სიღნაღის ამბები

ქიზიყელი ბიჭი, რომელმაც იტალიელი პარტიზანების გადასარჩენად სიცოცხლე გასწირა

დაქვრივებულ ქალს ფორეს ოჯახმა საქორწილო ბეჭედი უყიდა და ხელზე გაუკეთა

,,შენ ხომ იტალიელი არ ხარ და რა გრჯის, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის თავს რომ სწირავო” _ ეკითხებოდნენ იტალიელები მეორე მსოფლიო ომში, თავიანთ მიწაზე მებრძოლ ქართველ პარტიზანს, ფორე მოსულიშვილს. ქიზიყელი ბიჭი კი პასუხობდა, აქ უნდა ვუტირო დედა ფაშისტებს, ჩემს ქვეყანაში რომ ვეღარ ჩავიდნენ და ოჯახი ვეღარ ამიწიოკონო. იბრძოლა ბოლომდე, თან ისე, რომ სიცოცხლეშივე გმირად იქცა, სიკვდილის შემდეგ კი იტალიურ ლეგენდად, რომელმაც თავისუფლებისთვის ყველაფერი გაიღო.

ფორე მოსულიშვლის მსგავსად, ევროპის ქვეყნების ისტორიებში ბევრ ქართულ სახელსა და გვარს ნახავთ, რომლებმაც ევროპას თავიანთი კვალი დააჩნიეს. მამაცი და გონიერი ქართველები ბებერ ევროპას საკუთარ სახელებს ოქროს ასოებით გულზე ხშირად აწერდნენ. ევროპისკენ ჩვენი სწრაფვა საუკუნეების წინ დაიწყო და დღემდე ოცნებად გვაქვს ქცეული ევროპული სახელმწიფოს შექმნა, ევროპული ღირებულებებით ცხოვრება. ,,ჩვენ ევროპელები ვართ, მაშასადამე ქართველები“- ეს ფრაზაც უახლესი საქართველოს ისტორიიდანაა და ნათლად ასახავს სურვილს, ვიაროთ ევროპის გვერდით, ვიყოთ მათი სწორი და ტოლი ქვეყნის შვილები. ევროპისკენ გზას ჩვენი წინაპრები სისხლით და დაუღალავი შრომით კვალავდნენ. საქართველოს ყველა კუთხეს ჰყავს გმირი, რომელთაც ჩვენი სამშობლო ევროპულ ოჯახს გააცნეს და ისინი საქართველოთი დააინტერესეს.

რუბრიკაში ,,ქართველები ევროპაში“ სწორედ ასეთ ადამიანებზე გიამბობთ. ამჯერად კი ფორე მოსულიშვილზე მოგიყვებით, მის ოჯახზე, მის გმირობაზე და იტალიელ ქალზე, რომელმაც ქიზიყელი ბიჭის სიყვარული საფლავში ჩაიტანა და არასოდეს მოუხსნია ნიშნობის ბეჭედი, რომელიც გმირის დედამ საქართველოში აჩუქა.

სიღნაღში, სოფელ ქვემო მაჩხაანში, იტალიის ეროვნული გმირის, ფორე მოსულიშვილის სახლ-მუზეუმში მეგზურობა გაგვიწია მარინა მოსულიშვილმა, რომელიც მუზეუმის ფონდის მცველი გახლავთ.

მარინა მოსულიშვილი:

_ ფორე მოსულიშვილის ოჯახის წევრი ვარ, ძმისშვილის მეუღლე. მუზეუმი ჩვენი სახლის ეზოშია. სწორედ ამ პატარა ქოხში ცხოვრობდა ფორე მოსულიშვილი საბჭოთა არმიაში წასვლამდე. ჯარში ყოფნის დროს ფორე ხშირად წერდა დედას წერილებს. თებრო ბაბომ უკანასკნელი წერილი 1941 წლის მაისში მიიღო. დედას და მთელ ოჯახს მოკითხვას უთვლიდა და ამინდის ცვლილებას ატყობინებდათ. როგორც ჩანს, ამ სიტყვებში ფორე ომის მოახლოებას გულისხმობდა.

