სიღნაღის ამბები

როგორ ემზადება სიღნაღი ნიკალას შესახვედრად

 მოედანზე დაიდგმება მრგვალი მაგიდა,  სამოვარი, ცხელი ჩაი ითუხთუხებს... ქუჩებში ისეირნებენ ფიროსმანის ,,გოგონა ბუშტით“ ,,მეეზოვე“, ,,მეთევზე“

სიღნაღი ახალი ფესტივალისთვის ემზადება.  8 ოქტომბერს სიღნაღის ცენტრში ფიროსმანის გმირები ტილოებიდან გადმოვლენ და ქალაქის ქუჩებს მოეფინებიან. ბულვარში გაიხსნება მისი ბიუსტი. ნიკალას თანამედროვე, სიღნაღური სამყარო კიდევ ბევრ სიურპრიზს შესთავაზებს ქიზიყელი მხატვრის შემოქმედების მოყვარულ, ღონისძიებით დაინტერესებულ სტუმრებს. ფესტივალის ,,ფიროსმანია სიღნაღში“ შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერს, მალხაზ ბეგიაშვილს ვესაუბრეთ:

_ ფესტივალის ,,ფიროსმანია სიღნაღში“ ჩატარების იდეა არა მხოლოდ სიღნაღის მერიას ეკუთვნის, მას სახელმწიფო მუზეუმთან ერთად ვახორციელებთ. ფესტივალის დღეს ჩვენ  შორის მემორანდუმსაც მოეწერება ხელი. როგორც ვხვდები,  გაინტერესებთ, დიდ მხატვარს რა ურთიერთობები ჰქონდა სიღნაღთან და რატომ დავუკავშირეთ ის ჩვენს პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზ ქალაქს.

ცნობილია, რომ ფიროსმანის ეპოქაში მხატვრის მშობლიური სოფელი მირზაანი სიღნაღის მაზრის შემადგენლობაში შედიოდა, მაზრა კი თითქმის ნახევარ კახეთს მოიცავდა. თავად სიღნაღი გამოირჩეოდა ძველი ქალაქისთვის დამახასიათებელი სახლებით, ინფრასტრუქტურით, ხელოსნების სიჭარბით, სამიკიტნოებით, დუქნებით და ა.შ.

ყველამ ვიცით, როგორი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფიროსმანის შემოქმედებაში ქალაქურ სტილს, ჩაცმულობას, დუქნებსა და სირაჯ-კინტოებს. ცნობილია, რომ თავად სიღნაღსა და  მის შემადგენლობაში არსებულ სოფლებთან მხატვარს გარკვეული კავშირი ჰქონდა.  გვინდა, ამ ფესტივალით კიდევ უფრო გამოვკვეთოთ ურთიერთობა ფიროსმანს, მის მხატვრობასა და ქიზიყს შორის.

ფესტივალის დღეს სიღნაღში გავხსნით ნიკო ფიროსმანაშვილის ბიუსტს. ჩვენს მუნიციპალიტეტს  ის საჩუქრად გადასცა ნამუშევრის ავტორმა, მოქანდაკე ერეკლე წულაძემ.

  _ ერეკლე  წულაძე საკმაოდ წარმატებული და ცნობილი მოქანდაკეა…

_ დიახ, მან სურვილი გამოთქვა, მისი შექმნილი ნიკალას ბიუსტი სიღნაღის სკვერში განგვეთავსებინა. ბიუსტის გახსნა ღონისძიების დღეს დავამთხვიეთ.

ძალიან საინტერესო ფესტივალი გვაქვს დაგეგმილი. მერიის წინ, მოედანზე დაფენილი იქნება სამი დიდი პანო, რომლებსაც ფესტივალის სტუმრები გააფერადებენ. მეორე დღეს კი ის გამოიფინება მერიის შენობის წინა ფასადზე.

ფიროსმანი ამბობდა, დავსხდეთ მრგვალ მაგიდასთან, ვსვათ ჩაი და ვისაუბროთ ხელოვნებაზეო. ჩვენ თეატრალიზებულად წარმოვადგენთ მის სურვილს. მოედანზე დაიდგმება მრგვალი მაგიდა,  სამოვარი, ცხელი ჩაი ითუხთუხებს და სხვადასხვა თემებზე გაიმართება საუბრები. ველოდებით მწერალ დათო ტურაშვილს, რომელიც წაიკითხავს ლექციას ხელოვნებაზე. განთავსდება ძველებური კარადა, რომელშიც შეკიდული იქნება ნიკალას გმირების სამოსი. მსურველებს შეეძლებათ, რომ მოირგონ და ამ ფორმით გადაიღონ ფოტო-ვიდეოები და გადაინაცვლონ ნიკალას ეპოქაში.

სიღნაღის ხელოვნების მუზეუმში კვლავ გრძელდება ფიროსმანის დღეები და გამოფენილია მისი საუკეთესო ტილოები.

 _ არტფესტივალი, რომელიც სიღნაღში უკვე ჩატარდა, ასევე მხატვრობასთან იყო დაკავშირებული. ხელოვნების სხვა დარგებსაც ხომ მიაქცევთ ყურადღებას? მაგალითად, ვანო სარაჯიშვილის, ჰამლეტ გონაშვილის, სანდრო მირიანაშვილის სამშობლოს ძალიან მოხდება ხალხური სიმღერის ფესტივალი…

_ უკვე ვადგენთ მომავალი წლის კულტურული ღინისძიებების გეგმას და მისთვის  საჭირო თანხებსაც ბიუჯეტში დავაფიქსირებთ. პირველი წელია, რაც სიღნაღის ფესტივალიზაცია წამოვიწყეთ და ცხადია, ყველაფრის გათვალისწინება ვერ მოხერხდა. შევეცდებით, უფრო დავხვეწოთ ღონისძიებების თემატური ნაწილი. მთავარია, რომ უკვე გამოიკვეთა სიღნაღი ნიშა, ის  უნდა ვაქციოთ საქართველოს კულტურული ღონისძიებების  ცენტრად.

