საზოგადოება

,,არ არის შახტა მკვლელი, მკვლელი არის მენეჯმენტი და უსაფრთხოება!” _ სკანდალური ინტერვიუ პროფესორთან

 (ექსკლუზივი)

ორი აფეთქება სამი თვის შუალედით და ათამდე დაღუპული – კატასტროფული შედეგი! გარკვეული, მაგრამ მაინც, რატომღაც დაუდგენელი მიზეზები, რომელსაც საერთო ჯამში, სხვადასხვა დროს, 30-მდე მეშეხტე შეეწირა. ნახშირით გაზომილი სიცოცხლე  და ფაქტი, რომელზე პასუხისმგებლობასაც არავინ იღებს!

ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა, წართმეული სიცოცხლე, ქაღალდზე დაცული უსაფრთხოება – სწორედ ეს „უმნიშვნელო მდგომარეობა“ გახდა საფუძველი  სამთო საზოგადოების  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შესაკრებად.  შეხვედრა 25 ივლისს შედგა, სამი დღის შემდეგ კი euronews.ge არკვევს, რომ თურმე ერთი შეხედვით უწყინარი შეხვედრა, არც თუ ისე უწყინარი ყოფილა.

ვიდრე შემოგთავაზებდეთ საინტერესო ინტერვიუს ერთ-ერთ სამთოელთან,  ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორ ირაკლი გუჯაბიძესთან, შემოგთავაზებთ რეზოლუციის ტექსტს, რომელიც სამთო საზოგადოებამ 25 ივლისს მიიღო:

  1. სრულყოფილი იქნას შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების მოქმედი რეგლამენტები და სტანდარტები ქვანახშირის მომპოვებელ წამყვან ქვეყნებში მოქმედი რეგლამენტებისა და სტანდარტების გათვალისწინებით;
  2. მკაცრად იქნას დაცული შრომითი დისციპლინისა და შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნები (შრომის უსაფრთხოების მუდმივი ინსტრუქტაჟი სამუშაო ადგილების მიხედვით; მიწისქვეშა ტექნოლოგიური პროცესების ტექნიკური და ვიდეო მონიტორინგის თანამედროვე საშუალებათა ინფრასტრუქტურის შექმნა; მუშა–მოსამსახურეთა ყოველწლიური სამედიცინო კონტროლი);
  3. ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურები, როგორც შიდა საშახტო, ასევე სახელმწიფო, უზრუნველყოფილი იქნას შესაბამისი კვალიფიკაციის კადრებით;
  4. შახტის ინჟინერ–ტექნიკური პერსონალის დანიშვნა შესაბამის თანამდებობაზე განხორციელდეს  უსაფრთხოების მოთხოვნათა სფეროში სწავლებისა და ატესტაციის გავლის შედეგების გათვალისწინებით;
  5. ეთხოვოს განათლების სამინისტროს, დააჩქაროს გადაწყვეტილების მიღება სტუ–ში ,,ამფეთქებელის“  სპეციალისტების მომზადების შესახებ, შესაბამისი სასწავლო პროგრამები გადაცემულია განათლების სამინისტროს ხარისხის მართვის დეპარტამენტისათვის;
  6. გავრცელდეს და სრული მასშტაბით ამოქმედდეს ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი ტყიბულის რეგიონისთვის;
  7. განხორციელდეს ცემენტის წარმოებაში გამოყენებული კლინკერის იმპორტზე საბაჟოს გადასახადების რეგულირება, ტყიბულის ნახშირზე წარმოებული კლინკერის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით;
  8. ტყიბულის მინდელის სახელობის შახტზე ციცაბოდ დახრილი ფენების დამუშავებისას, რეკომენდაცია მიეცეს საერთაშორისო პრაქტიკაში ანალოგიურ სამთო–გეოლოგიურ პირობებში წარმატებით გამოყენებულ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტყიბულის პირობებისათვის ადაპტირებულ საქვესართულე შტრეკებზე მოპოვების ტექნოლოგიას КПВ-2 კომპლექსის გამოყენებით;
  9. ტყიბულის ნახშირის წარმოების გრძელვნადიანი პერსპექტივის უზრუნველყოფის მიზნით დაჩქარდეს 300 მგვტ–ნი ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობა;
  10. დაჩქარდეს 13,2 მგვტ–იანი ტყიბულის ელექტრო სადგურის რემონტი და ექსპლუატაციაში გაშვება;
  11. ჩამოთვლილი ღონისძიებების რეალიზაციამდე მინდელის სახელობის შახტზე განხორციელდეს საკადრო ცვლილებები და გაგრძელდეს ქვანახშირის მოპოვება არსებული  ტექნოლოგიისა და შრომის და ტექნიკური უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვისა და კონტროლის მექანიზმის მოქმედების პირობებში. შეიქმნას სამთო დარგის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთაგან დაკომპლექტებული სამეთვალყურეო საბჭო 3-5 წევრის შემადგენლობით.