ომი მალე დაიწყო და ფორე ბალტიისპირეთში გადაიყვანეს. მალევე ბრძოლის დროს დაიჭრა და  გერმანელების ტყვედ ჩავარდა. ამის შემდეგ ოჯახს მის შესახებ აღარაფერი გაუგია. ომში წავიდნენ ფორეს ორი ძმა, მაგრამ ორივე უკან დაბრუნდა. ფორე კი დიდხანს ითვლებოდა შინმოუსვლელად. ჯარისკაცის დედა ამაოდ ელოდა შვილის გამოჩენას, ვერ იჯერებდა მის სიკვდილს. 1971 წელს ცნობილი გახდა ფორეს გარდაცვალებისა და გმირობის ამბავი. სწორედ მაშინ გაიხსნა ჩვენს ეზოში, ფორეს სახლში მისი მუზეუმი. დედამისი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

1944 წლის 3 დეკემბერს, როცა იტალიაში მყოფმა ფორე მოსულიშვილმა პარტიზანების სიცოცხლე იხსნა საკუთარი სიცოცხლის ფასად, იგი მაშინვე  წარუდგენიათ მხედრული მამაცობის ჯილდოზე – ოქროს მედალზე, მაგრამ ომის პერიოდში მისი სათანადოდ დაფასება ვერ მომხდარა. ოქროს მედალი იტალიაში უმაღლესი ჯილდოა. ქვეყნისთვის, ხალხისთვის თავდადებულ ადამიანებს იქ ძალიან აფასებენ.

შემდგომ წლებში პარტიზანული ბრძოლების მეთაური ერალდო გასტონე იტალიის პარლამენტის წევრი გახდა. სწორედ მისი ძალისხმევით დაიწყო ფორეს ამბის მოკვლევა. აღმოჩნდა, რომ ფორეს გვარი შეცდომით იცოდნენ – მოსულიშვილის ნაცვლად,  მუზორლიშვილს წერდნენ, რამაც გაუგებრობა გამოიწვია. გასული საუკუნის 70-იან წლებში საქართველოში არ არსებობდა იტალიის საელჩო, ამიტომ ფორეს ოჯახის მოსაძებნად იტალიამ მოსკოვს მიმართა.

იმ პერიოდში საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტი ედუარდ სიხარულიძეც დაინტერესდა მუზორლიშვილის ვინაობით და მიაკვლია ფორე მოსულიშვილს. ედუარდმა შემდგომ წიგნიც დაწერა ფორეზე: ,,სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი“, სადაც იტალიის გმირი ქართველის ცხოვრებისა და თავგანწირვის ამბებია მოთხრობილი.

ჟურნალისტმა  აღმოაჩინა, რომ საგარეჯოში ცხოვრობდა ფორეს უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი ძამანაშვილი, რომელიც მისი ჯარისკაცული ცხოვრების ყველა ეპიზოდის შემსწრე იყო. სიხარულიძემ ეს ,,ოქროს მოწმეც” აალაპარაკა. როცა ყველაფერი გაირკვა და გადამოწმდა, ფორეს სამივე ძმა დაიბარეს და შეატყობინეს ომში დაკარგული ძმის მიერ ჩადენილი გმირობის ამბავი. მათ გააგებინეს დედას. სწორედ იმ დღეს მოუკვდა თებრო ბაბოს შვილი.

_ ჯარისკაცის დედა როგორ შეხვდა შვილის გმირობის ამბავს?

_ მამაცი ქალი ყოფილა თებრო. თანასოფლელები ოთარაანთ ქვრივს ეძახდნენ. ახალგაზრდას გარდაცვლია ქმარი – ლეღვის ხიდან ჩამოვარდნილა და მომკვდარა. შვილებს მარტომ უპატრონა და გზაზე დააყენა. ამბობენ, მუდამ წელში გამართული და ომახიანი დადიოდა, არანაირ დარდს არ იტყობდაო. სანამ ფორეს ელოდებოდა, მის ტანსაცმელსაც სათუთად ინახავდა. მერე კი სწორედ ეს ტანსაცმელი დაასაფლავა სოფლის სასაფლაოზე და სანამ ცოცხალი იყო, შვილზე სატირალი ადგილი მოიწყო. ქვემო მაჩხაანში ფორეს სიმბოლური საფლავი ახლაც არის.

