ნელი ვარდიაშვილის სტატიები

ქიზიყელი ვარდიაშვილები ვაჩნაძეები არიან, ჩოლოყაშვილები კი ბიძინაშვილები გახდნენ

გვარების საინტერესო ისტორიები

            ვარდიაშვილები ვაჩნაძეები ყოფილან

ვაჩნაძეები კახელი თავადები იყვნენ და ეხლანდელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდნენ. ერთ-ერთი თქმულების მიხედვით, ვაჩნაძეს ორი ვაჟიშვილი ქიზიყში დაუსახლებია. კერძოდ, სიღნაღის მაზრაში. სოფელ ბოდბისხევში, ყოველ კვირას იმართებოდა დიდი ბაზრობა და სხვადასხვა პროდუქტის, საქონლის შესაძენად ხალხი სხვადასხვა მაზრებიდან ჩამოდიოდა. ვაჩნაძეების ნათესავებიც ჩამოსულან ერთხელ ქიზიყის ბაზარში სავაჭროდ და ნათესავები მოუკითხავთ- სად ცხოვრობენ ვარდია ვაჩნაძის შთამომავლებიო? ქიზიყელებს ვარდიას შვილების ადგილსამყოფელი მიუნიშნებიათ, მაგრამ მას შემდეგ სიღნაღელ ვაჩნაძეებს ყველა რატომღაც  ვარდიას შვილებად მოიხსენიებდა. მეტსახელმა ბოლოს გვარის ფორმა მიიღო.

ვარდიაშვილები არა მარტო ქიზიყში, იმერეთში, თბილისში, ქვემო ქართლში და საქართველოს სხვა კუთხეებში ცხოვრობენ.

              როგორ გახდნენ ჩოლოყაშვილები ბიძინაშვილები

1924 წლის აჯანყების შემდეგ, ქაქუცა ჩოლოყაშვილების ახლობლებს დევნა დაუწყეს. ჩოლოყაშვილები იძულებულნი გახდნენ, გვარი გამოეცვალათ. ერთ-ერთმა შტომ გვარი ბიძინაშვილებად გადაიკეთა. ბიძინაშვილის გვარის წარმომადგენელმა, ქალბატონმა მზისადარმა გვითხრა, რომ რეპრესიებს მისი ოჯახი, გვარის გადაკეთების მიუხედავად, მაინც ვერ გადაურჩა. მისი მშობლები დააპატიმრეს და ქალბატონი მზისადარი გადასახლებაში დაიბადა. მის სახელსაც უცნაური ისტორია აქვს. დედამისს, ქალბატონ სარას სურდა, რომ ქალიშვილისთვის ,,ვეფხისტყაოსნის” პერსონაჟის, ნესტან-დარეჯანის სახელი დაერქმია, მაგრამ გადატანილი ტანჯვა-წამების შემდეგ, ეს სახელი ვეღარ გაუხსენებია. ფიქრის დროს მზისადარი გახსენებია და ქალიშვილს ეს სახელი ამიტომ დაარქვა.

ბიძინაშვილების გვარი დიდია და კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში სახლობენ. ამ გვარი წარმომადგენლებს გორშიც შეხვდებით.

ნელი ვარდიაშვილი, ჟურნალი ,,სარკე” 2002 წელი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close