საზოგადოება

,,აპირებთ ყურძნის ჩაბარებას ,,თავის ფასში”, ანუ 90 თეთრად?”

,,გამოდის, რომ მთელი წელი სულ ტყუილად ვიშრომეთ?- საერთოდ არ ჩაგაბარებთ ყურძენს"

აპირებთ ყურძნის ჩაბარებას “თავის ფასში” ანუ 90 თეთრად?
70 თეთრი მიჯდება მოვლა და კრეფა-ტრანსპორტირებას დამატებით 20 თეთრი სჭირდება, ანუ ჯამში 90 თეთრია ხარჯი და უტიფრად 90 თეთრს აცხადებენ, ვითომდა “მინიმალურ” ფასს, თითქოსდა სულელები ვიყოთ და არ ვიცოდეთ, რომ ეგ ფასის გამოცხადება ნიშნავს ზუსტად იგივე ფასს ანუ 90 თეთრზე მეტს რომ არავინ გადაიხდის, აი, მაგას ნიშნავს. იმიტომ, რომ მასე საჯაროდ გამოსვლა და “მინიმალური” ფასის დადგენა უკვე ის წინაპირობაა, რომ ქარხნები მეტს არ გადაიხდიან და ეს ვარაუდი არ არის, რადგან ყოველ წელს ეს პრაქტიკაა.
ანუ რა გამოდის, რომ მთელი წელი სულ ტყუილად ვიშრომეთ?
იმისთვის რომ ჩვენივე ბიუჯეტიდან ქარხნებს სუბსიდიის სახით 150 მილიონი ლარი ფული აჩუქონ და თან დაგვამადლონ, რომ ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება და იგივეს აგვინაზღაურებენ, რაც დავხარჯეთ.
მადლობა!!!!!!
საერთოდ არ ჩაგაბარებთ ყურძენს .
იშოვეთ მერე თქვენთვის “სტრატეგიულ სფეროში” ნახევარი მილიარდი ლარი, ჩვენი გვერდზე გაწევით. ამის ღირსები ნამდვილად ხართ, რადგან თქვენსკენ ნახევარ მილარდს წევთ და ჩვენთვის- არცერთი თეთრი გემეტებათ მოგების სახით. ეს არანაირ ბიზნეს ურთიერთობაში არ წერია, არანაირ ეთიკაში არ ჯდება, რომ ერთმა მხარემ საერთო საქმიდან 100% წაიღოს და მეორე მხარე მშრალზე დატოვოს.
საიდან მოვიტანე ციფრი ნახევარი მილიარდი?
თქვენივე ნათქვამი 150 მილიონი ლარი სუბსიდია, რომელიც ჩვენივე ფულია უბრალოდ ბიუჯეტში შევიტანეთ ქვეყნის განვითარებისთვის, იღებთ და ქარხნებს ჩუქნით, ალბათ ასე გაწყობთ .
მაგას დამატებული 300 მილიონი კგ ყურძენი, რაც უნდა ჩაბარებულიყო ნორმალურ საბაზრო თავისუფალ კონკურენტულ პირობებში მინიმუმ 2 ლარად მაინც და გვიწესებთ 90 თეთრს, ანუ გვიტეხავთ ისევ ჩვენივე იმ ფულს, რაც მოგება უნდა დაგვრჩენოდა წელს და ოჯახი გვერჩინა, ანუ 1 კგ ყურძენში 1.1 ლარს, ანუ მთლიან მოცულობაზე 330 მილიონ ლარს. დაუმატეთ ახლა ეგ ციფრები ერთმანეთს, 150+330= 480 მილიონი ლარი, ეგეც თქვენი ნახევარი მილიარდი ლარი (ნუ გამომეკიდებით ხურდებზე) .
ჰოდა, ამხელა უტიფრობის ფონზე ჩემი მთელი წლის მანძილზე გაწეული შრომა თქვენთვის უფასოდ არც მემეტება!!! და სულ რომ ახლობლები იყოთ, ჩვენს ოჯახებსაც სხვათაშორის რჩენა სჭირდება და როგორ, თუ არცერთ თეთრ მოგებას არ გვიტოვებთ ბატონო???!!!
მოკლედ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე და რჩევის სახით გაგიზიარებთ, ალბათ ბევრს გამოგადგებათ.
ნუ ჩააბარებთ “თავის ფასში” ყურძენს.
