ნელი ვარდიაშვილის სტატიები

სალოცავი, რომელიც დასაოჯახებელ ქალებსა და ვაჟებს  სწყალობს- ჯაჭვმოკიდებულმა თუ გათხოვება ან ცოლის შერთვა ინატრა, აუცილებლად აუსრულდება

ხარი, რომელმაც სპარსეთიდან ქართველი ტყვეები ჩამოიყვანა, ლომისას ტაძრის ქვეშაა დამარხული

ლომისას წმინდა გიორგის ტაძარი მთიულეთში, სოფელ მლეთის საკმაოდ მაღალ მთაზე, ქსნისა და არაგვის შუა ქედზე მდებარეობს. სალოცავად იქ საქართველოს ყველა კუთხიდან განსაკუთრებული რწმენით მიდიან. როგორც ამბობენ, ლომისას ძალა მის კარზე მისულს სასწაულს მოუვლენს- ყველა სურვილს უსრულებს.

ლომისობა აღდგომიდან მეშვიდე კვირის ოთხშაბათს იმართება, მლოცველები წინა ღამით მიდიან შესაწირითა და ტკბილი ქადებით. დილით, ადრე, დეკანოზები დროშას გამოასვენებენ და ,,ფერხისას” სიმღერით აიტანენ მთაზე, სადაც დღეობა იმართება- იკვლება საღმრთო, იშლება სუფრა და ხალხი დოლითა და გარმონით მხიარულობს. რამდენიმე წელია, ლომისას ტაძარში სასულიერო პირები წირვა-ლოცვასაც აღავლენენ.

ლომისისას წმინდა გიორგის ტაძარში 45 კილოგრამიანი რკინის ჯაჭვია. მას მლოცველებს მხრებზე კიდებენ და ასე უვლიან გარს ტაძრის ცენტრალურ სვეტს. შემოვლის დროს რამდენი სურვილის ჩაფიქრებასაც მოასწრებ, ამბობენ, იმდენი აგისრულდებაო. ჯაჭვთან დაკავშირებით რამდენიმე ლეგენდა არსებობს: ერთ მთიულ კაცს ძმა უკურნებელი სენით გახდომია ავად. წმინდა გიორგისთვის უთხოვია, ოღონდ ძმა გადამირჩინე, მაღალ მთაზე ამოვა და ჩემს სახლში რაც მძიმე და გრძელი ჯაჭვია, მხრებით ამოვიტანო. მომხდარა სასწაული, მისი ძმა გამოჯანმრთელებულა. მთიულს შეპირებული აუსრულებია – 80 კილოგრამიანი ჯაჭვი მხრით აუტანია შვიდკილომეტრიან მწვერვალზე.

ლომისობის დღესასწაულზე სწორედ ამ გზას შევუდექით ფეხით. მთის სიმაღლე 2 452 მეტრია და საკმაო დაქანება აქვს. თავდაპირველად ტაძარი საერთოდ არ მოჩანდა, მხოლოდ 2 საათის სიარულის შემდეგ ძალიან შორიდან დავინახეთ იგი. ტაძრისკენ მიმავალი გზა ზოგან საცალფეხოა, ზოგან კი საერთოდ არ არსებობს და კლდის ჩამონატეხ ქიმებზე უნდა მოკიდო ფეხი. ხალხი სიარულის გასაადვილებლად ჯოხებს იშველიებდა. თავდაპირველად ტყეა, შემდეგ ალპური ზონა იწყება. წყარო მხოლოდ ერთგანაა- წმინდა გიორგის ნიშის ზევით. ნიშასთან ხალხი ლოცულობს და წმინდანს სთხოვს, შეაძლებინოს გზის გაგრძელება. არავინ უწყის, როდის გაჩნდა წყარო ამ წმინდა მთაზე. იგი ყინულივით ცივია და დასიცხული მომლოცველებისთვის სულზე მისწრებაა. როგორც ამბობენ, იგი თვალის დაავადებებსაც კურნავს. ერთ-ერთი თქმულების მიხედვით, როცა მეფე ერეკლე ავად გამხდარა, მოუთხოვია, მისთვის ამ წყაროს წყალი მიეტანათ. დაულევია თუ არა, მაშინვე გამოჯანმრთელებულა. სალოცავად ღამე ასულები, უკან დაბრუნებისას, ამავალ მომლოცველებს ასე ამხნევებენ- ,,ძალა მოგცეთ უფალმა”, ,,შეგაძლებინოთ” , ,,შეგეწიოთ”… მთა, რომლის წვერზეც ლომისას ტაძარია, წმინდად ითვლება, ამიტომ მასზე შეფენილი ყვავილების დაკრეფვა არ შეიძლება. უცნაური, ყვითელი ყვავილის ბუჩქები მთის თხემზეა. თქმულების მიხედვით, ანგელოზებს ამ ყვავილით იეროგლიფები გამოუსახავთ, რომელსაც სასწაულებრივი ახსნა აქვს, თუმცა ისინი ჯერ არავის გაუშიფრავს.

