ნელი ვარდიაშვილის სტატიები

ექიმ-ნარკოლოგი თბილისის ქუჩებს ,,აცოცხლებს”

,,ასე მგონია, ჩემს მიერ შექმნილ სახლებში ისევ ჩქეფს ცხოვრება ..."

ექიმ-ნარკოლოგ  ჯონი ჯანაშიას ხელოვნების მოყვარულები კარგად იცნობენ. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ჯანდაცვის სისტემაში მაღალი თანამდებობები უკავია, მონაწილეობს კინოში, კონცერტებზე, გადაცემებში, სადაც მღერის, ცეკვავს, ლექსს კითხულობს ან ხუმრობს. ბოლო წლებში საზოგადოებამ ჯონი ახალ ამპლუაში იხილა – ის თბილისის ძველ ქუჩებსა და სახლებს მაკეტებით აცოცხლებს. ჯონი ჯანაშიას მიერ შექმნილი შენობები 70-იანი წლების თბილისში გვაბრუნებს და მოგონებების მორევში გვითრევს.

 ჯონი ჯანაშია:

_ პატარა რომ ვიყავი,  ჩემი ოჯახი თბილისში, კომუნალურ ბინაში ცხოვრობდა. კარის მეზობელი ცნობილი არქიტექტორი, ვანო დემეტრაძე გვყავდა. მასთან ხშირად შევდიოდი. ჩემს ყურადღებას კარდონის დიდი სახლები იქცევდა, რომლებიც ოთახში იყო განლაგებული. მეხსნიერებაში ღრმად ჩამებეჭდა სახლებით გადავსებული სივრცე. ცოტა რომ მოვიზარდე, კონსტუქტორებით ვთამაშობდი- სხვადასხვა საგნებს ვაწყობდი. დაახლოებით 5 წლის წინ კი თავად დავიწყე პატარა სახლების მაკეტების გაკეთება.

ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოს ვხელმძღვანელობდი და ყველა სამედიცინო მასალას ტენდერების საშუალებით ვყიდულობდით. ერთ-ერთმა ფირმამ შემოგვასაღა დაბალი ხარისხის შპრიცები, რომლებიც შიგნიდან დაცვარული იყო, სისტემები კი ჰაერს აპარებდა. აგრეთვე შევისყიდეთ ყელის გასასინჯი ჩხირები, იგივე ,,შპადელები“, რომლებიც ხიჭვიანი და ადვილად მსხვრევადი გამოდგა. ეს ფირმა ,,გავაშავეთ“ და სხვა ფირმას დავუკვეთეთ კარგი შპადელები და შპრიცები. ამ ალიაქოთში რომ ვიყავით, შემთხვევით, მაგიდაზე დაწყობილი ძველი შპადელები ერთმანეთს მივადე, რამაც მეგრული ოდის კედლის შთაბეჭდილება შემიქმნა. სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონში, ბაბუა-ბებიას ძველებური ოდა სახლი ჰქონდათ და ზაფხულს ხშირად იქ ვატარებდი. კარგად მახსოვდა ამ სახლის ყველა დეტალი.  ჩამოწერილი შპადელები სახლში წავიღე და ერთ დღეში მეგრული ოდა ავაწყე. მერე ფოტო გადავუღე და ფეისბუქზე დავდე. საოცარი მოწონება დაიმსახურა ჩემს მიერ შექმნილმა ოდამ. რამდენიმე დღეში მარიკა დარჩიამ დამირეკა და მითხრა, თბილისის საკრებულოში შენი გამოფენა რომ მოვაწყოთ, თბილისის სახლების ესკიზების შექმნაც უნდა სცადოო. იდეა მომეწონა და თბილისური სახლიც მალევე გავაკეთე. მერე კახეთში მომიხდა წასვლა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხაანთან, ძველებური სახლი დავინახე. მისი ანალოგი მაკეტიც თბილისში დაბრუნებისთანავე შევქმენი. ასეთი იყო ამ საქმის დასაწყისი.

