საზოგადოება

სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა რაოდენობა ბოლო 3 წელია მუდმივად იზრდება

,,სოცდაუცველების სასადილოებში მენიუ არ იცვლება, მაგრამ როდესაც საკითხი თავად მერიის წევრების კვებას ეხება, ფასები და მენიუ რადიკალურად განსხვავებულია"

საქსტატის 2020 წლის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის 21.3% სიღარიბის აბსოლიტურ ზღვარს ქვევით იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი მე-5 ადამიანი საქართველოში შიმშილობს. პანდემიის პერიოდში დამძიმებული ეკონომიკური და სოციალური ფონის გათვალისწინებით, ლოგიკურია ვივარაუდოთ რომ აღნიშნული მაჩვენებელი 2021 წელს კიდევ უფრო გაუარესდებოდა, რასაც მათ შორის NDI-ის 2021 წლის კვლევაც ადასტურებს. კვლევის თანახმად გამოკითხულთა 13% აცხადებს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ სამსახური დაკარგა. გამოკითხულთა 12% კი ამბობს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ შემოსავალი შეუმცირდა.

მხოლოდ თბილისში, სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა საშუალო ოდენობა ბოლო 3 წელია მუდმივად იზრდება. 2019 წელს თბილისში საშუალოდ 93,936 ადამიანი იღებდა საარსებო შემწეობას, 2020 წელს 101,088, ხოლო 2021 წელს 120,662 ადამიანი. მონაცემთა ერთიან ბაზაში  სოციალურად დაუცველი პირებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულაც არ ეღემატება 200,000-ს, უფასო სასადილოებით მომსახურების პროგრამა მოქმედებს.

თბილისის ათ რაიონში 62 უფასო სასადილო ფუნქციონირებს. სასადილოს მომსახურებით სარგებლობა ბენეფიციარებს დღეში ერთხელ შეუძლიათ. უფასო სასადილოების დასაფინანსებლად თბილისის ბიუჯეტიდან 2019 წელს 18,015,100 ლარი გამოიყო, 2020 წელს – 18,344,800 ლარი, ხოლო 2021 წელს – 20,194,500 ლარი.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით უფასო სასადილოების პროგრამის დასაფინანსებლად  18,475,000 ლარის გამოყოფა იყო დაგეგმილი. აღნიშნული თანხით, წლის განმავლობაში,  მერია 38,915 ბენეფიციარს უნდა მომსახურებოდა. შესაბამისად, ერთი ბენეფიციარის გამოსაკვებად დღეში 1.3 ლარი იყო გათვალისწინებული. თუმცა, ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში თანხები გაიზარდა. 2020 წლის დეკემბერში გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერმა, კახი კალაძემ აღნიშნა, რომ უფასო სასადილოების პროგრამის დაფინანსებას 20,194,500 ლარამდე ზრდიდნენ და ამასთანავე პროგრამაში 3500 ბენეფიციარს დაამატებდნენ, რომლებიც მანამდე მომლოდინეთა სიაში იმყოფებოდნენ.  შესაბამისად საბოლოო მონაცემებით 20,194,500 ლარი გამოიყო 42,415 პირის გამოსაკვებად, რაც ნიშნავს რომ 1 ადამიანის გამოსაკვებად დღეში კვლავ 1.3 ლარი იხარჯება.

ინფლაციისა და პროდუქტებზე ფასების ზრდის პირობებში რთული წარმოსადგენია, თუ როგორ ხდება მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების ამ თანხით გამოკვება.

საქსტატის მონაცემებით საქართველოში კვლავ მაღალი ინფლაციაა. ოქტომბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 12,8% იყო. აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში 15 ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტიდან 12 სურსათს მიეკუთვნება. წლიურ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სწორედ სურსათზე ფასების ზრდამ მოახდინა,  ამ სასაქონლო ჯგუფში პროდუქცია წლიურად 18,4%-ით გაძვირდა.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (43.0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (31.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (19.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (18.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.0 პროცენტი), თევზეული (16.0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.2 პროცენტი), ხილი და ყურძენი (9.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (6.4 პროცენტი).

