ნელი ვარდიაშვილის სტატიები

,,11 სექტემბერს მდინარე 20-25 სანტიმეტრით იკლებს და მასზე ხალხი გადადის”

თავკვეთულას სასწაულები-,,მოტეხეს ჯოხი, შეაბეს ფეხსაცმლის ზონარი და მტკვრის სიმაღლე ამით გაზომეს გადასვლის წინ და შემდეგ. აღმოაჩინეს, რომ მდინარე მართლაც იკლებდა..."

სამცხე-ჯავახეთში, ვარძიიდან 15 კილომეტრის დაშორებით, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღის სახელობის ტაძარია, რომელსაც ხალხი თავკვეთულას ეძახის. მის შესახებ ზუსტი ისტორიული ცნობები  არ არსებობს. ვარაუდობენ, რომ იგი თამარ მეფის ეპოქაში აშენდა, რადგან ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მსგავსად, ისიც კლდეშია გამოკვეთილი. რამდენიმე წელია, რაც მორწმუნეებმა ტრადიცია დაამკვიდრეს – 11 სექტემბერს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან თავკვეთულაში მრევლი სალოცავად ჩადის. რამდენჯერმე, თავკვეთულაში ჩასული მრევლი სასწაულის შემსწრე გახდა.

ფოტოსურათზე, რომელიც მტკვარზე ფეხით გადასვლის დროს გადაიღეს, უცნაური ნათება აღიბეჭდა. ნათების შუაგულში იოანე ნათლისმცემელი გამოჩნდა, ფერად სპექტრში კი- ქრისტეს 12 მოციქულის ხატება. ბევრმა იფიქრა, რომ სურათზე გამოსახული, განათებული დისკო და სხივები მზის ნათება იყო, მაგრამ ეს ვერსია თავკვეთულას სასწაულის თვითმხილველებმა გამორიცხეს. ისინი ამტკიცებენ, რომ მრევლი მტკვარზე ფეხით დილის 9 საათზე გადავიდა. თავკვეთულას ტაძარი ფერდობზეა და აღმოსავლეთიდან უზარმაზარი კლდეები ეფარება. ცხადია, კლდე დილის მზის სხივებსაც ფარავს. როგორც ამბობენ, ამ ადგილებს მზე მხოლოდ შუადღეზე, 1-2 საათზე ანათებს და სურათზე გამოსახული ნათება მზის სხივები ვერ იქნებოდა. ფოტო კომპიუტერით შეისწავლეს და ხელოვნურობა გამორიცხეს.

თავკვეთულას სასწაულების შესახებ, წლების წინ, მამა ისემ მოგვიყვა:

_ თავკვეთულას ტაძართან სამანქანო გზა არ მიდის. ფეხით უნდა გაიარო მტკვარი და ფერდობზე ისე ახვიდე. მდინარე ამ ადგილებში ერთი მეტრის სიღრმისაა, საკმაოდ სწრაფად მიედინება და განიერიცაა. მხოლოდ ერთ ადგილზეა ფონი, სადაც გადასვლა შეიძლება. მტკვარზე ხელიხელჩაკიდულნი გადავდივართ, წყალმა რომ არ გაგვიტაცოს. ტაძრის შესასვლელი ჯავახეთის ერთ-ერთ ზეგანზეა, რომელსაც თრიალეთის ქედი ფარავს. კარიბჭე იმდენად პატარაა, შესვლას მხოლოდ მოხრილი ახერხებ. ერთი მეტრის შიგნით 70 სანიტიმეტრი სიგანის ორმეტრიანი მილია. მასში კიბეა გაკეთებული. კიბეზე ასვლა მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია. ბეჭებით მილს უნდა აეკრა, აცურდე და ისე აიარო საფეხურები. იქ ასვლა ძნელია, მაგრამ უნდა შეძლო. კიბის ზემოთ კლდეში გამოკვეთილი დარბაზია, სადაც სამრეკლო, ტრაპეზი და კანდელის ჩუქურთმებია. ეკლესიას რაც კი სჭირდება წირვა-ლოცვის აღსავლენად, ქვაშია გამოსახული. ტაძარში უზარმაზარი ქვის ბურთიცაა, როგორც ჩანს, კიბის ამოსასვლელს ეფარებოდა, შემოსევების დროს ტაძარი დაცული რომ ყოფილიყო. ტაძარს ქვაში ამოკვეთილი ღია სარკმელიც აქვს, მაგრამ აქვს ორი დახშული სარკმელიც. ჩვენი აზრით, აქედან გზა კიდევ სხვაგან გადის. ეს სარკმლები რომ გაიხსნას, შეიძლება დიდ საიდუმლოს აეხადოს ფარდა.

.

ჯერჯერობით ტაძარის და მისი ისტორია შესწავლილი არ არის, მაგრამ ჩნდება კითხვა, როცა ასასვლელს ქვით კეტავდნენ, მრევლი ამ პატარა დარბაზში როგორ ცხოვრობდა? უდავოა, იქიდან სხვა გასასვლელიც იყო. არ არის გამორიცხული, კლდეში ამოკვეთილი იყოს ისეთივე ქალაქი, როგორიც ვარძიაშია. ყველაფერი ღვთის ნებით ცხადდება…

  _ როდის და ვინ აღმოაჩინა ტაძარი?

