სიღნაღის ამბები

სიღნაღის მუნიციპალური თეატრი ორ საუკუნეს ითვლის

წნორის გასტროლებით დაწყებული მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო - მათ 33 ქვეყანაში წარმატებით ითამაშეს

     ისტორიულ ქალაქ სიღნაღს თეატრალურ ფესტივალზე შემოქმედებითი თეატრალური დასები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ესტუმრნენ და ერთი კვირის განმავლობაში მაყურებელი საინტერესო წარმოდგენებით დაასაჩუქრეს. თეატრალური კულტურა სიღნაღელებისთვის უცხო არ არის. მუნიციპალური, სახელმწიფო თეატრის ისტორია საუკუნეებს ითვლის. მაღალკვალიფიციურობით გამორჩეულმა სიღნაღის თეატრის დასმა გასტროლებით უკვე შემოიარა 33 ქვეყანა და ყველგან წარმატებით ითამაშა.
     ყველაფერი იმით დაიწყო, რომ პეტერბურგიდან ჩამოსულმა სამმა სტუდენტმა, 1872 წელს ქალაქ სიღნაღში, პეტერბურგში მიღებული გამოცდილების საქართველოში გადმოტანა გადაწყვიტა. სახლი, სადაც ისინი სპექტაკლებს მართავდნენ, სიყვარულის ქალაქში ახლაც დგას. სიღნაღელ მაყურებელს პირველად ერისთავის ,,გაყრა“ წარუდგინეს, მაგრამ მათ სასცენო გამოსვლებს სისტემატური ხასიათი არ ჰქონია – თვეების და ზოგჯერ წელიწადის ინტერვალით იმართებოდა სპექტაკლები. სამი წლის შემდეგ კი, თავად სიღნაღელებმა განაგრძეს ეს საქმე. მათ მაყურებლისთვის სპექტაკლები ფასიანი გახადეს. შემოსული თანხა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადაეცემოდა.
      მე-20 საუკუნეში სიღნაღის თეატრის სცენაზე ბევრმა კორიფე მსახიობმა ითამაშა. ისინი გასტროლებს მიმდებარე სოფლებსა და ქალაქებში აწყობდნენ. პირველი გასტროლი სიღნაღიდან 10 კილომეტრში, ქალაქ წნორში ჰქონიათ. ქალაქ წნორში, თავადი ვაჩნაძეების საფოსტო-საჯინიბო კომუნისტებმა კულტურის სახლად გადააკეთეს და სპექტაკლებიც იქ იმართებოდა. შემდეგი გასტროლი სიღნაღის თეატრს შედარებით მოშორებით, სოფელ არხილოსკალოსა და თბილისში ჰქონია.
       გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან, სიღნაღის თეატრის დასი საქართველოს გასცდა – იყვნენ კანადაში, მექსიკაში, კუბაში, ჰოლანდიაში, არგენტინაში, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში, ჩეხოსლოვაკიასა და ბულგარეთში…. წლების განმავლობაში თეატრის შეუცვლელი დირექტორი და მთავარი რეჟისორი მურად ვაშაკიძეა, რომელმაც კიდევ უფრო ააღორძინა და განავითარა თეატრი.
       1987 წელს, ლატვიაში, ქალაქ მადონაში თეატრალურ ფესტივალზე სიღნაღის თეატრმა მაყურებელს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოები- ,,ცა რომ სარკე იყოს“ წარუდგინა. ფესტივალის ჟიურის ისე მოეწონა მათი სპექტაკლი, რომ დასი რიგაში მიიწვია, სადაც ისინი ლიტველმა მაყურებელმა დიდი სიყვარულით, ხანგრძლივი ტაშითა და ოვაციებით დაასაჩუქრა. სიღნაღის თეატრს საკუთარი, ექსკლუზიური სპექტაკლებიც აქვს, მაგალითად, გურამ ბათიაშვილის ,,მოხეტიალე დასს“ მხოლოდ ისინი თამაშობენ.
     სახელობითი სპექტაკლით – ,,სიკვდილი და ქალწული“ ევროპის არაერთ ქვეყანაში წარსდგნენ. 1988 წელს სიღნაღის თეატრალური დასი კანადაში მიიწვიეს სპექტაკლით- ,,ცა რომ სარკე იყოს“ . მას შემდეგ, კანადაში გასტროლებზე კიდევ სამჯერ მოუხდათ წასვლა, სადაც მათ წარმოდგენას დედოფალი ელისაბედიც დაესწრო პრინცესა დაიანასთან ერთად. 2024 წელს დასი კანადაში გამგზავრებას კვლავ გეგმავს.