თავდაპირველად გვეგონა, რომ ციცაბო კლდეზე ასვლას ვერ შევძლებდით და უკან მობრინება დავაპირეთ, მაგრამ ,,სტაჟიანმა” მომლოცველებმა დაგვარიგეს, შევვედრებოდით უფალს, იქ ასვლის ძალა მოეცა ჩვენთვის. დავუჯერეთ და მართლაც, რაც უფრო ზემოთ მივდიოდით, მწვერვალზე ასვლის სურვილი და ძალა გვემატებოდა. ალპურ ზონაში წნევიანები და გულით ავადმყოფები თავს შეუძლოდ გრძნობდნენ. ზოგი მაინც აგრძელებდა გზას, ზოგიც უკან ბრუნდებოდა. ხალხი მათზე ამბობდა, ეშმაკი ჰყავს დაპატრონებული და წმინდა ადგილზე მისვლაში ხელს უშლითო. რამდენიმე წლის წინ, ამ მთაზე ახალგაზრდა კაცი დაღუპულა. ტაძარს მცირე მანძილიღა აშორებდა, თავი შეუძლოდ რომ უგრძვნია. სანამ წამალს მიუტანდნენ, გარდაცვლილა. მომლოცველთა შორის ბევრ მოხუცებულსა და პატარა ბავშვსაც ნახავთ. ზოგი მთელ გზას ფეხშიშველა გადის, რადგან ასეთი აღთქმა აქვს დადებული. ზოგი ტაძარში წმინდა გიორგისთვის მადლობის სათქმელად მიდის, რადგან წინა ლომისობაზე რაც ჩაუფიქრებია, ყველაფერი ასრულებია. ჩაფიქრებული და ახდენილი სირვილების შესახებ ერთმანეთს არ უყვებიან. სალოცავი თურმე განსაკუთრებით დასაოჯახებელ  ქალებსა და ვაჟებს  სწყალობს. -ჯაჭვმოკიდებულმა თუ გათხოვება ან ცოლის შერთვა ინატრა, აუცილებლად აუსრულდება. ამბობდნენ, რომ ერთ-ერთი გოგონა ლომისას ძალას სამ თვეში გაუთხოვებია. ეს ამბავი მის დაქალსაც გაუგია და თვითონაც წასულა სურვილის ჩასათქმელად. როგორც ამბობენ, წმინდა მთაზე მიმავალი გაიძახოდა, მივდივარ, მაგრამ არ მჯერა, რომ სალოცავი გამათხოვებსო. თვითმხილველები ჰყვებოდნენ, რომ ამ გოგონამ ჯაჭვის მხრებზე მოკიდება და სურვილის ჩაფიქრება ვერ შეძლო, რაღაც ძალა ტაძრიდან აგდებდა. სამჯერ შევიდა ტაძარში და ისე ცუდად გახდა, იქ გაჩერება ვერ შეძლო. ლომისა დიდი ცოდვებით დამძიმებულ ხალხს არ სწყალობს. ყოფილა შემთხვევები, როცა ჯაჭვი ბრგე ვაჟკაცებს ვერ აუწევიათ და მისი ტარება პატარა ბავშვს და მოხუცს მოუხერხებია.

