ნელი ვარდიაშვილის სტატიებისიღნაღის ამბები

ვინ იყო სიღნაღის კოლორიტი, ,,ბედნი იოსკა”?

ნატო ვაჩნაძეს უთხრა, ჩემი მისამართია ბებრების ბაღი, ცაცხუმ -ნაბდუმო

სიღნაღის სასაფლაოზე, პატარა კახის მიერ აშენებულ ციხე-გალავანის კედელთან, საფლავის ძველი ქვები და ტრაფარეტი გამვლელებს შეუმჩნეველი არ  რჩებათ. ,,ბედნი იოსკა”, –  წერია ლამაზქოჩრიანი, საშუალო ასაკის მამაკაცის ფოტოსურათის ქვეშ. ვინ იყო ,,ბედნი იოსკა”? საიდან მოვიდა სიღნაღში ან რა გვარი ჰქონდა? მის შესახებ სიღნაღელებმა მხოლოდ ის იცოდნენ, რომ  ერთ დროს, სიყვარულით სავსე ამ პატარა ქალაქის კოლორიტული მცხოვრები იყო. იოსკას სახლი არ ჰქონია და ნაბადში გახვეული ხან სად იძინებდა და ხან სადო.    გადავწყვიტეთ, მის შესახებ უფრო მეტი გაგვეგო და ძიება-ძიებაში გავიცანით 78 წლის კარლო სულხანიშვილი, რომელმაც იოსკას საფლავს ტრაფარეტი გაუკეთა და დღემდე პატრონობს.

კარლო სულხანიშვილი:

_ სიღნაღში წინათ საოქრომჭედლო მქონდა, სადაც ხშირად მოდიოდნენ სიღნაღელი მოხუცები, ჩამოსხდებოდნენ და ძველ ამბებს ჰყვებოდნენ. სიღნაღის ბულვარშიც ჰქონდათ შეკრების ადგილი და იქაც მათი ხშირი სტუმარი ვიყავი. ძალიან მაინტერესებდა ძველი სიღნაღური ყოფა -ცხოვრება და ამ ყველაფერს მათგან ვიგებდი. მოხუცები ხშირად იგონებდნენ ,,ბედნი იოსკას“. მთელ სიღნაღში ამ უსახლკარო ადამიანზე ლეგენდები დადიოდა.

იოსკა პროფესიით მხატვარი ყოფილა, თუმცა მისი ნახატი მე არ მინახავს. მე და ჩემი მეგობრები ხშირად გავდიოდით ბუნებაში საქეიფოდ. სიღნაღის სასაფლაოს შესასვლელთან ალაზნის ველისა და  კავკასიონის საოცარი ხედებია, ამიტომ იქ ვშლიდით სუფრას. თან დამქონდა ფოტოაპარატიც. ერთხელ ბიძაჩემმა ბაჩომ მითხრა, ,,ბედნი იოსკა“ ციხე-გალავნის ძირშია დამარხულიო და ის ადგილი მაჩვენა. მას შემდეგ მივდიოდით საფლავთან ბიჭები და ჭიქას წავუქცევდით ხოლმე.

მახსოვს, საბავშვო ბაღში რომ მივყავდი დედას, კოოპერატივის ის შენობა უნდა გაგვევლო, სადაც იოსკა დარაჯად მუშაობდა. ის შენობა სიღნაღში ახლაც არის. მისი დარაბების წინ, ცემენტის პატარა ჩამოსაჯდომი იყო და იოსკაც იქ ჩამოჯდებოდა ხოლმე. ახლაც თვალწინ მიდგას ასაკში შესული, ნაბადწამოხურული, მაგრამ ლამაზი კაცი. გზაზე ამვლელ-ჩამვლელა გამოელაპარაკებოდა ხოლმე და სთხოვდა, მომაწევინე თუთუნიო. ყველას უყვარდა და თხოვნაზე  უარს არავინ ეუბნებოდა. ალალი გულის პატრონი, ნაღდი კაცი იყოო, ამბობდნენ.

_ ოჯახი არ ჰყავდა?

