სიღნაღის ამბები

ჯუგაანში, ელაშვილების ოჯახში სისასტიკით ჩადენილ სისხლისღვრას მხოლოდ რამდენიმე წევრი გადაურჩა

,,რუსული ხიშტის“ სასტიკ ნაკვალევშემორჩენილი სახლი და იქ მაცხოვრებლების ტრაგიკული ისტორია

საშინელი ტრაგედია, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა და დღემდე დავიწყებას არ მიეცა, სიღნაღში გასულ საუკუნეში მოხდა. სოფელ ჯუგაანში ორსართულიანი ძველი სახლი საზარელი ღამის გაუგონარ ამბებს ახლაც ინახავს. 1921 წელს ამ სახლიდან 17 მიცვალებულის კუბო გაასვენეს – უმეტესობა პატარა ბავშვის და ქალის იყო. ელაშვილების ოჯახში სისასტიკით ჩადენილ სისხლისღვრას მხოლოდ რამდენიმე წევრი გადაურჩა.

,,რუსული ხიშტის“ სასტიკ ნაკვალევშემორჩენილი სახლის მოსანახულებლად ელაშვილებთან, სოფელში ჩავედით. ტრაგედიას გადარჩენილთა შთამომავლებმა გვითხრეს, რომ მათმა წინაპრებმა, რომელთაც ქიზიყში დაბანაკებულმა რუსმა წითელარმიელებმა ორსული ცოლები და შვილები ჯერ უწამეს, მერე კი დაუხოცეს, მეორე ცოლები მალევე მოიყვანეს. გვარი რომ არ გადაშენებულიყო, ზოგმა გერებიანი ქალი შეირთო და საკუთარი შვილებიც გააჩენინა. ამ ტრაგიკული სახლის მიმდებარედ ახლა ელაშვილების რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს და ყველა იმ დიდი საგვარეულოს წარმომადგენლია.

     მარინე ელაშვილი, ტრაგედიას გადარჩენილი შაქრო ელაშვილის რძალი:

_ ჯუგაანში ყველა მეტყავიანებს გვეძახის. ჩვენს დიდ წინაპარს, ტატიკო ელაშვილს, მეტყავიანთ ტიტა იმიტომ შეარქვეს, რომ ტყავის გამოქნა და ტყაპუჭების კერვა ჰქონდა ნასწავლი თბილისში, ვინმე გულბაათ ქართველიშვილისგან. მას კახეთში ამ საქმით ჰქონია სახელი განთქმული. ობლობაში გაზრდილ ბიჭს თავის მეუღლე მართასთან ერთად დიდი ოჯახი შეუქმნია – 6 ვაჟი და ორი ქალი ჰყოლიათ. ერთი ვაჟიშვილი მალევე გარდაცვლიათ.

საქართველოში, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიის შემოსვლის პერიოდში, ტიტეს მონაგარი – 5 ძმა თავისი შვილებით და შვილიშვილებით ერთად ცხოვრობდნენ ამ საშინელების შემსწრე  სახლში. ტიტას ქალიშვილები გათხოვილი ჰყავდა. ცნობილი მეტყავის 28 სულისგან შემდგარი ოჯახი საკმაოდ შეძლებული იყო. ოჯახის ბურჯის  შვილებსა და შვილიშვილებს შრომა არ ეზარებოდათ – ჰყავდათ ბევრი ცხვარ-ძროხა, უვლიდნენ ვენახებს, გააშენეს დიდი ზვრები, ალაზანის ველზე მარცვლეული მოჰყავდათ და ღორის ფერმაც ჰქონდათ.

მოკლედ, კაცები მეურნეობას უძღვებოდნენ, ქალები შვილებს ზრდიდნენ და საკუთარი ხელგარჯილობისა და შრომისმოყვარეობის წყალობით, ბედნიერად ცხოვრობდნენ. ზამთარ-ზაფხულ ბეღელი სავსე ჰქონდათ და სხვებსაც ეხმარებოდნენ. როგორც ჩანს, ტიტემ ტყავის წარმოება შვილებსაც ასწავლა, რადგან მათ საქმიანობაში მთავარი მაინც მეტყავეობა იყო.

