საზოგადოება

,,ყვავილებს ადამიანებივით ვესაუბრები…” _ ამქვეყნიური სამოთხე მშვიდობიანში

,,ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, ვისაც ყვავილი და სილამაზე უყვარს"

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობიანში ბაღაშვილების კარ-მიდამო სამოთხის ბაღს ჰგავს. მათი სახლის ჭიშკართან პატარა რუ მოჩხრიალებს, იქვე ალუჩას დაუხუნძლავს ტოტები. საოცარ ყვავილნარში მიმოფანტული წეროები, ჭიამაიები, გედები და ცემენტისგან დამზადებული ლამაზი ქმნილებები გეგებებიან.  ხის პატარა კიბეზე თოჯინები ერთმანეთს დამალობანას ეთამაშებიან. როგორც გვითხრეს, ეზოს საოცარ მორთულობებს ოჯახის წევრები ერთობლივად ქმნიან.

    მავრა ბაღაშვილი:

_ ეზოს გალამაზება 8 წლის წინ დავიწყე. მარადმწვანე, დიდი მცენარეები მიყვარს, მაგრამ  სახლის წინ ვაზის დიდი ხეივანი გვქონდა, ამიტომ ყვავილნარის გაშენება გადავწყვიტე. თავდაპირველად ბზის ტოტები დავაკალმე- უკვე დიდი ბუჩქებია. სხვათა შორის, არასოდეს გაგვისხლავს, თავად მიიღო  ბურთის ფორმა.

პირველად ქოთნის ყვავილები შევაგროვე. რამდენიმე თვეში ბალბების დიდი კოლექცია შევქმენი- ორმოცი ქოთანი ბალბა გავახარე. ერთნაირი ყვავილი არცერთს ჰქონია, ყველა ერთდროულად რომ აყვავდა,  მნახველები მოდიოდნენ.

გაზონების ყვავილები მომწონს. შთამბეჭდავი სანახავია სხვადასხვა ფერის ყვავილებით შექმნილი დეკორაციები-  ინტერნეტით ხშირად ვნახულობ მსოფლიოს დიდ ქალაქებში მოწყობილ ყვავილნარებს და ცხადია, მეც მსურს, ჩემი ბაღიც მშვენიერი იყოს. ნიადაგი კარგად დავამუშავებინე და შუაგულში, წითლად შეღებილი ქვებით, გულის ფორმის ქოთანი ავაშენე. ახლაა მასში ლამაზი ბაიები იწონებენ თავს. ყველა ვარდი კალმით გავახარე. სისხლისფერი ვარდი ჩემს დისშვილს გამოუგზავნეს რუსეთიდან. როცა აყვავდა ტოტი მოვაჭერი და ჩავრგე. ამ ვარდის რამდენიმე ძირი მაქვს და გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით ყვავილობს.Check on, sportakvimi.

    _ მცენარეების დაკალმების თქვენეული მეთოდი გაქვთ?

_ ვარდის ტოტს ფოთლებს ვაცლი და სილაში ვრგავ. კარტოფილი და ბანანიც გამომიყენებია ვარდის გასახარებლად. ამ მეთოდით ვარდი საკმაოდ სწრაფად ფესვიანდება. ერთხელ  ვარდმაც გაიხარა და კარტოფილიც ამომივიდა. დასაკალმებლად ყველაზე საუკეთესო პერიოდი შემოდგომაა, თუმცა ზაფხულში ჩარგული ტოტიც გამიხარებია. 10-15 სახეობის ვარდი მაქვს და ყველას ჩემს შვილად ვთვლი. შავზოლიანი წითელი უიშვიათესი ვარდიც ხარობს ჩემს ბაღში. ჰორტენზიებიც ძალიან მომწონს- დიდ და ბურთულა თეთრ ყვავილს იკეთებს და ბაღის მშენება შევრქვი. მას ძმრიანი წყლით ვრწყავ. ასეთი უცნაურობები ყვავილებთან დაკავშირებით არსებობს. მაგალითად, თუ გინდა ბროწეულმა კარგი მოსავალი მოგცეს, რკინა უნდა ჩაატანო ფესვში. ერთწლიანი ყვავილების ნერგებს ვყიდულობ ან თესლს ვიწერ და ჩითილი გამომყავს. წინასწარ ვგეგმავ, რომელი ყვავილი სად უნდა დავრგო. მაქვს ვიოლები, იაჟუჟუნები, ბაიები… ზოგ ყვავილს მეტსახელებს ვარქმევ და მათი ნამდვილი სახელებით არ ვინტერესდები.

ოჯახში გამოუსადეგარ ნივთებს ქოთნებად ვიყენებ. ჩემს ბაღში ნახავთ ჯამებში, ჭიქებში, ტაშტებში,  ქვევრებში, კალათებში ჩარგულ ყვავილებს.  ერთგან გოდორი წავაქციე და ისე მოვაწყე, თითქოს კალათიდან მოედინება  ყვითელი ყვავილების ნიაღვარი. ბავშვის საძინებელი ხეივნის რკინებზე ჩამოვკიდე, შიგ მიწა ჩავყარე და მასში ჯუჯა, მოყვავილე მცენარეები ჩავრგე – ულამაზესი სანახავია. ხის ჯირკები ამოვთხარე და ზოგიერთ მცენარეს იქ მივუჩინე ბინა, ფეხსაცმელიც არ გადავყარე, სხვადასხვა ფერად შევღებე და ყვავილები ჩავრგე. …

   _ ოჯახის წევრები ბაღის მოვლაში გეხმარებიან?