         სასწაულმოქმედი ჯაჭვის ამბავი

ისტორიული მონაცემებით ლომისა წინაქრისტიანული ღვთაებაა მთიულეთში. იქ ამ სახელწოდების ორი სალოცავი არსებობს. ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, მეორე- სოფელ მლეთაში. ზოგიერთი ლეგენდის მიხედვით, ლომისა მეომარი ვაჟკაცია, ალისფერ ცხენზე ზის, ხელში მათრახი უჭირავს და მისი დაკვრით წვავს ბოროტს. ლომისას კულტს რთული გზა აქვს გავლილი. ქრისტიანობის ხანაში იგი წმინდა გიორგის კულტს დაუკავშირდა. ლომისას წმინდა გიორგის ხატს უკავშირდება ხორასნიდან 7 ათასი ტყვის დახსნაც. იგი ხარის რქებზე დაბრძანებული დამკვიდრებულა მლეთის მთაზე. მას ევედრებიან შვილიერებას, თვალის სინათლეს, მიწისა და საქონლის ნაყოფიერებას. ლომისისას სახით თაყვანს სცემენ საწინამძღვრო ჯვარს, რომელიც ტარზეა დამაგრებული და ოთხივე ბოლოზე მზის სხუვებისგან ბურთების მსგავსი გამოსახულება აქვს. მკვლევართა ვარაუდით, ლომისას ადგილზე, თავდაპირველად, მთვარის საკულტო ტაძარი იყო. ქრისტიანული ეკლესია იმ სახით, როგორიც ამჟამადაა, მერვე -მეცხრე საუკუნეებში აუგიათ. მანამდეც ყოფილა იქ ტაძარი, მაგრამ არავის ახსოვს როგორი იყო იგი. ლომისა მთიულეთისა და ქსნის ხეობის უპირველესი სალოცავია. აქვე წყდებოდა ბევრი პოლიტიკური საკითხიც. ტაძარი მარტივი, სამეკლესიანი ბაზილიკაა.

ტაძრის ფილაქანი მუდმივად სველია. ამბობენ, რომ სალოცავი ტირის, თუმცა კედლებს სისველე არ ეტყობა. სანამ ძირითად ეკლესიაში შევიდოდით, ორი პატარა ეკლესია გავიარეთ. სარიტუალო დროშა დღესასწაულზე ტაძართან ახლოს ფრიალებს. რიტუალს დეკანოზი უძღვება, იქ დეკანოზის წოდება ხევისბერობასთანაა გათანაბრებული. ხევისბერობის ინსტიტუტი გუდამაყარში, ფშავსა და ხევსურეთში კვლავ შემორჩენილია. დეკანოზი ხმამაღლა აცხადებს მისული მომლოცველების გვარებს და ამატებს: მობრძანდა ლომისისა კარზე და ღმერთო დალოცე, გააძლიერე მისი ოჯახიო. დეკანოზს ორი მნათე ეხმარება. მათ ბურდულების საგვარეულო ირჩევს, რადგან ლომისას ტაძრის პატრონობა ამ გვარს აქვს დავალებული. ეს მისია ტრადიციულად, მამიდან შვილს გადაეცემა. ბურდულები მნათეებსა და წინამძღვარს ძირითადად თავიანთ გვარში ირჩევენ. დალოცვის შემდეგ ხალხი ჯვარს ემთხვევა და სანთელს ანთებს. სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსული სასულიერო პირები ტაძარში პარაკლისს იხდიან. ამის შემდეგ ხალხს შეუძლია ჯაჭვის მოკიდება და სურვილის ჩათქმა. წესით, ჯაჭვმოკიდებულმა სამჯერ ტაძარს უნდა შემოუაროს, მაგრამ რადგან ხალხი ბევრია და ჯაჭვის მოკიდებაც ბევრს სურს, საყრდენ სვეტს უვლიან. ჯაჭვი დაახლოებით 150 სანტიმეტრი სიგრძისაა და 45 კილოგრამს იწონის. დანარჩენი ნაწილი ვიღაცას მოუპარავს. რამდენიმე წლის წინ ტაძრიდან ხატებიც გაუტანიათ. შემდეგ ჯაჭვი მთლიანადაც დაკარგულა. იგი ერთ-ერთ ოჯახში აღმოუჩენიათ. დიასახლისს ყველა სურილი რომ ასრულებოდა, ხატები და სასწაულმოქმედი ჯაჭვი სახლში წაუღია. იგი თავად ჩაუტანია მთიდან.