_ როგორ არა, შვილები ჰყავდა. ცოლი კი ადრე გარდაცვლია. ორი შვილი თავად გაუზრდია. ვაჟიშვილს ერთი ფეხი არ ჰქონდა და ზედსიძედ იყო ჯუგაანში. ქალიშვილი ბათუმში იყო გათხოვილი. აჭარაში მისი ასავალ-დასავალის გაგება ვცადე, მაგრამ ვერ მივაკვლიე.  წარმოიდგინეთ, ნატო ვაჩნაძე რომ სცემდა პატივს, როგორი კაცი იქნებოდა. ახალგაზრდობის ფოტოც მქონდა, მაგრამ ვეღარ ვიპოვე. ნატო ვაჩნაძეს ძალიან უყვარდა სიღნაღი. ამ პატარა ქალაქს დიდ პარიზს ადარებდა. მას ხშირად რესტორან ,,ფანტაზიაში“ მასპინძლობდნენ  ხოლმე. იმ დროს სიღნაღში ორი საუკეთესო რესორანი იყო, ,,ზურიევის სარდაფი’’ და ,,ფანტაზია’’. ერთხელ ნატოს  სიღნაღელებისთვის  უკითხავს, არ გყავთ ხუმარა ადამიანი, რომელთანაც შეიძლება დაჯდე, ისაუბრო და ბევრი იცინოო. უპასუხიათ, როგორ არ გვყავს, ,,ბედნი იოსკაო”. მსახიობი მისი მეტსახელითაც დაინტერესებულა და შემახვედრეთო, უთქვამს.

სიღნაღში ახლაც არის ბაღი, რომელსაც წინათ ბებრების ბაღს ეძახდნენ. იქ დგას ცაცხვები და ზაფხულობით, ,,ბედნის” თურმე იმ ცაცხვების ქვეშ ეძინა. უთენია დასდგომიან თავზე მძინარე იოსკას, გაუღვიძებიათ და უთქვამთ, ულამაზეს ნატო ვაჩნაძეს შენი ნახვა უნდაო. დაუმორცვებია, ასეთ ფორმაში ულამაზეს ქალს როგორ უნდა წარვუდგეო, მაგრამ მაინც წასულა. გზად ყვავილები მოუკრეფია და მიურთმევია მსახიობისთვის. გაუბამთ საუბარი. ნატოს უთქვამს, ამ ხნის კაცს რომ წითელი წინდები გაცვია, არ გცხვენიაო? ეტყობა, უნდოდა ხომრობაში გამოეწვია. იოსკას უთქვამს, ეხ, ქალბატონო, სად გინახავთ ისეთი ბებერი მტრედი, რომელსაც წითელი ფეხები არა აქვსო. ნატოს გაუცინია, გადახვევია იოსკას შეუქია, გაქებდნენ და მართლაც საოცარი კაცი ყოფილხარო. ბოლოს უთხოვია, შენი მისამართი მომეცი, დღესასწაულებზე მისალოცს გამოგიგზავნი ხოლმეო. სად მაქვს მისამართი, ჩემი მისამართია სიღნაღი, ბებრების ბაღი, ცაცხუმ-ნაბდუმო, ანუ ცაცხვების ძირას, ნაბადში გახვეულს მძინავსო.

რადგან კოოპერატივის შენობის დარაჯი და თანამშრომელი იყო, ერთხელ კოლექტივის გაფართოებულ სხდომაზე შესულა. დარბაზში ყველაზე ბოლო სკამზე დამჯდარა. თავმჯდომარეს რომ დაუნახავს, ტრიბუნიდან დაუძახია, აქ რას უზიხარ, იოსკა, წადი, უდარაჯე, ვინმემ რაიმე არ მოიპაროსო. მას კი უპასუხია, ბატონო თავმჯდომარე, ყველაზე დიდი ქურდები დარბაზში ხართ და გარეთ ვის ვუდარაჯოო? იცოდნენ, იოსკას მწარე სიმართლე უყვარდა და არ სწყინდათ მისი ნათქვამი.

_ რატომ შეარქვეს ბედნი? ან საიდან მოხვდა იოსკა სიღნაღში? 