ირაკლი გუჯაბიძე:

_ საინფორმაციო საშუალებებით გაჟღერდა ფრაზა – ,,მკვლელი შახტა“. რატომ არის შახტა მკვლელი? ის, რაც მინდელის შახტაში ხდება, ისედაც მძიმეა, შახტა-მკვლელი უფრო დაამძიმებს?  არ არის შახტა მკვლელი, მკვლელი არის მენეჯმენტი და უსაფრთხოება! არ ვიცავთ უსაფრთხოებას, არ იცავს საწარმოო წესებს მენეჯმენტი და ამის გამო კვდებიან მეშახტეები. აი, ტექნიკური უნივერსიტეტის მესამე კორპუსის წინ, რამდენიმე წლის წინ, გააკეთეს გადასასვლელი, დგას იქ შუქნიშანი და გადადიან ადამიანები. ექვსი კაცია ამ გადასასვლელზე გარდაცვილი, რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა ადამიანები დასახიჩრდნენ. გეკითხებით, აქ გადასასვლელია მკვლელი?

_ აპრილში დაიღუპნენ ადამიანები  შახტაში, ივლისშიც დაიღუპნენ, უფრო ადრეც იღუპებოდნენ, საერთო ჯამში, 30 ადამიანია დაღუპული. ალბათ, ეს პროცესი გაგრძელდება… როდემდე?

_ არაფერი შეუცვლია მენეჯმენტს და ამიტომ იღუპებიან ადამიანები, აბსოლუტურად არაფერი შეცვლილა! კომპანიამ აღიარა, რომ ვერ უძღვება საქმეს, რაც მენეჯმენტის გადაყენებით დაადასტურა, მაგრამ შეცვლა არაა ასე – ერთი გამოიყვანო, მეორე შეიყვანო. ახალი მენეჯმენტიც ისევე გააგრძელებს მუშაობას, როგორც ამას ძველი აკეთებდა.

_ გასაგებია, ახლა დავიწყოთ თქვენს მიერ მიღებული რეკომენდაციების განხილვა.

_ თქვენ იცით, რომ შემოგვითვალეს ამ რეკომენდაციებს ნუ მიიღებთო?

_ რატომ, მიზეზი რა დასახელდა და  თუ საიდუმლო არ არის, ისიც მითხარით, ვინ შემოგითვალათ?

_ ამ თქვენს რეკომენდაციებს მაინც არ შევასრულებთ, მერე იტყვიან, რომ რეკომენდაცია არ იყო სწორი და უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებითო, ასე მითხრეს.

_ მუქარასავით ჟღერს ეს სიტყვები. სწორად მივხვდი?