       _ ძირითადად თბილისის ქუჩებისა და სახლების მაკეტებს ამზადებთ?

_ ძირითადად ჩემი სახლის მიმდებარე ქუჩებისა და სახლების მაკეტებს ვქმნი. დამზადებული მაქვს ჩემი კორპუსი, კინო ,,ოქტომბერი“… კარგარეთელის ქუჩის მშვენებას, სიყვარულის სასახლედ წოდებულ, ამჟამად ხელოვნების მუზეუმის შენობის მაკეტს რომ ვამზადებდი, ზედა ნაწილის დამზადება გამიჭირდა. გიორგი კალანდიას ვთხოვე დახმარება და მან მაჩვენა სასახლის ძველი პროექტი, რის შემდეგაც შევქმენი შენობის სრულყოფილი მაკეტი. მოგეხსენებათ, პრინცმა ოლდენბურგმა ეს სასახლე საყვარელ ქალს, აგრაფინას აუშენა და ამიტომ შეარქვეს სიყვარულის სასახლე.

მტკვრის სანაპიროზე ქორწინების სახლი ჩემი ბავშვობის მოგონებებთან არის დაკავშირებული. დედას საბავშვო ბაღში რომ მივყავდით, ქორწინების სახლს ჩავუვლიდით ხოლმე. არაერთხელ შევხვედრივართ საქორწინოდ მორთულ მანქანებსა და ნეფე-პატარძლის მხიარულ ამალას. მეც ავდექი და ბავშვობის ეს მოგონება მუყაოთი გავაცოცხლე. პლეხანოვზე ახლაც დგას რკინიგზელთა ძველი სახლი. ჩემს მაკეტებში ეს სახლი კვლავ ძველი ცხოვრებით ცხოვრობს. ბევრი მაკეტი ბავშვური მოგონებების მიხედვითაა შექმნილი, ბევრის დასამზადებლადაც  ძველი ფოტოები და ნახაზები გამოვიყენე, დეტალები რომ არ გამომრჩენოდა. ,,ახალი წელი პლეხანოვზე-1972 “ – ასე დავარქვი ერთ-ერთი  სახლის მაკეტს, რომელზეც კარგად იგრძნობა ძველებური საახალწლო განწყობა, თოვლი და ჟრიამული. წინათ ვიტრინების განათებები არ იყო და  ბამბით აწებებდნენ ,,გილოცავთ ახალ წელს“, მაღაზიებში კი ტკბილეულის პირამიდები იდგა. მეც ზუსტად ასე გამოვსახე მაკეტზე.

1937 წლამდე თბილისში, გმირთა მოედანზე არსებობდა ერთი საინტერესო დუქანი. მას ერქვა ,,ნე უიეჟაი გალუფჩიკ მოი“. როგორც ცნობილია, იქ ფიროსმანიც ხატავდა. არსებობს ამ დუქნის ერთადერთი შავ-თეთრი ფოტო და ელენე ახვლედიანის ნახატი. ეს ფოტო და ნახატი მოვიძიე, წინ დავიდე და დუქნის მაკეტი გავაკეთე, ეზოში დადგმული მაყალითა და  ფაეტონით.

    _ ჯონი, ყოველთვის აქტიურად დასაქმებული ექიმი ხართ, ხშირად მაღალი თანამდებობებიც გიკავიათ, ხელოვნებისთვის როდის იცლით?

