განათლებასაზოგადოება

,,ხელფასი ეზრდება მხოლოდ 266 მასწავლებელს” – რატომ დუმან პედაგოგები? (ექსკლუზივი)

სკანდალი-ექსკლუზივი

რას ნიშნავს სინამდვილეში მასწავლებელთა „საოცნებო“ განათლება, ვინ „გადააგდო“ მასწავლებლები უკვე მერამდენედ და რატომ პიარდება განუწყვეტლივ მოსალოდნელი სახელფასო ზრდა, როცა სინამდვილეში ის მხოლოდ 266 პედაგოგს ეხება?! _ ამ კითხვებით euronews.ge  დაინტერესდა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ბოლო დღეებია, განუწყვეტლივ აპიარებს ხელფასების ზრდის ამბავს. რაშია საქმე? რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ეს ასჯერ გაჟღერებული ინფორმაცია?!

ჩავეძიეთ და აღმოჩნდა, რომ ხელფასები ეზრდებათ უმაღლესი სტატუსის მასწავლებლებს. ვინ არიან ისინი, როგორ მიიღეს ეს  სტატუსები მაშინ, როცა მათი მოპოვება ჯერ არც კია გარკვეული?! ან კიდევ, როგორ ხდება, რომ დაბალი რანგის საჯარო მოხელეს, რომელსაც უმაღლესი განათლება არ მოეთხოვება, უფრო მაღალი ხელფასი აქვს, ვიდრე საშუალო სტატუსის მასწავლებელს??

როგორც ცნობილია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა ოთხი სტატუსის მასწავლებელს გულისხობს: პრაქტიკოსს, უფროსს, წამყვანსა და მენტორს. ადრეც ვწერდით, რომ აღნიშნული სქემა საკმაოდ ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. ეს კი უხერხულობას სრულიადაც არ უქმნის არც სამინისტროს და არც მთავრობას, რომელსაც რეალურ ვითარებაში გარკვევა ევალება. ერთი შეხედვით, სქემაში ჩართულობა პედაგოგისთვის მიმზიდველი უნდა ყოფილიყო, მით უმეტეს, რომ ჩამოთვლილთაგან სამი (უფროსი, წამყვანი და მენტორი) სტატუსის მასწავლებელი სხვადასხვა ოდენობის დანამატს იღებს და კიდევ ჰპირდებიან ხელფასის გაზრდას.

ბოლო დღეებია, განათლების სამინისტროსგან განუწყვეტლივ პიარდება მასწავლებელთათვის ხელფასების ზრდის ამბავი. (პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რომელიც ჩვენმა წყარომ მოგვაწოდა, მასწავლებელთა შორის ამჟამად 44 579 პრაქტიკოსი, 18 768 უფროსი, 257 წამყვანი და 9 მენტორია. ხელფასები კი ეზრდება მხოლოდ წამყვანსა და მენტორს, ანუ 266 მასწავლებელს (!).

საქმეში ჩაუხედავი მკითხველისთვის ეს დიდი ამბავია, თუმცა რეალურად, ისტებლიშმენტი იმ ლაფსუსებს „აპრავებს“, რომლებიც ვითომდაც მასწავლებელთა პროფესიულ ზრდას უწყობს ხელს.  უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ყბადაღებულ სქემას უფრო ბევრი მინუსი აქვს, ვიდრე პლუსი. საკვირველია, „სვოტ“ ანალიზების „სპეციალისტმა“, მინისტრყოფილმა ჯეჯელავამ ერთხელ მაინც თუ წაიკითხა სქემა და თუ წაიკითხა, მით უარესი“. ან კიდევ, არის თუ არა „ მასში“ ჩახედული ახალი მინისტრი?!

საკვირველია, რატომ დუმან მასწავლებლები, რომლებიც მხოლოდ კერძო საუბრებში გამოხატავენ უარყოფით აზრს ბუნდოვანი და, მათივე სიტყვებით, უვარგისი სქემის მიმართ, თუ ისინი გაცილებით მეტ უარყოფითს ხედავენ მასში, ვიდრე დადებითს, ისე, რომ მოტივაციაც კი ეკარგებათ?!

ამ თემას კიდევ დავუბრუნდებით და ვეცდებით ამ კუთხით მასწავლებლების გააქტიურებასაც.

მარიამ რამიშვილი

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close