       _ ტრაგედიის შესახებ მოგვიყევით…

_ იმ დროს, როცა ელაშვილების ოჯახში ეს საშინელება დატრიალდა, ტიტე უკვე მოხუცი და მხედველობადაკარგული იყო. ის მეუღლესთან ერთად სახლის პირველ სართულზე ცხოვრობდა, მეორეზე კი მათი შთამომავლები იყვნენ.  სახლი უფრო დიდი ყოფილა, ვიდრე ახლაა. მამამთილისგან ვიცი, რომ კახეთის მაზრაში  ასეთი დიდი სახლი მხოლოდ რამდენიმე ოჯახს ჰქონდა და ერთ-ერთი ელაშვილების იყო.

მეტყავიანთ ოჯახში საშინელება კვირას, ღამე დატრიალდა. კაცებს  დილით ბაზრობაზე წაუსხამთ გასაყიდი ცხვარ-ძროხა. შუადღეს თანასოფლელს, ოჯახის ნათლიას დაუნახავს, როგორ წამოიღეს ურიკით ბაზრიდან ფულით სავსე რამდენიმე ტომარა. ოჯახის დაყაჩაღებაც ამან გადააწყვეტინა. ცხადია, ამ საქმეს მარტო ვერ მოაგვარებდა, ამიტომ დახმარება წითელწყაროში (ამჟამად დედოფლისწყარო) დაბანაკებულ მე-11 არმიის რუსი ჯარისკაცებისთვის უთხოვია. ყაჩაღობის გეგმაც ერთად შეუმუშავებიათ, რაშიც კიდეც ერთი ჩვენი თანასოფლელი დაუხმარებიათ.

ელაშვილების ოჯახში საყაჩაღოდ მისულებისთვის წინააღმდეგობა რომ არავის გაეწია, ერთი ადამიანი წინასწარ გაუშვიათ და დაუვალებიათ, გაეფრთხილებინა ოჯახი, რომ შემოწმებაზე დადიოდნენ და იარაღი უნდა გადაემალათ. მათაც დაუჯერეს თანასოფლელს და ისე გადამალეს იარაღი, მისი პოვნა ათწლეულების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. სულ ახლახან  მივაგენით სხვენში ხანჯალსა და თოფს.

კვირას, საღამოს, შებინდებისას 11 ადამიანი დაესხა თავს ოჯახს, უმეტესობა რუსი ჯარისკაცი იყო. თავდაპირველად იარაღი მოსთხოვეს. ელაშვილებს უთქვამთ, არ გვაქვსო, მაგრამ არ დაუჯერეს, თავი დაიზღვიეს და სახლი გაჩხრიკეს. როცა ვერაფერი იპოვეს და დარწმუნდნენ, რომ მართლაც უიარაღოდ იყო ოჯახი დარჩენილი, ფული და ძვირფასეულობა მოითხოვეს.

ამ დროს ოჯახში მხოლოდ ტიტეს ორი ვაჟი იმყოფებოდა. ოჯახის დანარჩენი წევრები ქალები და ბავშვები იყვნენ. იმ საბედისწერო ღამეს ელაშვილებს რამდენიმე სტუმრიც ჰყავდათ –  გათხოვილი, ახალნამშობიარები ქალიშვილი ახალშობილით და  ორი პატარა, უდედმამო გოგონა, რომელთაც ოჯახი პატრონობდა. თავდამსხმელებს ოცამდე ადამიანი დახვდათ სახლში, მაგრამ იარაღის გარეშე თავდაცვა მაინც ვერ შეძლეს. რამდენიმე მათგანი  შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს.