_ ტაძარი, რამდენიმე წლის წინ მეუფე იობმა აღმოაჩინა. როდის იყო იგი მოქმედი, უცნობია. როდესაც ვარძიაში მოსალოცად ჩავედით, ვარძიის მკვიდრმა, პაპა ბაგრატმა გვითხრა, რომ მტკვრის გადაღმაც იყო ტაძარი, რომელიც ამ სახელწოდებით იყო ცნობილი. ეს ადგილები დასახლებული არ არის. ჩვენი აზრით, ტაძარი მე-12 საუკუნისაა. როცა ვარძია გაჭრეს, ისიც მაშინ ააგეს. მისი დეტალები ძალიან ჰგავს ვარძიის კომპლექსს. იმ სილამაზის აღწერა, რასაც ადამიანი მისი ნახვისას განიცდის, შეუძლებელია. ეს უნდა განიცადო.

წმინდა ადგილზე მოსალოცად მისულებს სახიფათო მდინარის გადასვლისას ღმერთი თანადგომას უცხადებს. 11 სექტემბერს, იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს, მდინარე 20-25 სანტიმეტრით იკლებს და მომლოცველებს მისი გავლა არ უჭირთ. დღის ბოლოს კი, როცა ყველა მომლოცველი კვლავ გადმოლახავს მტკვარს, მდინარის სიმაღლე ჩვეულ ზომას უბრუნდება.

    _ ამ სასწაულის სესახებ უფრო დეტალურად მოგვიყევით…

_ მისი აღმოჩენის შემდეგ, თითქმის ყოველ წელს, 11 სექტემბერს მივდივართ ტაძარში მოსალოცად. ერთ-ერთი ასეთი გასვლის დროს, თბილისელმა მძღოლებმა არ დაიჯერეს რაც გზაში მრევლს მოვუყევი. მათ ჩათვალეს, რომ ხალხს ვატყუებდი და ასეთი რამ შეუძლებელი იყო, ამიტომ ფაქტის გადამოწმება გადაწყვიტეს. მოტეხეს ჯოხი, შეაბეს ფეხსაცმლის ზონარი და მტკვრის სიმაღლე ამით გაზომეს მტკვარზე გადასვლის წინ და შემდეგ. აღმოაჩინეს, რომ მდინარე მართლაც იკლებდა 20-25 სანტიმეტრით. ტაძრიდან წამოსულები მეზობელ სოფელ ხერთვისში სატრაპეზოდ შევჩერდით. ამ ადგილებში მდინარეები ფარავანი და მტკვარი, ერთმანეთს უერთდება. გაოცება ვერ დავფარეთ, როდესაც მტკვარი ადიდებული და ამღვრეული ვნახეთ. მასზე ჩვენი გადმოსვლიდან დიდი დრო არ იყო გასული. არც წვიმა მოსულა, რომ მას აედიდებინა მდინარე. როგორც ჩანს, შეგუბებული წყალი ერთბაშად წამოვიდა და მდინარეც ერთბაშად ადიდდა. ამის გაკეთება მხოლოდ უფალს შეეძლო.

დილით მტკვარი საოცრად ცივია. ასეთ წყალში ადამიანი სხვა დროს რომ დასველდეს, აუცილებლად ავად გახდება. მრევლში ბევრი ავადმყოფი იყო. ერთ-ერთს სახსრები აწუხებდა და სიარული  უჭირდა. ეს კაცი თბილისში, მეოთხე სართულზე ცხოვრობს, მაგრამ თავის ბინაში ასასვლელად საათობით ელოდება ლიფტს. ფეხით ასვლა უჭირს. მან თავისუფლად შეძლო მდინარის გადალახვა, ტაძრის მოლოცვა და უკან დაბრუნება. ავად არ გამხდარა. თავადაც არ სჯეროდა, რომ ასეთი გზის გავლა შეძლო. ჩვენთან ერთად ახალნაოპერაციები ქალიც იყო წამოსული. მას სიმსივნე ჰქონდა და მკერდი მოკვეთეს. მეუღლე არ უშვებდა, მაგრამ მაინც წამოვიდა. ისე მოილოცა წმინდა ადგილები, ცუდად არ გამხდარა. ეს გასაკვირი არ არის იმ სასწაულებთან, რომლებიც დიდი ხნის წინ მოხდა. ცნობილია, რომ ეგვიპტიდან გამოსულ ებრაელ ხალხს უფალმა წითელი ზღვა გაუხსნა და ფსკერზე გაატარა. აქედან გამომდინარე,  რა გასაკვირია, რომ  უფალმა მტკვარი ერთი დღით შეამციროს და მორწმუნეებს მისცეს საშუალება, წმინდა ადგილი მოილოცონ. სურათთან დაკავშირებული სასწაულიც იმიტომ მოხდა, რომ საბოლოოდ დამტკიცბულიყო, უფალი ჩვენთანაა.

თავკვეთულას ხილული სასწაული იმიტომ იმიტომ მოავლინა უფალმა, ტაძრში მისული ურწმუნო ხალხი  რომ გაძლიერდეს. ასეთი რამ რომ არ დაიჯერო, უმეცარი უნდა იყო.

ნელი ვარდიაშვილი, ჟურნალი ,,სარკე” , 2003 წელი

პ.ს.

11 სექტემბერს, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღესასწაულს მორწმუნეთა უმრავლესობა თავკვეთულას მონასტერში აღნიშნავს. წლების წინ ამ მადლიან ადგილას მოხვედრა მხოლოდ მდინარეში ფეხით გასვლით შეეძლოთ. ამჯერად ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, გამართული ხიდის საშუალებით მიეახლებიან თავკვეთულას გამოქვაბულს. იმის გამო, რომ გამოქვაბული მომლოცველთა რაოდენობას ვერ იტევს, გარეთაც იდგმება ღია ტრაპეზი და მის გარშემო აღევლინება წირვა-ლოცვა.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close