სიღნაღის ამბები

,,ბოდბის მონასტრის ხატვისას საოცრება აღმოვაჩინე”

,,საშვილოსნოს მილის ფორმის გზები ამ ტაძართან მიდის..."_ თვითნასწავლი მხატვარი სიღნაღიდან

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში მცხოვრები სოფია სესიტაშვილი ხელოვნებითაა გატაცებული. იგი პროფესიით ექიმ-პედიატრია, მაგრამ ბავშვობიდან ხატავს. საკუთარი შემოქმედების ნიმუშები სახლის კედლებზე აქვს გამოფენილი. ნახატების უმეტესობა რელიგიურ თემაზეა შექმნილი. სოფიას წელს ახალი გატაცება გაუჩნდა და სააღდგომოდ, კვერცხების მოხატვა დაიწყო. სტუმრად მისულებს ლამაზად გაფორმებული კვერცხების უზარმაზარი კალათა დაგვახვედრა და გვითხრა, რომ ამ მიმართულებით ხატვის გაგრძელებას აღდგომის შემდგომაც აპირებს.

      სოფია სესიტაშვილი:

_ კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოა, ამიტომ გადავწყვიტე, მასზე დამეხატა ყველაფერი, რაც დედამიწაზე სიცოცხლის არსებობას უკავშირდება. კვერცხზე ხატვა იოლი არ აღმოჩნდა. ერთი ხელით კვერცხი მეკავა და მეორით ვმუშაობდი. ვიწვალე-ვხატავდი და თან კვერცხის თითოეულ გვერდს ვაშრობდი, მაგრამ იმხელა ემოციით ვაკეთებდი ამ საქმეს, ყოველი დასრულებული ნამუშევარი მიჩენდა სურვილს, კიდევ უფრო მეტი და მეტი კვერცხი მომეხატა. აღდგომას საინტერესო თემატიკის კვერცხის ტილოებით შევხვდი. თავდაპირველად ყვავილები მოვხატე კვერცხზე- ია, გვირილა, ტიტა, კესანე, ივანე და მარიამი, ლავანდა, რაც სიცოცხლის გამოღვიძებაზე მიანიშნებს.  მერე დავხატე პეპელა, რამდენიმე ტაძარი, წმინდანები…

    _ რომელი ტაძრები გაქვს კვერცხზე მოხატული?

_ პირველად ბოდბის მონასტერი დავხატე – კავკასიონის მთებით და ალაზნის ველით. მერე სვეტიცხოველის მოხატვა გავბედე. გერგეთის სამების ტაძარი ჯგუფელებთან ერთად მოვინახულე რამდენიმე წლის წინ და გაოცებული დავრჩი. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეკლესია ცაზე იყო გამოკიდებული. ერთ-ერთ გიგანტურ მთაზე მამაკაცის სახეც ჩანს.  ეს გამოსახულება ისეა ცასთან ახლოს, ყაზბეგის მთები ღმერთის შვილები გეგონებათ. ზღაპრულ გარემოში მოვხვდი და  ეს განწყობა გადმოვეცი  კვერცხზე გამოსახულ ნახატზეც. სიღნაღის მუნიციპალიტეტშია ხირსის მონასტერიც, სადაც 13 ასურელი მამათაგანის, სტეფანე ხირსელის საფლავია და ისიც მოვხატე. ამ ნახატზეც ჩანს გოროზი კავკასიონის მთები. დედა შვილებს ხელებს რომ შემოხვევს  და გადაეფარება, ისე აქვს ,,ხელები“ შემოხვეული კახეთზე კავკასიონის მთებს.

კვერცხზე გამოვსახე ქალი ჩვილით ხელში. წარმოვიდგინე, რომ მე ვიყავი და ჩემი გოგონა მყავდა ჩახუტებული. დედა-შვილს შორის არსებული სიყვარული ისეთი ძლიერი გრძნობაა, ფაქტიურად, დედამიწას ატრიალებს.  ერთ-ერთ კვერცხზე გამოსახულია ორსული ქალი, რომლის მუცელშიც დედამიწა მოჩანს, ანუ სამყარო. ჩვენი პლანეტის დედაბოძი და წარმომშობი ქალია და იგი იმსახურებდა სააღდგომო კვერცხზე გამოსახვას.

შეუძლებელი იყო აღდგომის კვერცხზე არ დამეხატა საქართველოს გამაქრისტიანებელი- წმინდა ნინო. სამ კვერცხზე დავხატე ბავშვის სახიანი ანგელოზები. სამი საკრალური ციფრია და სამებას ნიშნავს. ყველა ჩემს მოხატულ ანგელოზსა თუ წმინდანს ქართული სახე აქვს. ამით ჩემი ქვეყნისა და ხალხისადმი უსაზღვრო სიყვარული გამოვხატე.

   _ კვერცხებზე წმინდანებსა და ტაძრებს სხვებიც ხატავენ?

