ნელი ვარდიაშვილის სტატიები

რატომ სცემა ასაკოვანმა ქალმა მედუდუკეთა ანსამბლ ,,ქსოვრელების” ხელმძღვანელი

ანსამბლის წევრებს ავტოინსპექტორები სიმთვრალეს ვერ უდგენდნენ

   პირველი ნაწილის ლინკი

     გაგრძელება

კომპარტიის ცეკას მდივნებიდან ჩვენი დაკრული დუდუკის მოსმენა ყველაზე მეტად ვასილ მჟავანაძეს უყვარდა. ცოტა ხნით ადრე, სანამ გარდაიცვლებოდა, რესტორან,,ქალაქურში” რამდნიმე ადამიანთან ერთად მოვიდა. ხალხი არ იყო და უსაქმოდ ვისხედით. უცებ ყველა დატრიალდა და კუპეში გაუშალეს სუფრა. ნახევარი საათის შემდეგ დაგვიძახა. დუდუკებზე რომ ,,შევუბერეთ” , მჟავანაძეს ტირილი აუვარდა. მეუღლე ახალგარდაცვლილი ჰყავდა და სამგლოვიარო მუსიკამ ის გაახსენა. შეკვეთაც მოგვცა, სიმღერა ,,ჩემი შვილი მემწვანილედ მინდოდა” იმღერეთო. ცოტა ვიცოდით და ვუმღერეთ: ,,ჩემი შვილი მემწვანილედ მინდოდა, ,,ტაჩკის” გვერდზე წავიდ-წამოვიდოდა, გავბრიყვდი და მივაბარე შკოლაში, იგი დადის თურმე ,,კამსამოლაში”. დანარჩენი სტროფები ბატონ ვასილს თავად სცოდნია და ჩვენი თანხლებით არაჩვეულებრივად იმღერა. ამბობენ, დუდუკის ჟღერადობას კურნების ძალა აქვსო. როგორც ჩანს, მისი ტკბილი ხმა ადამიანზე დადებითად მოქმედებს.

   _ დუდუკით ვინმე თქვენც თუ განგიკურნავთ?

_ ერთხელ რესტორან ,,ქალაქურის” დირექტორის მოადგილემ, თამაზ ცქვიტარიამ გვთხოვა, სიდედრი ავად მყავს და სახლში გამომყევითო. გაგონილი ჰქონია, რომ დუდუკის ხმაზე ადამიანები იკურნებიან. ავადმყოფის ოთახში სუფრას შემოვუსხედით და დუუდუკი ავაკვნესეთ. ცოტა ხანში მართლაც სასწაული მოხდა. დუდუკის ხმაზე ერთი კვირა ლოგინად ჩაწოლილი ქალი წამოდგა და იცეკვა. ერთხელ კი სრულიად სხვაგვარი რამ მოხდა- ჩვენს დაკრულზე კაცი გარდაიცვალა.

   _ როგორ თუ გარდაიცვალა?

_ ერთ კაცს მამა ავად ჰყავდა. დუდუკი უყვარსო და ჩვენი ბიჭები მის გასამხიარულებლად წაიყვანა. სუფრა გაშალეს და დაიწყეს დილის საარის დაკვრა. დაკვრის დროს ავადმყოფმა ხელში ღვინის სასმისი აიღო, მუსიკოსები ადღეგრძელა და უცებ მოკვდა. მუსიკა საოცრად განიცადა. მისი შვილი გვეხუმრებოდა, როგორი გრძნობით დაუკარით, რომ მამა მომიკალითო. დაკრძალვის დროს ყველანი წავედით და საბოლოოდ ვეცით პატივი.

   ელდარ შოშიტაშვილი:

_ ბევრჯერ ისე მომხდარა, რომ თავი მტკიოდა, დუდუკი დავუკარი და დამიამდა. შინაგან საქმეთა ყოფილ მინიტრ რომან გოცირიძესაც უყვარდა დუდუკების მოსმენა. ერთხელ გავიგეთ, რომ ავადმყოფობდა და გაუფრთხილებლად სახლში ვესტუმრეთ. დავუკარით თუ არა, ფეხზე წამოდგა და კარგად გაგვიმასპინძლდა. ერთხელაც ასეთი რამ შეგვემთხვა: უცხოეთში სცენაზე ვუკრავდით. ზოგი ისეთი მუსიკაა, 3-4 წუთი შეიძლება ვერც ამოისუნთქო. დარბაზის წინა რიგში ასაკოვანი ქალბატონი იჯდა. ეგონა ვიგუდებიდი, სცენაზე ამოვარდა და ლოყებში სილის გარტყმა დამიწყო. ისე მცემა, კარგა ხანს სახე დალურჯებული მქონდა.

   _ ამოსუნთქვას რომ ვერ ახერხებთ, არ გიჭირთ?

