საზოგადოება

,,ეს ის კაცია, რომელმაც…” _ დილარ ხაბულიანმა გოჭი მოიპარა?

ზურა დათუაშვილი, ისტორიკოსი:

_ გავიგე, დილარ ხაბულიანი კახა ოქრიაშვილის ე.წ. პარტიის სახელით ლეჩხუმ-სვანეთში იყრის კენჭსო…

დილარ ხაბულიანი ის კაცია, რომელმაც ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას მთავრობაში შს მინისტრობის დროს გაიჩალიჩა შთამბეჭდავი თიკუნი – დოლარ მიხაილოვიჩი.

ეს ის დილარ ხაბულიანია, რომელიც დეკემბერ-იანვრის გადატრიალების დღეებში შს სამინისტროს შენობაში იყო გამაგრებული 2000-კაციანი შეიარაღებული რაზმით და არაფერი იღონა კანონიერი ხელისუფლების დასახმარებლად.

ეს ის კაცია, რომელიც ჯერ გალეიბორისტდა და განლეიბორისტების შემდეგ თხასავით გაყიდა შალვა ნათელაშვილი.

კაცი, რომელმაც ნაცმოსთანაც მოიბალახა და სააკაშვილის ზეობის წლებში კრწანისის გამგებელი გახდა.

რამდენჯერაც მის სახელს და გვარს გავიგონებ, იმდენჯერ ერთი კომიკური ისტორია მახსენდება, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ მიამბო ერთმა ახლობელმა.

პერესტროიკის ბოლო პერიოდი იყო. მომავალი მინისტრი ლენტეხიდან საკუთარი ავტომობილით თბილისში მიდიოდა. ცაგერში შესვლამდე გზაზე ვიღაცის უყურადღებოდ გაშვებულ გოჭს დაავლო თურმე ხელი და საბარგულში ჩაუძახა.

დეტალები არ ვიცი, რა და როგორ, მაგრამ ამბავმა მანქანას გაასწრო. ყოფილი ევროპის ჩემპიონი ცაგერში მილიციამ გააჩერა და გოჭიანად განყოფილებაში მიაბრძანა. როცა გაირკვა, რომ ტიტულოვან სპორტსმენთან ჰქონდათ საქმე, ცხადია, გაუშვეს, თუმცა გოჭი ჩამოართვეს და პატრონს დაუბრუნეს.

ამ ამბებიდან ორიოდე წლის შემდეგ ბ-ნი ხაბულიანი შს მინისტრად მოევლინა ქვეყანას. ცაგერელ მილიციელებს, თურმე, ერთი ჟიმჟიმი ჰქონდათ, ვაითუ ის ამბავი გაგვიხსენოსო, მაგრამ ტყუილად. გარემოებათა წყალობით კარიერის თვალმიუწვდენელ სიმაღლეზე ატყორცნილ დილარს აღარც გოჭი ახსოვდა და აღარც მისი დამკავებელი მილიციელები.

მე ამ ამბავს პირადად არ შევსწრებივარ და დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ინფორმაციის წყარო ცაგერელი იყო და იქაურ ამბებში კარგად გარკვეული კაცი.

დღეს დოლარ მიხაილოვიჩი ისევ პარლამენტს უმიზნებს, იმავე რეგიონიდან, ოღონდ სხვა პარტიის სახელით.

ჰოდა, იმისი კითხვა მინდოდა – ასეთი რა უმახინჯესი პოლიტიკური სისტემა გვაქვს ქვეყანაში, რომ, აღელვებული ზღვის მსგავსად, ზედაპირზე სულ ჭუჭყიანი ქაფი ზიმზიმებს? ეს ოხერი ქაფიც რომ იგივეა და წლების განმავლობაში არ იცვლება…

Related Articles

Back to top button
Close