_ ფიქრობთ, რომ ოჯახის ამოხოცვა წინასწარ ჰქონდათ განრახული?

_ არა მგონია. ალბათ ფიქრობდნენ, რომ განიარაღებულნი წინააღმდეგობას არ გაუწევდნენ, ფულს მისცემდნენ და ისინიც წავიდოდნენ, მაგრამ საწოლში მწოლიარე მათო ბებოს ერთ-ერთი თავდამსხმელი უცვნია. უთქვამს, შენ ჩვენი ნათლია არ ხარ, ამას როგორ კადრულობ, ოჯახს რატომ მიუბედურებ, ხომ იცი, არ შეგრჩებაო. ამის შემდეგ თავდამსხმელები გარეთ გასულან და ერთად გადაუწყვეტიათ მათი დახოცვა. საწყალი ქალები თურმე ეხვეწებოდნენ, ყველაფერი წაიღეთ, ოღონდ ნუ დაგვხოცავთო, მაგრამ გადაწყვეტილება აღარ შეუცვლიათ.

რუსმა ჯარისკაცებმა ჩვენი ოჯახის წევრებს ყელი გამოჭრეს და აჩეხეს. ვინც ნახა  ეს საშინელი სურათი, თურმე ამბობდა, გაწვრთნილი ჯარისკაცების გაკეთებულია – სიკვდილი ერთია და ასეთი წამება, მეორეო.  ფული ვერ იპოვეს, მაგრამ რაც კი ოქრო ჰქონდათ, სულ წაიღეს. ოქროს სამკაულები ეკეთათ ქალებს და ისინიც ჩამოგლიჯეს – ყველა გარდაცვლილი გაძარცვული იყო.

    _ როგორც ვიცი, იმ საშინელ ღამეს სიკვდილს გადაურჩა სახლში მყოფი რამდენიმე ადამიანი. მათგან შეიტყვეს, რა მოხდა?

_  გადარჩნენ ოჯახის მიერ ნაშვილები გოგონები, ახალნამშობიარებმა ქალმა თურმე კალთის ქვეშ შეიფარა ორივე. ქალი მოკლეს, მაგრამ გოგონები გადარჩნენ, მაგრამ ისე იყვნენ დასტრესილნი, ორივე მალევე გარდაიცვალა. პატარა და-ძმა ბუხარში დაიმალა და ისინიც გადარჩნენ.

აგრეთვე გადარჩა აკვანში ჩაკრული ახალშობილი. მას საბნები ჰქონდა ზედ დაყრილი და როგორც ჩანს, ვერ შეამჩნიეს. აკვანში ჩაკრული, უდედმამოდ დარჩენილი პატარა თამარი ლაგოდეხში, ნათლიას წაუყვანია და საკუთარი შვილივით გაუზრდია. შემდეგ მაჩხაანში გაათხოვეს. ეს ქალბატონი სიღნაღის საკრებულოს წევრის, გია ელაშვილის პაპის და იყო. რაც შეეხება გიას პაპას, ბესოს, იმ დღით ის ბებიას გაუგზავნია სოფელ მაჩხაანში რაღაც ნივთის წამოსაღებად და ამიტომ გადარჩა. შემდგომ ბესო ელაშვილმა დაამთავრა ზოოვეტერინარიის ფაკულტეტი და უძლიერესი ექიმი გახდა. მან მსოფლიოში პირველმა გაუკეთა ძროხას საკეისრო კვეთა.

მოხუცი ტიტე პაპაც გადარჩა. იგი ბრმა იყო და ვერ დაინახა, რა ხდებოდა, თუმცა ესმოდა, რა უბედურებაც ტრიალებდა მის სახლში. თურმე თავდამსხმელებს ხელებით იგერიებდა, ამიტომ მოხუცს ხელები ხმლით ჰქონდა დაჩეხილი.

     _ სახლში დაბრუნებულ მამაკაცებს ეს საშინელი სურათი რომ დახვდათ, რა მოიმოქმედეს?

