ნელი ვარდიაშვილის სტატიებისიღნაღის ამბები

ქიზიყის შესასვლელთან ტრაქტორი კვარცხლბეკზე ელენე ნატროშვილს დაუდგეს

რატომ შეარქვეს ელენე ბაბოს ,,მოსეს ბიჭი" -საქართველოში პირველი მექანიზატორი ქალის ცხოვრება

 კახეთის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ქიზიყი, ჩალაუბნის გადასახვევიდან იწყება. წინათ, ამ კუთხეს, კამეჩების სიმრავლის გამო, კამბეჩოვანსაც უწოდებდნენ. ქიზიყელებს იმდენი კამეჩი ჰყავდათ, მდინარე ალაზანში რომ წვებოდნენ, წყალი ნაპირებიდან გადმოდიოდა და მიმდებარე ტერიტორიებს ტბორავდაო. იქაურების წინაპრები კამეჩების დახმარებით ხნავდნენ, თესავდნენ და იმკიდნენ მოსავალს. შემდეგ კი, კამეჩი ტრაქტორით შეცვალეს და მადლიან, ბარაქიან მიწაზე ხნულებს რკინის ძლიერი მანქანით ავლებდნენ. გლეხკაცის წელში გამმართავ  და ქვრივ-ობლების მარჩენალ ტრაქტორს ქიზიყელებმა სიღნაღი-მაღაროს გამყოფ გზაზე ძეგლი დაუდგეს, გვერდით ურემიც მიუყენეს, ვითომ ყველამ კარგად დაინახოს, რანი ვიყავით და რანი გავხდითო.

ქიზიყს კახეთის ორი მუნიციპალიტეტი მიეკუთვნება- სიღნაღი და დედოფლისწყარო. როგორც ჩანს, დედოფლის წყაროელებმა იფიქრეს, თხა თხაზე ნაკლები მგელს შეუჭამიაო და ზემო ქედის შესასვლელთან, მათაც ძეგლად აქციეს ერთ დროს მიწაზე მომუშავე რკინის გიგანტი.  სწორედ ამიტომაც, ქიზიყელები დღესაც ასე სვამენ საკუთარი კუთხის სადღეგრძელოს: ორ ტრაქტორს შორის მოქცეულ, ჩვენ ლამაზ კუთხეს, ქიზიყს გაუმარჯოსო!

როგორც გავარკვიეთ, სიღნაღის მუნიციპალიტეტში კვარცხლბეკზე შემდგარი ტრაქტორი საქართველოში პირველ მექანიზატორ ქალს, ელენე ნატროშვილს სიცოცხლეშივე მიუძღვნეს. დაფასება და პატივისცემაც ასეთი უნდაო, ამბობენ ქიზიყელები და ელენეს ტრაქტორს იყენებენ, როცა სტუმრისთვის გზის მინიშნება  სურთ- ,,ელენეს ტრაქტორთან მარჯვნივ გადაუხვიე“, ,,ნატროშვილის ტრაქტორიდან, გზა პირდაპირ გააგრძელე და ჩვენს სოფელში მოხვალ“ და ა.შ.

ელენე სოფელ ტიბაანში ცხოვრობდა და კოლმეურნეობაშიც იქვე მუშაობდა. რუსეთ-გერმანიის ომის დროს კი, ტრაქტორზე დაჯდა და დღე და ღამ შრომის ოფლს ღვრიდან, ოჯახი რომ ერჩინა. ამბობენ, მამაკაცებს ტოლს არ უდებდა და ხშირად ტრაქტორს ჩიხტიკოპით თავშებურული მართავდაო.

დიდი ხნის ძებნის შემდეგ, მის შთამომავლებს მივაკვლიე და  ელენე ნატროშვილის ცხოვრების შესახებ ინტერვიუ ჩამოვართვი.

      ხათუნა ათანელიშვილი, ელენე ნატროშვილის შვილთაშვილი:

_ ჩემი დიდი ბებია, ელენე ნატროშვილი რომ გარდაიცვალა, მეექვსე კლასის მოსწავლე ვიყავი. მის შესახებ ბევრი რამ ვიცი. მშრომელი, ვაჟკაცური, წესრიგის მოყვარული, თავდაჯერებული ქალი იყო. უამრავი შვილიშვილი და შვილთაშვილი ვყავდით და  ზედმეტად ბავშვებსაც არ გვეფერებოდა. სოფელ ტიბაანში, სადაც ელენე ბაბო ცხოვრობდა, დიდი სახლი გვქონდა და ყველას საკუთარ ოთახში გვეძინა.  ელენე ბაბო თავის ოთახში კი გვიშვებდა ბავშვებს, მაგრამ თან გვეუბნებოდა, რასაც აიღებთ, იგივე ადგილზე დადეთო. თავისი ნივთების გადაადილების უფლებას არავის აძლევდა.