_ შემოქმედებითი საქმიანობისთვის შაბათ-კვირას ვიყენებ. სანამ მაკეტის დამზადებას დავიწყებ, ბევრს ვფიქრობ, რა გავაკეთო, როგორ გავაკეთო, რითი გავაკეთო… რა შევძინო ახალი და საინტერესო, რომელიც საზოგადოებას უფრო მეტ ინტერესს გაუჩენს. რასაც მე ვაკეთებ, რეალურად მაკეტი არ ქვია, ეს უფრო დიორამაა, რადგან ფაქტიურად, ძველ სახლებსა და საგნებს სულს ვბერავ და ადამიანებისთვის მონატრებულ სცენებს ვაცოცხლებ. ასე მგონია, ჩემგან გაცოცხლებული სახლების ფანჯრების მიღმა სიცოცხლე ისევ ჩქეფს და სინათლეც გამოდის. მინდა, რომ იქიდან მუდმივად ისმოდეს ძველებური ჟრიამული. სწორედ ამიტომ, კონო ,,ოქტომბერი“ გავაკეთე არა ისეთი როგორიც ახლაა, არამედ, როგორიც ჩემს ბავშვობაში იყო. აფიშაც კი იმ დროინდელი გავაკარი. იმ პერიოდში კინოსთან ორი სახის აფიშა იყო გამოფენილი: ,,დღეს“ და ,,მალე“.  მეც ერთზე ფილმი ,,არაჩვეულებრივი შვიდეული“ მივაკარი და მეორეზე ,,ფანტომასი“.

კიდევ ერთ საინტერესო მაკეტზე მინდა მოგითხროთ. ბაბუაჩემი და ჩემი მამიდაშვილ-ბიძაშვილები სოხუმში ცხოვრობდნენ. მათთან სტუმრობის დროს, მატარებლიდან ქალაქის ცენტრში, ,,ბარათაშვილის“ სადგურზე ჩამოვდიოდი და  სახლამდე გზას ფეხით მივუყვებოდი, იქაური გარემოთი უკეთ რომ დავმტკბარიყავი. სოხუმის სადგურ ,,ბარათაშვილის“ მაკეტიც გავაკეთე. არაფერი გამომრჩენია სადგურის  აღწერილობიდან. ამ მაკეტის შექმნის გამო, სოხუმელების იმდენი მადლობა და ლოცვა დავიმსახურე, ცოტაარიყოს შემრცხვა.

     _რის გაკეთებასაც ჩაიფიქრებთ, ყოველთვის ყველაფერი კარგად გამოგდით?

_ ბევრი მეუბნება, რა ნერვები გაქვს, ამას როგორ აკეთებო? ზოგჯერ ერთი კვირა ვუნდები ესკიზის შექმნას, ზოგჯერ კი თვეზე მეტსაც. ვორონცოვზე ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ექსკიზს ორთვენახევარი მოვუნდი. ეს მაკეტი ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში დადგეს, საკმაოდ დიდი ზომისაა და 30 კილოგრამს იწონის. თუ ვხედავ, რომ რაიმე არ გამომდის, იმ მაკეტს ვხევ და ახლიდან ვიწყებ იგივეს კეთებას. რისი გაკეთებაც დავისახე მიზნად, ყველაფერი გავაკეთე, არცერთი არ მიმიტოვებია გზაში.

მაკეტების კარკასისთვის წინათ მუყაოს ვიყენებდი, მერე ,,პევეხა“-ზე გადავედი, რომელიც ადვილად იჭრება. ზემოდან კი ბრტყლად დაჭრილ პენოპლასტს ვაკრავ, რომელსაც ვღებავ. შეღებილზე გადატარებული ფანქარი კვალს ტოვებს და ასეთ მასალას, ბევრი საგნის დასამზადებლად ვიყენებ. სახლის სახურავებსაც მარტივად ვაკეთებ. კარდონს ზედა თხელ ფენას ვახევ, სადაც არის გოფრირებული შიგთავსი. ამ შიგთავსს სახლებს სახურავად ვაკრავ და ვღევაბ. განათების ბოძების დასამზადებლად ხშირად ძველ ანტენებს ვიყენებ. აივნის რიკულები ერთხელ სავარცხლისგანაც დავამზადე. ფაეტონის გოფრირებული ,,ტენტი“ მედიკამენტ ,,პანანგინის“ სახურავის გოფრირებული ლუქისგან გავაკეთე. ზოგჯერ ისეთ საგნებს ვიყენებ მაკეტებში, მისი რაიმეში გამოყენება, შეიძლება ბევრს აზრადაც არ მოუვიდეს.