_ იმ დროს ელაშვილების შორიახლოს არავინ ცხოვრობდა, რადგან  წინ თამბაქოს პლანტაციები ჰქონდათ, გვერდით კი დიდი ზვრები… სანამ სამუშაოდან არ დაბრუნდნენ ოჯახის კაცები, ელაშვილების ტრაგედიის ამბავი ვერავინ გაიგო. სისხლის გუბეები დახვედრიათ სახლში. ქალი აღარ დარჩათ, რომ ვინმეს ეტირა და ეგლოვა მიცვალებულები. მთელი კახეთის მაზრა მიდიოდა სამძიმარზე და დასტიროდათ.

ერთხელ თბილისში შემახვედრეს საფრანგეთიდან ჩამოსულ ქართველს, რომელმაც მითხრა, რომ ლევილში ქართველები მეტყავიანთ ოჯახის გარდაცვლილ წევრებს ყოველ შაბათ-კვირას პარაკლისს უხდიდნენ, ისე განიცადეს მათი ტრაგედია.

საქმეზე გამოძიება ჩატარდა. გადარჩენილი ტიტე პაპა ყველაფერს მოყვა და დააპატიმრეს თავდამსხმელები, მაგრამ სასჯელს ორი წლის განმავლობაში არ უსჯიდნენ. ელაშვილები სასამართლოში სისტემატურად დადიოდნენ ამბის გასაგებად, მაგრამ პასუხს არ სცემდნენ.

ჩვენი სოფლიდან იყო პოეტი სანდრო შანშიაშვილი. ამოწყვეტილი ოჯახის ჭირისუფლები სამართლიანობის აღსრულებას ითხოვნენ, მაგრამ როცა ვერაფერს გახდნენ, თანასოფლელ პოეტთან მივიდნენ და მას სთხოვეს დახმარება. ელაშვილებს ერთ-ერთი მოკლული ბავშვის მოკვეთილი ხელი ჰქონიათ შენახული და ისიც თურმე თან დაჰქონდათ. სანდრო შანშიაშვილმა ურჩიათ, როგორ მოქცეულიყვნენ და ბოლოს და ბოლოს ჩატარდა გაუგონარი სისხლისღვრის მომწყობთა სასამართლო პროცესიც, თუმცა ამასობაში რუსეთის არმიის მე-11 პოლკის მეთაურმა მოასწრო და თავდასხმაში მონაწილე ორი ჯარისკაცი რუსეთში გააპარა.

სასამართლომ  თავდამსხმის ორგანიზატორ-მონაწილეებს დახვრეტა მოუსაჯა, რამდენიმე ადამიანს კი, რომლებიც გულუბრყვილოდ დაეხმარნენ მათ – 10 წელი. ჩემს მამამთილს უხვეწნია, ერთ-ერთი მაინც მე მომაკვლევინეთო. ეტყობა, უნდოდა, ოჯახის ამოწყვეტისთვის ჯავრი ასე მაინც ეყარა, მაგრამ ამის უფლება არ მისცეს. ელაშვილების თვალწინ დახვრიტეს მთავარი დამნაშავეები, მათ შორის ოჯახის ნათლია, რომელმაც თავდასხმა დაგეგმა.

     _ ახლა რომ ვნახეთ, ამ სახლიდან გაასვენეს 17 მიცვალებული?

_ დიახ, ამ სახლიდან გაასვენეს ყველა.