აღნიშნული პროდუქტების ნაწილი უფასო სასადილოების იმ მენიუს ნაწილს წარმოადგენს, რომელიც უკვე წლებია არ შეცვლილა. სავარაუდოა, რომ ბენეფიციართა ნაწილი, უკვე წლებია სარგებლობს უფასო სასადილოების პროგრამით. შესაბამისად არსებობენ ადამიანები, რომელთა რაციონიც წლიდან წლამდე არ იცვლება და ყოველი კვირის და წლის დღე ერთმანეთს ჰგავს.

გარდა იმისა, რომ მენიუ წლებია არ შეცვლილა, ის ასევე საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება. მაგალითად რას იტყოდით, თუ თქვენი ყოველი ორშაბათი დღის რაციონი წლის/წლების განმავლობაში ასეთი იქნებოდა?

ორშაბათი დღის მენიუ:

1. მაწვნის შეჭამანდი – 400გ

2. წიწიბურა – 150გ

3. კომპოტი – 200გ

4. ხორბლის პური – 250გ

პარალელურად, თბილისის მერია წლიდან წლამდე   ათასობით ლარს ხარჯავს წარმომადგენლობითი ხარჯების სახით, რაც მათ შორის მოიცავს მერიის წევრების სხვადასხვა რესტორნებსა და კაფე-ბარებში ვიზიტის ხარჯებს. პანდემიის პირობებში არსებული შეზღუდვების ფონზე მერიამ 2020 წელს წარმომადგენლობით ხარჯებში 142,931 ლარი დახარჯა, მათგან პანდემიის პერიოდში წვეულებებისა და ღონისძიებების ხარჯის სახით 13,518 ლარი, ხოლო სტუმრების მიღებასა და გამასპინძლებაზე კი 12,809 ლარი დახარჯა.

პანდემიამდე კი ეს თანხები კიდევ უფრო მოცულობითი იყო. მაგალითად 2019 წელს მერიამ წარმომადგენლობითი თანხების სახით 961,498 ლარი დახარჯა. ამასთანავე მერია არჩევანს ძირითადად ცნობილ რესტორნებსა და კაფე-ბარებზე აკეთებდა. (რესტორანი ბარბარესთან (ლ6,962), რესტორანი ჩვენი (ლ1,541), რესტორანი ქეთო და კოტე (ლ2,337)…).  აშკარაა, როდესაც საკითხი თავად მერიის წევრების კვებას ეხება ფასები და მენიუ რადიკალურად განსხვავებულია.

უფასო კვების პროგრამაში გარდა მენიუსა, უცვლელია ტენდერებში უკონკურენტოდ გამარჯვებული კომპანიათა სია, რომლებიც უკვე წლებია უზრუნველყოფენ მოქალაქეების უფასო კვებით მომსახურებას.

2019-2020 წლებში გამოცხადებული  ყველა ტენდერი უკონკურენტო გარემოში წარიმართა. ტენდერების  უმრავლესობას 2 კომპანია იგებს: შპს Aladashvili & co და ილი ჯგუფი.  2019-2020 წლებში  “ალადაშვილები და კომპანიამ” 14,58,8416 ლარი მიიღო, ხოლო ილი ჯგუფმა  14,820,671 ლარი. მათგან ყველა შემთხვევაში ტენდერი უკონკურენტო გარემოში წარიმართა. 2 წლის განმავლობაში მხოლოდ 2 შემთხვევა დაფიქსირდა როდესაც აღნიშნულ კომპანიებთან ერთად ტენდერში სხვა კომპანიებმაც მიიღეს მონაწილეობა და უფრო დაბალი ფასი შესთავაზეს, თუმცა ორივე შემთხვევაში კომპანიების დისკვალიფიკაცია მოხდა. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ წარსულში ორივე კომპანიას უფიქსირდება ხელშეკრულების პირობების დარღვევა.