_ არა, გაგვაფრთხილეს, არ ქნათო. იმიტომ მოიქცნენ ასე, რომ ეს რეკომენდაციები როცა არ შესრულდება, დაიწყება გამოძიება, რეკომენდაციები იყო არასწორი თუ მენეჯმენტი? მოკლედ, შარში რატომ ჰყოფთ თავსო, გვითხრეს. თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრი ჩვენთან გაზრდილი სამთოელი, დღეს, საზღვარგარეთ მუშაობს – რუსეთში და უკრაინაში?

_ თუ იყო შემთხვევები, როცა ფაკულტეტს სთხოვეს თანამშრომლების აყვანაში დახმარება?

_ არა, არასდროს მოუმართავთ. თავად ჩაატარეს კვლევა, რამდენი და რა დარგის სპეციალისტი სჭირდებოდათ საკვანძო ადგილებში. 60-მდე სპეციალისტის საჭიროება გამოიკვეთა, მაგრამ ჩვენგან არავინ წაუყვანიათ. გულწრფელად რომ გითხრათ, არც არავინ წავა იქ, ორ-სამ თვეში ერთხელ ხალხი იღუპება. თავად ტყიბულელები ამბობენ უარს და არაადგილობრივი ჩავა?

ჩვენ  ვურჩევთ მეშახტეებს, არ ჩავიდნენ შახტაში, ვიდრე არ გამოსწორდება უსაფრთხოების საკითხები. უსაფრთხოების გარდა, ყველა პარამეტრშია ცვლილებები შესატანი.

_ ე.ი. რა გამოდის, სტუდენტებს იმიტომ ზრდით, რომ უცხოეთში წავიდნენ სამუშაოდ და ჩვენმა ქვეყანამ კი ვერ გამოიყენოს მათი ცოდნა?

_ ძირითადად მიდიან კარიერებზე, ჭიათურა უსაფრთხოა, გვირაბები, ბეტონი – ქვიშა, ღორღი, უამრავი კარიერია, მაგრამ ჩვენთან როგორაა იცით,  სპეციალისტები არ მიყავთ საკვანძო თანამდებობაზე, რასაც  სახელმწიფო მკაცრად უნდა აკონტროლებდეს. სადაც სპეციფიკური სამუშეოები ტარდება, იქ ერთი მაინც უნდა იყოს სპეციალისტი, უმეტესობა თუ არა.

_ არსებობს სახელმწიფო ზედამხედველობის კომიტეტი, რომელიც ამოწმებს,  არის თუ არა დაცული უსაფრთხოება, ვთქვათ მშენებლობაზე…

_  იანვარში გეგმიური შემოწმება ჰქონდათ შახტაში, მაგრამ აპრილში დაიხოცა ხალხი. კიდევ  ჩავიდნენ, კიდევ შეამოწმეს, დაიხოცა ისევ ხალხი და ახლაც ჩავიდნენ. ეს არის შემოწმება?

_ არც იკითხეს რა გამოასწორეთო?..

_ ის კი არ უნდა ნახონ, „ლაფატკის“ ტარი გატეხილია თუ არა, რეალობა რა არის ის უნდა დაინახონ. იქ, სადაც ქვანახშირს მოიპოვებენ, ერთი გრამი ხე-ტყე არ შედის, „ბიგები“ არ დგება, არ მაგრდება, არ აინტერესებთ ეს ყველაფერი. რაც შეიძლება იაფად უნდათ გააკეთონ საქმე. არსად ხის მასალა არაა, არსად ლითონი არაა შეტანილი, გამოშიგნეს და წავიდნენ. ჩამოიქცევა, აბა რა იქნება…

_ როგორც ვიცი, არც სახელმწიფო ზედამხედველობის კომიტეტშია სამთოელი არავინ. არასამთოელს აბარია შახტები. მოკლედ, ასე, გაჩანაგებულ  შახტას უბრუნებს „ინვესტორი“ სახელმწიფოს…

_ დიახ, ასეა.