სოფელ ჯუგაანში, ძელიცხოვლის ტაძრის წინ, სოფლის სასაფლაოზე გვერდიგვერდ  დაკრძალეს ჩვენი ოჯახის 17-ვე წევრი. სიღნაღის მაზრის ყველა სოფლიდან ყოფილა ხალხი მოსული. ამბობენ, ტევა არ იყოო. შემდგომ კომუნისტებმა სასაფლაოს ადგილზე  გააკეთეს შინმოუსვლელთა ობელისკი და მიცვალებულები სხვაგან გადაასვენეს, მხოლოდ ელაშვილების 17 საფლავს არ ახლეს ხელი. საფლავებს ადევს დიდი ქვა, რომელზეც სანდრო შანშიაშვილის საზოგადოებისთვის უცნობი ლექსი წერია:

,,აქ განისვენებს 17 გვამი, მტრებმა ჩაუქრეს სიცოცხლის წამი,

ოჯახი იყო ყველგან ქებული, 5 ძმის შრომით აშენებული.

სიღარიბეში გამოზრდილები, მიწის მშრომელი გლეხის შვილები,

მხნე-გამძლეობით მტერს თვალლებს თხრიდნენ, თესდნენ კეთილს და კეთილსა მკიდნენ.

საკუთარ ოფლით მონაგრეობდნენ, ალალ მართალსა მუდამ რჩებოდნენ,

იყო ერთობა ხუთსავე ძმაში, მეურნეობდნენ მთასა და ბარში.

შემდეგ სიმდიდრე თუმც შეიძინეს, რადგან ფხიზლობდნენ და არ იძინეს,

მაგრამ ვაი, რომ დღე ჩაუმწარეს, ავაზაკებმა სისხლი დაღვარეს.

ვედრება მათი არ შეიწყნარეს, კარჩაკეტილში შემოიმწყვდიეს,

ნუ დაგვხოცავთო, ფულიც აძლიეს, ოქროც აძლიეს, ფულიც დიდძალი,

მაინც დახოცეს, იხმარეს ძალი, დიდი, პატარა, შვილი და რძალი-ბიძა, ბებია და პატარძალი.

დედას დააკლეს ძუძუთა ბავშვი, და მამას ტყვია მიაკრეს თავში

ერთ დღეს დახოცეს მეტყავიანი, მეპურმარილე, ყველგან ხმიანი,

 ადრე ჩააცვეს ძაძა და თალხი და ელაშვილებს დასტირის ხალხი….“

ელაშვილების გადარჩენილ კაცებს შვილები აღარ დარჩათ. ძმებმა  მოილაპარაკეს, მოდი, გერიანი ქალები მოვიყვანოთ, ჩვენებიც გავაჩენინოთ და ყველა ბავშვი ელაშვილის გვარზე დავწეროთ, ასე გავამრავლოთ გვარიო.

ამ საშინელების შემდეგ ელაშვილებს რწმენა შეერყათ. ნათელ-მირონს აღარ ენდობოდნენ, ისე იყო ოჯახი შეშინებული. შვილები რომ შემეძინა, მამამთილი არ მანათლინებდა, რად გვინდა,  ვინმე დავიახლოვოთ, ბოლოს მტრად არ გვექცესო.

      _ როგორც ვატყობ, ოჯახის შთამომავლებისთვის დღემდე მტკივნეულია ამ ტრაგიკული ისტორიის გახსენება, მით უფრო, სახლიც იმა ვე ფორმით გაქვთ შემორჩენილი…

_ ყველა ელაშვილმა უნდა იცოდეს იმ ტრაგიკული ღამის ამბავი – პატარამაც და დიდმაც. ვაპირებთ, ამ ბევრისმნახველ სახლს ახალი ფუნქცია შევძინოთ – შევარემონტოთ, ვაკურთხებინოთ და ელაშვილების თავშეყრის ადგილად ვაქციოთ. იქ შევიკრიბებით გადარჩენილი ელაშვილების შთამომავლები, იმქვეყნად უდროოდ წასულების ხსოვნის სადღეგრძელოს ვიტყვით და გავიხსენებთ ამბავს, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია. უფლის წყალობით, სანაქებო და წარმატებული თაობები გვეზრდება, ვმრავლდებით და ვმრავლდებით.

ნელი ვარდიაშვილი

წყარო: გაზეთი ,,კვირის პალიტრა”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close