1901 წლის 1 იანვარს იყო დაბადებული სოფელ ოზაანში ელენე ბაბო. მის მშობლებს, მოსე და მაშო ოზაშვილებს 5 ქალიშვილი ჰყავდათ, მაგრამ ელენე ყველასგან გამორჩეული ყოფილა- თამამი, დამოუკიდებელი, თავისებური ხასიათის… მშობლებს პატარაობიდანვე ამოსდგომია მხარში. მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, წლების წინ ბროშურა გამოსცეს, სადაც მისი ბავშვობა ასეა აღწერილი: ,,ზაფხულის ცხელი ხვატი იწვა ოზაანელ გლეხთა ყანებში. გახურებული კალოობა იყო. ისმოდა ყიჟინა და გადაძახილი. მოსეს კალოზე 14 წლის ელენა დამდგარიყო კევრზე და ცხენს ომახიანად ერეკებოდა. ოფლი ნაკადად მოედინებოდა ქალიშვილის თავსაფრით მოჩრდილულ სახეზე. გაგანია სიცხეში ნიავიც არსაიდან იძროდა. უცებ, მეზობელ კალოზე წივილ-კივილი ატყდა, ელენემ კევრი შეაჩერა და შეშფოთებულმა გახედა აჟივჟივებულ კალოს. სიცხისაგან შეწუხებულ ცხენს კევრი აეთრია და მინდორში გავარდნილიყო. დასაჭერად გამოქცეული ხალხის დანახვაზე უფრო გაგიჟდა პირუტყვი, მოტრიალდა და პირდაპირ ჩრდილში მოთამაშე ბავშვებისკენ გავარდა. ვიღაცამ განწირულად იკივლა. ბავშვები ფეხზე წამოცვივდნენ. ზოგი ატირდა, ზოგი კი ენაჩავარდნილი შესცქეროდა მათკენ მომქროლავ დორბლდადენილ ცხენს და, ვიდრე ვაჟკაცები გამოერკვეოდნენ, ცხენთან ტანმაღალი, კაფანდარა ქალიშვილი მიიჭრა, ლაგამს სწვდა და პირუტყვი დაიოკა. როცა მისაშველებლად კაცები მიიჭრნენ, დაინახეს- სახეგაფითრებულ გოგონას დაძაბულობისგან ჩათეთრებული ხელებით მტკიცედ ეჭირა წეღან გავეშებული, ახლა კი დადინჯებული და მორჩილი ცხენი. დიდხანს ლოცავდნენ ქალები მოსეს და მაშოს ასეთი შვილის გაზრდისთვის. ამიტომაც, ,,მოსეს ბიჭი“ შეარქვა ელენეს სოფელმა“.

      _ როგორც ქიზიყში ამბობენ, ელენე ჯერ კიდევ ბავშვი ყოფილა, მშობლებს რომ გაუთხოვებიათ…

_ 14 წლის იყო ელენე ბაბო პირველად რომ გათხოვდა თავისივე სოფელში, ოზაანში. პირველი მეუღლე, მეცხვარე ვასო ყაჭაშვილი ჰყავდა. ვასოს ცხვარი მთაში დაჰყავდა, იალაღებზე და იქ დამართნია ფილტვების ანთება, რის გამოც მალევე გარდაცვლილა. ორი პატარა შვილი დარჩა ბაბოს ვასოსგან- მარიამი (მარო) და პაპაჩემი, მიხეილი. დაქვრივებული ელენე ბაბო მალევე გათხოვილა სოფელ ტიბაანში,  ნატროშვილზე და ქმრის გვარი მიუღია. მეორე ქორწინებიდან  შვილი არ შესძენია, მაგრამ მის ქმარს ჰყავდა პირველი ქორწინებიდან 4 თვის ვაჟიშვილი, არჩილი. პაპაჩემსა და არჩილს შორის ასაკობრივი სხვაობა ერთი წელიც არ ყოფილა. ელენე ბაბოს არჩილი ისე უყვარდა, საკუთარი შვილებისგან ვერ ანსხვავებდა. მეორე ქმარიც ფილტვების ანთებით გარდაცვლია ბაბოს და სამი ბავშვი მარტოდმარტოს გაუზრდია. კოლმეურნეობაში თურმე დილაადრიანად მიდიოდა და სამივეს, ერთად დაძინებულებს ტოვებდა. მულს უცხოვრია შორიახლოს და ზოგჯერ მას უბარებდა თურმე, ბავშვებისთვის რომ მიეხედა.

