრებ გვირგვინის ფურცლების სირმაზე. დაგრეხილი სირმები რომ არ გამოჩნდეს, ზემოდან ლეიკოთი ვკრავ და ვღებავ. ამის შემდეგ ვიღებ სქელ მავთულს და ყვავილის ღეროებს, ფოთლებს, მასზე ვამაგრებ და კვლავ ლეიკოს ვახვევ. დასადგამის ყალიბად შეიძლება პატარა ჯამის გამოყენებაც. მასში ვაფენ პოლიეთილენის პარკს, სწრაფად ვზელ თაბაშირს, ვასხამ ყალიბში და სასწრაფოდ ვამაგრებ შიგ ყვავილის მთავარ ღეროს. 5 წუთში თაბაშირი შრება. გადმომაქვს ყალიბიდან და დასადგამს და ღეროებს სხვადასხვა ფერებში ვღებავ. ბოლოს ვამუშავებ ლაქით.

ჩემი ყველაზე მასშტაბური ნამუშევარი 50-60 სანტიმეტრია და ,,შემოდგომის ხე“ შევარქვი, უფრო დიდი იყო, მაგრამ შემთხვევით სტუმარი წამოედო და ტოტი მომიტეხა, ამიტომ დავშალე და დავაპატარავე. ყვავილი მყარად რომ იდგეს, ფოთლები არ დაუხაროს მძივების სიმძიმემ, კარგად უნდა გათვალო, რა ზომის მავთულებზე აასხათ. ყველაფერს კარგი დაკვირვება უნდა. მოკლედ, იუველირული სამუშაოა, მაგრამ სახალისო. მუშაობის დროს ხშირად სათვალეს ვიყენებ, რომ არაფერი შემეშალოს და დასაშლელი არ გამიხდეს. ჩემი ნაკეთობებიდან ყველაზე მეტად ტირიფის ხე მომწონს და მიყვარს.

    _ როგორც ვხედავ, კომპოზიციებსაც ქმნით…

_ მუხის ძლიერ ხეში, რატომღაც ჩემი ქვეყანა გავაიგივე- მუდმივად რომ ესევა ,,მუმლი“, მაგრამ ვერაფერს აკლებს. ვცდილობ, მძივებით გავაცოცხლო ისეთი მცენარეები, რომლებიც საქართველოში ხარობს. სხვადასხვა ფორმის პალმები მაქვს გაკეთებული, იებითა და ენძელებით  მაქვს დეკორაციები შექმნილი. ნაძვი, ფიჭვი, ფართოფოთლოვანი ხეები, იასამანი, ვაშლისა და ატმის ხეები, ბროწეული… რას არ ნახავთ ჩემს კოლექციაში. ახლა ვაზსა და ყურძენს ვაკეთებ.

ჩემი ოცნებაა, ამ ნამუშევრებით გამოფენა მოვაწყო. ვფიქრობ, მერე სხვებსაც გაუჩნდებათ სურვილი მომბაძონ და მძივებითა და ქვებით ლამაზი სუვენირების დამზადება შეისწავლონ. მონდომებულ ადამიანებს კი სიამოვნებითა და უანგაროდ გადავცემ იმ ცოდნას, რომელიც წლების განმავლობაში შევიძინე.

ნელი ვარდიაშვილი

.

.

.

.

.

 

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close