სიღნაღის ამბები
როგორი იყო ,,თვითმმართველობა” სიღნაღის ერთ-ერთ სოფელში ორი საუკუნის წინ
,,ვაქირელები თავისივე არჩეულ კაცს ვადის გასვლას არ აცდიდნენ და მის გადაყენებას ითხოვდნენ"
სიღნაღის სოფელ ვაქირის „თვითმმართველობა“ ორი საუკუნის წინ ეპიზოდები:
მოდი გავიხსენოთ როგორ იმართებოდა #ჩემისოფელივაქირი ძველ დროში.
XX საუკუნემდე სოფელს სათავეში მამასახლისი ედგა. ეს თანამდებობა საქართველოში უძველესი დროიდან არსებობდა. მამასახლისებად, ძირითადად, გლეხები ინიშნებოდნენ. ეს სახელიც მემკვიდრეობითი იყო – ანუ მამიდან შვილზე გადადიოდა. მამასახლისად დანიშნული გლეხი გადასახადებისგან თავისუფლდებოდა.
ვაქირელები მამასახლისებს მალ-მალე (XIX ს.-ის ბოლოსთვის ლამის ყოველ წელს) იცვლიდნენ. ხშირად ისე ხდებოდა, რომ თავისივე არჩეულ კაცს ვადის გასვლას არ აცდიდნენ და მის გადაყენებას ითხოვდნენ.
„ასეთი მოვლენა ძრიელ საკვირველია ვაქირის საზოგადოებისაგან, მით უმეტეს, რომ ვაქირის ხალხი არ არის ისეთი უვიცი, შეუსმენელი, თითქმის ისე უნდა ვიფიქროთ, რომ ყოველი კაცი თავის თავის ვექილია, ბევრათ თუ ცოტად, – ესმის თავისი საქმე, ცხოვრებისა და სასოფლო სასამართლოების წესები, მაგრამ მამასახლისების გამოცვლაზე მალ-მალ-კი ძრიელ სცდება, რადგანაც მათს დაყენებაშივე ვერა საზრობს და არა ჰფიქრობს, როგორი კაცია, არის სანდო თუ არა“ – წერდნენ იმ დრონდელი გაზეთები.
სოფლის თავკაცის მიმართ ასეთი დამოკიდებულების მიზეზი გავლენიანი მაცხოვრებლების და მოსახლეობის ჯგუფების ვიწრო ინტერესებში უნდა ვეძიოთ.
სოფლელები ერთმანეთთან საჯაროდ დაპირისპირებას ერიდებოდნენ. ამიტომ, ხშირად წამოყენებულ კანდიდატურას ერთხმად უჭერდნენ მხარს, რამდენიმე ხანში კი უკვე ცდილობდნენ, „რომ მამასახლისს უგდონ მახე, მოუგონონ რაიმე უცნაური მიზეზი და თავის უბნის კაცი დააყენონ“.
ზოგიერთი ვაქირელი ახერხებდა სოფლის თავკაცის თანამდებობა რამდენჯერმე დაეკავებინა. ერთი ასეთი პიროვნება გლეხი ალექსი ნანობაშვილია. ალექსი მამასახლისად წინათ ორჯერ ყოფილა, მესამე ვადა კი ვეღარ დაუმთავრებია. იგი თანამდებობიდან გადაუყენებიათ და ერთხმად სხვა ადგილობრივი გლეხი – ანტონ ხელაშვილი აურჩევიათ.
ტრადიციული ქიშპობის გამო არც ამ უკანასკნელს აცადეს ვადის ამოწურვა. ცოტა ხანში ახლა უკვე ანტონი გადააყენეს და კენჭისყრაზე ისევ ალექსი ნანობაშვილს დაუჭირეს მხარი.
ასეთი უთავბოლო დამოკიდებულება ზოგიერთს ისე აწუხებდა, რომ მაგალითად ვინმე „მკვიდრი“ ვაქირელთათვის არჩევანის უფლების ჩამორთმევას ითხოვდა…
…
სოფლის თავკაცთა ხშირი გამოცვლა, მათ მიმართ ვაქირელების მიკერძოებული დამოკიდებულება ალბათ ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ თავად მამასახლისები მოვალეობას ჯეროვნად არ ასრულებდნენ.
სოფლის მცხოვრებნი ყველა საკითხში მათ ბრალეულობას ხედავდნენ, ზოგჯერ სრულიად სამართლიანადაც, მაგრამ მთავარი მაინც სხვა პრობლემა იყო – გაუთავებელი ამორჩევა-გადარჩევის პროცესის გამო სოფელი ზარალდებოდა.
სიტუაციის გამოსწორებისთვის კი არავინ იწუხებდა თავს. „მანამ წყალი სულ არ დაწმინდავდება მთლათ აწინდელი მოხელეების დაცვლით – თორემ ისე ძრიელ არის დას-დასობა გავრცელებული აქ – რომ ძნელია იმათ შერიგება. ან სულ გარეშე პირს არ ამოირჩევენ მამასახლისად – უფრო-კი მთავრობის დაყენებულს, ჯამაგირით, რადგან წელს აქ. სოფელში ისეთი არავინ მოიპოვება, რომ სოფელში გავლენა ჰქონდეს და ეს პარტიები შეარიგოს“ წერდნენ იმდროის მომსწრენი.
…
ვაქირი მამასახლისს ჯამაგირად 600 მანეთამდე უხდიდა.
არასტაბილური ეკონომიკური ვითარება არ იძლეოდა საშუალებას, თავკაცად გარე პირი დაეყენებინათ. სოფლის ზოგიერთი გულშემატკივარი წერდა, რომ ჯობია ვაქირელებს კარგ ადმინისტრატორში გადაეხადათ უფრო მეტი, ვიდრე არსებული სიტუაცია გაგრძელებულიყო.
მამასახლისისთვის ხელფასად გადახდილი ფული არაფერში ადგებოდათ მაცხოვრებლებს: „წელიწადში 600 მან. ცხადად ჭამენ დღევანდელი მოხელენი, და ახლა რამდენი ჩუმათ და ფარულად იჭმება და სარგებლობა-კი არაფერი მოაქვთ“
თავიანთი შავბნელი საქმეების დასაფარად ვაქირის მამასახლისები არაფერს ერიდებოდნენ. ჩვენთვის ცნობილია, რომ ერთხელ სოფლის დავთრებიც კი გაუნადგურებიათ, რომელსაც სოფლის მოქმედი (ვინმე ლაყიას ბიჭი) და ყოფილი თავკაცები ერთმანეთს აბრალებდნენ – არა შენს ხელში დაიკარგა საბუთები, არა შენს ხელშიო. ამ ამბების მაყურებლებმა ნამამასახლარს სატირული გაზეთის ფურცლებზე „შიქასტა“ ათქმევინეს
„ვაქირის მეპატრონე ვარ,
მისთვის შემტკივა გულია,
ლაყიას ბიჭს ვენაცვალეფ,
რომ ამოვხადო სულია!
სოფლის დავთრები რომ დავწვი,
სულ იმას დავაბრალეო;
ხარ-კამეჩი გაუყიდე,
არავინ შავიბრალევო!
ისევ მინდა კვლავ რომ გავხდე
ვაქირის მამასახლისიო,
რაცა ვჯიბე კიდევ ვჯიბავ
შევივსო დანაკლისიო“
წყარო: ნიკა ყარალაშვილი, ისტორიკოსი-მკვლევარი. ვაქირი, წიგნი , 2020 წ.