_ ,,ბედნი იოსკა” ძირძველი სიღნაღელი იყო, გვარად დავიდოვი. ამ ქალაქში დავიდოვები ბევრნი არიან, ყოფილი დავითაშვილები არიან, წარმოშობით ვაქირელები. სიღნაღში პირველი სტამბის მეპატრონეც დავიდოვი იყო. იოსკას სახლიც ჰქონია სიღნაღში, დაბახანის უბანში, ამჟამინდელ სარაჯიშვილის ქუჩაზე, მაგრამ გაჭირვება მისდგომია კარზე და გაუყიდია. მას შემდეგ სადაც უღამდებოდა, იქ იყო მისი ბინაც. ბედნიც ამიტომ დაურქმევიათ.

იოსკა ციხეშიც მჯდარა. კოოპერატივის გვერდით მაღაზის დარაჯად დაუყენებიათ. ერთხელაც იქ არ ყოფილა და მაღაზია ვიღაცას გაუტეხია. ქურდი ვერ იპოვეს და იოსკა დააპატიმრეს, რატომ მიატოვე პოსტიო. რამდენიმე თვე იჯდა სიღნაღის ციხეში. მეგობრებს იოსკა უპატრონოდ არ დაუტოვებიათ, ციხეში ხშირად აკითხავდნენ და პურმარილიც მიჰქონდათ.

იოსკას ლამაზი არღანი ჰქონდა და მასზე საუკეთესოდ უკრავდა. თარფიც (ხონჩა) ჰქონია, რაზედაც ხილს, ტკბილეულს დააწყობდა და ქორწილებში დახუნძლული თარფითა და მხარზე მოკიდებული არღნით დადიოდა. თურმე მისი გამოჩენა ყველას უხაროდა. სტუმრებთან ჯერ თარფს ჩამოატარებდა, გაუმასპინძლდებოდათ ხილით და მერე არღანს დაუკრავდა. მექორწილეები, ვისაც რამდენი შეეძლო, ცარიელ თარფზე თურმე ფულს უყრიდნენ.  ზოგჯერ ხონჩას ფულით უვსებდნენ. ,,ბედნის” დიდი მხიარულება შეჰქონდა მექორწილეებში.

სიბერეში საჯინობოში გამოუყვეს  პატარა ოთახი. 1955-56 წელს გარდაცვლილა 80 წელს გადაცილებული იოსკა და ხალხს დაუსაფლავებია. ერთხელ ვიღაცას მოეგლიჯა მისი საფლავის ქვა, ეტყობა, ახალი მიცვალებულის დამარხვას აპირებდნენ. მთელი სიღნაღი ფეხზე დადგა და არ მივეცით მისი საფლავი შეებღალვის უფლება. გადავწყვიტე, ტრაფარეტი გამეკეთებინა. მთელი სიღნაღი შემოივიარე და ,,ბედნი იოსკას“ ფოტოს მაინც მივაგენი. ფოტოგრაფის მეუღლეს, ანეტას აღმოაჩნდა შენახული.

იოსკას ერთი თვალი დაზიანებული ჰქონდა. ფოტო თბილისში კარგ სპეციალისტს მივუტანე და ფაიფურზე გადავატანინე. დაფისთვის მარმარილო ერთმა სიღნაღელმა ძველ პირისაბანს მოხსნა და ის გამოვიყენეთ. ჯვარი და წარწერა ჩემი ხელით გავაკეთე და ფოტო ზედ მივამაგრე.  ვფიქრობდი, ოქროსფერი ამალგამით დამეფერა, მაგრამ ვთქვი, ვინმეს ნამდვილი ოქრო არ ეგონოს და არ მოიპაროს მეთქი. ისეთი კაცი ყოფილა, ოქროს ტრაფარეტსაც იმსახურებდა.

კარგია, რომ დაინტერესდით მისი ცხოვრებით. სიღნაღელი ,,ბედნი იოსკას“ ამბავი შეიძლება ბევრმა აღარ იცის და ახლა ყველას ეცოდინება.

ნელი ვარდიაშვილი

დაიბეჭდა გაზეთ ,,კვირის პალიტრაში”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close