მაგალითად 2020 წელს ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომლის თანახმადაც შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა 6941 მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეთათვის უფასო სასადილოებით მომსახურების გაწევა გაიმარჯვა ილი ჯგუფმა. ტენდერში 2 კომპანია მონაწილეობდა ილი ჯგუფი და ალიონი, რომელმაც 216,128 ლარით ნაკლები შესთავაზა გამგეობას ვიდრე ილი ჯგუფმა, თუმცა ალიონის დისკვალიფიკაცია განხორციელდა და ტენდერში უკონკურენტოდ, კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა ილი ჯგუფმა.

მოგვიანებით, ხელშეკრულების შესრულების ინსპექტირების ჯგუფის წევრების მიერ განხორციელდა ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე სოციალურად დაუცველთა უფასო კვების სასასადილოს შემოწმება.  სასადილოს შემოწმების დროს 2021 წლის ივლისს  2 ობიექტზე დადგინდა რომ ვალდებულებით განსაზღვრულ საკვებზე ნაკლებს ამზადებდა კომპანია, კერძოდ: ერთ შემთხვევაში უნდა მოემზადებინათ 54,900 კგ შებრაწული ბარკალი, ფაქტიურად მომზადდა 31,950 კგ, ხოლო მეორე შემთხვევაში უნდა მოემზადებინათ 50,325 კგ. შებრაწული ბარკალი, ფაქტიურად მომზადდა 36,300 კგ. ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო ილი ჯგუფი დაჯარიმდა.

ილი ჯგუფი 2008 წელს დაფუძნებული კომპანიაა. მიმდინარე მონაცემებით კომპანიის 71% მესაკუთრე იაშა ჩაჩუა, ხოლო 29% მესაკუთრე ლაშა უღრელიძეა.  აღსანიშნავია, რომ კომპანიის მესაკუთრეეებმა სალომე ზურაბიშვილს 2018 წელს ჯამში 120,000 ლარი შეწირეს, ხოლო ლაშა უღრელიძემ ქართულ ოცნებას 2020 წელს 50,000 ლარი შეწირა.

წარსულში ასევე დაჯარიმებულია “ალადაშვილები და კომპანია”. ამ შემთხვევაში მთაწმინდის რაიონის გამგეობამ 2019 წელს გამოაცხადა ტენდერი, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა მთაწმინდის რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები 2530 მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეთათვის უფასო სასადილოებით მომსახურების გაწევა. ტენდერში მონაწილეობას იღებდა კიდევ ერთი კომპანია ალიონი, რომელმაც 7,662 ლარით ნაკლები შესთავაზა გამგეობას ვიდრე “ალადაშვილებმა და კომპანიამ”, თუმცა ალიონის დისკვალიფიკაცია მოხდა და ამ შემთხვევაშიც კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე ხელშეკრულება “ალადაშვილი და კომპანიასთან” გაფორმდა.

სატენდერო დოკუმენტაციაში არსებობს წერილი, რომლითაც დასტურდება რომ კომპანიას ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო პირგასამტეხლო დაეკისრა. კონკრეტულად კი 2019 წელს მთაწმინდის რაიონის ტერიტორიაზე განხორციელდა  “უფასო სასადილოებით მომსახურების” მონიტორინგი. მონიტორინგის ჯგუფმა  გამოავლინა, რომ ულუფები გაიცემოდა აწონვის გარეშე,(თვალის ზომით) რადგან ულუფები გაიცემოდა სასწორის გარეშე, ბენეფიციარები გათვალისწინებულზე ნაკლებ საკვებს იღებდნენ.

წყარო

  1. შესყიდვები და დაჯარიმების დოკუმენტი  https://bit.ly/3nq3A8B

  2. ოქტომბრის თვის ინფლაცია https://bit.ly/3Dgf8Rh

  3. საარსებო შემწეობის მიმღებთა სტატისტიკა https://bit.ly/31QfHDr

  4. ბიუჯეტი https://bit.ly/3kyhBz5

  5. მერიის წარმომადგენლობითი ხარჯები https://bit.ly/3DbkxsZ

  6. NDI კვლევა https://cutt.ly/vTnFxq6

  7. კალაძის ბრიფინგი https://cutt.ly/yTn9Ah8

წყარო: gmc.org.ge

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close