სიღნაღის ამბები

რატომ უხდება ,,კახეთის დედოფალს” შემოდგომის ფერები

,,ღვინის დღეებზე" სიღნაღში მშრომელი გლეხის ნალოლიავები ყურძნის, მისი დაჯაფული ხელებით გამოწურული ბადაგის და ღვინის, ნაკვერჩხალზე აშიშხინებული მწვადის და ,,ზაოდზე“, სიყვარულის ცრემლის წვეთებად ჩამოღვრილი არყის ოხშივარი ტრილებდა...

,,თუ არ გინახავს სიღნაღი –

ძველი ქალაქი მთაზედ,

ნუ იტყვი – ვიცნობ კახეთის,

დიდებულ სილამაზეს…

ყველგან უხვი და კარგია

ქართული მზე და მიწა,

მაგრამ თუ დღემდე ვერ ნახე

პირიმზე ალაზნისა.

არ მოგწვდა შუქი სიღნაღის, –

კახეთის დედოფლისა,

მაშ ერთი სხივი დაგაკლდა

დიდი ქართული მზისა…”

იოსებ ნონეშვილი

ფესტივალი ,,ღვინის დღეები” _ ამ დღეს ბუნებისა და კაცის ხელით ნაირფერად მორთულ სიღნაღში აქაური მშრომელი გლეხის ნალოლიავები ყურძნის, მისი დაჯაფული ხელებით გამოწურული ბადაგისა და ღვინის, ნაკვერჩხალზე აშიშხინებული მწვადისა და ,,ზაოდზე“ სიყვარულის ცრემლის წვეთებად ჩამოღვრილი არყის ოხშივრი ტრილებდა.

ბოლო პერიოდში უცხოელი თუ ქართველი ვიზიტორი არ აკლია ,,კახეთის დედოფალს”. რომელი კუთხის შვილი არ ადგამს მის მადლიან მიწას ფეხს და ცივგომბორის მთის ყველაზე მაღალ კალთაზე შეფენილი ისტორიული ქალაქის ხედებით გაოგნებული ბრუნდება უკან. სიღნაღი მხოლოდ ქალაქი როდია. გარს შემორტყმული, საუკუნეებგამოვლილი გალავნის ისტორია მნახველს მის შემოგარენში მცხოვრები ქიზიყელების საარაკო ამბებს მოუთხრობს. ალაზნის ველის წარმტაცი ბუნება და ცად აზიდული კავკასიონი კი მრავალჯერ გამხდარა ხელოვანთა მუზა.

ღვინის დღეები, ქართლ-კახური შემოძახილი, ბადაგის ,,ტალახში“ ამოგანგლული ჩურჩხელების სურნელი, შეზარხოშებული ქიზიყელების მძიმე იუმორი… _ ეს ყველაფერი ისე უხდება სიღნაღს, როგორც მზეს სხივები, მთვარეს ვარსკვლავები, მთას თოვლი, ცას ლურჯი ფერი…

სიღნაღური ფესტივალებით დახუნძლული წლის ბოლო აკორდი ღვინის ფესტივალი იყო – იგივე ,,ღვინის დღეები“ , რომელიც ადრიანად დაიწყო და გვიან ღამით, ცენტრში მოწყობილ სცენაზე გამართული გალა-კონცერტით დაგვირგვინდა. შემოდგომის ფოთლებითა და ულამაზესი ყვავილებით მორთული სკვერი ფოტოსესიების ავანსცენა გახლდათ.

სიღნაღის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი ძველი სიღნაღის ფოტოგამოფენაზე მოვიხელთეთ და ღვინის ფესტივალის მნიშვნელობაზე ჩამოვუგდეთ სიტყვა.

    მალხაზ ბეგიაშვილი:

_ ქიზიყისთვის და განსაკუთრებით სიღნაღისთვის, იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დღევანდელ  დღეს, რამდენიმე სიტყვით ამის გადმოცემა შეუძლებელია. ვაზი, ღვინო, საქართველო და გამორჩეულად – კახეთი, სინონიმებად არის ქცეული.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. ღვინის დღეები ყველა რეგიონში მთავრობის ადმინისტრირებით მიმდინარეობს. საამაყოა, რომ ყველაზე მეტი ვიზიტორ-დამთვალიერებელი წელს სწორედ სიღნაღს ჰყავდა. ასეთი დღეები კი ტურისტებს ეუბნება, თუ როგორი ძლიერი ისტორიული კავშირი აქვს ჩვენს კუთხესთან ვენახს, ვაზს, ღვინოს და ყურძნის სხვა პროდუქტებს, რანაირად ვაფასებთ უფლისგან ნაბოძებ ამ საგანძურს და როგორ წარმოგვიდგენია მისი ხვალინდელი დღე. ღვინის დღეებზე სწორედ ამის დემონსტრირება ხდება.

_ ძველი სიღნაღის ფოტო-გამოფენა ახალ ხიბლს მატებს ქალაქს…

_ ფოტო-გამოფენა დღეს გაიხსნა და სიღნაღში ის მუდმივად დაიდებს ბინას. აღნიშნულ პროექტზე ტურიზმის განყოფილება აქტიურ მუშობას აგრძელებს. შემუშავდა სიღნაღში ტურიზმის განვითარების მოკლე და გრძელვადიანი გეგმა და ეს მიმართულება 2024 წლის ბიუჯეტში ფართოდ აისახება.

სიღნაღური ამბების ფოტო-გამოფენა ჩვენთან ჩამოსულ სტუმარს და ტურიზმში დასაქმებულ გიდებს ძველი სიღნაღის ისტორიის ქრონიკებითა და ყოფა-ცხოვრების შესახებ საინტერესო ამბებით მაქსიმალურად უზრუნველყოფს. დღეს ბევრი გიდი ერთსა და იმავეს მოუთხრობს სიღნაღზე ტურისტს და სათქმელიც ბევრი აღარაფერი აქვთ. არადა   ამოუწურავი ისტორია არსებობს. სიღნაღის ფოტო-გამოფენა სწორედ ასეთი საინტერესო ისტორიით მოამარაგებს ტურიზმში დასაქმებულ ადამიანებს და მრავალფეროვანს გახდის მათ ცოდნას. აქ გამოფენილი ფოტოები ვიზუალურადაც გააცოცხლებს სიღნაღის წარსულს.

     _ ,,ღვინის დღეები” სიღნაღური ფესტივალების ბოლო აკორდია?

_ ,,ღვინის დღეები” დაასრულებს სიღნაღურ ფესტივალებს, თუმცა უკვე დავიწყეთ მუშაობა მაისში ჩასატარებელ ფესტივალზე. წელიწადის ამ თვეში სიღნაღში ვანო სარაჯიშვილისადმი მიძღვნილი ტრადიციული დღესასწაული, ვანოობა ტარდებოდა. გადავწყვიტეთ, სიღნაღს ეს სახასიათო ფესტივალი შევუნარჩუნოთ. გვსურს, ვანოობაზე  გადავცეთ ჯილდოები მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ღვაწლმოსილ, საუკეთესო პედაგოგებს, ხარატებს, ექიმებს, მევენახეებს, ტრაქტორისტებს, მძღოლებს და ა.შ. გვინდა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ქება სხვების სტიმული გახდეს და ერთად, თავდაუზოგავი შრომით გავამშვენიეროთ ჩვენი ლამაზი ქვეყანა.

ნელი ვარდიაშვილი

.

.

.

.

.

.

.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close