საინტერესოსიღნაღის ამბები

ქალი, რომელმაც სიღნაღური ტრადიცია აღადგინა

,,ტყავზე მუშაობა 7 წლის წინ დავიწყე...- ჩვენი ნივთები მხოლოდ ნატურალური ტყავისგან არის დამზადებული და ხელით არის შეკერილი"

სიღნაღელმა თამარ დურგლიშვილმა ძველი სიღნაღური ტრადიცია აღადგინა და ტყავით სხვადასხვა ნივთების დამზადება დაიწყო. თამარი უცხო ენების სპეციალისტი, თარჯიმან-რეფერენტია, თუმცა მთავარ პროფესიად ის მაინც დიზაინერობას მიიჩნევს.

თამარ დურგლიშვილი:

– თვითნასწავლი დიზაინერი ვარ. ორივე ბებია, დედის და მამის მხრიდან, არაჩვეულებრივად ქარგავდა და ეს ხელსაქმე მეც შემასწავლეს. 12-13 წლის ვიყავი, ჩემი მოძღვარი აბასთუმანში გადაიყვანეს. მე ხშირად ჩავდიოდი და დედათა მონასტერში მოღვაწე დედებმა ქარგვაში დამახელოვნეს. მოქარგული ნაჭრებიდან და ტყავიდან საფულეებსა და სამაჯურებს ვამზადებდი. მოგვიანებით, ბალიშებისა და სუფრების მოქარგვაც დავიწყე. ქარგვის დროს, ძირითადად ხევსურული ორნამენტები გამომყავდა. თუმცა, საკუთარი ფანტაზიითაც ვუმატებდი დეტალებს. ამჟამადაც, ჩემს ნამუშევრებში იხილავთ როგორც ტრადიციულ, ასევე თანამედროვე ორნამენტებსაც, რადგან ნივთები, რომლებსაც ვამზადებ, ყველა გემოვნების ადამიანისთვის მისაღები უნდა იყოს. ვფიქრობ, იმ საქმეს რასაც ვუძღვები, ტრადიციების გაცოცხლება ჰქვია. წინათ სამაჯურებზე, ჩანთებზე, სამოსზე ქართული ორნამენტები ძირითადად უცხოელებს ხიბლავდა, ახლა ქართველებსაც ძალიან მოსწონთ.

   – როგორც შევიტყვე, უძველესი ორნამენტების აღმოჩენითაც ყოფილხართ დაინტერესებული. მითხრეს, იპოვის ხოლმე და თავის შემოქმედებაში აქსოვსო…

    – ორნამენტი არ გახლავთ მხოლოდ გამოსახულება, იეროგლიფი, ყველა მათგანს თავისი ისტორია ჰქონდა. ახლახან შეტყობინება მომივიდა, მილანის ექსპორტის საერთაშორისო გამოფენაზე მიმიწვიეს. გადაწყვეტილი მაქვს, თითოეულ ჩემს ნაქარგს პატარა ისტორია დავურთო, რომელიც კონკრეტულად, იმ ამოქარგულ ორნამენტს უკავშირდება, – ჩემს ნივთებს შემეცნებითი ფუნქციაც უნდა ჰქონდეს, რომ მსოფლიოს ყველა კუთხეში იცნობდნენ ქართულ კულტურასა და ისტორიას.

ქარგვის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ფერთა გამის სწორად შერჩევა. ხევსურულ ორნამენტებში ხალისიანი, კაშკაშა ფერთა გამა დომინირებს, სხვა კუთხის ორნამენტები პასტელის ფერებში უნდა მოიქარგოს… ვცდილობ, ტრადიციები დავიცვა და ამით პატივი ვცე იმ კუთხის კულტურას, რომლის ორნამენტსაც ვიყენებ. ჩემი ყველა ნივთი ხელით იკერება და საკერავ მანქანას თითქმის არ ვიყენებ.

