ნელი ვარდიაშვილის სტატიები

პოეტი, რომელიც ძმაკაცის ტყვიით განიგმირა, მისი ქვრივი კი ერთადერთი ქალიშვილის ნათლიას დარჩა

სიმღერადქცეული ლექსების უცნობი ავტორის ტრაგიზმით სავსე ცხოვრება_ გულიდან ამონახეთქი ,,ლექსო ამოგთქომ ოხერო“, ,,მოვა სიკვდილი უჩინო“...

   მთის შვილს, პოეტ მიხა ხელაშვილს, რომელსაც სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულმა არაერთი საოცარი ლექსი დააწერინა, განგებამ ტრაგიკული ცხოვრება არგუნა. მან სიცოცხლეშივე გამოსცადა დევნა, დედის წამება- სიკვდილი და მეგობრების ღალატი.  25 წლის პოეტი ძმადნაფიცის ტყვიით განიგმირა, მისი ქვრივი კი, ერთადერთი ქალიშვილის ნათლიამ მიისაკუთრა.

       გიორგი ხელაშვილი, ისტორიკოსი, ხელაშვილების გვარის მკვლევარი:

_ მიხა ხელაშვილის პოეზიის დიდი ნაწილი, ძალიან დიდხანს, ხალხური ლექსის სახელით იყო ცნობილი. მის პოეტურ სტრიქონებს მთელი საქართველო მღეროდა, მაგრამ არ იცოდნენ ვინ იყო ავტორი. ,,ლექსო ამოგთქომ ოხერო“, ,,მოვა სიკვდილი უჩინო“… – ამ სიმღერების ტექსტი ბოლშევიკების მიერ განგმირული პოეტის, მთის შვილის, გულიდან  ამონახეთქი სტრიქონები იყო. 25 წელი იცოცხლა და  უამრავი საუკეთესო ლექსი დაგვიტოვა. ბუნებით შემოქმედი ადამიანი იყო და კარგად ფლობდა ფანდურს, სალამურს.  მეგობრულ შეხვედრებზე თურმე საკუთარ სიმღერებს მღეროდა.

მიხა ხელაშვილი ფშავში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ სამწუხაროდ, ფშაველი ხელაშვილების გვარმა არსებობა შეწყვიტა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ფშავში საინტერესო ლეგენდაა გავრცელებული.  მათი ერთ-ერთი წინაპარი პირქუში ხევისბერი ყოფილა. გადმოცემის მიხედვით, ის თავდაპირველად პირმშვენიერი ვაჟკაცი, ოქროსა და რკინის მჭედელი იყო. ქალები  მოსვენებას არ აძლევდნენ. როგორც ამბობენ, ერთდროულად 23 ქალს უყვარდა.  მათგან მობეზრებული პირქუში, ღმერთს სთხოვდა, ისეთი გამხადე, ქალებს დავავიწყდეო. ლოცვა შესმენილ იქნა და პირქუშს სახადი შეეყარა, რომელმაც სახე ისე დაუკენკა, მართლაც დაუშნოვდა. ერთის გარდა ყველა ქალი ჩამოსცილდა და ამის შემდეგ შეარქვეს  პირქუში.

მჭედლობისას, პირქუშს გამოუქანდაკებია ოქროს ძუძუები და თავისი ციხე-სიმაგრის საძირკველში ჩაუფლავს, როგორც ნაყოფიერების სიმბოლო. სიკვდილის შემდეგ კი, ხალხს იგი მის სახელზე სათემო სალოცავი გაუკეთებია. მოგვიანებით, გაღმერთებული პირქუშის სამოსახლო-სალოცავი, რატომღაც ხელაშვილების საცხოვრებელ ადგილად ქცეულა. ფშაველები ამბობენ, სალოცავმა ხატმა არ აპატიათ წმინდა ადგილის ხელყოფა, მის სამკვიდროზე დასახლება  და ამიტომ დასრულდა ასე სავალალოდ გვარის ისტორიაო. მიხას ორი და, და ერთი ძმა ჰყავდა. უფროსი ძმა, პავლე, მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა, იქ დაავადდა, მშობლიურ კუთხეში დაბრუნებული დააპატიმრეს და გადაასახლეს, რის შემდეგაც მისი კვალი ისე დაიკარგა, შვილი  არ დარჩენია. მიხასაც არ ჰყავდა ვაჟიშვილი, გვარი რომ გაეგრძელებინა.

