სიღნაღის ამბები

,,სიღნაღში ფესტივალები მაისიდან დაიწყება და გვიან შემოდგომამდე გასტანს”

მალხაზ ბეგიაშვილი: ტურისტი საკუთარი თვალით ნახავს, როგორი იყო ძველად ქიზიყური სოფელი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, მალხაზ ბეგიაშვილმა რამდენიმე წლის წინ მითხრა, სიყვარულის ქალაქი ფესტივალების მექად უნდა ვაქციოთო. შარშან უძველეს გალავნშემოვლებულმა ისტორიულმა ქალაქმა არაერთ ფესტივალს უმასპინძლა. როგორც შევიტყვეთ, წელს გრანდიოზული სიღნაღური  კულტურული ღონისძიებები უფრო ხშირად გაიმართება.

      მალხაზ ბეგიაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი:   

_ ჩვენი ეკონომიკის ხერხემალი გახლავთ ტურიზმი. ვცდილობთ მუნიციპალიტეტში ეს დარგი ისე გავმართოთ, რომ მასზე აიკინძოთ ეკონომიკის სხვა დარგები, მათ შორის სოფლის მეურნეობის გარკვეული მიმართულებები. ამისათვის დაწყებული საქმიანობის ერთ-ერთი გამოხატულება იყო ფესტივალები, რომლებიც გასულ წელს ჩავატარეთ სიღნაღში და წელს უფრო ვზრდით ამგვარი ღონისძიებების რაოდენობას.

ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი მიმართულებაა ინფრასტრუქტურული პროექტები. სოფელ მაღაროში აშენდა სპორტული ცენტრი, წნორში მალე გაიხსნება დასასვენებელი, გრანდიოზული პარკი და სპორტული კომპლექსი.  გასულ წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოასფალტდა 25 კილომეტრამდე გზა. გამოვარჩევ  სიღნაღი- ქვემო მაჩხაანის უმოკლეს მაგისტრალს, რომელიც სიღნაღს იმ სოფელთან აკავშირებს, რომელიც მალე ქიზიყის ტურისტული ცენტრი იქნება. ეს პროექტი ინტეგრირებული რეგიონების საპილოტე პროგრამის ეგიდით, ევროკავშირის გრანტით გაკეთდა. სოფელ ქვემო მაჩხაანის მასშტაბური რეაბილიტაციის საპრეზენტაციო პროექტიც უკვე წარდგენილია და მიმდინარეობს მუშაობა.

   _ რა პოტენციალითაა გამორჩეულია სოფელი ქვემო მაჩხაანი, მის ტურისტულ ცენტრად გადაქცევას რომ აპირებთ?

_ ქვემო მაჩხაანში აღრიცხული გვაქვს მე -19 საუკუნის 50-მდე საინტერესო არქიტექტურის სახლი. გვინდა ყველა მათგანს ჩავუტაროთ რეაბილიტაცია და დავუბრუნოთ პირვანდელი იერი. ეს სახლები ისეა შემონახული, შეიძლება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც მიენიჭოს. ყველა სახლს აქვს მარანი, სადაც ინახება უძველესი ქვევრები.  მაჩხაანში ასევე არის მე-19 საუკუნის თეატრის შენობა, სადაც სანდრო ახმეტელმა სტუდენტობის პერიოდში პირველი სპეკტაკლი დადგა და მსახიობებად ადგილობრივი მოსახლეობა გამოიყენა. შენობაც მოსახლეობის შენაწირით ააშენეს. თეატრს ჰქონდა მოძრავი სცენა. იმ პერიოდში, სოფელში განვითარებული ყოფილა ხელოსნობა, ვაჭრობა. გზის პირას უამრავი დუქანი მდგარა. გვინდა ეს  ყველაფერი გავაცოცხლოთ და სტუმრებისთვის საინტერესო გავხადოთ.

სოფელი ორ მთას შორისაა შეყუჟული. მას ორი შესასვლელი აქვს- სოფელი ბოდბისხევიდან და ტიბაანის მხრიდან. ალაზნის ველიდან რომ გამოიხედოთ, ქვემო მაჩხაანი არ ჩანს, ამიტომ მტერს მის მოსაძებნად თურმე გზირი სჭირდებოდა. თავდასხმების დროს კი მისი მოსახლეობა ორივე შემოსასვლელს კეტავდა და ადვილად ახერხებდა მტრისგან თავდაცვას. სოფელ მაჩხაანში იყო განთავსებული სიღნაღის მაზრის ადმინისტრაცია და პირველი თვითმმართველობაც აქ შეიქმნა. რწმენას, რომ ეს პროექტი ყველასთვის სასიკეთო იქნება გვიძლიერებს სიღნაღის მაგალითი- აქტივობებისგან დაცლილი ქალაქი ტურისტულად აქტიური და საინტერესო გახდა. ამჟამად ქიზიყში ჩამოსული ტურისტები მხოლოდ ქალაქ სიღნაღს ათვალიერებენ. ქვემო მაჩხაანის რეაბილიტაცის შემდდგომ კი ტურისტული ნაკადი უფრო ფართო არეალზე გაიშლება.