ექსკლუზიურად გეტყვით, რომ მომავალ წელს თავისუფალი თეატრების ფესტივალის ჩატარებასაც ვგეგმავთ. საქართველოში არსებობს ახალგაზრდა რეჟისორების მიერ ჩამოყალიბებული თეატრალური დასები, რომლებსაც სახელმწიფო დაფინანსება არ აქვთ. ჩვენ მათ საკუთარი საქმიანობის წარმოჩინების საშუალებას მივცემთ. წინათ სიღნაღში იმართებოდა ვანოობის დღესასწაული, რომლის აღდგენაზეც ვმსჯელობთ. არ გამოვრიცხავ, რომ ჰამლეტ გონაშვილის სახელობის ფესტივალიც დავგეგმოთ…

    _ თითქმის ყველა ფესტივალის დასკვნით ნაწილს წარმოადგენს გალა კონცერტი. მასში მონაწილეობას თბილისიდან ჩამოსული მუსიკოსები და მომღერლები იღებენ. უპრიანი ხომ არ იქნება, ადგილობრივი ტალანტების წარმოჩინებისთვის იქნას სცენა გამოყენებული?  როგორც ვიცი, სიღნაღის მუნიციპალიტეტსა და კახეთში ხელოვნების ნიჭი და ტალანტი ბევრ ადამიანს აქვს. 

_ როგორც გითხარით, გვინდა, მომავალი წლისთვის უფრო საინტერესო გავხადოთ სიღნაღური ფესტივალები. ყველა ხარვეზს გამოვასწორებთ და სიცარიელეს შევავსებთ. ჩვენი კუთხის ხალხს აქვს სიმღერის, ცეკვის, ხატვის უნარი, პოეზიის ნიჭი.  ცხადია, შემოქმედებითი უნარების მქონე ადამიანები უნდა  ჩავრთოთ ღონისძიებებში.

თქვენი, ,,ნელიკო ტურის“ მიერ დაგეგმილი ტურები სიღნაღიდან საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში იმიტომ არის საინტერესო, რომ ის არ გახლავთ შაბლონური ექსკურსია და მასში ხელოვნების ელემენტები არის ჩადებული. ყველა ქიზიყელში იმალება შემოქმედი ადამიანი. ჩვენ ისინი უნდა გამოვავლინოთ და მათ ნიჭს მივცეთ ფართო ასპარეზი. სიღნაღში გამართულმა არტფესტივალმა, იცით, რა გამოიწვია? მოთხოვნა გაჩნდა, რომ სიღნაღის მუსიკალურ სკოლაში გაგვეხსნა სამხატვრო განყოფილება. იქ ცოდნის მიღების სურვილი უკვე 20-ზე მეტმა მოზარდმა გამოთქვა.

   _ როგორც შევიტყე, ფიროსმანისადმი მიძღვნილი ფესტივალის დროს სიღნაღში ,,გაცოცხლდებიან“ ნიკალას პერსონაჟები და ისინი ქალაქის ქუჩებში ისეირნებენ. ასეა?

_ დიახ. სიღნაღის ფესტივალის მონაწილეები შეხვდებიან ფიროსმანის ,,გოგონას ბუშით“, ,,მეთევზეს“, ,,მეეზოვეს“… მათ მსახიობები განასახიერებენ.

დასკვნით კონცერტში ამჯერად მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებს ვიყენებთ – ჩვენი ფოლკლორული ანსამბლები იმღერებენ და იცეკვებენ.

   _ წელს, სიღნაღის ფესტივალიზაციის პროცესი, ფიროსმანით არ მთავრდება? 

_ პრემიერმინისტრის ინიციატივით, 9-15 ოქტომბერს მთელ საქართველოში ტარდება ღვინის დღეები. ერთკვირიანი ღონისძიებაა, რამდენიმე მუნიციპალიტეტში ერთ დღეს არის დაგეგმილი. სიღნაღში 12 ოქტომბერს ჩატარდება. ქალაქის ცენტრში მოეწყობა ღვინის გამოფენა-გაყიდვა, დეგუსტაცია. ადგილობრივი მეწარმეები წარმოადგენენ საკუთარ ნაწარმს, ჩაიდგმება თონეები, გამოცხვება შოთის პური, მოდუღდება თათარა, შეიწვება მწვადი… ეს ღონისძიებაც იქნება კოსტიუმირებული, საღამოს გაიმართება კონცერტი.

   _ ე.წ. სიღნაღობის ზეიმს სიღნაღში აღარ უნდა ველოდოთ?

_ როგორც ჩანს, წელს ამ სახელწოდების ზეიმი აღარ ჩატარდება, თუმცა შინაარსობრივად ღვინის ფესტივალი სწორედ სიღნაღობის მსგავსი იქნება. ვფიქრობთ, სახალხო ღონისძიებები სოფლებშიც მოვაწყოთ და ბევრი მივიწყებული ტრადიცია აღვადგინოთ.

ნელი ვარდიაშვილი

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close