უბრალოდ დაწურეთ სადმე, თუნდაც პლასტმასის ავზებში და ღვინის გამოცალკევების გარეშევე გამოხადეთ არაყი და გაყიდეთ. სულ ყველაზე მარტივი მიდგომით 1 ლიტრი მინიმუმ 5 ლარად ხო იყიდება?
ჰოდა, 100 კგ ყურძნიდან 30 ლიტრ 40 გრადუსიან არაყს მიიღებთ, ყველაზე ჩინური გამოსახდელი 1000 ლარიანი აპარატითაც კი.
რაც ნიშნავს იმას, რომ 100 კგ ყურძნიდან 150 ლარს მიიღებთ.
აღარ ვსაუბრობ იმაზე, თუ ცოტა მეტი ცოდნით და ძალისხმევით უკეთესი სახდელით გამოხდით და ბოთლში გაუკეთებთ ბრენდირებას და 3-ჯერ მეტ მოგებას დაიტოვებთ, ან გაცილებით მეტსაც…
თუ ვინმეს რამე რჩევა დაგჭირდებათ ამ თემაზე, არ მოგერიდოთ, ვეცდები და ყველას მოგეხმარებით შეძლებისდაგვარად.
მოკლედ, მე წელს თქვენს მიერ “დადგენილ ფასში” ყურძენს აღარ გაბარებთ, რადგან ყველანაირ ზღვარს გასცდით უკვე!!!
რაოდენობასაც ვახსენებ, რომ არ ეგონოს ვინმეს 500 კგ ყურძნის მფლობელს მოსცლიაო და ერთობაო აქ. არც ძალიან ბევრია მაგრამ მაინც.
7 ჰექტარი მაქვს, ჰექტარზე საშუალოდ 10 ტონა მაქვს დანორმებული და არ მომყავს ჭარბი მოსავალი.
ჰოდა, აი, ამ 70 ტონა ყურძენს თავად დავწურავ რამენაირად. დარწმუნებული ვარ, იმაზე მინიმუმ 1.5-ჯერ მეტს ამოვიღებ, ვიდრე თქვენთვის რომ ჩამებარებინა.
თუმცა სულაც რომ ვერ ვიშოვო მეტი, მაინც მიღირს წვალებად, სამაგიეროდ, თქვენ ვერ მიიღებთ ჩემგან 112,000 ლარს რასაც პირადად ჩემი მოსავლიდან ელოდებოდით, მაგ ვითომდა კეთილი ზრახვებით, ვგულისხმობ დასუბსიდირებას და საყოველთაოდ ფასის ვითომ “მინიმალურის”, მაგრამ პრაქტიკაში “მაქსიმალური” ფასის, ანუ ხელოვნური ფასის გამოცხადებას.
ძალიან გაშიფრვადი ხართ, ცოტა მეტი მონდომება გმართებთ და ნუ გგონიათ, რომ ხალხი ვერ ვხვდებით რას და რატომ აკეთებთ ამ დარგში, ყველა კარგად ვხვდებით, მერწმუნეთ, არ ვართ სულელები. უბრალოდ ნუ ცდით ჩვენი მოთმინების საზღვრებს
ორი სიტყვით ამაზეც, ეტაპობრივად, თუ როგორ “მუშაობს” ეს თემა:
1) ზემოთ “მოსწონთ” ეს დარგი და ამიტომაც უწოდებენ “სტრატეგიულად მნიშვნელოვანს” და არა იმიტომ, რომ ხალხზე ზრუნვით უდუღთ თავი.
2) ამხელა მოცულობის დარგში დიდ ფინანსურ ინტერესებს ხედავენ, გადაწყვეტენ სუბსიდირების საჭიროება დაასახელონ მიზეზად, რათა გააპრავონ ამ დარგში შემოძრომა.
3) იღებენ ჩვენივე შეგროვებული ბიუჯეტიდან ასეულობით მილიონს და ასხამენ ვითომდა ამ დარგის ამოსაქაჩად.
4) რეალურად კი ჩვენსავე ბიუჯეტს ფლანგავენ ქარხნების მფლობელების კმაყოფილებაში, თავიანთ ინტერესებთან ერთად (ნუ აღარაფერს ვამბობ იმაზე ნაწილი დაბოლებული ხალხის კმაყოფილებასაც რომ ყიდულობენ არჩევნებისთვის მაგ სუბსიდირების ვითომდა “სიკეთეებით”).
