სიღნაღის ამბები

სიღნაღის მერის საახალწლო დაპირებები – ,,სოფლებში მალე მუნიციპალური ტრანსპორტი ივლის“

მალხაზ ბეგიაშვილი: ,,ახალგაზრდულ ინიციატივებსა და პროექტებს ფინანსურად წავახალისებთ“

   საინფორმაციო სააგენტო euronews.ge და ფეისბუქჯგუფი ,,სიღნაღის ამბები“ 2023 წლის მიღწევებსა და მომავალი წლის გეგმებზე სიღნაღის მერს, მალხაზ ბეგიაშვილს ესაუბრა.

,,მუნიციპალური მთავრობის უპირველესი მოვალეობაა, მოსახლეობას შესთავაზოს ახალ-ახალი სერვისები, ძველი კი გააუმჯობესოს”, – ამბობს ბატონი მალხაზი.

თუ რას გულიხსმობს კონკრეტულად, რა სიურპრიზი ელით სიღნაღის მცხოვრებლებს იანვრიდან, ამის შესახებ დაწვრილებით მალხაზ ბეგიაშვილი გვესაუბრება:

_ გასულ წელს საბიუჯეტო რესურსის დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურისთვის გამოვიყენეთ – საბავშვო ბაღებში მოვაწესრიგეთ ეზო-კარმიდამო, სადაცაა, დასრულდება ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა. ქვემო მაღაროსა და ილიაწმინდის სკოლები სასწავლო წელს ცენტრალური გათბობით შეხვდა. მომავალი წლიდან საშუალო სკოლებში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც ჩავატარებთ.

2023 წლის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო სიღნაღის კულტურული ღონისძიებებიც. ჩვენ მიერ ჩატარებული ფესტივალების შესახებ euronews.ge -ის მკითხველს ინფორმაციას აწვდიდით და ამის შესახებ ამჯერად დაწვრილებით აღარ ვისაუბრებ. დამკვიდრებულ ფესტივალებს დაემატა არტ და თეატრალური ფესტივალები. 2023 წლის განმავლობაში სიღნაღში 5 ფესტივალი ჩავატარეთ.

თეატრალური ფესტივალის გრანდიოზულობამ დაგვარწმუნა, რომ მსგავსი ღონისძიებებისთვის მეტი სივრცეა საჭირო. თეატრალურ ფესტივალზე მაყურებელმა სპექტაკლებზე დასწრების დიდი ინტერესი გამოიჩინა. ერთი კვირის განმავლობაში სიღნაღის თეატრის დარბაზი გადაჭედილი იყო, ხალხი გასასვლელებშიც კი იდგა. სოფელ მაჩხაანის თეატრის რეაბილიტაცია გააჩენს შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო მეტმა მსურველმა შეძლოს თეატრალურ ღონისძიებებზე დასწრება.

რამდენიმე დღის წინ ჩავატარეთ ტურიზმის განყოფილების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია. მათ გეგმაში მითითებული საკითხების მოგვარებაში მერიის სხვადასხვა სამსახურები და ორგანიზაციებიც აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას.

ცხადია, წლის განმავლობაში გვქონდა რთული პერიოდიც –  სირთულეები გააჩინა მძიმე კლიმატურმა პირობებმა. სტიქიამ დააზიანა მუნიციპალიტეტში არსებული შენობა-ნაგებობები, გზები, გაანადგურა მოსავალი, დაისეტყვა ვენახები. ოპერატიულად ვიმუშავეთ და სრულფასოვნად დავხატეთ მიღებული ზარალის  რეალური სურათი.

მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, რომ მიიღო გადაწყვეტილება, მოსახლეობას ზარალის გარკვეული ნაწილი აუნაზღაუროს. ისეთ დროს დაგვატყდა სეტყვა, როცა ყურძნის მოსავალის აღება თითქმის დაწყებული იყო და საჭიროებდა სწრაფ პატრონობასა და დაბინავებას. სოფლებში სამეურნეო გზების მოწესრიგებაც სწრაფი ტემპით განვახორციელეთ.

ჩამოვაყალიბეთ შშმ პირების დახმარების პროგრამის 4 ახალი მიმართულება, რათა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად მეტი საშუალება მივცეთ. პირადად ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ მუნიციპალიტეტს ჰქონოდა შიდა მუნიციპალური ტრანსპორტი და ამ სურვილს მეც და ჩემი ხალხიც ერთად ავიხდენთ.

საბჭოთა პერიოდის შემდეგ სიღნაღში მუნიციპალური ტრანსპორტი არ ყოფილა. სავარაუდოდ, იანვრიდან უკვე ივლის სამი ახალი, 30-კაციანი ავტობუსი. უკვე შევადგინეთ მარშრუტები და ყველა სოფელი დაუკავშირდება ქალაქ სიღნაღსა და წნორს. ხალხს მოემსახურებიან მოწესრიგებული და კვალიფიციური მძღოლები. ტრანსპორტის საფასურიც მოსახლეობისთვის მისაღები იქნება, გარკვეული კატეგორიისთვის დაწესდება შეღავათები. თუ მოსახლეობა კმაყოფილი იქნება მათი მომსახურებით, ავტობუსების რაოდენობას გავზრდით.

2024 წლის პრიორიტეტებში ჩავსვით ინფრასტრუქტურული მიმართულება, რომელიც წლევანდელი წლის პრიორიტეტიც იყო. სოფლებში ახალგაზრდული მულტიფუნქციური ცენტრების აღორძინება და განვითარება უმთავრესი საზრუნავია. მერიაში მოვაწყვეთ ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია და საჯარო განხილვა. ამ დოკუმენტს საბოლოო სახეს მივცემთ და წლის გეგმად მის შესრულებას დავისახავთ.

რა თქმა უნდა, ახალგაზრდულ ღონისძიებებს სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა – ახალგაზრდული ცენტრები, თავშეყრის ადგილები… მომავალ თაობას უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ ცხოვრობს იმ გარემოში, რომელიც მათ ასაკსა და ეპოქას შეესაბამება. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს შეუძლია, პატარ-პატარა, წამახალისებელი ,,ინექციები” დააწესოს ახალგაზრდულ ინიციატივებთან და პროექტებთან დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო გააღვიძებს ახალგაზრდებში არსებულ უნარებსა და შესაძლებლობებს. ეს პროცესები ხელს შეუწყობს ახალგაზრდების სოფლად დამკვიდრებას. მათ ეცოდინებათ, რომ სასწავლებლად წასვლის შემდეგ აუცილებლად უნდა დაუბრუნდნენ იმ ადგილს, სადაც მათი ფესვებია და დღემუდამ იზრუნონ მასზე.

საქართველოში 2025 წლიდან ამოქმედდება შინმოვლის გრანდიოზული პროექტი, რომელსაც კანონი დაარეგულირებს. 2024 წელს ჩვენ გამოვიყენებთ და მომზადებულნი შევხვდებით გრანდიოზულ, სათუო პროექტს.

ვემზადებით, რომ მომავალ წელს სიღნაღში ჩავატაროთ ვანოობის გრანდიოზული დღესასწაული, რომელსაც კურატორობას კულტურის სამინისტრო გაუწევს. ასე რომ, წინ დიდი გეგმები გვაქვს და შემართებაც არ გვაკლია.

ნელი ვარდიაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close