მსოფლიო

,,თურქეთში შემოსული ჯიჰადისტების საქართველოს მიმართულებით მოძრაობის დაწყება არ უნდა მოხდეს”

ზურა ბატიაშვილი,აღმოსავლეთმცოდნე, პროფესორი:

_ როგორც მოსალოდნელიც იყო, რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია სირიასთან დაკავშირებით თურქეთთან გაფორმებული შეთანხმებები და მთელი ძალებით შეუტია ოპოზიციის ძალებს იდლიბის პროვინციაში.
შედეგად, ასადის რეჟიმმა დიდი ტერიტორიები დაიკავა და ალყაში მოაქცია იქ განთავსებული 4 თურქული სადამკვირვებლო მისია (რეალურად სამხედრო ბაზა).
ინტენსიური დაბომვების გამო დიდია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაშიც. ამიტომ დაახლოებით 400 000 ახალი სირიელი ლტოლვილი დაიძრა თურქეთის მიმართულებით.
თურქეთმა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთი და დამატებითი სამხედრო ძალა და ტექნიკა გაგზავნა სირიის ამ ნაწილში. პრეზიდენტი ერდოღანი აცხადებს, რომ არ მოერიდება სამხედრო ოპერაციის დაწყებსაც, რადგან თუ ამ შეტევის შეჩერება ვერ მოხერხდა, თურქეთის მიმართულებით შესაძლოა დაიძრას დამატებით 3 მლნ ადამიანი. თურქეთის ეკონომიკას, რომელსაც ისედაც მძიმე ტვირთად აწევს მის ტერიტორიაზე მცხოვრები 5 მლნ ლტოლვილის რჩენა, არ შეუძლია ამხელა ტვირთის აწევა. ამ ფონზე უფასურდება თურქული ლირა.
ცალკე პრობლემაა, რომ ლტოლვილებს შეიძლება შეერიონ ჯიჰადისტი მეომრებიც, რომელთა გამორჩევა მშვიდობიანი ლტოლვილებისგან ძნელი საქმე იქნება.
ამ მოვლენის მნიშვნელობა ჩვენთვის:
– გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთი და თურქეთი ვერ იქნებიან სტრატეგიული მოკავშირეები და ეს ჩვენთვის კარგია. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მოითხოვა ამისწინ თურქეთმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების დაჩქარება, შესაძლოა ესეც იყოს;
– საქართველოს შესაბამისი უწყებები ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ ჩატაევისა და მისი რაზმის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც არ მოხდეს თურქეთში შემოსული ჯიჰადისტების საქართველოს მიმართულებით მოძრაობის დაწყება.

Related Articles

Back to top button
Close