5) სუბსიდირების თემის შემოგდებით ადგენენ და აცხადებენ ხელოვნურად წინასწარ შემუშავებულ ფასს, ანუ იმ ფასს რაც თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე აწყობთ და სულ არ აინტერესებთ მაგ ფასში მევენახეს რამე რჩება თუ არა მოგება.
6) მასე ხელოვნურად ფასის გამოცხადებით კვდება კონკურენტული თავისუფალი ბაზარი.
7) მაგ დროს იწყებს მუშაობას მონოპოლია და რაც არ უნდა იხტუნავო აღარავინ გიხდის პროდუქტის რეალურ საბაზრო ფასს და გიხდიან მხოლოდ იმ ფასს რაც გამოგიცხადეს წინასწარ, ანუ 90 თეთრს.
სულ ესაა.
დანარჩენი ყველაფერი, რომ “რეკორდული ჭარბი მოსავალია და ვერ გავუმკლავდებით და ჩაწვება საქონელი და 50 თეთრიც არ ეღირება თუ არ ჩავერიეთ” და ასე შემდეგ არის უბრალოდ ბოდვა, უაზრო ბოდვა, დიდი ტყუილი, უტიფრობა და რა ვიცი, კიდევ კარგი მსახიობობაც ალბათ, ოღონდ არც თუ ისე კარგი, იშიფრებით თქო! ცოტა უკეთ მაინც ითამაშეთ, რომ მართლა მაინც დაგვაბოლოთ.
მოკლედ.
წარმატებები ყველას, იმედია, ოდესმე მაინც გვეშველება რამე.
P.S. ძალიან გამიხარდება თუ ჩემ მსგავსად ბევრი გადადგამს იგივე ნაბიჯს, იმაზე მეტს აუცილებლად ამოიღებს არყიდან, ან ნაწილობრივ ღვინიდან, ვიდრე ამათი გადმოგდებული გროშებია და არანაკლებ ძალიან გამიხარდება თუ ვნახავ ამ უტიფრებს მწარედ გაღიმებულს, როგორც ჩვენ გაგვაღიმეს გუშინ, მხოლოდ თავიანთი ინტერესების გამო მიღებული არასწორი გადაწყვეტილებით, თან ასე, ამაყად რომ გვახარეს…
გიორგი ხარიტონაშვილი
    შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარმატებული რთველი დააანონსა და განაცხადა: ,,გვქონდა შეკრება და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელსაც, რა თქმა უნდა, მოვახდენთ სუბსიდირებას. 1 კგ. თეთრი ყურძნის ფასი იქნება მინიმუმ 90 თეთრი და არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი. სახელმწიფო მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენს  მევენახეებს. პროცესში ჩაერთვება  300-მდე ღვინის კომპანია. ჩვენ მათთან უკვე გვქონდა კარგი შეხვედრები, გვაქვს სრული კოორდინაცია, შექმნილია რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც უკვე მუშაობს და ჩვენ წელს ველოდებით რეკორდულ მოსავალს, დაახლოებით, 300 000 ტონა მოსავალს ველოდებით წელს. ეს არის რეკორდული მაჩვენებელი. სწორედ ამ ყველა გამოწვევის და ყველა ამ ფაქტორების გათვალისწინებით, წელსაც, რა თქმა უნდა, გაგრძელდება სუბსიდირება. ჯამურად, მთავრობას სუბსიდირება დაუჯდება, დაახლოებით, 150 მლნ ლარი. ვინაიდან ეს არის სტრატეგიული დარგი და ჩვენი ქვეყანა არის მეღვინეობის აკვანი და მიჩნეულია, დადასტურებულია, რომ სწორედ ჩვენგან დაიწყო მეღვინეობა, სწორედ ამიტომ  სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია სწორი ჩარევა და სწორი დახმარება ჩვენი მევენახეებისთვის. ასე რომ, ამის თაობაზე ბატონი ოთარი  დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის ჩვენს მევენახეებს, ჩვენს მოსახლეობას და უნდა იყოს მაქსიმალურად იდეალურად ჩატარებული წლევანდელი რთველი 2022“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
წყარო: ფბ ჯგუფი: მევენახეობა-მეღვინეობა

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close