     _ მიხას ფიზიკურ ძალასა და ნიჭიერებაზე ფშავში ახლაც ლეგენდები დადის…

_ ნიჭიერი ბალღი ყოფილა მიხა. მამამისისთვის ურჩევიათ, თბილისში წაეყვანა სასწავლებლად, რადგან იმ დროს, მთაში,  წერა-კითხვის ცოდნა და წიგნის სიყვარული ,,დედაჭუობად“ , იგივე ქალაჩინობად ითვლებოდა. იმის გამო, რომ ნიჭიერებით გამორჩეული შვილისთვის ცოდნა მიეცა, მამამისმა მარჩენალი ხარები გაყიდა. მიხამაც გაამართლა მშობლის იმედები და კარგად დაეუფლა ქართულ და რუსულ სალიტერატურო ენებს. მშობლიურ კუთხეში დაბრუნებული,  ხევსურეთში დანიშნეს დიაკვნად და საყდრების მცველად. მიხა მრევლს მოუთხრობდა ქართველი კლასიკოსების შედევრებზე, უკითხავდათ რელიგიურ ლიტერატურას, მაგრამ დროება იცვლებოდა და კომკავშირელი აქტივისტები ხელყოფდნენ მთის ხალხის თავისუფლებას, მღვდლებს პარსავდნენ… მიხაც აიძულეს, დაეტოვებინა ეკლესია. წინააღმდეგობრივი ხასიათის გამო აღარც შინ ედგომებოდა და იძულებული იყო, ტყისთვის შეეფარებინა თავი.

მიხა ვაჟა -ფშაველას ვაჟის, ლევან რაზიკაშვილისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეგობარი იყო. სწორედ ლევანმა არ დააჭერინა ახალგაზრდა პოეტი -დიაკვანი, როცა ტაძარში  დაბრუნებულს იარაღი აჰყარეს და ამის გამო, წითელ კომისართან დაპირისპირება მოუხდა. შემდეგ, მიხა ისევ ტყეში გავარდა და ახალ მთავრობას უკვე ღიად დაუპირისპირდა. ის ხალხსაც აგულიანებდა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის საბრძოლველად მოუწოდებდა, რის გამოც, ხელისუფლებამ მიხაზე ნადირობა გამოაცხადა. დასდევდნენ, უსაფრდებოდნენ, მაგრამ ვერ იჭერდნენ, ვერც კლავდნენ.

მისი და, პელაგია ასეთ ამბავს ჰყვებოდა: ერთხელ, ღამით მიხამ მომინახულა. მოისვენა, პური შეჭამა. მერე სანოვაგე ჩავუწყე ხურჯინში და გავაცილე. ხიდზე რომ გადავდიოდით, საიდანღაც რამდენჯერმე გვესროლეს. მიხამ გზისპირა თხრილისკენ მიბიძგა, თავადაც გადმომყვა, ზედ გადამეფარა, გასროლას გასროლითვე უპასუხა, მერე სხარტად გამომიცვალა ადგილი, თვითონ კი ტყეში შევარდა და მალიმალ, ადგილმონაცვლეობით ასტეხა სროლა. მდევართ ეგონათ, მიხას მთელი რაზმი ახლავსო და სასწრაფოდ გაგვეცალნენო.

ერთხელაც, თურმე მიხა ახლობლებთან ერთად სადილობდა. ამ დროს სოფელში ქორწილი იყო. ლხინის სუფრაზე მყოფ მილიციის კომისარს შეატყობინეს, მიხა აქვე, ტყეში ქეიფობსო. მან მოუხმო რიგით პოლიციელს და უთხრა, დაიჭირე ხელაშვილი, აბა მილიციელი რისთვის ხარო? მილიციელს კიდევ  თოფი მიუგდია უფროსისთვის და მიუძახებია, წადი და შენ დაიჭირე თუ მაგარი ხარო. ამ დროს მათ მიხა უთვალთვალებდა, ვერ მოითმინა, შევარდა ოთახში, ორივე გამოიყვანა, ტყეში წაასხა და ყასიდად უთხრა, ახლა პირველი რომელი დაგხვრიტოთო? ორივე ერთმანეთისკენ იშვერდა ხელს- ის დახვრიტეო. მიხას გაუცინია, ორივე გაუშვია და მიუყოლებია: მომშორდით, თქვენ რა ხართ და თქვენი დაჭერილი კაცი რაღა იქნებაო.

ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის წევრი,  ალექსანდრე სულხანიშვილი იხსენებდა, რომ  მიხა დაატარებდა ერთ აბგას, რომელშიც ფურცლებსა და საწერ მასალას ინახავდა. წამოწვებოდა  ხოლმე მდელოზე და ორ-სამ საათში ლექსს წერდა.

_ მიხას ლექსი ,,დედის სიკვდილზედ“ ქალის მკვლელი მამაკაცების ერთგვარი შეჩვენებაც არის …

– ,,დიაცის მოკვლა არ არი, ადათი ვაჟკაცისაო“ – ამბობს მიხა დედის მკვლელობასთან  დაკავშირებით დაწერილ ლექსში. მიუხედავად იმისა, რომ მას შეეძლო შური ეძია დედის მკვლელზე, ეს არ გააკეთა. ფშავში დღემდეა შემორჩენილი მიხას დედის, თამარის  მკვლელობის ამბავი. დედამისი ხშირად ჩადიოდა ჩარგალში, ქალიშვილის ოჯახში. ერთ დღესაც თამარმა სახედარს ტვირთი აჰკიდა, უნდოდა,  მეზობლებში გადაემალა ნაჭრები, მაგრამ გზად მიხას საძებნელად წამოსულ რაზმს გადაჰყრია. თავის ასარიდებლად გზიდან გადაუხვევია, მაგრამ შეუმჩნევიათ და სროლა აუტეხიათ. ქალი მოკლეს, ჯორზე აკიდებული ტვირთი კი მიითვისეს. ხალხი იმასაც ამბობდა, რომ თავდაპირველად მოხუცი ტყვიით დაჭრილი იყო, მაგრამ შვილის ადგილსამყოფელი რადგან არ გასცა, ის აწამეს და ტანჯვით ამოხადეს სულიო. სხვათა შორის, მიხას დედის მკვლელობის ერთ-ერთ მონაწილესაც აქვს მოგონებებში ეს ამბავი მოხსენიებული. ,, ჩვიდმეტ-თვრამეტი წლის ვიქნებოდი საქართველოს გასაბჭოება რომ მოხდა. მთავრობა ახალგაზრდებს გვიბარებდა, კომკავშირში გვიღებდა, სამსახურს, სწავლას გვპირდებოდა თუ ახალგაზრდულ რაზმში ჩავეწერებოდით და ბანდიტებთან ბრძოლაში გავუწევდით დახმარებას. ამ მიზნით იარაღსაც გვირიგებდნენ. დაგვაჯერეს, რომ მთავრობის მოწინააღმდეგენი ნამდვილად ბანდიტები იყვნენ. ერთხელაც გავიგეთ, რომ ყაჩაღად მონათლული მიხა ხელაშვილი იყო ფშავში გადმოსული. სასწრაფოდ შეგვკრიბეს და ჩარგალში წაგვიყვანეს. შვიდნი ვიყავით. მაშინ ის ქაქუცასთან ერთად იბრძოდა. ჩაგვასაფრეს მიხას დის სახლის ქვემოთ- თუ გამოჩნდებოდა უნდა გვესროლა. დილაბინდი იყო, სახლთან ვიღაცის ლანდი დავინახეთ. ,,არიქა, ესროლეთ, არ გაგვასწროსო“ – გაიცა ბრძანება და ჩვენც ავტეხეთ სროლა. მერე ავედით სახლთან და დედაბერი დაგვხვდა მკვდარი. არ ვიცი, ვისი ნასროლი ტყვია მოხვდა, ყველა ერთად ვისროდით. იმავ წუთს მთავრობამ მოგვაშორა ფშავს და თბილისში გადაგვმალა, მიხა აუცილებლად იძიებს შურსო. ფშაველები თვლიდნენ, რომ ქალის მოკვლა კაცის ლაჩრობის დასტური და ფშავის სირცხვილი იყო.

