სიღნაღის ამბები

ქიზიყელი ქალის შექმნილი ბავშვთა სამყარო- ლალის თოჯინები იცინიან

,,7 წლის განმავლობაში არ მახსოვს დღე, ერთი სათამაშო მაინც რომ არ მომექსოვოს"

,,რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი? იმიტომ რომ მას არ ჰქონდა სათამაშო“_ ეს ცნობილი ფრაზა გამახსენდა, როცა სიღნაღის  მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში, ლალი  კევლიშვილის შექმნილი სათამაშოები მოვინახულე. ლალის მოქსოვილი ყურცქვიტები, ფისუნიები, ჟირაფი ,,ჟოზე“, კვერცხისგულისფერი, პაწაწინა წიწილები, სპილო… ბავშვებისთვის უსაფრთხო და საინტერესოა. როგორც თავად გვითხრა, მისი პატარა შვილები ურჩევენ, როდის რა მოქსოვოს და ისიც მათ სურვილებს დაუყოვნებლივ ასრულებს.

ლალი კევლიშვილი:

_ სათამაშოებს ძირითადად ბავშვებისთვის ვქმნი და თითოეულ ნამუშევარს სითბოსა და სიყვარულს ვატან. ამიტომაც მოსწონთ პატარებს და გვერდიდან არ იცილებენ.

დედამ ხელსაქმე ბავშვობიდან მასწავლა და შემაყვარა- ვკერავდი, ვქსოვდი, ვქარგავდი და ხატვაც მიყვარდა. დედა კარგად ქსოვდა. თავდაპირველად მეზობლის ორი თვის ბავშვისთვის მომაქსოვინა ფაჩუჩები. პატარას ჩემი ფაჩუჩებით რომ დავინახავდი, უზომოდ მიხაროდა,  მეამაყებოდა და სტიმული მიჩნდებოდა, კიდევ მომექსოვა. სკოლის ასაკში ვქსოვდი ჯემპრებს, ჟაკეტებს, ქუდებს, წინდებს და ნაქსოვი ყვავილებით, ალუბლებით ვაფორმებდი. სხვათა შორის, ახლაც მსგავსი სამოსია მოდური. ხშირად მეცვა ჩემი ნახელავი. ვისაც მოსწონდა, მერე მათთვისაც ვქსოვდი და ვჩუქნიდი. მინიატურულ ნაქსოვებსაც ვაკეთებდი თოჯინების მოსართავად.

ოჯახი რომ შევქმენი, კარგა ხანს ვერ მოვიცალე ხელსაქმისთვის. 7 წლის წინ კი ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ჩემი შვილები წნორის #1 საბავშვო ბაღში დადიოდნენ. მასწავლებელმა აღსაზრდელების მშობლებს დაგვავალა, გამოფენა-გაყიდვისთვის მიგვეტანა ჩვენი ხელით შექმნილი სუვენირები. მაშინ გავიხსენე ქსოვა და გადავწყვიტე, სათამაშოები მომექსოვა. საცდელად ლეკვის ქსოვა დავიწყე და კარგად გამომივიდა. ჩემს მიერ შექმნილ პირველ სათამაშოს ახლაც სათუთად ვინახავ და არავის ვჩუქნი. გამოფენა-გაყიდვისთვის მოვქსოვე კრუხი თავისი წიწილებით და ჩიტები. კრუხი კალათში ჩავსვი და პაწია, ულამაზესი წიწილები ჩავუსხი. ჩიტებიც ბუდეში იჯდნენ. ბევრი სტუმარი მოვიდა ეზოში მოწყობილ გამოფენაზე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებიც იყვნენ. ყველაზე სწრაფად ჩემი ნამუშევრები გაიყიდა. მიუხედავად იმისა, რომ სათამაშოების ქსოვაში ახალბედა ვიყავი, ყველაფერი უშეცდომოდ და მარტივად გამომივიდა. ქსოვის დროს სპეციალური სქემებით არ  ვსარგებლობ. როგორ უნდა მოვქსოვო, ჩემით ვხვდები, რაშიც ხატვის ნიჭი და ცოდნა მეხმარება. ბავშვობაში რაიმე ნახატი თუ მომეწონებოდა, ვიმახსოვრებდი და სახლში მოსული უშეცდომოდ ვხატავდი. სათამაშოებსაც ასე ვქსოვ- საკმარისია რაიმე დავინახო, თავად ვხვდები, როგორ უნდა გამოვიყვანო თოჯინას ხელი, ფეხი, კისერი და ა.შ. გამოფენის შემდეგ მეგობრები, ახლობლები მთხოვდნენ, მათი შვილებისთვის რაიმე მომექსოვა და უარს არავის ვეუბნებოდი. ჩემი გოგონები კი მირჩევდნენ, რომელი მულტფილმის გმირი უნდა მომექსოვა გოგონებისთვის  და რომელი ბიჭებისთვის. ზოგი სათამაშო ბაღში მიქონდათ და მეგობრებს ჩუქნიდნენ. იმ პერიოდის ნაქსოვებიდან ერთიც აღარ შემომრჩა, ყველა გავაჩუქეთ. სტუმართმოყვარე ოჯახი მაქვს და როცა ბავშვი მოჰყავთ ჩვენთან, ჩემი მოქსოვილი სათამაშოებით ვასაჩუქრებ. ზოგჯერ მშობლები ფოტოებს მიგზავნიან, დასასვენებლად წასულ ბავშვს თან როგორ ჰყავს  წაყვანილი ჩემი მოქსოვილი სათამაშო და საწოლშიც გვერდიდან არ იცილებს. ბავშვების სიხარული მახარებს და შემდგომი შრომისთვის სტიმულს მაძლებს.

