ნელი ვარდიაშვილის სტატიები

უცებ იქუხა და ნაპრალიდან ცეცხლი გარდამოვიდა

რა ხდება კუვუკლიაში აღდგომის ღამეს

(პირველი ნაწილი)

კომუნისტების აქტიურობის პერიოდში არსებობდა ტერმინი, ,,კომუნისტური შობა” და ,,კომუნისტური აღდგომა”. ეს დღესასწაულები ჩვეულებრივს არ ჰგავდა. სასულიერო პირები ტაძრებში წირვა-ლოცვას არ ატარებდნენ. მლოცველებს სუკ-ის წევრები დასდევდნენ, მათი სახეები რომ დაემახსოვრებინათ, შემდგომ კი სამსახურებსა და სასწავლებლებში პრობლემებს უქმნიდნენ.  სასულიერო პირები არა მხოლოდ რელიგიურ დღესასწაულებზე, სხვა დროსაც შეზღუდულნი იყვნენ. მას, ვინც გარდაცვლილს პანაშვიდს გადაუხდიდა, საგანგებოდ სჯიდნენ. მიცვალებულის დაკრძალვაც ახლებურად ხდებოდა. პროცესს წინ წითელი დროშებით მიუძღვებოდნენ და სასულე მუსიკა ისმოდა. მართალია სახელმწიფო ოფიციალურად აღიარებდა რწმენის თავისუფლებას, მაგრამ სინამდვილეში სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ნათლობის, ზიარების, წირვის აღვლენას. სასულიერო პირს კულტის მსახურს ეძახდნენ.

კომუნისტების დროს თბილისში მოქმედი ტაძრები თითზე ჩამოსათვლელი იყო – სიონის, ქაშვეთის, დიდუბის, ალექსანდრე ნეველის, წმინდა ბარბარეს, ტვერელის სახელობის ტაძრები და სვეტიცხოველი. იმის მიუხედავად, რომ დევნა დიდი იყო, აღდგომისა და შობის დღესასწაულებზე წირვა-ლოცვას მაინც ბევრი ესწრებოდა.

აღდგომის ღამეს, წმინდა მიწაზე, სადაც ქრისტე იშვა და ივნო, მის საფლავთან ცეცხლი გარდამოდის. უკვე ბევრი წელია, ეს ცეცხლი მორწმუნეებს აღდგომის ღამეს საქართველოს მოქმედ ეკლესია-მონასტრებშიც ჩამოაქვთ. ხალხს საშუალება აქვს, მისი მადლი შეიგრძნოს. იერუსალიმიდან თვითმფრინავის სპეციალური რეისით ჩამოტანილ წმინდა ცეცხლს თავდაპირველად საპატრიარქოში მიაბრძანებენ, შემდეგ კი თითქმის ყველა ტაძარში ანაწილებენ. ამ ცეცხლიდან მორწმუნეები სანთლებს ანთებენ. როგორც ამბობენ, წმინდა მიწიდან ჩამოტანილ ცეცხლს თან უფლის საფლავის უდიდესი მადლი მოჰყვება, რომელიც სანთლის მეშვეობით ადამიანებზეც გარდამოდის. პროფესორ სერგო ვარდოსანიძის თქმით, ასეთ სიწმინდეებზე საუბარი წინათ არც კი შეიძლებოდა. ხალხმა არ იცოდა, რა ხდებოდა სინამდვილეში იმ წმინდა ადგილზე, სადაც უფალი იშვა და ეწამა.

სერგო ვარდოსანიძე:

_ მაცხოვრის აღდგომის ტაძარი წმინდა მიწაზე მეოთხე საუკუნეში კონსტანტინე დიდის დედის, ელენე დედოფლის დავალებით აუგიათ. მაცხოვრის საფლავთან ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა პირველივე წელს, მართლმადიდებლური აღდგომის ღამით, დიდ შაბათს მომხდარა. როგორც ცნობილია, კათოლიკეების აღდგომა მართლმადიდებლების აღდგომას ერთი კვირით უსწრებს. მას შემდეგ ცეცხლის გარდამოსვლა ყოველთვის ამ დღეს ხდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იგი ხალხს მხოლოდ მართლმადიდებელი პატრიარქის ხელით გადაეცემა. მართლმადიდებელთა აღდგომა რომ ჭეშმარიტი დღესასწაულია, ამ ტაძარში წლების წინ მომხდარი ერთ-ერთი სასწაულითაც მტკიცდება.

ტაძარში განთავსებული მაცხოვრის საფლავი, იგივე კუვუკლია, ორნაწილიანია. იგი ანგელოზის სვეტისა და საკუთრივ საფლავისგან ანუ მღვიმისგან შედგება. მართლმდიდებელ პატრიარქთან ერთად კუვუკლიაში შესვლის უფლება სომეხთა ეპისკოპოსსაც აქვს. 1960 წელს მაცხოვრის საფლავის მცველი, არქიმანდრიტი კირიაკოსი წერდა, რომ ერთ-ერთი აღდგომის წინ, სომხებს ტაძრის მცველი თურქი სამხედროები მოუსყიდიათ, კუვუკლიაში შესულან, კარი ჩაურაზავთ და მართლმადიდებელი პატრიარქისთვის იქ შესვლის ნება არ მიუციათ. მონოფიზიტთა მღვდელმთავარი და ტაძარში შეკრებილი სომხები მადლმოსილი ღვთიური ცეცხლის მისაღებად  ლოცულობდნენ. მართლმადიდებელი პატრიარქი კი ტაძრის გარეთ, შესასვლელი კარის ერთ-ერთ სვეტთან, სანთლებით ხელში იდგა და ლოცულობდა. უცებ იქუხა, მარმარილოს სვეტი, სადაც მართლმადიდებელთა მესაჭე იდგა, გაიბზარა და ნაპრალიდან ცეცხლი გარდამოვიდა.

ეს სვეტი დღემდე გაბზარული და შეტრუსულია. მართლმადიდებელმა პატრიარქმა ცეცხლი აიტაცა და ყველა იქ მყოფს გადასცა. ამის შემდეგ არც ერთი სარწმუნოების წარმომადგენელს მადლმოსილი ცეცხლის მიღების სურვილი არ გასჩენია.

ნელი ვარდიაშვილი

(გაგრძელება იქნება)

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close