საინტერესო

საქართველოს დედოფლების უცნობი, ტრაგიკული ისტორიები

დედოფალმა თინათინმა მრუშობის მოყვარული მეუღლის გვერდით დასაფლავება არ ისურვა...

საქართველოს მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ ქართველი დედოფლების შესახებ საინტერესო ისტორიები შემოგვინახა. საზოგადოება კარგად იცნობს წმინდანად შერაცხული, საქართველოს დედოფლების თავგანწირვის, სარწმუნოებისთვისა და სამშობლოსთვის თავდადების, ბრძოლისა და წამების ფაქტებს, თუმცა არაერთი დედოფლის ცხოვრების  ისტორია, სათანადოდ არ არის წარმოჩენილი.

წლების წინ, ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ საქართველოს დედოფლების მოღვაწეობისა და არნახული თავგანწირვის ისტორიების ნაკრები გადმომცა.

დედოფალი, რომელიც მთელ ქონებას გაჭირვებულებსა და ავადმყოფებს ახმარდა

იბერიის მეფის ბუზმარის (413-416 წწ) მეუღლე, ბაკურ მეფის ასული იყო. მეფის გარდაცვალების შემდეგ, დედოფალი დაკავდა ქველმოქმედებით. იგი მთელ ქონებას უძლურთა და ავადმყოფთათვის სასტუმროების, ფუნდუკებისა და სასნეულოების აგებას ახმარდა. ბუზმარსა და ბაკურდუხტს ჰყავდათ ვაჟიშვილი, შემდგომში განთქმული საეკლესიო მოღვაწე-  პეტრე ქართველი. იგი ბუზმარმა ბიზანტიის კეისრის, თევდოს თხოვნით კონსტანტინოპოლში გაგზავნა და იქ მეფურად ზრდიდნენ.

გუანცა დედოფალი ზღვაში დაახრჩეს

დავით ულუს (1247-1270 წწ) მესამე მეუღლე, რაჭის ერისთავის, კახაბერის ასული, ავაგ ათაბაგის ცოლყოფილი იყო. წყაროს მიხედვით ,,ავაგის დასატირებლად მისულმა მეფემ იხილა ცოლი ავაგისი, სახელით გუანცა, ქმნულ კეთილი, ეტრფიალა და შემდგომ მცირედისა მიიყვანა იგი ცოლად და დედოფლად”.

1260 წელს თბილისში გვანცა დედოფალი ტყვედ იგდო მონღოლთა სარდალმა არღუნმა და დააპატიმრა. მერე გაგზავნა ურდოში. 1261 წელს, ციხისჯვართან დამარცხების შემდეგ, არღუნმა ჯავრი გუანცაზე იყარა. ხოჯა შამშადინის მეუღლის განზრახვით, იგი ურდოში, ზღვაში დაახრჩეს.

  დავით ულუ მეოთხე ცოლმა მოწამლა

დავით ულუს მეოთხეს მეუღლე, სახელად ესუქნი,  ჭორმაღო და სირმა ნოინების და იყო. ,,დიდისა ჭორმაღო ნოინისა და დიდისა სირმა ნოინის დაი”- ამბობდა ბასილი მწიგნობართუხუცესი. ჟამთააღმწერლის ცნობით, ესუქნმა მოწამლა დავით ულუ.

        ბაგრატ მეფისა და ანა დედოფლის დატყვევების ამბავი

ბაგრატ მეხუთის (1360-1393) მეორე მეუღლე, ტარპიზონის კეისრის ასული გახლდათ. ალექსანდრე მეფის სიგელში მოთხრობილია ბაგრატ მეფისა და ანა დედოფლის თბილისის ციხეში დატყვევების ამბავი, თემურ ლენგის ლაშქრობის დროს. ტყვედ ჰყავდათ აყვანილი უფლისწული დავითიც.

მემატიანეს თქმით, თემურ ლენგის ხალხი ,,მოადგნენ ციხესა და მცირესა ხანსა შინა გამოიყვანეს მეფე  ბაგრატ დედფალით თვისით ანნათი. ხოლო თემურ ტყუე-ჰყვნა მეფე და დედოფალი, მიაყენა ციხესა შინა მცველნი გუშაგნი თვისნი და წარვიდა თვით… მუნ აიძულებდა მეფესა ბაგრატსა, რათა დაუტეოს ქრისტე და იქმნას მაჰმადიან, რამეთი თვით იყო სუნი… მაშინ უღონო ქმნილმან ბაგრატ სხვისა ვეღარისღა ღონისა მძიებელმან, ვინაითგან ჰყვა დედოფალიცა მუნ, ჰყო ბოროტი ესე და იქმნა მაჰმადიან, რათა დაეღწეს თემურს და შურ-აგოს ამათთვის”.