     _ სათამაშოების ქსოვის რამდენიმე საიდუმლო იქნებ მკითხველსაც გაუმხილოთ…

_ თავდაპირველად სათამაშოებს რომ ვქსოვდი, ფორმის მისაცემად მატყლით ვავსებდი. მატყლზე ზოგიერთ პატარას ალერგია ემართება, ამიტომ შიგთავსად ამჟამად ანტიალერგიულ სილიკონს ვიყენებ, რომელიც ირეცხება და უსაფრთხოა. ხარისხიან საქსოვ ძაფს მაღაზიაში ვყიდულობ. ისეთი მჭიდრო ნაქსოვი გამომყავს, სათამაშო რამდენჯერაც გინდა გარეცხო ან გამოიყენო, არ დაიშლება და არ აიბურძგნება. სათამაშოს ყველა ნაწილს ცალ-ცალკე ვქსოვ. თავსა და ტანს ერთად ვაკეთებ, ხელებს და ფეხებს ცალ-ცალკე, კუდსა და ყურებსა ცალკე და ერთმანეთს ვაკერებ. სანამ ბოლო გვირისტს გავატარებ, სილიკონით ,,ვბერავ“ . თმებს, კაბას, ულვაშს და მსგავს დეტალებს შეკერვის შემდეგ, ზედ ვაქსოვ. ჩემს მაზლის შვილს ბავშვობაში ქერა და კულულებიანი თმა ჰქონდა. პირველი თოჯინა მას მოვუქსოვე და ქერა, დაკულულებული თმა გავუკეთე. თოჯინა ისე დავამსგავსე ბავშვს, ყველა გაოცდა. დიდი რომ გახდა, ამ თოჯინას მაინც ინახავდა საძინებელში.

      _ ოჯახის წევრებს მოსწონთ თქვენი ნამუშევრები?

_ ოჯახის ყველა წევრი მიწყობს ხელს ჩემი საქმე რომ ვაკეთო. შვილები პატარები იყვნენ გვერდით რომ მომიჯდებოდნენ და სათამაშოში ჩასადებ სილიკონებს აფუმფულებდნენ. ერთხელ მთხოვეს, ჰელოუინის კატა მოქსოვეო და მართლაც საინტერესო ნამუშევარი გამომივიდა. ჟირაფი ჟოზეც მათი რჩევითა და თხოვნით მოვქსოვე და ყველა აღფრთოვანდა. ჩემს გატაცებას თავდაპირველად ვერ ვაფასებდი, მაგრამ ისეთი დაინტერესება მოჰყვა, გადავწყვიტე, საქმედ მექცია. ახლა თითქმის ყოველდღე ვქსოვ რამდენიმე სათამაშოს. ერთი სათამაშოს მოქსოვას 3-4 საათი ვუნდები. ისე გავიწაფე, შემიძლია მოვქსოვო ნებისმიერი ცხოველი თან ტელევიზორს ვუყურო ან შვილებს სწავლის დროს დავეხმარო და საქსოვს არ დავხედო. ყველა ზომის სათამაშოს მოქსოვა შემიძლია. ყველაზე დიდი სათამაშო რომელიც მოვქსოვე, 35 სანტიმეტრის კურდღელი იყო. 3 წლის ბავშვის დედამ შემიკვეთა – ცხოველებიდან ყველაზე მეტად ყურცქვიტა უყვარს და დაბადების დღეზე უნდა ვაჩუქოო. ვარდისფერი კაბა ჩავაცვი კურდღელს და ფუმფულა კუდი გავუკეთე. დედა-შვილი კმაყოფილები დარჩნენ. სააღდგომოდ ისეთი პატარა ზომის წიწილები მოვქსოვე, ქსოვის დროს თითებს ძლივს ვამოძრავებდი. სპეციალური კალათებიც მოვუქსოვე და შიგ ჩავსვი. ისეთი დაინტერესება მოჰყვა ამ სათამაშოს, შეკვეთას შეკვეთაზე მაძლევდნენ.