400586620-1095277291642494-2026866842249868552-n-1703078063.jpg

– ტყავზე მუშაობის კულტურა ძველ სიღნაღში არსებობდა. სიღნაღში იყო ორი დაბახანა, სადაც ტყავისგან დამზადებულ ადგილობრივ ნაწარმს ყიდდნენ. თქვენი ეს გატაცებაც სიღნაღური ტრადიციების აღდგენის სურვილს ხომ არ უკავშირდება?

– ტყავზე მუშაობა 7 წლის წინ დავიწყე და ჩემი ეს წამოწყება სიღნაღური ტრადიციის აღდგენის სურვილმა გამოიწვია. შევიძინე ლამაზი ხელთათმანი და გადავწყვიტე, ჩემი რძლისთვის, ტყავით, მსგავსი ხელთათმანი შემეკერა და დაბადების დღეს მეჩუქებინა. მთელი გული და სული ჩავაქსოვე შიგ და მშვენიერი გამოვიდა. ამის შემდეგ ტყავით შევკერე ღვინის ბოთლის ქისა, ნაქარგი გავუკეთე და თბილისში, შარდენზე, შოურუმში, ერთ-ერთ მხატვარ ქალს ვაჩვენე. მან კი შემაქო და მითხრა, კარგად გამოგივა ეს საქმე და განაგრძეო. ქებამ სტიმული მომცა და ტყავის სამაჯურებისა და საფულეების დამზადებაც დავიწყე. შემდეგ ჩანთების დამზადებაც ვცადე. პირველი ჩანთა შაბლონის გარეშე შევკერე. ტყავი თარგის გარეშე დავხაზე და დავჭერი. შეკერვა რომ დავიწყე, მივხვდი, რომ ძალიან სასაცილო გამოდიოდა. ისევ დავშალე და ხელახლა შევკერე. როგორც სხვა ნივთები, პირველი ჩანთაც ახლობლებს ვაჩუქე. ამჟამად ქამრებსაც ვკერავ და ფეხსაცმელსაც – სანდლებსა და კედებს. ჩვენი ნივთები მხოლოდ ნატურალური ტყავისგან არის დამზადებული და ხელით არის შეკერილი.

– ხელით ტყავის კერვის ძველი მეთოდი რას გულისხმობს?

– სპეციალური ხის ხელსაწყოთი ტყავის გვერდებს ვამუშავებთ. თანამედროვე მეთოდით გვერდები ხსნარით მუშავდება და ის პოლიეთილენივით ეკვრება ტყავს და იფარება ყველა ნაკერი. ჩვენი ხელსაწყოთი დამუშავებული გვერდები კი არ ცვდება და უფრო ლამაზად გამოიყურება.

ყველაზე რთული ხელთათმანია, რადგან ბევრი წვრილმანი დეტალისგან შედგება და ბევრ დროს მოითხოვს. ხელთათმანს სჭირდება თხელი ტყავი და მასზე ხელით მუშაობა საკმაოდ რთულია. იმდენი წვრილმანია, როცა ხელთათმანს ვამზადებ, ხშირად თითები მტკივა. კერვა თვალებსაც მიღლის, მაგრამ ამ საქმის კეთების დროს ისეთ სიამოვნებას განვიცდი, ასეთ წვრილმანებს ყურადღებას აღარც ვაქცევ.

კერვის დროს გასანთლულ ძაფს ვიყენებ. სანთლით ვამუშავებთ ტყავის გარე საფარსაც, დაზიანებისგან დაცული რომ იყოს და დიდხანს გაძლოს. გასანთლული ტყავის ჩანთები ვიზუალურადაც ლამაზია. თუმცა ზოგ ტყავს გარედან სანთლით დამუშავება არ სჭირდება. შეიძლება თამამად გითხრათ, რომ ხისძირიან ჩანთებს მხოლოდ მე ვამზადებ. საქმეში ჩემი მეუღლეც ჩავრთე. კარგად იცის გეომეტრია და გამოჭრას მას ვანდობ. ხესაც ისე ამუშავებს, რომ წვიმა და ნესტი ვერაფერს აკლებს. ტყავს ხეზე სპეციალური ლურსმნებით, მჭიდროდ ვამაგრებთ, რაც ჩანთას სიძველის ელფერს აძლევს. ჩანთის ძირს ზოგჯერ ვლაკავთ, ვღებავთ ან სანთელს ვუსვამთ.