     _ მსგავს მაკეტებს საქართველოში სხვებიც თუ ქმნიან?

_ ქარვასლაში განთავსებულ თბილისის მუზეუმში აქვთ ძველად დამზადებული მონოლითური, საოცარი მაკეტები. ხელოვანებს გამოყენებული აქვთ ქვა, კენჭები, რკინა და სხვა მძიმე მასალა. ამჟამადაც აკეთებენ საქართველოში მაკეტებს, მაგრამ ჩემი მიმდინარეობა განსხვავებულია- სახლებს, თბილისის უბნებს ისეთი დეტალებით ვრთავ, რომ ძველ იერსახეს, სიცოცხლეს ვუბრუნებ. 17 შენობის მაკეტი მაქვს შექმნილი. სანამ 25-ს არ გავაკეთებ, გამოფენის მოწყობაზე ვერც ვიფიქრებ.

_ ხელოვნებისადმი თქვენი სიყვარული მხოლოდ მაკეტების კეთებით არ შემოიფარგლება. საზოგადოება გიცნობთ როგორც კარგ მომღერალ-მსახიობ ექიმს. იქნებ ამ გატაცებებზეც მოგვიყვეთ?  

_ თავდაპირველად რობერტ დარახველიძის ანსამბლში ვცეკვავდი და პერსპექტიულ მოცეკვავედ ვითვლებოდი. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ცეკვის მიტოვება მომიხდა, რაც ძალიან განვიცადე. 4 წელი ფორტეპინოსაც ვსწავლობდი, მაგრამ გამებისა და მენუეტების დაკვრა არ მსიამოვნებდა. ჩემს ოჯახში ყველა კარგად მღეროდა. ალბათ ამანაც გამოიწვია ის, რომ წლების შემდეგ, სიმღერის ნიჭი მეც გამოვავლინე. მშობლები ექიმები მყავდნენ. ერთხელ მამაჩემს პაციენტმა გიტარა აჩუქა. სახლში რომ მივედი, ბებიაჩემი გიტარას აწკარუნებდა და მღეროდა. მითხრა, მოდი, გასწავლოო, მაგრამ მტკიცედ ვიუარე. ერთ-ერთ ექსკურსიაზე თანაკლასელმა, ვანო მახარობლიშვილმა გიტარა წამოიღო. ჩამოჰკრა, დააღიღინა და მთელი გოგონები მას დაესივნენ. იმ დღეს ვანო ლამაზმანებში გადაფურჩქნილი იჯდა. მაშინ მივხვდი, რომ ბებო სასიკეთო საქმის სწავლას მთავაზობდა, მივუცუცქდი და გიტარის ანბანი შევისწავლე. შემდეგ ჩემთვის ვიკეტებოდი ოთახში და სხვადასხვა სიმღერებს ვამუშავებდი. ცხადია, ეს ცოდნა ძალიან გამომადგა, როცა სტუდენტობის დროს კავეენების, სტუდენტური დღეების ორგანიზება დამევალა. მოგვიანებით კი, ექიმების კონცერტებშიც წამყვანი როლი მეკავა.

სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ბაია ფუთურიძე მასწავლიდა. მოსწავლეებისთვის პოეზია რომ შეეყვარებინა, მან მიაგნო საინტერესო მეთოდს – გამოგვაყოფინა რვეული, რომელშიც კვირაში ერთხელ უნდა ჩაგვეწერა ჩვენი მოწონებული ლექსი და გაკვეთილს რომ ჩავაბარებდით, ზეპირად ნასწავლი ლექსიც უნდა ჩაგვერაკრაკებინა. იმ პერიოდში, თბილისის პირველ საშუალო სკოლაში ხშირად მოდიოდა პენსიაზე გასული პედაგოგი – ბაბო მჭედლიძე, რომელიც თავის დროზე ასწავლიდა კოტე მახარაძეს, მედეა ჩახავას, ბადრი კობახიძეს და ბევრ სხვა ცნობილ მსახიობს. მას სკოლაში მხატვრული კითხვის წრე ჰქონდა გახსნილი და იქ მეც დავდიოდი. ის კლუბის დარბაზის ბოლო სკამზე ჯდებოდა, ჩვენ კი ვკითხულობდით მონოლოგებს, ლექსებს… დავიწყებდით თხრობას და უცებ დაიძახებდა: ,,სტოპ! გენაცვალე, ასო ბგერა ,,ლ“ ვერ გავიგე, დაიწყე თავიდან“, ,,სტოპ! გენაცვალე, ახლა ვერ გავიგონე ასო ბგერა ,,ჟ“, დაიწყე თავიდან“ და ჩვენც თავიდან ვიწყებდით თხრობას. ასეთმა წვალებამ საუკეთესო დიქცია შემძინა და მხატვრული კითხვის თვალსაზრისითაც წამადგა. თქვენ წარმოიდგინეთ, პაროდიის ოსტატიც ვიყავი- ცნობილ ადამიანებს არაჩვეულებრივად ვბაძავდი…

ბავშვობაში მიღებული ცოდნის გამოყენება სტუდენტობის წლებიდან დავიწყე, როცა ფილარმონიაში სტუდაქტივის კრებები იმართებოდა, რომელიც სტუდენტური დღეების დასკვნით ნაწილს წარმოადგენდა. ამ კონცერტებმა დაუდო საფუძველი დღევანდელ ქართულ ესტრადას- თითქმის ყველა ცნობილი მომღერალი მაშინდელი სტუდენტური კონცერტების მონაწილე გახლდათ. იქ  გავიცანი თემურ თათარაშვილი, თემურ ყვითელაშვილი, ტრიო ,,სიმის“ სოლისტები… მე ვიყავი პროექტის ხელმძღვანელი, რომელსაც ერქვა ,,ექიმები არ ხუმრობენ“. ამ პროექტით საზოგადოებამ კარგად დაინახა, მედიცინაში რამდენი ადამიანია დაჯილდოვებული სიმღერის, ცეკვის, მხატვრული კითხვის ნიჭით.

სამედიცინო ინსტიტუტში ყოფნის დროს ასეთ ფაქტს შევესწარი- ჩვენი პრორექტორი ნუგზარ ტატიშვილი მიუჯდა პიანინოს და ისე მაღალპროფესიონალურად დაუკრა, ყველა გაოცებული დაგვტოვა. მერე გავიგე, რომ სამედიცინო ინსტიტუტთან ერთად, კონსერვატორიაც ჰქონია დამთავრებული. კარგად რომ გამოვიკითხე, აღმოვაჩინე, რომ საქართველოში პირველი ჯაზის ანსამბლი სამედიცინო ინსტიტუტში შეიქმნა. ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა დიმიტრი არაყიშვილის შვილი, რომელიც ექიმიც იყო და საქსაფონისტიც. 50-60-ინი წლების მიჯნაზე, თბილისის ოპერის თითქმის ყველა სოლისტს სამედიცინო ჰქონდა დამთავრებული. პროექტში ,,ექიმები არ ხუმრობენ“ ახალგაზრდა და უფროსი თაობის ექიმების ერთიანი გუნდი მონაწილეობდა. მაყურებლის დიდი კმაყოფილება დავიმსახურეთ. ჯანდაცვის მინისტრი მაშინ ავთო ჯორბენაძე იყო, რომელმაც მითხრა, ამ ღონისძიებით თქვენ ექიმებს საკუთარი თავის რწმენა და პროფესიული სიამაყე დაუბრუნეთო. მეც ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემთვის უპირველესი მაინც მედიცინაა. ჯერ ექიმი ვარ და შემდეგ მომღერალი, მსახიობი, ხელოვანი…

     ნელი ვარდიაშვილი, გაზეთი ,,კვირის პალიტრა”

.

.

.

.

.

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close