თებრო ბაბო 1983 წელში გარდაიცვალა და შვილის  საფლავის გვერდით დავკრძალეთ. სანთლებს ფორეს სიმბოლურ საფლავზე ახლაც ვანთებთ. ამის შემდეგ გამოცხადდა ტელევიზიით, რომ ფორე მოსულიშვილი იტალიის მთავრობამ მხედრული მამაცობისთვის ოქროს მედლით დააჯილდოვა და ეროვნული გმირის სტატუსი მიანიჭა. ფორეს ძმებს ჯილდო მოსკოვში გადასცეს. ის ახლა ჩვენს ოჯახში ინახება.

ედუარდ სიხარულიძემ შეძლო, ჩავიდა იტალიაში და მიაკვლია ფორეს საცოლეს, ერთ-ერთი პარტიზანის ქალიშვილს, ტერეზინას. თავად ნახა მეტყევის სახლი, სადაც ფორემ ჩაიდინა გმირობა და სხვა მებრძოლები გადაარჩინა. იტალიელების დელეგაცია საქართველოში, ფორეს სახლში პირველად 1971 წლის მაისში ჩამოვიდა. დელეგაციაში ძირითადად პარტიზანები იყვნენ და მათ ერალდო გასტონე ხელმძღვანელობდა.

ფორეს დივიზიის ხელმძღვანელმა ბრუნო კალოტიმ, რომელსაც კაპიტან ბრუნოს ეძახდნენ, ოჯახს დეტალურად მოუთხრო ფორეს იტალიაში ცხოვრებისა და ბრძოლების ამბები. მათთან ერთად ჩამოვიდა ფორეს საცოლე, ტერეზინაც.

_ ოჯახი ფორეს საცოლეს როგორ შეხვდა?

_ ტერეზინა თავადაც პარტიზანი იყო და ბრძოლებში მონაწილეობდა. ფორესთან ერთად მას არაერთი დავალება აქვს  შეუსრულები. ოჯახმა წინასწარ იცოდა, რომ დელეგაციაში ტერეზინაც იყო, ამიტომ ფორეს დედამ და 5-მა და-ძმამ ქვემო მაჩხაანში ქართული ადათ-წესის დაცვით გადაუხადეს ქორწილი – ტერეზინას ნიშნობის ბეჭედი გაუკეთეს ხელზე.

ქალმა ოჯახს უამბო, რომ ფორესთან ერთად საქართველოში ჩამოსვლასა და ცხოვრებას გეგმავდა. ისე გარდაიცვალა ტერეზინა, რომ ფორეს დედის ნაჩუქარი ნიშნობის ბეჭედი თითიდან არ მოუხსნია. მუზეუმიც მათთან ერთად გავხსენით.

ფორე მოსულიშვილის  მუზეუმის გახსნის იდეა საქართველოს მთავრობისგან  წამოვიდა და მანვე დააფინანსაა. ფორე სსრ კავშირის სამამულო ომის პირველი ხარისხის ორდენითაც დააჯილდოვეს. იმის გამო, რომ ქართველი იყო, თავდაპირველა  სსრ კავშირის გმირის წოდება არ მიცეს. სსრ კავშირის დაშლამდე რამდენიმე წლით ადრე, ედუარდ შევარდნაძის მონდომებით, გორბაჩოვმა ფორე ამითაც დააჯილდოვა.

თავდაპირველად ფორე იტალიაში, პატარა სოფელში დაუკრძალავთ. ამ სოფელში ცხოვრობდა ტერეზინაც და საქმროს საფლავს  ყოველდღე უვლიდა. ტერეზინასთან ფორეს ოჯახს ხშირი ურთიერთობა ჰქონდა. მისი სიყვარულით ჩემს ერთ-ერთ ქალიშვილს ტერეზინა დავარქვით. 2010 წელს გარდაიცვალა ფორეს საცოლე.

იტალიაში 22 აპრილი განთავისუფლების დღეა და იქაურები ჩვენს სოფელში თითქმის ყოველ წელს ამ პერიოდში ჩამოდიოდნენ. ზვიად გამსახურდიას დროსაც უნდოდათ სტუმრობა, დელეგაცია მოსკოვში ჩავიდა, რომ საქართველოში გამომგზავრებულიყო, მაგრამ ჩვენი ქვეყნიდან უარი შეუთვალეს. მას შემდეგ განაწყენებულები დელეგაციით აღარ ჩამოსულან.  2-3 იტალიელი თუ მოვა ხოლმე ფორეს სახლის სანახავად.