_ რა დრო დადგა, ადრე სახელმწიფო აშანტაჟებდა  ბიზნესს, ახლა პირიქითაა…  თქვენი რეზოლუციის მეშვიდე პუნქტი ეხება კლინკერის წარმოებას, რომლისთვისაც ქვანახშირი აუცილებელია.  GIG – საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, რომელიც ფლობს ქვანახშირის წარმოებას, ასევე ფლობს „ჰაიდელბერგცემენტს“. რეზოლუციის მეშვიდე პუნქტი ეხება კლინკერის წარმოებას, მკითხველისათვის გასაგები რომ იყოს, აქვე ვიტყვი, რომ კლინკერი მზადდება ქვანახშირზე.

_ ეს არის ნედლეული ცემენტისათვის, დოლომიტები ღუმელში გამოიწვება და მიიღება კლინკერი, მარტივად გეუბნებით, ახლა ასეთი ვითარებაა: ირანიდან  კლინკერის შემოტანა დაიწყო, ის შედარებით იაფია. პარალელურად დაიწყო იაფი ცემენტის შემოტანაც. დაახლოებით 25%-იანი სხვაობაა. ქართული კლინკერი უცხოურს ხარისხით ბევრად სჯობს, ნახშირზე დამწვარია და ნახშირი ხარისხიანს ხდის ცემენტს. ინდუსტიულმა ჯგუფმა იპოვა გამოსავალი: „ჰაიდელბერგცემენტმა“  შეამცირა ქვანახშირზე მოთხოვნა და დაიწყო ირანული კლინკერის ყიდვა, მაგრამ მათ იციან, რომ ეს დაბალი ხარისხისაა და მთელი რაოდენობა ორად გაყვეს – ცემენტში ნახევარი ირანული კლინკერი, ნახევარი კი ქართული შეურიეს.

_ ცემენტის ხარისხი დავარდა, მაგრამ ეს ფასზე არ ასახულა, როგორც ვიცი. ასეა?

_ დიახ. მომავალში რა იქნება, კაცმა არ იცის.

_ მაგრამ ნახევრისთვის ხომ ჭირდებათ ქართული კლინკერი?

_ დიახ, საბოლოოდ კი ცემენტის წარმოება თავს დაანებებს ქვანახშირს, გადავა იაფ კლინკერზე და ასე მოკვდება ქართული ცემენტწარმოება.

_ ისედაც ინგრევა ახლადაშენებული კორპუსები…

_ ამას უნდა რეგულირება, სახელმწიფო სწორედ აქ უნდა ჩაერიოს. კლინკერის შემოტანაზე საბაჟო გადასახადი უნდა აიწიოს.  შემომტანი ერთ გადასახადს იხდის და მიდის. ჩვენი მწარმოებელი იხდის საშემოსავლოს, დღგ-ს, საერთო ჯამში 38%-ს. როგორ მოუგებს იაფი კლინკერის შემომტანს? სახელმწიფომ გაზარდოს საბაჟო გადასახადი და წარმოებას ფასი დაედება. ამას უნდა დარეგულირება, მე არ ვამბობ ექსპორტს „ფარდა ჩამოუფარონ“, ასე არ შეიძლება, მაგრამ აწიონ გადასახადი, დაარეგულირონ, საიდან რამდენი შემოვა ბიუჯეტში გადასახადი და გაუთანაბრონ, თანაბარ პირობებში ჩააყენონ.

_ ამიტომ გამოყარეს მუშები „ჰაიდელბერგიდან“, როგორც ჩანს. თქვენი რეზოლუციის მეორე ნაწილი ეხება დისციპლინას. სამთოელები ამბობთ, რომ საჭიროა სამხედრო დისციპლინა.