მთიულმა ვალოდია ბუჩუკურმა ლომისას ტაძართან დკავშირებული ლეგენდის ერთ-ერთი ვერსია გვიამბო:

_ სპარსეთში 7 ათას ქართველ ქრისტიან ტყვეს მუსლიმები ტანჯვა-წამებით სულს ხდიდნენ და სარწმუნოების შეცვლას სთხოვნენ. ისინი სასწაულმოქმედ ხარს გაუთავისუფლებია. ხარი მათ წინ გაუძღვა და საქართველოში ჩამოიყვანა. ტყვეებს წინ ისეთივე დროშა მოჰქონდათ, როგორიც ლომისას ტაძრის გვერდით ამჟამად ფრიალებს. სადაც საქართველოსკენ მომავალი ხარი დაისვენებდა, ტყვეები იქ ნიშას აგებდნენ. ხარი სწორედ ამ მთის წვერზე დაღუპულა. მის საფლავზე ტაძრის აშენება ქსნელებსაც მოუსურვებიათ და არაგველებსაც. ბოლოს შეთანხმებულან, ტაძრისთვისს კარი მარცხნივ, ქსნისკენ გაეკეთებინათ, არაგველებს კი აეშენებინათ ტაძარი. მთიულები ფიჩხებისგან ტვირთის დასაწყობ და მგზავრის გადასაადგილებელ სათრს კრავდნენ და ცხენს ან ვირს უბამდნენ. სწორედ სათრის დახმარებით აუშენებიათ მთის მწვერვალზე ლომისას სალოცავი.

 ერთ-ერთი მომლოცველი:

_ მეოთხე-მეექვსე საუკუნეებში სპარსელებს 7 ათას ტყვესთან ერთად საქართველოდან ჯვრები და ხატებიც გაუტანიათ და დაუწვავთ. ზოგი სიწმინდე გადარჩენილა. წმინდა გიორგის ხატს მოუხდენია სასწაული. თქმულების მიხედვით სპარსეთში შობადობა და მოსავალი შემცირებულა- ქათამი კვერცხს აღარ დებდა, წიწილას არ ჩეკდა, საქონელი არ მრავლდებოდა. ხორასნელ ქადაგებს გამოცხადება ჰქონიათ, თქვენი გასაჭირი ქართველ ტყვეებთან და წმინდა გიორგის ხატთან არის დაკავშირებულიო. მათ 7 ათასი ქართველის უკან დაბრუნება გადაუწყვეტიათ, მაგრამ ტყვეთა გარკვეული ნაწილი წამებისაგან დაღუპულიყო. სპარსელებს მათი რიცხვი თავიანთი შვილებით შეუვსიათ და თავი ასე დაუმშვიდებიათ- საქართველოში კარგი ბუნებაა, გამრავლდებიან და გაიხარებენო. ცნობილი გვარების- ბურდულების, ბუჩუკურების, ჭოღურების … წინაპრები სწორედ ხორასნელები იყვნენ. რადგან წმინდა გიორგის ხატმა სასწაული მოახდინა და სპარსელებს თვალი აუხილა, მას სიძლიერის გამო ლომისა შეარქვეს. ხატი სპარსეთიდან წითელ ხარზე დასვენებული მოჰქონდათ, რომელსაც ზედ მტრედები ესხდნენ. იგი პირველად ფასანაურთან ახლოს დაუსვენებიათ. იქ მისი სახელობის ნიშაა. ასეთივე ნიშაა მთის შუა ადგილზე. ლომისას მამათა მონასტერში 400 ბერი მოღვაწეობდა. ტაძრის მშენებლობაში დიდი წვლილი ვახტანგ გორგასალსაც შეუტანია.

ჯაჭვის შესახებ კი რამდენიმე თქმულება არსებობს. ერთ-ერთი გვეუბნება, რომ იგი საქართველოდან სპარსელებს, ხატებთან ერთად გაუტანიათ, დაბრუნებულ ტყვეებს სამშობლოში წამოუღიათ და სალოცავში დაუსვენებიათ. უწინ იგი გაცილებით დიდი ყოფილა.

წმინდა გიორგის ტაძრიდან წამოსულებს მთის ფერდობზე, დაღმართზე სიარული გაცილებით გაგვიჭირდა- ჩამოსვლას ორი საათი მოვუნდით. ალპურ მზეს ყველა მომლოცველისთვის ნიშანი დაედო- გარუჯულები იყვნენ. საღამოს 5 საათზე ბურდულებს დროშა და ხატები უნდა ჩამოებრძანებინათ ბარში, რაც იმის მაუწყებელი იქნებოდა, რომ ლომისობის დღესასწაული დამთავრდა.

ნელი ვარდიაშვილი, ჟურნალი ,,სარკე” , 2002 წელი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close