_ არავისთვის მიმიბაძავს. ეს იდეა მოულოდნელად გამიჩნდა. კერამიკაზე, ქვებზე მოხატული სიწმინდეები მინახავს და მომწონს. ყველა კვერცხი აკრილის საღებავებით გავაფორმე. ფარმაცევტი ვარ და აფთიაქში ვმუშაობ. მთელი დღე სამსახურში მიწევს ყოფნა, ამიტომ ხატვას ღამის 11 საათიდან ვიწყებდი. თითო კვერცხის მოხატვას დაახლოებით 2 საათს ვანდომებდი. კვერცხებით სიცოცხლის ხეც გავაკეთე, რაშიც მეუღლე და 4 წლის ქალიშვილი, ლინა დამეხმარნენ. ხის ლამაზი ტოტი, რომელზეც კვერცხები ჩამოვკიდე მეუღლემ მომიტანა და დასადგამი გაუკეთა. გოგონამ კი ჯეჯილი ,,დაუფინა”. ჩემი მეუღლეც შემოქმედი ადამიანია და ერთმანეთს ხშირად ვეხმარებით. იგი მეტალით და ხით ამზადებს საოცარ ნივთებს.

     _ თქვენს მიერ რელიგიურ თემატიკაზე შესრულებული ნახატებიც ვნახე …

_ მას შემდეგ ვხატავ, რაც ხელში ფანქრის აღება შევძელი. კლასიკური განათლება არ მიმიღია. პროფესიით ექიმი ვარ, მაგრამ ხატვა ჩემს ძირითად პროფესიაზე ნაკლებად არ მიყვარს. პეიზაჟებისა და ყვავილების ხატვით დავიწყე, მერე რელიგიურ თემატიკაზე გადავედი. ნახატებში საინტერესო დეტალების გამოკვეთა მიყვარს. თითქმის ყველა ტილოში ნათელი ფერები დომინირებს. ფერადი ტონები რეალურ ცხოვრებაშიც კარგია- ჩვენს ყოფას აადვილებს.

მეოთხე- მეხუთე კლასში ვიყავი, პირველად ღვთისმშობლის ხატის დახატვის სურვილი რომ გამიჩნდა. ჩემი შექმნილი ხატი შემდეგ სკოლის ჟურნალში დაბეჭდეს. ისეთი კარგი გამოვიდა, სტიმული გამიჩნდა და მეორედაც დავხატე დედაღვთისმშობელი ჩვილით ხელში. დეიდაშვილმა მაჩუქა საეკლესიო წიგნი, რომელშიც წმინდა ნინოს ცხოვრება დეტალურად არის აღწერილი. წიგნმა ჩემზ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ის ენერგია რაც იქიდან მივიღე, ტილოზე გადავიტანე- წმინდა ნინო დავხატე ვაზის ჯვარით ხელში, რომელზეც მისი თმებია შემოხვეული. მბზინავი საღებავით შევასრულე ეს ხატი და იგი სხვა ხატებისგან გამორჩეულია- თითქოს ასხივებს. გადაწყვეტილი მაქვს, რომ ხატი ვაკურთხებინო და ტაძარს შევწირო.

რამდენიმე ტაძარი მაქვს დახატული. სვეტიცხოველს ვარდისფერი ცა დავუხატე. მე და ჩემმა მეუღლემ ჯვარი ამ ტაძარში დავიწერეთ. იმ დღეს მცხეთის თავზე ზღაპრული ცა იყო-ვარდისფერ-იასამნისფერი ღრუბლებით. მაშინ ჩავიფიქრე, რომ ზღაპრულ სვეტიცხოველს დავხატავდი. ბოდბის მონასტრის ხატვისას კი აღმოჩენა გავაკეთე.

    _ რა აღმოაჩინეთ?

_ არ ვიცი მონასტრის ბაღის დიზაინი ვის ეკუთვნის, მაგრამ საოცარი შინაარსით არის გაკეთებული. ტაძრის ეზოს შუაგულში მოწყობილ სკვერს საშვილოსნოს ფორმა აქვს. მასთან დაკავშირებული ორი ბილიკი ქალის საშვილოსნოდან გამომავალ მილებს მოგაგონებთ. დედის  სხეულში არსებული სოცოცხლის წყაროს თავში დგას უზარმაზარი ტაძარი და დედათა მონასტერი. საშვილოსნოს მილის ფორმის გზებიც ამ ტაძართან მიდის. ანუ სიცოცხლის საწყისი ქალი,  უფალთანაა კავშირში. ფერად-ფერადი ყვავილები, რომელიც ამ ეზოში ყვავის, გაზაფხულთან, ბუნების გაღვიძებასთან, სიცოცხლესთან ასოცირდება. ძალიან დიდი დატვირთვა აქვს ბოდბის მონასტრის ამ ერთიან კომპლექსს. შევეცადე ნახატით ეს ერთიანობა კარგად გადმომეცა და მგონი გამომივიდა.  ვხატავდი და ვფიქრობდი, ამ ბაღის დიზაინერი გენიოსია მეთქი. ნახატს ,,სიცოცხლის დაბადება“ შევარქვი.

ნარიყალას ტაძარი იმიტომ დავხატე, რომ იქ პირველად გამომიტყდა ჩემი მომავალი მეუღლე სიყვარულში. ყველა ნამუშევარი დიდი ემოციით მაქვს შექმნილი და შვილებივით მიყვარს. როდესაც შევხედავ, ძველი ემოციები და განცდები მიბრუნდება. არცერთი ნახატი არ გამიყიდია. მხოლოდ რამდენიმე მაქვს გასხვისებული უსაყვარლეს ადამიანებზე.

ნელი ვარდიაშვილი

.

.

.

.

.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close