    _ სამი შვილი რომ ჰყავდა სარჩენი, ტრაქტორზე მუშაობა ამიტომ გადაწყვიტა?

_  ელენე ბაბო, სხვა ქალების მსგავსად მუშაობდა კოლექტივში. 1941 წელში, პაპაჩემი ომში წაუყვანიათ. არჩილს უთქვამს, ჩემი ძმა სამშობლოს იცავს და მე სახლში რა გამაჩერებსო. ისიც მოხალისედ წასულა ფრონტზე. იმ პერიოდში ელენეს ქალიშვილი უკვე გათხოვილი ყოფილა  და ბაბო მარტო დარჩენილა. გაჭირვების წლები იყო, მარტოხელა ქალს თავი უნდა გაეტანა  და არჩილის დანატოვარი ცოლ-შვილისთვისაც მიეხედა. როცა კოლმეურნეობაში უთქვამთ, მამაკაცები ფრონტზე არიან, მაგრამ ზურგში საქმიანობა არ უნდა შევწყვიტოთ, ტრაქტორის მართვა ქალებმაც უნდა ისწავლოთო, საქართველოში პირველს ელენეს უთქვამს, მე შემასწავლეთ მექანიზატორის პროფესია და ვიმუშავებო. ,,ალაზნის მტს-ისათვის სარეზერვო კადრები უნდა შეექმნათ. უნდა შევარჩიოთ უნარიანი და მონდომებული ამხანაგები, მათ შორის ქალიშვილებიც – პარტიის რაიკომის ეს დავალება ტიბაანელებს თავმჯდომარემ, ვანო ბალიაშვილმა გააცნო. _ ქალები? – პირველად ყველას ეუცხოვა, ერთმანეთს გადახედეს. მაშინ ადგა დამკვრელი კოლმეურნე ელენე ნატროშვილი და განაცხადა: მე მსურს ტრაქტორისტის პროფესიას დავეუფლო, ჩამწერეთ! _ ელენეს კი ვინ არ დაუჯერებდა, ვინ არ გაჰყვებოდა და ვაჟკაცური სულის ქალს გვერდით არ დადგებოდნენ. თანასოფლელები მარუსა ქერაშვილი, მანანა ბეჟანიშვილი, ნინა ბიძინაშვილი, პელო გრიგოლაშვილი. ამ ქალებმა გურჯაანის რაიონში დაამთავრეს სატრაქტორო კურსები და რამდენიმე თვის შემდეგ ტიბაანს დაუბრუნდნენ ტრაქტორისტის მოწმობებით. მაშინ ელენე ნატროშვილი 28 წლის ქალი იყო, შრომაში გამოწრთობილი, სამი მოსწრებული შვილის დედა“.  ასე გახდა ელენე ბაბო პირველი მექანიზატორი ქალი საქართველოში. 1941 წელს დაიწყო მექანიზატორად მუშაობა და 1961 წლამდე ტრაქტორი არ მიუტოვებია. ომიანობის წლებში, მარტო სიღნაღის რაიონში თურმე 30 ქალი მართავდა ტრაქტორს- მკიდნენ, ლეწავდნენ, ხნავდნენ და თესავდნენ თავშალმოხურულნი.

  _ შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს მექანიზატორის რთული საქმიანობის შესახებ ბაბო არ გიყვებოდათ?