      რამდენიმე თვის უკან, სიღნაღის თეატრის დასი, თეატრ ,,გელოუს“ სპეციალური მოწვევით, ჟენევასა და ციურიხში იმყოფებოდა, სადაც ითამაშეს სპექტაკლი ,,მოხეტიალე დასი“, რომელიც გოგოსა და ბიჭის სიყვარულზეა აგებული. თეატრმცოდნეებმა ამ სპექტაკლს ,,რომეო და ჯულიეტას“ ქართული ვარიანტი უწოდეს და განაცხადეს, პირველად ვნახეთ შექსპირის ,,რომეო და ჯულიეტას“ დონის სპექტაკლი, რომელიც ეროვნულ ჭრილში გადაწყვეტილი სიყვარულის ისტორიას წარმოგვიდგენსო.
     ,,დრამატურგ გურამ ბათიაშვილის საგასტროლო ჩანაწერი
შვეიცარიაში .არასოდეს ვყოფილვარ. ამიტომ სიღნაღის თეატრიდან რომ დამირეკეს, თქვენი პიესის — ,,მოგზაური დასი“– მიხედვით დადგმული ჩვენი სპექტაკლი შვეიცარიაში მიიპატიჟეს და მიწვეული ხართო, გავიხარე. ადრე თეატრი ამ სპექტაკლით ესპანეთში გახლდათ მიწვეული, კიდევ ევროპის ორ სახელმწიფოში, მაშინ მიზეზთა და მიზეზთა გამო, ვერ წავედი. ახლა ხელს აღარაფერი მიშლიდა.
მოკლედ მოვჭრი: ,,მოგზაური დასი“ ორ ქალაქში–ჟენევასა და ციურიხში ერთობ წარმატებით ითამაშეს. ასეთი მხურვალე ოვაციების განმაპირობებელი სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორის –მურად ვაშაკიძის მიერ შეთზული სცენური გარემო გახლავთ. პიესა აძლევდა საამისო საშუალებას და მანაც მარჯვედ გამოიყენა.
რაზეა პიესა? ბერიკების ყოფაზე .ეს ყოფა კი გვაცნობს ქართველი კაცის ცხოვრებას: მის გარჯილობას ძეობისას, როგორ ხვდება სიყვარულს, როგორ იბრძვის მამულისათვის როგორ კვდება თავისუფლებისათვის ბრძლაში–თავად იღუპება, მაგრამ შვილებს, მომავალ თაობებს, საკუთარი თავის პატრონ ქვეყანას უტოვებს.
ბერიკები ყველაფერ ამას გაითამაშებენ, წარმოადგენენ და ასე აღნიშნავენ დიდბატონის ვაჟის დაბადებას.დიდბატონს ამ წარმოდგენით ულოცავენ ვაჟიანობას. მკითხველს არ გაუჭირდება იმის მიხვედრა, რომ პიესაში ხდება ის, რაც უჩვეულო არ ყოფილა ქართული ყოფისათვის და არაერთ პიესაში ასახულა–ზოგან უკეთესად, ზოგან…
ასე რომ არაფერი განსაკუთრებული. მაშ, რაღამ განაპირობა სპექტაკლის წარმატება? ქართულმა ფოლკლორმა, ქართულმა ხალხურმა სიმღერამ, ქორეოგრაფიამ, რომელიც სპექტქკლში დომინირებს. პიესა ქმნის საიმისო საშუალებას, რომ ქართული მუსიკალური ფოლკლორი წარმოჩინდეს და დამდგმელმა რეჟისორმა წარმოაჩინა კიდეც. მაყურებელი ტკბებოდა არა მხოლოდ ქართული მუსიკალური ფოლკლორით, ხალხური პოეზიის მუსიკალობითაც კი, რადგან სიღნაღის თეატრის მსახიობებს: აკაკი ძაძამიას, ნანა ბუკიას, ანი მჭედლიძეს, მანუჩარ სამუშიას, ზურაბ ანთელავას, თორნიკე ჩეკურიშვილს, ნიკა ჩხაიძეს, მირიან გოცირიძეს, მომადლებული აქვთ ნიჭი ლექსის წარმოთქმაც მუსიკალურ აქტად აქციონ. შვეიცარიელი მაყურებელი რა, მეც კი, არაერთი დიდებული ქართველი მომღერლისათვის რომ მომისმენია, სულგანაბული, სიამოვნებით ვუსმენდი მათს სიმღერას…”
     საშემოდგომოდ, სიღნაღის თეატრი გასტროლებს ისრაელშიც გეგმავს. დასი იერუსალიმის სცენაზე წარსდგება სპექტაკლით- ,,მოხეტიალე დასი“.
   ნელი ვარდიაშვილი
.
.
.
.
.
.
.
.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close