ბოლო პერიოდში ხშირად ჩამოდიოდა ერთი ქალბატონი, რომელიც ფორეს არ იცნობდა. მხოლოდ მისი გმირობის ამბავი ჰქონდა წაკითხული და შეიყვარა უცხოელი, მათი ქვეყნისთვის თავდადებული მებრძოლი.

1970 წელს ფორე სოფლის სასაფლაოდან ქალაქ არონაში, ძმათა სასაფლაოზე გადაასვენეს. მის საფლავს ამშვენებს საქართველოდან ჩატანილი გრანიტის მემორიალი განგმირული ლომის გამოსახულებით. მემორიალურ დაფას კი ქართულ და იტალიურ ენებზე აწერია: ,,სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი“.

საქართველოში ტანკერსაც ერქვა ფორე მოსულიშვილის სახელი, მაგრამ ეს გემი ასლან აბაშიძის დროს მიჰყიდეს თურქებს. ამ ინფორმაციამ ფორეს ახლობლები ძალიან გაგვანაწყენა. იტალიაში და თბილისში ამჟამადაც არის ფორე მოსულიშვილის სახელობის ქუჩები. ელდორადოში, მეტყევის იმ სახლში, სადაც ფორემ თავი მოიკლა, დღეს მუზეუმია და იქაურები ,,თავისუფლების ქოხს“ უწოდებენ. ტურისტები ხშირად სტუმრობენ ამ ქოხს და იგებენ ქართველი ფორეს გმირობის ამბავს, რომელმაც უცხო ქვეყნის ბედნიერებისთვის თავი გაწირა.

_ ცრემლი მომერია. უკრაინაში ამჟამად მებრძოლი, თავშეწირული ქართველი მებრძოლები გამახსენდნენ… ფორეს ბავშვობისა და თავგანწირვის ამბებიც მოგვიყევით.

_ ოჯახის მეოთხე შვილი, ფორე მოსულიშვილი 1916 წელს დაიბადა ქვემო მაჩხაანში. დედამისი შანშიაშვილის ქალი იყო. მოსულიშვილები 6 შვილით ცხოვრობდნენ ერთოთახიან სახლში. ამ სახლში გადაუხდიათ უფროსი ძმის ქორწილიც, სადაც ფორე მაყარი ყოფილა. ამბობდნენ, ცხენი პირველმა შემოაგელვა, ოთახში შეაგდო და გაშლილ სუფრაზე წინა ფეხებით დააყენა. უებრო მხედარი იყოო. სიმამაცეში დედას ჰგვანებია.

8 კლასის დამთავრების შემდეგ ლაგოდეხში, სასოფლო სამეურნეო ტექნიკუმში გაუგრძელებია სწავლა. მოანგარიშე უნდოდა,  გამოსულიყო. მუზეუმში ახლაც ინახება მისი ნაქონი ხის საანგარიშო. 1939 წელს დაამთავრა ტექნიკუმი და მაშინვე გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. ომმაც იქ მოუსწრო. ფორესთან ერთად ჯარში გერმანულის პედაგოგიც მსახურობდა, რომელმაც ფორეს სასაუბრო გერმანული ასწავლა. ომის დროს ფორე მხარში მძიმედ დაიჭრა და გერმანელებმა ტყვედ აიყვანეს. პოლონეთის ტყვეთა ბანაკიდან ტყვეები ჯერ საფრანგეთში გადაიყვანეს და შემდეგ იტალიაში.

იტალიის ტყვეთა ბანაკის ხელმძღვანელი საშინლად მკაცრი ადამიანი ყოფილა. განსაკუთრებით ფორესთვის დაუდგამს თვალი. როცა გაუგია, ქართველი იყო, დაჩოქება უბრძანებია. ტყვე ქართველს არ შეუსრულებია ბრძანება და ბანაკის უფროსს ფორესთვის შეუფურთხებია. პასუხად კი ფორეს მუშტი მოხვედრია. იქვე მდგომ გერმანელებს ფორეს დახვრეტა დაუპირებიათ, მაგრამ ისინი ბანაკის ხელმძღვანელს შეუჩერებია, არ ესროლოთ, მის თვალებში სიამაყე დავინახე. ამისთვის ბედნიერება იქნება სიკვდილიო.