მიხა ხელაშვილი ვერც დედის მკვლელობით გატეხეს. როდესაც წითლებმა ფეხი მოიმაგრეს საქართველოში, მათ  ეკლესიების ძარცვა-ნგრევა დაიწყეს. სიწმინდეებს საწყობებად,  ცხენების თავლებად, კომკავშირულ დარბაზებად და კლუბებად იყენებდნენ.  ღვთის გმობისა და მკრეხელობისკენ მოუწოდებდნენ ხალხს. იმ პერიოდში, ფშავისა და კახეთის მიდამოებში კომისრად იყო გამწესებული ვინმე ზულიაშვილი, რომლის საქციელიც მოსახლეობას ძალიან აფორიაქებდა. ხალხი ქაქუცასა და მისი რაზმის წევრებს სთხოვდა, მოეშორებინათ მათთვის ეს პიროვნება. კომისარსა და მის თანაშემწეებს ხალხის თანდასწრებით გამოჰქონდათ ტაძრებიდან ხატები, საეკლესიო წიგნები, მღვდლის სამოსი და წვავდნენ. ერთხელ ზულიაშვილს განუცხადებია, მე თვითონ მოვხსნი ჯვარს ტაძრის გუმბათიდან და დაინახავთ, რომ ღმერთი ვერაფერს მიზამსო. დაინიშნა ტაძრიდან ჯვრის ჩამოგდების დროც. ქაქუცამ თავის რაზმელებს დაავალა, ხალხის სურვილი  ავასრულოთ და ეს ურჯულო გუმბათზე მოვკლათო. ასეც მოხდა, მიხასი და მისმა მეგობრების ნასროლმა ტყიამ  გუმბათიდან ჩამოაგდო ჯვრის მოსახსნელად სახურავზე მიმავალი კომისარი. ამის მერე ხალხი თურმე გაიძახოდა, აი, თუ ვერ მოკლა ღმერთმა მისი უარმყოფელიო, მაგრამ  ქართველი პატრიოტების რაზმს წევრები ნელ-ნელა აკლდებოდა- ქაქუცასა და მიხას მეგობრებს თითქმის ყოველდღიურად უკლავდნენ და მათ მიერ ქვეყნის გათავისუფლების არეალს ავიწროვებდნენ. საბოლოოდ, ქაქუცა ჩოლოყაშვილი ქვეყნიდან გაიქცა, მაგრამ მას არ გაჰყვა მიხა. პოეტმა საკუთარ სამშობლოში სიკვდილი არჩია, სხვა ქვეყანის სიამეს.

_ ამბობენ, რომ მიხა მეგობრებმა მოკლეს. მართლა ასე იყო?

_  მიხა ხელაშვილმა საკუთარი აღსასრული თავის ლექსშიც იწინასწარმეტყველა – ,,მე მამკლავს ძმისა მამკლავი, იქნება სახელიანი?!“ როგორც ჩანს, გრძნობდა, რაც ელოდა. ხელისუფლებამ მოისყიდა ჩარგლელი ლუკა მარცვალაშვილი, რომელსაც ძმადნაფიცობის ტყვია ჰქონდა გაცვლილი მიხასთან.

