სიღნაღის ამბები

სად მდებარეობს ქიზიყში, ნეიშნის ველი და რატომ დაარქვეს ერეკლე მეორეს-პატარა კახი

,,ჭიანი ტყე მდებარეობს ქიზიყის ჩრდილო-დასავლეთით- ანაგის, ვაქირისა და საქობოს ბოლოს..."

…იდგა 1735 წლის გაგანია მკათათვე.
უთენია დააცხრა დაღესტნელ მოთარეშეთა რამდენიმე გუნდი ქიზიყის წინამხრის სოფლებს. დაარბიეს ჯუგაანი, ასანური, საქობო, ვაქირი, ანაგა. გაძარცვეს დიდი და პატარა, წაასხეს პირუტყვი, მოიტაცეს ქალები, ბავშვები, გადაბუგეს სახლები.
მდიდარი ნარბევით გაეშურნენ ალაზნის ფონისკენ. უხაროდათ: ადვილი როდი იყო ქიზიყელთა დარბევა, თანაც უმსხვერპლოდ.
აი, გასცდნენ განაპირა დასახლებებს, შემოუარეს ,,ჭიან ტყედ’’ წოდებულ კორომებს და შესვენებაზეც იფიქრეს… არც დანაყრება და ნადავლის დათვლა-გაყოფა დავიწყებიათ.
სახიფათო თითქოს არაფერი ჩანდა, მაგრამ…
უცებ მეხივით დაიჭექა ქართველთა საბრძოლო ყიჟინამ…
აბრაგებს ელდა გაუათკეცდათ, როცა მდევრის მოთავე რაზმში კახეთის სამეფო დროშას მოჰკრეს თვალი. და ეს მაშინ, როცა თავდასხმის წინ მძარცველებმა თითქოს უტყუარი ცნობები შეკრიბეს: კახეთის მეფედ აღიარებული თეიმურაზ მეორე ფშავში იყო გახიზნული, ხოლო უფლისწულები, გარდაცვლილი დავით იმამ-ყული-ხანის – თეიმურაზ II-ის უფროსი ძმის, კახეთის მეფის გამაჰმადიანებული ვაჟები სპარსეთში იყვნენ გადახვეწილნი, ქიზიყის მოურავი კი ,,საენდრონიკო სოფლებში’’ მიმალულიყო…
მაშინ ვინ ააფრიალა სამეფო დროშა? ნუთუ თეიმურაზ II-ის ,,ძუძუმწოვარა ბალღმა’’, 15 წლის ერეკლემ გაბედა მახვილის აღმართვა? მაშ, დრო მოსულა ამ თავხედ ,,მგლის ლეკვს’’ დაუყოვნებლივ ასწავლონ ჭკუა…
დაღესტნელმა ავაზაკებმა რიხი არ გაიტეხეს და ქადილით დააწყვეს რაზმები. საბრძოლო თადარიგში შიშიც გაუქრათ. მათკენ ერეკლე ბატონიშვილი მოჰქროდა. მართლაც, პირად მცველთა და სახელდახელოდ შეკრებილ მცირერიცხოვან ამალას მედგრად მოუძღოდა…
და დაიწყო ნეიშნის ბრძოლა – ? ერეკლე II-ის საბრძოლო ნათლობა, რომელიც ჭაბუკი უფლისწულის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა…
მოვუსმინოთ მემატიანეს:
,,მაშინ იყო ძე მეფისა თეიმურაზისა ირაკლი წლისა 15, რომელმან შემოიყარა სოფლებიდან ჯარი, ეწია ნეიშნის მინდორში და ძლიერად შემოებნენ ლეკნი. გარნა თვით ეს ყრმა, ძე მეფისა თეიმურაზისა ირაკლი, მეორედ შევიდა ჯარსა ლეკისასა და პირველად ამან მოკლა კაცი, ამის მხილველთა კახთა ერთნაირად მომართეს ყივილით და წინ წარიქციეს ჯარი ლეკისა, აჰყარეს ტყვენი და საქონელი და მოსწყვიტეს უმრავლესნი“ (ო. ხერხეულიძე. მეფობა ირაკლი მეორისა. თბ., 1989)
სამ დღეს რეკდნენ ბოდბის მონასტრის ზარები, ცასა სწვდებოდა სიხარულის ყიჟინა. ? სწორედ მაშინ უწოდეს ქიზიყელებმა მომავალ მეფეს პატარა კახი. ეს მეტსახელი ჯერ მთიელებმა (თუშ-ფშავ-ხევსურებმა, თიანეთელებმა, დიდოელებმა) აიტაცეს, მოგვიანებით კი მთელმა საქართველომ შეისისხლხორცა.
? დიახ, პატარა კახი ჭაბუკ უფლისწულს მცირე ასაკის გამო შეერქვა, რამეთუ ერეკლე II გამორჩეულად ტანდაბალი არა ყოფილა, იგი შუა ტანის, მკვრივი აღნაგობის მამაკაცი იყო.
სად მდებარეობს ნეიშნის ველი?
კითხვა დიდხანს უპასუხოდ რჩებოდა. საქმეს აძნელებდა ის გარემოება, რომ ეს ტოპონიმი დღეს დაკარგულია. ისტორიული წყაროებისა და ფოკლორული მასალის შესწავლა საშუალებას გვაძლევს, გაირკვეს ერეკლე II-ის პირველი სამხედრო ტრიუმფის ადგილმდებარეობა.
პოლიექტოს კარბელაშვილის ,,ქრონიკებში’’ დაზუსტებულია, რომ ჭაბუკი უფლისწული დაღესტნელ მოთარეშეებს შეეტაკა ნეიშნის მინდორზე, ჭიან ტყესთან – ქიზიყიდან მარბიელთა უკუსვლის მომენტში. ამ დაზუსტებისას ავტორი ეყრდნობა რომელიღაც სიგელ-გუჯარს. პ. კარბელაშვილის ,,ქრონიკების’’ შედეგების წესი გვარწმუნებს, რომ მცირეოდენი გამონაკლისის გარდა, იგი ძირითადად სანდოა. მაშასადამე, გვაქვს საკმაოდ სწორი ორიენტირი – ჭიანი ტყე!
ჭიანი ტყე კი, კარგად არის ცნობილი, მდებარეობს ქიზიყის ჩრდილო-დასავლეთით; ანაგის, ვაქირისა და საქობოს ბოლოს…
ლ. ტუხაშვილი
სურათზე: ჭიან ტყისაგან დარჩენილი ფრაგმენტი ალაზნის ველზე, სოფელ ვაქირში. ფოტო გადაღებულია 2020 წლის მკათათვის 7, ვაქირის ძველი კვირაცხოვლის ეკლესიის ეზოდან
წყარო: ნიკა ყარალაშვილი, ფბ გვერდი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close