ტყვეთა ბანაკში ფორემ მოახერხა გაქცევის მომზადება. დარაჯებს სასმელი დაალევინეს და 70  ქართველ ტყვესთან ერთად ბანაკი დატოვა. ისინი იტალიის ტყეებში თავშეფარებულ პარტიზანებს შეუერთდნენ.

ფორე გამორჩეული პარტიზანი გახდა. ჩვენს ოჯახში ჩამოსული იტალიელები არაკებს ჰყვებოდნენ ფორეს სიმამაცეზე. ამბობდნენ,  სიკვდილის არ ეშინოდა, ყველაზე რთულ დავალებებს მას აძლევდნენ და ყოველთვის წარმატებით ასრულებდაო. თურმე ეუბნებოდნენ, შენ ხომ იტალიელი არ ხარ და რა გრჯის, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის თავს რომ სწირავო? ისიც პასუხობდა, აქ უნდა ვუტირო დედა ფაშისტებს, ჩემს ქვეყანაში რომ ვეღარ ჩავიდნენ და ოჯახი არ ამიწიოკონო. გერმანულის ცოდნა იტალიაში მას ძალიან გამოადგა. ქერა, მაღალი და თეთრი ვაჟკაცი გერმანელებს ჰგავდა. ამით სარგებლობდა და მტერს იოლად ატყუებდა.

ფორეს სიკვდილის წინა ღამეს, 16 -მდე პარტიზანს ტერეზინიას ოჯახში უვახშმია. იმის გამო, რომ გერმანელებს არ შეეტყოთ მათი იქ ყოფნის ამბავი და არ აეწიოკებინათ ოჯახი, მთებში, მეტყევის სახლს შეაფარეს თავი, მაგრამ ვიღაცამ გასცათ. როცა გამოიღვიძეს, ნახეს, რომ გერმანელებს ალყა ჰქონდათ შემორტყმული. ფაშისტებმა მოითხოვეს, მეთაური ჩაგვბარდეს და დანარჩენებს სიცოცხლეს შევუნარჩუნებთო. პარტიზანული დაჯგუფების მეთაური იყო ედო დელ გრანდო. მან გერმანელებთან წარდგენა ვერ გაბედა. დაჭრილი ფორე კი წამოდგა, გამოვიდა და გერმანელებს უთხრათ, მე ვარ მეთაური, მაგრამ თქვენთან ტყვეობას, სიკვდილი მირჩევნია. გაუმარჯოს თავისუფლებასო და ბოლო ტყვიით ყველას თვალწინ თავი მოიკლა. ასეთი გმირული ქმედებით სიკვდილისგან 16 ადამიანი იხსნა.

ფორეს ცხედარი გერმანელებმა დასახლებულ პუნქტში დაასვენეს და ყველას ეუბნებოდნენ, თუ წინააღმდეგობას გაგვიწევთ, თქვენც სიკვდილი მოგელითო. პარტიზანებმა მოახერხეს, ღამით მოიპარეს ფორეს ცხედარი და ჩუმად დამარხეს ერთ-ერთ წყაროსთან, საიდუმლო ადგილზე. წლების შემდეგ კი, როგორც გითხარით, ძმათა სასაფლაოზე გადაასვენეს.

_ მუზეუმში ფორეს ნაქონი ნივთებიც გაქვთ?

_ გვაქვს აკვანი, რომელშიც ფორე და მისი და-ძმები გაიზარდნენ; ხალათი, რომელიც მას აქ ყოფნის დროს ეცვა. ყველა ნივთი ოჯახის დანატოვარია. ოთახის გვერდით არის მარანი. იქაც ყველაფერი ისეა, როგორც ფორეს ახალგაზრდობის დროს იყო. მუზეუმში ინახება ფორეს ჯილდოებიც, იტალიელების ჩამოტანილი საჩუქრები და ნახატები.

.

ფორემ საკუთარი თავგანწირვით შეძლო, საქართველოსთვის ევროპაში გაეთქვა სახელი. ძალიან ბევრმა იტალიელმა დღესაც იცის ამბავი ქართველი ფორეს შესახებ.

ნელი ვარდიაშვილი

წყარო: გაზეთი ,,კვირის პალიტრა”

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close