_ დიახ, შახტაზე უნდა იყოს სამხედრო დისციპლინა. ყოველთვის ასე იყო, ყველგან, მთელს  მსოფლიოში შახტაზე არის მკაცრი დისციპლინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი დაგენგრევა. ამასწინათ, ტელევიზიამ კომენტარი სთხოვა მუშას, – მოყევი რა მოხდაო. მუშა ამბობს, მითხრეს გადიო და ვუთხარი, მოიცა გავაკეთებ, სამაგრი მაქვს ამოსასხამიო და მერე გამოვალო. როგორ  შეიძლება ასეთი რამ?

_ ალბათ, არ ესიამოვნებთ მუშებს ამას რომ ამბობთ.

_ თავად თქვა მუშამ ეს, მითხრეს ვაფეთქებთ, გადიო და არ გავედიო. იმათაც უთხრეს, კაი, გააგრძელე მუშაობაო. არ აიძულეს, გამოსულიყო  და ამასობაში, აფეთქება მოხდა. ამიტომ ვამბობ, სახელმწიფო უნდა ჩაერიოს.

_ საქმე ისაა, ბატონო ირაკლი, რომ რამდენჯერაც აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, არც ერთ დასკვნაში არ წერია, რომ შახტაში არ იყო უსაფრთხოების წესები დაცული. არსად წერია,  რომ არ ხდება შახტის გამაგრება და ა.შ.

_ მუშა არ იჩივლებს. დაზიანდა? არ იტყვის არაფერს. იყო ასეთი შემთხვევა:  მუშას უთხრეს, არაგაბარიტია, ნახშირს არ უშვებს, ზედდებული მუხტი დაადე და ააფეთქეო. არაო, ასე ვერ ავაფეთქებო.  ვერ ააფეთქებ და ამოდი ზევით, სხვა ააფეთქებსო.  რამდენ მსგავს  აფეთქებას უნდა გადაურჩეს მუშა? ერთი არ ააფეთქებს, მეორე ააფეთქებს. ვინც არ ააფეთქებს,  იმას არაფერს დაავალებენ შემდეგში და ნელ-ნელა დარჩება უმუშევარი.

_ სამწუხაროდ, არც ერთი დაღუპულის ოჯახის წევრებისაგან  ან თავად დაშავებულისაგან არ მომისმენია, რომ მეშახტეც სცოდავს.

_ არ იტყვის. როგორ იტყვის ამას? ყველამ ყველაფერი იცის, ოფიციალურად იტყვის და სახლიდან ვერ გაასვენებს მიცვალებულს.

_ კომპანიამ ხომ იცის?

_ ყველაფერი იცის, მაგრამ ხელს უწყობს.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ იაფად ხოცავს ხალხს, თავადაც სცოდავენ, არაფერს აკეთებენ უსაფრთხოების დასაცავად, მუშებიც სცოდავენ და კი გვაქვს შედეგიც. შახტაზე უბნის უსაფრთხოების და ვინტილაციის სამსახურის უფროსი ტექნიკური განათლებითაა, მაგრამ სამთოელი არაა. მთავარი ინჟინერი სამთოელი არაა…

_ სამაგიეროდ, მთავარი პროკურორია სამთოელი და კი უნდა გამოიძიოს,  წესით,  ობიექტურად, რა ხდება მის სპეციალობაში… კარგით, თქვენი რეკომანდაცია ითვალისწინებს ატესტაციას, ტარდება ზოგადად ატესტაციები?

_ რომ არ ტარდება იმიტომ დავწერეთ. მსგავსი სიტუაციები, რაც ახლა ჩვენთანაა, პოლონეთის, რუსეთის იმ შახტებშიც იყო. იქაც  ჩვენნაირი, რთული შახტებია. 90-იანი წლების დასაწყისში იქაც მოხდა სტაგნაცია, გაჩერდა რთული შახტები, მერე გამოჩნდნენ დაინტერესებული პირები, შეიძინეს. ზუსტად ერთი ერთზე ვითარებაა. მათ, სიკვდილიანობა თავიდან რომ აეცილებინათ, კადრებიდან დაიწყეს, უსაფრთხოება მოაწესრიგეს და შემდეგ ტექნოლოგიებიც შეცვალეს. ესენი ნახშირის მოპოვების დროს, ეკონომიას აკეთებენ უსაფრთხოების წესების დარღვევით,  სულერთია მათთვის ყველაფერი და ამით სურთ, შეინარჩუნონ დაბალი ღირებულება და ეს ხდება სიცოცხლის ხარჯზე. ახალ ტექნოლოგიებზე რომ საუბრობენ, თქვენ იცით რომ ახალი ტექნოლოგიები ჩვენი ტიპის შახტაზე არ მიდის?