ერთხელაც, ძმადნაფიცს მინდობილი მიხა ესტუმრა მარცვალაშვილს. მასპინძელი დიდი პატივით დახვდა- წვერიც კი გაპარსა სტუმარს. როგორც ჩანს, მიხას ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა და ლუკას უთხრა, ვერაგულად სიკვდილი მელის, ბარემ ყელში გამომისვი სამართებელი, ლუკავ, რაღაა ჩემი სიცოცხლეო. ლუკა ატირებულა, ამას როგორ მეუბნებიო. მერე მათთან კიდევ ორი მკვლელი მეგობარი მისულა. თურმე მიხა მათაც უმეორებდა, თუ მამკლავთ, ჩემი ტყვიით მომკალითო. მარცვალაშვილებმა სტუმარი საბძელში დააძინეს და კაცებმა წილი ჰყარეს მიხას სიკვდილზე. მეგობრის მოკვლა ლუკას ერგო, მაგრამ შუაღამისას, როდესაც მძინარეს იარაღით დაადგნენ თავზე, მარცვალაშვილმა ვერ გაბედა სროლა, ხელი აუკანკალდა. მას იარაღი ლევან გარსევანიშვილმა წაართვა და მძინარე პოეტი ადგილზე განგმირა. ვახტანგ რაზიკაშვილი კი, მიხას მკვლელობის ამბავს სახლში ელოდა. მას გამყიდველობის გარდა, მიხას ცოლის ხელში ჩაგდებაც სურდა. როცა იქვე ჩასაფრებულმა მილიციის რაზმებმა ხელაშვილის სიკვდილის ამბავი შეიტყეს, სროლა ატეხეს, რომ ხალხს მათი მოკლული ჰგონებოდა, მაგრამ სიმართლე მაინც ვერ დაიმალა და ყველამ გაიგო, როგორი მუხანათური სიკვდილით გაისტუმრეს იმქვეყნად მიხა ხელაშვილი. პოეტის სხეული დუშეთის მილიციის ეზოში დააგდეს და დარაჯი დაუყენეს, რომ არავის მოეპარა და დაემარხა. მეგობრის დახმარებით მიხას დამ მოიპარა ძმის სხეული და გვიან ღამით, დედის საფლავის თავთან  დამარხა. მიხა ხელაშვილი ჩარგალში, ვაჟა ფშაველას სახლ- მუზეუმიდან 2 კილომეტრში განისვენებს.

ახადში, მამისეულ სახლში, მილიციამ სულ გაანადგურა პოეტის ბოლოდროინდელი ჩანაწერები. მიხას ლექსები ხალხში იყო გაფანტული, მაგრამ ზოგს შეეშინდა და მაშინვე დაწვა. მკვლელობის დღეს, მიხა თურმე ახმეტისკენ აპირებდა წასვლას და დათოვლილ გზაზე ტვირთის ტარება არ უნდოდა. ამიტომ ტყავის ჩანთა, რომელშიც საკუთარ ლექსებს ინახავდა, დაუტოვა დას. თან დაუბარა, თუ მომკლეს, ვანო ხორნაულს ჩააბარე, ის მიმიხედავსო. სწორედ ამ სახით შემოგვრჩა მიხა ხელაშვილის პოეტური მემკვიდრეობა, მისი საუკეთესო ლექსები.

_ ვახტანგ რაზიკაშვილმა მიხას ცოლის ხელში ჩაგდება შეძლო?

_ მიხა ხელაშვილსა და შემდგომ მის მეუღლეს, დედუნა ბაჩიაშვილს ერთმანეთი უყვარდათ. ლუკამ შეყვარებულ ქალს ლექსიც უძღვნა: ,,კლდის ფხაზე თეთრო ყვავილო, სანთელო ქარაფებისა, ჩემს გულში, ჩემო მნათობო, მჩაგვრელო ვარსკვლავებისა“ . ერთად ცხოვრება ჯვრისწერამდე დაიწყეს, რადგან დედუნას მამა გარდაეცვალა და ჯვრისწერა ვერ მოახერხეს. მალევე შეეძინათ სიყვარულის ნაყოფი, თამარი.

ვახტანგ რაზიკაშვილი მიხას მეგობარი და თამარის ნათლია იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ნათელმირონს მან მიხას სიცოცხლეშივე უღალატა. პოეტი  ერთ-ერთ ლექსში ვახტანგს ეუბნება ,,მირონის ქოთანი გატეხეო“. პოეტის სიკვდილის შემდეგ, რაზიკაშვილმა ბოლომდე დაამსხვრია ნათელმირონობისა და ძმადნაფიცობის იდეალი- მიხა ხელაშვილის ცოლი, დედუნა შეირთო ცოლად და ნათლულის მამინაცვალი გახდა. თანაცხოვრებისას მათ ვაჟიშვილი შეეძინათ.

ნელი ვარდიაშვილი

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close