პირველი კედი ჩემთვის შევკერე, მაგრამ ჩემს თინეიჯერ ძმისშვილს მოეწონა და ვაჩუქე. ჩემი შეკერილი სანდლები მესამე წელია მაცვია და არ ცვდება. წინასაახალწლოდ, ტყავის ანგელოზებისა და ელფების კერვაც დავიწყე. თუ ვატყობ, რომ ნივთი, რომლის შეკერვაც ჩავიფიქრე, ისეთი არ გამოდის, ვშლი და თავიდან ვკერავ.

მიხარია, რომ სიღნაღში გავაცოცხლე ტყავის კერვის უძველესი კულტურა. ამ ისტორიულ ქალაქში ბევრი ადამიანი კერავდა ტყავის ფეხსაცმელს, თუმცა მათი მემკვიდრეები ამ საქმეს აღარ აგრძელებენ. მათ მიერ დატოვებული ცოდნა ოჯახებში შემორჩათ და ზოგიერთმა უშურველად გამიზიარა. მართალია, ინფორმაცია მწირია, მაგრამ მაინც მნიშვნელოვნად ჩავთვალე და პრაქტიკაში ვიყენებ.

– თამუნა, იქნებ მკითხველს ურჩიოთ, როგორ მიხვდეს, ფეხსაცმელი, ჩანთა, საფულე ნამდვილი ხარისხიანი ტყავისგან არის დამზადებული თუ არა?

– ტყავს სპეციფიკური სუნი აქვს. მისი შიდა მხარე აუცილებლად უნდა იყოს ზამშის, თუმცა იტალიურ ტყავს შიდა ნაწილი ისე აქვს დამუშავებული, ზამშის ფორმა დაკარგულია. ტყავთან ახლოს ანთებულ ასანთს თუ მიიტანთ, არ მოეკიდება, დერმატინი კი მაშინვე დაიგრიხება. ტყავის ფეხსაცმელი სუნთქავს და ფეხიც არ ოფლიანდება, არ ჩნდება სოკო და კანის სხვა დაავადებები. იგივე შემიძლია ვთქვა ტყავის ხელთათმანზეც. ტყავი რაც უფრო ძველდება, უფრო მიმზიდველი და ლამაზი ხდება. ჩემს შეკერილ ტყავის ჩანთას 6-7 წელია ვიყენებ და პირვანდელი სახე დღემდე არ დაუკარგავს. თხას თხელი ტყავი აქვს და მას ფეხსაცმლისა და ხელთათმანების დამზადების დროს ვიყენებთ. მისი ხარისხი მაღალია, რადგან გადაჭიმვას კარგად უძლებს. საქონლის ტყავი სქელია და მას ჩანთების, ქამრებისა და სხვა ნივთების დასამზადებლად ვიყენებთ.

შარშან ჩემი ნამუშევრები გურჯაანის ღვინის ფესტივალზე ძალიან მოიწონეს. გერმანიაში ორჯერ მიგვიწვიეს საერთაშორისო გამოფენაზე. საბერძნეთის გამოფენაზეც მივიღეთ მონაწილეობა. საქართველოში ახლა საქველმოქმედო გამოფენა იმართება, სადაც ჩვენი ნივთების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებს დავეხმარებით, რაც ძალიან მახარებს.

ნელი ვარდიაშვილი, გაზეთი ,,კვირის პალიტრა”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close