_ იაფი არ ჯდება ტექნოლოგია.

_ ჰო, ან ფულით უნდა გადავიხადოთ, ან ხალხით, რომელი სჯობს?

_ მაინც ვერ მივხვდი, რატომ ვერ ხედავს ამ ყველაფერს ტექნიკური ზედამხედველობა? თქვენი რეზოლუციის მეხუთე პუნქტი ეხება ამფეთქებლის სპეციალობას.

_ არ გვყავს დღეს ამფეთქებლები. ამიერკავკასიაში ამფეთქებელს ჩვენ ვუშვებდით – მარგი წიაღისეულის საბადოთა დამუშავების კათედრა. მას ვაძლევდით ამფეთქებლის შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტს. ახლა აღარ არის ასე. 90-იანი წლების ბოლოს დაიწყეს შემცირებები, დაიშალა უნივერსიტეტები, შემდეგ შეერთდა ისევ და ამ პროცესში დაიკარდა ამფეთქებლის პროფესია. ძალიან ბევრი აუცილებელი და საჭირო კვალიფიკაცია დაიკარგა ამ დროს, ძალიან ბევრი,

_ აბა, ვინ აფეთქებს ახლა?

_ ძველი თაობა, ვინც შემორჩა ან ახალი, რომელთაც უნდათ, იყვნენ ამფეთქებლები და არიან თვითნებურად. ჩვენ მივმართეთ სამინისტროს,  რათა აღდგენილიყო პროფესიული განათლება ამფეთქებლის ხაზით, შევადგინეთ საუკეთესო პროგრამა, ვინც კი გვყავს შემორჩენილი ძლიერი ამფეთქებელი, ყველა ჩართული იყო და გადავეცით სამინისტროს.

_ რა გითხრეს?

_ ხომ გყავთ სამთო ოსტატი, შეიყვანეთ ამ სფეროში ამფეთქებელიცო.

_ ზუსტად ასე დავწერო?

_ ასე გვითხრეს. არ შეიძლება, სამთო ოსტატი იყოს ამფეთქებელი. მთელ მსოფლიოში ამფეთქებლები აფეთქებენ და ჩვენთან, სამთო ოსატატმა უნდა ააფეთქოს?

_ მეექსვე პუნქტის მიხედვით, თქვენ მოითხოვეთ ამოქმედდეს ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი ტყიბულის რეგიონისთვის. რა შედეგს მოგვცემს ეს?

_ შეღავათებს მუშებისთვის და ზოგადად ტყიბულისთვის. კი,  800 მეტრამდე არაა ტყიბული, მაგრამ განსაკუთრებული ზონაა. სოციალური შეღავათები თითოეული პირისთვის,  წარმოებისთვის,  ეს ყველაფერი კარგადაა გაწერილი კანონში.

_ კარგით, საინტერესოა თქვენი კომენტარი მერვე პუნქტის შესახებ, სადაც ტექნოლოგია КПВ-2 კომპლექსის გამოყენებაზეა საუბარი.