_ შვილთან და რძალთან ერთად ვცხოვრობ. ბოლო დროს, რამდენიმე ურთულესი ოპერაცია გავიკეთე. მეუღლე  ჩემზე ნერვიულობას გადაჰყვა. ჯანმრთელობა ხელს არ მიწყობს, მაგრამ ჩემს ლამაზმანებს მაინც ვერ ვღალატობ, მათ მოვლაში ვათენებ და ვაღამებ. ოჯახის საქმეებს ჩემი შვილი, შალვა უძღვება. ძალიან ხელმარჯვე აღმოჩნდა და ბევრი რამ ამ ბაღში საკუთარი ხელით აქვს გაკეთებული. მინდოდა დიდი საქანელა გვქონოდა და ოცნება რეალობად მიქცია. რკინის საქანელას საბურავების პუფები მოაყოლა, რომლებიც ბაღში დავაწყეთ. ხის მაგიდა და სკამებიც მისი ნახელავია.  მისი დამზადებული საბურავის წეროც გვყავს, ქვევრი გადამიჭრა და მასში ლამაზი ყვავილი ჩავრგე, რომელსაც კრუხ-წიწილას ვეძახი. მან დაამზადა ორი თოჯინა, რომლებიც  ერთმანეთს ემალებიან. მასალად პენოპლასტი და ბამბა გამოიყენა, ტანსაცმელი კი მეორადების მაღაზიაში შევუძინეთ. თოჯინებს ქეთო და კოტე შევარქვით. ეს კომპოზიციაც ეზოს გვიმშვენებს. შალვას მიერ საბურავებისგან დამზადებულ გიგანტურ ყავის ჭიქებში, რომლებსაც დასადგამი თეფშებიც აქვს, ქრიზანთემები და გვირილები ჩავრგე. sober

ჩიტების სახლები ჩემი რძლის, თამუნა მამუჩაშვილის ნახელავია. ცემენტისგან სხვადასხვა ფორმის ქოთნებს და ფრინველებსაც აკეთებს. საახალწლოდ ნაძვის ხის საოცარი მოსართავები დაამზადა და გაყიდა. ბაღისთვის კი პირველად ცემენტით სოკოები გააკეთა. ყველა ახლა ბაღში დგას. მერე ჭიამაიები და იხვი გააკეთა- სანამ გაშრებოდა, ორჯერ გადმოვარდა და დაიმტვრა. მაინც არ გადავაგდეთ და ,,დახეიბრებულ“ ფრინველში ყვავილი ჩავრგეთ. თამუნას დამზადებული ფერადფრთებიანი თუთიყუშიც გვყავს და წყვილი ფლამინგოც. ამჯერად სპილოს ,,შეკვეთა“ მაქვს მიცემული და მპირდება, რომ აუცილებლად გააკეთებს. მუხლუხა ჭიებს ვერ ვიტან. ერთ დღესაც ვხედავ, ჩემს ბაღში, ცემენტის უშველებელი მუხლუხები ,,მიცოცავენ“. ისეთ ლამაზ ფერებში მოხატა, მომეწონა. მითხრა, ფლამინგოს რომ ვაკეთებდი ცემენტი დამრჩა და უცებ დავამზადეო. თამუნას დამზადებულ მუყაოს ერთ-ერთ სახლში ბეღურები  შეფრინდნენ და უკვე ბარტყები ჰყავთ. ცხადია, სამომავლო გეგმებიც გვაქვს- პატარა აუზი უნდა გადაკეთო და იქ წყალმცენარეები გავახაროთ.

ხშირად მეკითხებიან, ტურისტების მიღებას ხომ არ აპირებ, ასეთი წალკოტი რომ მოაწყეო. ბაღი იმიტომ მინდა, რომ მე და ჩემი ოჯახის წევრებმა ვისიამოვნოთ, მეგობრები, ახლობლები მოვიდნენ და დატკბნენ. როცა ფბ-ზე ჩვენი ბაღის ფოტოებს ნახულობენ, მომწერენ ხოლმე, შეიძლება მოვიდეთ და დავათვალიეროთო?  ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, ვისაც ყვავილი და სილამაზე უყვარს.

ყოველ დილით, სანამ საქმეს დავიწყებ, ეზოში გამოვდივარ და ყვავილებს ადამიანებივით ვესაუბრები. ეს ბაღი ჩემთვის ამქვეყნიური სამოთხეა, სადაც ვტკბები სილამაზითა და სურნელით.

       _ როგორც შევიტყე, სიმღერაც ყვავილებივით გყვარებიათ…

_ ჩემს ახლობლებსა და მეგობრებს ძალიან მოსწონთ ჩემი ნამღერი, მე კი მიხარია, რომ მათ ვახალისებ და ვართობ. ისეთი რთული ცხოვრება გვაქვს, პოზიტივი თავად უნდა გამოვძებნოთ.  სიმღერა ჩემი სულის თერაპია. ასე მგონია, სიმღერისა და ყვავილების გარეშე ერთ დღესაც ვერ გავძლებ.

ნელი ვარდიაშვილი, გაზეთი ,,კვირის პალიტრა” 

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close