საზოგადოება

,,ზამთარი მოდის, სახლში არანაირი პირობები არ გვაქვს…”_ 9 შვილის მარტოხელა დედა დახმარებას ითხოვს

მთვარისა მუზაშვილი ცხრა შვილის მარტოხელა დედაა. ოჯახი მაშინ დაენგრა, როცა მეუღლემ გაიგო, რომ მეცხრე შვილს ელოდებოდნენ. ქმარი დაჟინებით სთხოვდა, ბავშვი არ გაეჩინა, თუმცა მთვარისამ აბორტის გაკეთებას მარტოხელა დედობა ამჯობინა. მიუხედავად იმისა, რომ გაუსაძლის პირობებში უწევს ცხოვრება და ყოფით პრობლემებს მარტო უმკლავდება, მაინც ბედნიერია თავისი შვილების ცქერით.

– 15 წლის ვიყავი, სიყვარულით რომ გავთხოვდი. ოთხი წელი შვილი არ მყავდა. დედა ღვთისმშობელს მუხლმოდრეკილი ვევედრებოდი, ოღონდ დედა გავხდე და რამდენ შვილსაც მომცემ, ყველას

გავაჩენ-თქო. ამის მერე მალევე დავრჩი ორსულად. ჩემს სიხარულს და ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. დედობა ყველაზე საოცარი გრძნობაა ამ უკიდეგანო სამყაროში. დღეს ცხრა შვილის დედა ვარ და მადლობა უფალს ამ სიხარულისთვის. უფროსი შვილი უკვე 18 წლისაა.

– უფროსები გეხმარებიან? რამდენად იღებენ პატარების აღზრდაში მონაწილეობას?

– საოცარი ურთიერთობა აქვთ. ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო, ამათზეა ნათქვამი. უერთმანეთოდ ლუკმას არ ტეხენ. რამეს რომ ვუყიდი, თუ ყველა ერთად არ შეიყრება, ხელს არ აკარებენ. უვლიან და ეფერებიან ერთმანეთს. ეს ჩემთვის დიდი ნუგეშია.

– დღეს მარტოხელა დედა ხართ. როგორ უვლით ცხრა შვილის?

– ორი გოგო, უფროსები გათხოვილები არიან. ჩემმა მეუღლემ რომ გაიგო, მეცხრე შვილს ველოდებოდით, მითხრა, არ გააჩინო. მე მაინცყოფა…

– რა არის თქვენი შემოსავლის წყარო?

– სოციალური და მრავალშვილიანობის დახმარება მაქვს, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. ნახევარი თვეც არ ჰყოფნით ჩემს შვილებს. აქვე ერთი მაღაზიაა, ღმერთმა გაახაროს იმის მეპატრონე. ის რომ არ მყავდეს, არ ვიცი რა მეშველებოდა. ყველაფერს მატანს, რაც მჭირდება. თვიურად 700-800 ლარზე ავდივარ ვალს და შემდეგ რასაც ვიღებ დახმარებას, იქ მიმაქვს. არასოდეს არაფერზე უარს არ მეუბნებიან. სკოლაშიც კეთილი ადამიანების დახმარებით წავიდნენ ჩემი შვილები, თორემ მე ვერაფერს ვუყიდდი. ახლაც მეტირება… როცა ხედავ, რამდენი რამე სჭირდებათ ბავშვებს და შენ არაფერი შეგიძლია, ძალიან მტკივნულია დედისთვის.

– თქვნი მეუღლე მატერიალურად არ გეხმარებათ?

– რაიონში ცხოვრობს. არანაირად არ მეხმარება. მთელი ზაფხული თბილისში ამოვხუთე ბავშვები, არც ერთი არ უკითხავს, არ წაუყვანია თავისთან. ამის მიუხედავად, შვილების თანდასწრებით მამაზე აუგი არასოდეს დამცდენია. სულ ვეუბნები, რომ პატივი სცენ და ჩვენმა უთანხმოებამ მათზე გავლენა არ მოახდინოს. ერთ-ერთი შვილი, ბიჭი, 16 წლისაა და მამასთან ცხოვრობს. ერთი სული აქვს სკოლა დაამთავროს, რომ ისიც ჩვენთან წამოვიდეს. პატარა რვა თვისაა, ამიტომ მუშაობასაც ვერ ვახერხებ.

– თავშესაფრის სათხოვნელად გამგეობას ან მერიას არ მიმართეთ?

– კი, მაგრამ არ დაგვაკმაყოფილეს. ეგ კი არა, ზამთარი მოდის, სახლში არანაირი პირობები არ გვაქვს. ფანჯრების შეცვლა ვთხოვეთ გამგეობას, მაგრამ მაგაზეც უარი მოვიდა. შარშან წითელი პატარა გაზქურები რომაა, იმით ვთბებოდით და „ყაზტრანსგაზიდან“ მოვიდნენ, მოხსნეს და წაიღეს. სახიფათოა ბავშვებისთვის და ვერ დავტოვებთო. ვეხვეწე, სიცივეში ნუ დაგვტოვებთ მეთქი, მაგრამ მაინც მოხსნეს და წაიღეს. ხელით ვრეცხავდი ამდენი ბავშის სარეცხს. მეზობელმა სარეცხის მანქანა გამოცვალა, ძველი სოფელში უნდა წაეღო და შევეხვეწე, ცოტა ხანი მათხოვე–თქო. ახლა ნათხოვარი მანქანით ვურეცხავ სარეცხს.

– თქვენი თავისთვის გრჩებათ დრო?

– თქვენ როგორ ფიქრობთ, მაქვს მაგის განწყობა? ბავშვებს ძალიან დიდი დრო და ენერგია სჭირდებათ. დილით შვიდ საათზე უკვე ფეხზე ვარ. სკოლა, ბაღი, ყველა გასამზადებელია. პატარაც სულ თან დამყავს. ყველაფრის მიუხედავად, დღეს მაინც მადლობას ვეუბნები უფალს ჩემი შვილების გამო…

თუ ვინმეს ექნება დახმარების სურვილი, შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ ანგარიშის ნომერზე:
თი-ბი-სი ბანკი: GE91TB7489845061100072
მიმღები მთვარისა მუზაშვილი.
ტელ: 551 22 51 18.
მერი ბლიაძე

წყარო: https://www.mshoblebi.ge

 

Related Articles

Back to top button
Close