_ ეს არის ტექნოლოგია, რომელიც გაიარეს ჩვენი პირობების ანალოგიურმა შახტებმა. გამოვიყენოთ ეს ტექნოლოგია და შემდეგ გამოვიგონოთ ახალი. ტყიბულში სპეციალისტები ისეთი ადგილებიდან  ჩამოჰყავთ, რომლებსაც შეხება არა აქვთ რთულ შახტებთან. ერთი რუსი ჩამოიყვანეს, ჭაბურღილებით ქვანახშირი მოვიპოვოთო.  არ შეიძლება ასე.  არც სამთოელია ეს კაცი, გააკეთებინეს რაღაცეები, არ გაამართლა, მაგრამ  ფული მაინც მისცეს და წავიდა. შენი ფული იხარჯება, არ უნდა იფიქრო, რომ კარგად გააკეთო?

_ ამბობენ, ტექნოლოგია КПВ-2 არის რუსული. ამერიკული და  გერმანული ტექნოლოგიები რატომ არ გამოიყენება?

_ ეს არ არის რუსული! ეს არის მექანიზებული მანქანა, რომელიც იღებს ნახშირს. ის არის პოლონური, უბრალოდ, რუსებმა გადაიღეს. პოლონეთში შეიქმნა ეს ტექნოლოგია. რატომ არა ამერიკული? ამერიკაში არის ლამაზად დალაგებული ფენები, სადაც მექანიზირებულია ყველაფერი. იქ შახტა არაა რთული, ადამიანიც არ არის საჭირო, რამე რომ მოხდეს, ადამიანი არ დაიღუპება და კაცი არ ჭირდება პროცესებს. ჩვენთან რა პირობებიცაა, ანალოგიური არის რუსეთში და რა ვქნათ? იმიტომ რომ ვინმემ არაფერი თქვას, დავხუროთ წარმოება?

_ ძალიან დიდი ხანია მიდის კამათი, რამდენად გამართლებულია 13,2 მეგავატიანი ტყიბულის ელექტრო სადგურის რემონტი და ექსპლუატაციაში გაშვება. თქვენ ისევ დააყენეთ ეს საკითხი, არადა,  ამბობენ, რომ ტყიბულის ქვანახშირში გოგირდის დიდი შემცველობაა და არ გამოდგება.

_ ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია. გარდაბანში, თუ სწორად მახსოვს, 2004 წელს, მეათე ენერგობლოკზე საქვაბე აფეთქდა და დაზიანდა. გადაწყდა, რომ მეათე ბლოკი გადაკეთებულიყო ქვანახშირზე. შესულია იქ შპს „სიპაუერი“, რომელიც მუშაობს. გამოთვლილია, რა რაოდენობის ნახშირი ჭირდებათ. ტყიბულის ქვანახშირი მიდიოდა დონეცკის მეტალურგიულ ქარხნებში და თბოსადგურებში, იწვის დიდებულად, თუ,  რა თქმა უნდა, ამოღება ძვირი არ გიჯდება.

_ საკადრო ცვლილებები მოხდა უკვე.

_ კი და სპეცილაისტები არ მიუყვანიათ.

_ ეს კერძო მენეჯმენტში ჩარევა არაა.

_ დიახ, არის.  უნდა ჩაერიოს სახელმწიფო. ხომ ჩაერია სახელმწიფო ტყის ჭრაზე და ასე უნდა ჩაერიოს აქაც. ჩვენ იმიტომ ვლაპარაკობთ, რომ სამთო საქმეზე სამთოელის გარდა არავინ უნდა ილაპარაკოს. ვინ არის სპეციალისტი, თუ არა სამთოელი? დიახ, ჩავერევით. შიგნით ისინი თავისით არ დალაგდებიან, ამიტომ სპეციალისტებისგან უნდა შეიქმნას საბჭო. მეშახტეების სიკვდილი ხომ უნდა დასრულდეს?! ან რა გამოსავალია გაჩერება? იქ ბევრი ცუდი პროცესი მიდის. შეიძლება გაჩნდეს კერები და გადაიწვება იქაურობა, თუ არ იქნა დაცული წესები.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close