სოფელ ქვემო მაჩხაანში ტურისტი რომ ჩავა, საკუთარი თვალით ნახავს, როგორი იყო ძველად ქიზიყური სოფელი. შესაძლებელი გახდება რამდენიმე ტურისტული მარშრუტის დაგეგმვაც. სიღნაღში ჩამოსული ტურისტი ქვემო მაჩხაანიდან გადავა ოზაანში და მოინახულებს ჯვარგუმბათოვან ამაღლების ტაძარს. ლეგენდის მიხედვით, ტაძრის აღმოსავლეთ კედელზე გამოსახულ ღვთისმშობლის ფრესკას მხოლოდ ის ადამიანები ხედავდნენ, ვინც სუფთა გულით შედიოდა ტაძარში.  ტურისტი გზად გაივლის მირზაანს, ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმს, ტიბაანში ნახავს მეექვსე საუკუნის ხირსის მონასტერს, სადაც წმინდა ასურელი მამის, სტეფანე ხირსელის საფლავია, წმინდა ნინოს წყალში განიბანება და ისევ დაბრუნდება ისტორიულ ქალაქში. სიღნაღი-ქვემო მაჩხაანის მოკლე გზაზე ვაკეთებთ პარკინგს და ალაზნის ველზე გადასახედს, მოვაწყობთ გარეგანათებას. ამ მიმართულებით მგზავრობა შეიძენს ლამაზ ხეობაში მოგზაურობის ელფერს.

        _ როგორც ვიცი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც არის  საინტერესო ტურისტული ობიექტები და სიწმინდეები. მათ ჩართვას ტურიზმის განვითარების კამპანიაში არ აპირებთ?

_  ქიზიყში რამდენიმე ჯვარგუმბათოვანი ტაძარი გვაქვს, დანარჩენი  ბაზილიკური ტიპისაა. ყველაზე დიდი და საინტერესო ბაზილიკა გახლავთ ვაქირის ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი, რომელიც მასშტაბებით ბევრ ჯვარგუმბათოვან ტაძარზე დიდია.

ქართული თეატრის ფუძემდებელი, სანდრო ახმეტელი სოფელ ანაგაშია დაბადებული, სადაც მისი მუზეუმიც გვაქვს. წარმოუდგენელი იყო, ანაგაში საფუძველი არ ჩაყროდა თეატრალურ ფესტივალს. ჩვენმა მონდომებამ ნაყოფი გამოიღო და კულტურის მინისტრმა დააანონსა თეატრალური ფესტივალის სიღნაღში ჩატარება. პროექტი უკვე დამტკიცდა, ბიუჯეტიც გამოიყო და წელს, სიღნაღში საფუძველი ჩაეყრება საქართველოში თავისუფალი თეატრების ფესტივალს. ამ ღონისძიებას ყოველ წელს, ივნისის ბოლო კვირას, სწორედ ახმეტელის მშობლიური კუთხე უმასპინძლებს. თეატრალური ფესტივალი ერთ კვირას გაგრძელდება.

გამოჩენილი მსახიობი, ვასო გოძიაშვილი  ვაქირიდან იყო და იქ მისი მუზეუმიც არის. ამიტომ თეატრალურ ფესტივალში ვაქირიც ჩაერთვება. გოძიაშვილის მუზეუმთან არსებობს დიდი რეკრეაციული სივრცე, სადაც დგას კულტურის სახლის ძველი შენობა, რომლის აღდგენაც იგეგმება. შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთება ერთბაშად ვერ მოხერხდეს, მაგრამ ვცდილობთ, საფუძველი მაინც ჩავუყაროთ, რომ მისი ბოლომდე მიყვანა შესაძლებელი გახდეს.

     რამდენიმე წელია სიღნაღში ჯაზფესტივალი იმართება. გასულ წელს ის სრულად აღარ დაუფინანსებია მუნიციპალურ ბიუჯეტს და ინვესტიციის ნაწილის მოსაზიდად ჩაიდო კომერციული ელემენტი- ჩაიდგა სავაჭრო ჯიხურები. იქაურ მეწარმეებს ვთხოვეთ რეკლამის სანაცვლოდ სპონსორობა გაეწიათ ფესტივალისთვის. სიღნაღმა ფესტივალებითა და აქტიურობით უნდა გააჩინოს ისეთი შესაძლებლობები, რომ ყველას ჰქონდეს ინვესტიციის სურვილი.