   ზაურ წერეთელი:

_ შემიძლია დილით დავიწყო და საღამომდე ისე დავუკრა, არ დავისვენო. თუ ისეთი მსმენელი გვხვდება, რომელსაც ვატყობ, ჩვენი მუსიკა უყვარს, სტიმული გვეძლევა, მაგრამ როცა არ გვისმენენ, ხასიათი გვიფუჭდება და ვცდილობთ, მალევე დავამთავროთ. ერთხელ მთელ ღამეს მოგვიწია დაკვრა. როცა დავასრულეთ, ერთ-ერთმა მოქეიფებ გვიკითხა, ძალიან დაიღალეთო? ელდარმა უპასუხა, იმდენი ვბერე ,,კამაზის” საბურავს დავბერავდი და როგორ ფიქრობთ, არ დავიღლებოდითო? ერთხელ მე და ელდარი თბილისის ზღვაზე ავტოინსპექტორებმა გაგვაჩერეს. იმ დრო სიმთვრალის დასადგენად მძღოლებს პოლიეთილენის პარკებში აბერინებდნენ. ელდარმა რომ ჩაბერა, პარკი გასკდა. ინსპექტორები გადაირივნენ, წლებია ამით ვმუშაობთ და ასეთი რამ არავის გაუკეთებია, რა ძალა გქონია, ახლა რითი უნდა ვიმუშავოთო. ერთხელაც ავტოინსპექტორებმა გამაჩერეს, მაგარი მთვრალი ვიყავი და სიმთვრალის დასადგენად სამედიცინო ცენტრში წამიყვანეს. დაკვრის  შედეგად გამომიმუშავდა თვისება, შემიძლია ისე ჩავისუნთქო და ამოვისუნთქო, ფილტვებში ჰაერი არ ჩავუშვა. აპარატში რომ ჩამაბერინეს, სწორედ ასე მოვიქეცი. რამდენჯერმე ჩამაბერინეს და სიმთვრალე ვერ დამიდასტურეს. ავტოინსპექტორები კინაღამ გაგიჟდნენ, იძულებული გახდნენ, გავეთავისუფლებინე.

    ვანო ტატიაშვილი

_ ამის შემდეგ ავტოინსპექტორმა მეც გამაჩერა და შესამოწმებლად წამიყვანა, მაგრამ ლაბორატორიაში ანალიზის აღებაზე უარი უთხრეს. ,,ქსოვრელების” ანსამბლის წევრებს სიმთვრალეს ვერ ვუდგენთ და შემოწმებას აზრი არ აქვსო.

   _ რესტორანში მთვრალი ადამიანები არ აგშარებიან?

_ მედუდუკეებს მთვრალი ხალხის მკურნალებადაც მიგვიჩნევენ. ერთხელ მთვრალმა კაცმა შუბლზე პისტოლეტი მომადო და და მიბრძანა, პაპაჩემს რომ უყვარდა ის სიმღერა დაუკარიო. არაფრით მეუბნებოდა, რა უყვარდა პაპამისს. მიმტკიცებდა, მისი მეგობარი იყავი და თავად უნდა იცოდეო. მე გაცილებით ახალგაზრდა ვარ და როგორი მეგობარი ვიქნებოდი, თავად განსაჯეთ. არაფრის გაგონება არ უნდოდა და შუბლთან იარაღს მიჩხაკუნებდა. გადავწყვიტე, გამერისკადა რაც თავში მომივიდოდა, ის დამეკრა. საჭიდაო რომ დავიწყე, თვალები აუცრემლდა და იარაღი დაბლა დასწია. გახარებული შემომეხვია, სწორედ ეს უყვარდა ჩემს ცხონებულ მოხუცსო. მიზანში მოვარტყი, თორემ როგორ გადავურჩებოდი, არ ვიცი.

_ გასვენებაშიც გთხოვენ დიდუკზე დაკვრას?

_ სპიტაკის მიწისძვრის შემდეგ სომხეთში, გურამ საღარაძესთან ერთად ჩავედით. ოპერაში დუდუკებით სამგლოვიარო მუსიკა დავუკარით.

მჟავანაძის საკრძალვაზე სამგლოვიარო მელოდიებს სამხედრო ორკესტრი და ჩვენ ვუკრავდით. ნაღდი ქალაქელი კაცი ამ ქვეყნიდან რომ მიდის, გასვენებაზე ჩვენი ინიციატივით მივდივართ და ვუკრავთ. ხშირად მათ საფლავებზე ისე დავდივართ, ჭირისუფლებმა არც კი იციან. პატივიცემასა და თანაგრძნობას ასე გამოვხატავთ.

ნელი ვარდიაშვილი, ჟურნალი ,,სარკე”, 2005 წელი 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close