_ სოფლის ხალხისგან მაქვს მოსმენილი ეს ამბავი. ტრაქტორზე რამდენიმე კაცი იჯდა. ღამით, როცა მათ ეძინათ, ელენე ტრაქტორის შუქებს ანთებდა და ისე მუშაობდაო. მამაკაცები ისეთ პატივს სცემდნენ გამორჩეულად მშრომელ ქალს, რომ ცუდი არასდროს უკადრებიათ. ეხმარებოდნენ და გვერდში ედგნენ. ,,მთელი დღე და ღამე გუგუნებდა ელენეს ტრაქტორი. პაპანაქებაში მიჰქონდა კომბაინი… გვიან საღამოს დაღლილ-დაქანცული, მოთენთილი და დამტვერიანებული ელენე მიაშურებდა ვაგონს, რომელშიც ტრაქტორისტების ღამის სათევი იყო მოწყობილი. გრძელი ვაგონის ნაპირას ჰქონდა ქალს ტავისი კუთხე, მაგრამ იქ მოსულს უამრავი საქმე ხვდებოდა გასაკეთებელი- ვახშამი იყო გასამზადებელი, დასარეცხიც ჰქონდათ ტრაქტორისტებს… უჭირდა? როგორ არა. უძილობა, შიმშილი, დაღლილობა განუყრელად სდევდა თან, მაგრამ … შემოდგომის წვიმები წამოვიდოდა და ცოტა ხნით შეაფერხებდა მინდვრის სამუშაოებს, მაგრამ ელენე ნატროშვილს საქმე არ ელეოდა. მას იქვე, ვაგონში ჰქონდა მომარაგებული მატყლი, თითისტარი, საქსოვი და სრიალებდა ქათქათა ძაფი ტრაქტორისტის დაკოჟრილ, ნაჯაფარ ხელებში. იქსოვებოდა წინდა და ხელთათმანი, თბილი შარფი და ჩასაცმელი, რომლებსაც ორიოდე დღით შინ დაბრუნებული ჩურჩხელებს უმატებდა და ფრონტზე, ჯარისკაცებთან გზავნიდა“.

ბაბო ამბობდა ხოლმე, გოგო-ბიჭებს ისე ვარიგებდი, ვაწავლიდი, ვუხსნიდი, იმდენს ვუყვებოდი მექანიზატორის პროფესიაზე,  რომ მათაც ტრაქტორისტობის სურვილი უჩნდებოდათ, მბაძავდნენ და ტრაქტორისტები ხდებოდნენო. როგორც მე ვიცი, ომის პერიოდში და მერეც, კახეთში ბევრი ქალი მიუჯდა ტრაქტორს და ველ-მინდვრებში აგუგუნებდნენ ამ რკინის მანქანას.

,,ომის მძიმე წლებში, მრეწველობას არ შეეძლო სოფლისთვის მიეწოდებინა ახალი ტრაქტორები, კომბაინები და სხვა ტექნიკა. ,,ჩტზ“ მარკის ტრაქტორს ამუშავებდა იმ წლებში ელენე ნატროშვილი. ბევრი უჩიოდა, მანქანები ძველია, ხშირად ვცდებით, სათადარიგო ნაწილები ვერ გვიშოვიაო. ,,გაფრთხილება და შენახვა ისწავლეთო“ – არიგებდა ელენე ტრაქტორისტებს. თვითონ კი არასოდეს გადააგდებდა ტრაქტორის გაცვეთილ ნაწილს, – ვინ იცის, როდის დამჭირდებაო. თანდათან დაოსტატდა. მძლავრი მანქანა-ტრაქტორების ცოდნაში ბევრი ვერ შეედრებოდა. თვალდახუჭულს შეეძლო დაეშალა და ისევ უნაკლოდ აეწყო თავისი ,,რკინის რაში“.

ელენე ბაბოს მთელი სიცოცხლე კაბა ეცვა, შარვალი არასდროს სცმია. თავზე კი ან თავშალი ეხურა, ანდაც ჩიხტი კოპი ეკეთე. ამბობენ, ტრაქტორზე მუშაობის დროსაც არ იცილებდა ჩიხტიკოპსო.

     _ ქიზიყის შემოსასვლელში, კვარცხლბეკზე მდგარ ტრაქტორზე მუშაობდა ელენე ნატროშვილი?

_  ზოგი ამბობს, რომ ის ბებიას ტრაქტორია და უბრალოდ, მერე გადაღებეს, ზოგი სხვა ტრაქტორისტ ქალს მიაწერს. ეგ ამბავი ზუსტად არც ჩვენ ვიცით. დაზუსტებით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ  ქიზიყის შემოსასვლელში, ტრაქტორი კვარცხლბეკზე ბებიაჩემის პატივისცემის მიზნით დადგეს. ეს ტრაქტორი ქიზიყში შემოსულ სტიუმრებს მიანიშნებს, რომ პირველი მექანიზატორი ქალი, ელენე ნატროშვილი ამ კუთხიდან იყო, აქ გაავლო პირველი ხნული ქალმა და მართლაც, ,,ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდაც ხვადია“.

იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ბებოს ამაგი დაუფასა. 60 წლის რომ გახდა, გრანდიოზული დაბადების დღე გადაუხადეს. ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსკოვიდან ჩამოსული მაღალი თანამდებობის პირები.  საქართველოს მთელი მთავრობა ტიბაანში  იყო. ტრაქტორისტობის შემდეგაც არ შეუწყვეტია შრომა ბაბოს. სახლში რა გამაჩერებსო, გაიძახოდა და მეძროხეობის ე.წ. კულტურულ ფერმაში დაიწყო მუშაობა. ძროხებს იქამდე უვლიდა, სანამ წლები არ მოემატა და არ დაუძლურდა.

ელენე ბაბო სამი მოწვევის საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იყო. სხდომებისა და ყრილობების დროს თბილისიდან უგზავნიდნენ ავტომანქანას და დიდი პატივით მიჰყავდათ, სასტუმროში ასვენებდნენ და შემდეგ თავადვე ჩამოჰყავდათ სოფელში. იქაც შავი კაბითა და ლეჩაქით დადიოდა და სიტყვითაც გამოდიოდა ხოლმე სხდომებზე. ბაბოს გერი შვილი, არჩილი ომში დაიკარგა. ფეხმძიმე ცოლი დარჩა, როცა ომში წავიდა. ისე გარდაიცვალა, შვილი არ უნახავს. არჩილის დაღუპვა მწარედ განიცადა ბაბომ. მაშინ კიდევ ერთხელ ჩაიცვა შავი კაბა და სიკვდილამდე აღარ გაუხდია.

მიუხედავად იმისა, რომ ტრაქტორს შესანიშნავად მართავდა, შლიდა და აწყობდა, ბაბოს საკუთარი ავტომანქანა არ ჰყოლია. მანქანის მართვაც არ იცოდა, თორემ ისე იყო ხელისუფლებისგან დაფასებული, ალბათ აჩუქებდნენ კიდეც ავტომობილს. მის სიცოცხლეში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი, რომელში მონაწილეობა მეც მივიღე. 6 წლის ბავშვი მალაპარაკეს, როგორი სახელოვანი და საამაყო ბაბო მყავდა.

ელენე ბაბო ისეთი ჯანმრთელი იყო, ავად არასდროს გამხდარა და საავადმყოფოშიც არ წოლილა. მეოთხე თაობის შთამომავლებს მოეწრო. ჩემმა ძმამ, თავის შვილს დიდი ბებიას სახელი, ელენე დაარქვა. 1986 წლის აგვისტოში გარდაიცვალა სიბერით. ზაფხული იყო და გვითხრეს, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც აპირებდნენ დასწრებას, მაგრამ მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდათ დაგეგმილი და მოსკოვიდან ჩამოსვლას ჯერ ვერ ახერხებდნენ. 11 დღე არ დაგვასაფლავებინეს მიცვალებული. ოჯახი ისე გავწამდით, აღარ ვიცოდით რა გაგვეკეთებინა.

უამრავი ჯილდო ჰქონდა მიღებული ელენე ბაბოს. როცა გარდაიცვალა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ პატარა ბალიშები შეაკერინა, მასზედ დაბრძანებული მედლები შემოუწყეს მიცვალებულს გარშემო და სკოლის მოწაფეები დაუყენეს ყარაულში. როგორც დედაჩემი ამბობს, მერე სიღნაღის რაიკომიდან მოვიდნენ სახლში და ცეკას ხალხი მოიყოლეს. მათ წაიღეს ბაბოს მედლები და სიგელები, თითქოს მუზეუმში, თუმცა ამ ნივთების ასავალ-დასავალი ვეღარ გავარკვიეთ. სოფლის სასაფლაოზე ბებოს საფლავი სხვებისგან განსხვავებული მხოლოდ იმითაა, რომ ფოტოსურათზეც ჩიხტიკოპი ახურავს.

ნელი ვარდიაშვილი, გაზეთი ,,კვირის პალიტრა” 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close