შარშამ სიღნაღში ჩავატარეთ ფესტივალი ,,ფიროსმანია სიღნაღში“ და ბულვარში გავხსენით ნიკო ფიროსმანის ბიუსტი. ფესტივალზე  ბავშვების დახატული სიღნაღის პეიზაჟებიც გამოვფინეთ. ეს ფესტივალიც არ გვეთმობა, ამიტომ, ჯერჯერობით ვფიქრობთ,  ცალკე ჩავატაროთ თუ არტფესტივალთან ერთად. სიღნაღში კვლავ გაიმართება ,,არტფესტივალი“, ,,ზაფხულის ღამის ფესტივალი“ და ,,ღვინის ფესტივალი“. გასულ წელს ჩვენს ქალაქში გაიმართა ბიძინა კვერნაძის ახალგაზრდა კომპოზიტორთა კონკურს- ფესტივალი. მისი სულისჩამდგმელი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად იყო მსოფლიოში ცნობილი ახალგაზრდა პიანისტი ჩვენი მუნიციპალიტეტიდან ნიკა ნიკვაშვილი.  ფესტივალზე ახალგაზრდა კომპოზიტორები ჟიურის წინაშე  საკუთარი ნაწარმოებებით წარსდგნენ. კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე წარმოშობით სიღნაღიდან იყო და მშობლიურ კუთხეს დიდ პატივს სცემდა. ეს ფესტივალიც  ყოველ წელს გაიმართება.

.

            _ რამდენიმე წლის წინ მითხარით, რომ სიღნაღი ფესტივალების მექად უნდა აქციოთ. კიდევ რა ღონისძიებები იგეგმება სიღნაღში?

_ სიღნაღში ფესტივალები მაისიდან დაიწყება და გვიან შემოდგომამდე გასტანს. წელს აღვადგენთ საქართველოს ბულბულის, ვანო სარაჯიშვილის სახელთან დაკავშირებულ, ,,ვანოობის ფესტივალს“. წლების წინ, მაისის ბოლო კვირას სიღნაღში ყოველთვის  იმართებოდა ეს ღონისძიება, მაგრამ შემდეგ შეწყდა. ამიერიდან  ყოველწლიურად გაიმართება ,,ვანოობა“. სტუმარი ნახავს თეატრალიზებულ სანახაობას, კონცერტს ცნობილი მომღერლების შესრულებით, მოისმენს ვანოს ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ საინტერესო ინფორმაციებს.

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ გადაწყვეტა სიღნაღში გააკეთოს  აკადემიის რეზიდენცია. მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია ყოფილი პოლიკლინიკის შენობა და სწორედ იქ დაიდებს ბინას. იქვე იქნება  ხელოვნების სასწავლებელიც. სამხატვრო აკადემიის რეზიდენცია არის თანამედროვე ტიპის ორგანიზაცია, რომელიც გააჩენს შესაძლებლობას, მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ მაღალი დონის მხატვრები, ერთხანს დარჩნენ სიღნაღში და იმუშაონ. ისინი ჩვენს მხატვრებს, ასევე ხატვით გატაცებულ ბავშვებს შეხვდებიან და ჩაუტარებენ მასტერკლასებს.

      _ სიღნაღურ ფესტივალებს სპორტული მიმართულებაც ექნება?

_ მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში ავაშენეთ სპორტული მოედნები. ინფრასტრუქტურის გაჩენა იწვევს სპორტის კონკრეტული სახეობით დაინტერესებას, რასაც მოსდევს წარმატებები. ნუკრიანში სრულდება სპორტული მოედნის კეთილმოწყობა. საზეიმოდ მერიის გუნდი  ვითამაშებთ ფეხბურთს. მეც მაცვია ხოლმე ფეხბურთელის მაისური.

     _  იგებთ თუ აგებთ?

_ ახალგაზრდებთან გვიწევს შეჯიბრება და დიდსულოვნად ვაგებთ. ასეც უნდა იყოს, მომავალ თაობას ეკუთვნის ასპარეზი. ჩვენ კი ვცდილობთ მათ ღირსეული მემკვიდრეობა დავუტოვოთ.

ნელი ვარდიაშვილი, გაზეთი ,,კვირის პალიტრა”

 

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close