              რატომ მოიკლა თავი ლუარსაბ მეფის დედამ

დავით მეათის (1505-1525 წწ) მეუღლე, დავით ბარათაშვილის ასული ნესტან-დარეჯან ბარათაშვილი იყო. იგი გახლდათ ლუარსაბ პირველის დედა. 1554 წელს, შაჰ თამაზის მეოთხედ ლაშქრობის დროს, ატენის ციხეში, ხელში ცაიგდეს დედოფალი. ციხიდან ველზე გაუყვანეს და მეაქლემეებს გაატანეს. ,,რა მივიდა შაჰ თამაზ ერევანს, მაშინ სცნა დედამან მეფისამან ლუარსაბისმან გაუპატიოება თავისა თვისისა… შესუა წამალი სასიკუდინე და მოიკლა თავი თვისი”.

  მარიამ დედოფალი და ბოლნისის სიონის ტაძარი

ქართლის მეფის, როსტომის მეორეს (1632-1658 წწ) მეუღლე მარიამ დადიანი იყო. როსტომმა მარიამის ხელი მის ძმას, ლევან მეორე დადიანს  ეპისკოპოსის შუამდგომლობით სთხოვა. მარიამი იყო სვიმონ გურიელის ცოლი. როცა სვიმონმა საკუთარი მამა, მამია გურიელი მოკლა, ლევან დადიანმა შეუთვალა, რადგან ასეთი ბოროტი საქმე ჩაიდინე, ჩემს დას შენ აღარ მოგცემო და ცოლი წაართვა. ამის შემდეგ მარიამი ცოლად გაატანეს როსტომ მეფეს. მეფის გარდაცვალების შემდეგ კი, შაჰ აბაზ მეორის ბრძანებით, დედოფალი თბილისის ციხეში ჩასვეს. 1658 წელს, ყაენის დაძალებით, მარიამი მეორე ცოლად შეირთო ბახტანგ შაჰნავაზმა. მარიამ დედოფალმა მოახერხა და აღადგინა ბოლნისის სიონის ტაძარი. მან შეამკო ტაძარი ჯვარით და ხატებით.  მისგან შაჰნავაზს შვილები არ შესძენია. მემატიანის თქმით, დედოფალი შემკული იყო ,,ყოვლითურთ კეთილითა , რომლის მსგავსი თამარ მეფის შემდგოად არღარავინ” იყოო.

  დედოფალმა თინათინმა მრუშობის მოყვარული მეუღლის გვერდით დასაფლავება არ ისურვა

ლევან პირველის (1520-1574 წწ) მეუღლე, მამია გურიელის ასული, თინათინი გახლდათ. მარიამის სახელს უკავშირდება შუამთის მონასტრის აღმშენებლობა. მისივე დანიშნული იყო მონასტრის წინამძღვარი. ქორწინებაში მას ორი ვაჟიშვილი შეეძინა- ალექსანდრე და ვახტანგი. გარდაცვალების წინ თინათინმა დატოვა ანდერძი, რომ არ დაემარხათ ქმრის გვერდით და შუამთაში, თავისივე მონასტრში გაეკეთებინათ საფლავი. დედოფლის ეს გადაწყვეტილება გამოწვეული იყო იმით, რომ  ლევან პირველი სიძვისა და მრუშობის მოყვარული მეფე იყო.

  გურიის უკანასკნელი დედოფლის ქალიშვილი ძალადობის მსხვერპლი გახდა

1829 წლის 7 სექტემბერს , სოფიო გურიელის გარდაცვალების შემდეგ, მთავრის მემკვიდრე  და მისი და, ულამაზესი ეკატერინე , ოსმალეთის სულთნის კარზე აღმოჩნდნენ. ეკატერინე ქართულ სწავლა-აღზრდის ტრადიციებზე განათლებული და საუკეთესო ნიჭით დაჯილდოვებული ყოფილა. მას უცხო ენებიც შეუსწავლია. განსაკუთრებით კარგად შეუთვისებია ფრანგული. ამ ენაზე ლექსებს წერდა. განსაკუთრებული მიღწევები ჰქონია ძერწვაში.

ეკატერინე გურიელი ოსმალეთის სულთნის ძალადობის მსხვერპლი გახდა. სულთანი მას სთავაზობდა დედოფლობას და მისგან გამაჰმადიანებას მოითხოვდა. ასეთი ძალადობის შედეგად იგი ჭკუიდან შეიშალა. რუსეთის ელჩის შუამდგომლობით ეკატერინე და მისი ძმა, დავითი სამშობლოში დააბრუნეს, მაგრამ ეკატერინემ ძველი უნარი და ენერგია ვეღარ დაიბრუნა.

ნელი ვარდიაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close