საზოგადოება

,,სანამ ხალხი მასობრივ-საყოველთაო გამოსვლებს დაიწყებს, უკან წაიღეთ საგანგებო მდგომარეობა”

  შალვა ნათელაშვილი კვლავ მოუწოდებს ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისა და ეკონომიკის ამოქმედებისკენ, ასევე კომპენსაციების გაცემისკენ.
შალვა ნათელაშვილი:
_ მიმდინარე პანდემიამ დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობას ხალხისთვის შიდა პატიმრობის მეტი, არაფერი ემეტება. ერთადერთი ხელისუფლებაა დედამიწაზე, რომელსაც ამ საბედისწერო ჟამს, არაფერი გაუცია ხალხზე, მოპარული მილიარდელებიდანაც კი. პირიქით, იქით შეუდგა ახალი მილიონების კეთებას და დიქტატურის განმტკიცებას.
ამ წუთებში მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელიც მორიგი ბლეფია. მათ აღადგინეს სამშენებლო ბიზნესის მუშაობა და მოგეხსენებათ, ის ივანიშვილების, მამაცაშვილების, კალაძეების, წულაიების და ოდიშარიებისაა.
ვაფრთხილებ ამ ე.წ. მთავრობას! სანამ ხალხი მასობრივ-საყოველთაო გამოსვლებს დაიწყებს, უკან წაიღეთ საგანგებო მდგომარეობა, კომენდანტის საათი, აღადგინეთ ეკონომიკური საქმიანობა, ბიზნესი, დააბრუნეთ ხალხი სამუშაო ადგილებზე. რადგან თქვენ უარი თქვით ხალხის გადარჩენაზე, მიეცით ადამიანებს საშუალება, თვითონ გადაირჩინონ თავი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სოციალური დისტანციის და ჰიგიენის ნორმების დაცვით. სხვა შემთხვევაში, დამერწმუნეთ, ძალიან ცუდი დღე გელოდებათ.
 შემიძლია ახლავე დავპირდე ივანიშვილს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რაც რამდენიმე თვეში მოხდება, მისი მოპარული მილიარდებიდან შეიქმნება დახმარების ფონდი და ყველა იმ ადამიანს, ბიზნესს, ვისაც მთავრობის გულქვაობით შეექმნა პრობლემები, მიმდინარე ეტაპზე, სრულად აუნაზღაურდება მიყენებული ზარალი. მთელი კაცობრიობა თანხმდება, რომ როგორც ქუხს, ისე არ წვიმს და ეს გადაჭარბებული პანიკა საქართველოს ხელისუფლებამ გამოიყენა იმისთვის, რომ სრულად ჩაეგდო პოლიტიკური პროცესები და ,,დაეთრია” 3,5 მილიარდი დოლარის კრედიტი მსოფლიო საფინანსო ორგანიზაციებისგან, რომელსაც ისევ ჩვენ გადაგვახდევინებენ. ვეუბნებოდით, გაეცით ყველა ოჯახზე ათასი ლარი, ყოველგვარი მკითხაობის და ვაჭრობის გარეშე, _ უარი თქვეს; ვეუბნებოდით, გაეცით 500 ლარიანი საგაზაფხულო პაკეტი ყველა გლეხზე, რომ შეძლონ მიწის დამუშავება და არ დადგნენ შიმშილის წინაშე, _ უარი თქვეს; საუბარიც არ ყოფილა ხელფასების შენარჩუნებაზე, პენსიებზე დანამატზე; თავშიც არ გაუვლიათ ბიზნესისთვის დახმარება. ერთადერთი, რაც აინტერესებდათ და აინტერესებთ, მათი პირადი ბიზნესებია. დაუბრკოლებლად მუშაობს ბანკები, ,,კარფური”, საერთაშორისო გადაზიდვები მათი ტვირთებით, ოქროს მოპოვება. პირველ რიგში მშენებლობა განაახლეს, იმიტომ, რომ ეს არის მათი ფულის გათეთრების და შოვნის წყარო, აღარაფერს ვამბობ ბიტკოინებზე, რომელიც უწყვეტად მოედინება ივანიშვილის და მისი კლანის გასაძლიერებლად.
 ვიმეორებ! კიდევ არ არის გვიან! დაიწყეთ კომპენსაციების გაცემა, თითოეულ ოჯახზე 1000 ლარი, საგაზაფხულო სამუშაოებისთვის დამატებით გლეხებზე 500 ლარი, აუნაზღაურეთ ზარალი ბიზნესს! ეს ეტაპი ისტორიაში ალბათ, შევა არაადამიანობის, გულქვაობის, არამზადობის ფურცელი, რომელიც აღარასოდეს უნდა განმეორდეს.

Related Articles

Back to top button
Close