9 მაისს შვილები სიღნაღის ბულვარში გამართულ ღონისძიებაზე წავიყვანე. ერთ-ერთ ქალბატონს იქ ხელნაკეთი სუვენირები ჰქონდა გამოტანილი. ის შემპირდა, რომ დამეხმარებოდა და ჩემს ნამუშევრებს სახალხოდ გამოფენდა. მასთან ნახულობენ ჩემს მოქსოვილ თოჯინებს უცხოელები და იძენენ. ამ ქალბატონისგან ვიცი, რომელი ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტს ჩემი რომელი ნამუშევარი მოსწონს. ყველაზე ხშირად კატას და სპილოს ვქსოვ, რადგან ინდოელებს სპილოები მოსწონს, ჩინელებს კი კატები. გასულ წელს  წყვილი იყო ამერიკიდან ტურისტულად ჩამოსული. ჩემი მოქსოვილი წყვილი კურდღელი შეიძინეს და წყვილი თოჯინას- გოგოს და ბიჭის შეკვეთა მომცეს. სამ დღეში ისეთი ლამაზი თოჯინები ჩავაბარე, გადაირივნენ.

მოგვიანებით იმ ცხოველების ქსოვა დავიწყე, რისი წელიწადიც მოდიოდა. ვეფხვის წელში იმდენი ვეფხვი მოვქსოვე, სათვალავი ამერია. მაიმუნის წელში გადავწყვიტე, მაიმუნები მომექსოვა. თავიდან მეგონა, არ გამომივიდოდა. მისი პირისახე რთულად მომეჩვენა, მაგრამ უშეცდომოდ, ძალიან სწრაფად დავამზადე.

ნაქსოვი არასდროს დამიშლია და არც პროპორცია დამირღვევია. ვთვლი, რომ ჩემში არსებული ნიჭი სწორად აღმოვაჩინე. საკმაოდ შრომატევადი საქმეა, მაგრამ მე  სიამოვნებას მგვრის და რაც მთავარია, არ ვწვალობ. 7 წლის განმავლობაში არ მახსოვს დღე, ერთი სათამაშო მაინც რომ არ მომექსოვოს. ერთი პერიოდი ვინიპუხის წითელმაისურიან ყვითელ დათვებს, გოჭებს, თაგვებს და კალათიან წითელქუდებს ვქსოვდი. არცერთი ჩემი სათამაშო ერთმანეთს არ ჰგავს და რაღაც განმასხვავებელი ყველას აქვს. ნაქსოვის ფორმა კი ერთნაირია.  ახლა მიკი მაუსის მოქსოვა მინდა.

    _ სხვა ნივთების მოქსოვის სურვილი არ გაგჩენიათ?

_ წინათ ქალის თხელი წინდებით ვარდებს ვაკეთებდი. მავთულისგან ვქმნიდი კონსტრუქციას, ვაძლევდი ყვავილის ფორმას და ზედ სხვადასხვა ფერის წინდებს ვაკრავდი. შემდეგ ქალის ჩანთების ქსოვამ გამიტაცა, მაგრამ ბავშვები ძალიან მიყვარს და მათ გასახარებლად შრომა ვარჩიე.

ჩემს გოგონებსაც ვასწავლი ქსოვას, კერვას, კერძების თეფშზე გაფორმებას… მიმაჩნია, რომ ქალს უნდა ეხერხებოდეს ასეთი საქმეები. ახლახანს უფროსმა ქალიშვილმა ბისერებით საქართველოს დროშა მოქსოვა. ისე მოეწონათ მის მეგობრებს, კიდევ 5 ცალის მოქსოვა მოუხდა ყველა მათგანისთვის რომ ეჩუქებინა. თავად ერთიც არ დაიტოვა. მეც მიყვარს ნამუშევრების გაჩუქება. ზოგჯერ ერთი მოქსოვილი თოჯინაც კი აღარ მაქვს ხოლმე.

ნელი ვარდიაშვილი, გაზეთი ,,კვირის პალიტრა”

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close