საზოგადოება

რატომ დაწერა მამამ შვილის სახელი ყვავილებით?_ილია მეორე უფლის სასწაულზე საუბრობს

ილია მეორე, საქართველოს პატრიარქი:

_ მე მინდა შოტლანდიელი ფილოსოფოსის – ბიატის ცხოვრების ერთი ფურცელი შეგახსენოთ.

მას ჰყავდა ვაჟი, რომელიც ძალიან უყვარდა და სურდა, მისთვის სასულიერო განათლება მიეცა. ამიტომაც ცდილობდა, ღვთის სიყვარული თავიდანვე გავღვივებინა მასში.

როდესაც ბავშვს 5-6 წელი შეუსრულდა და კითხვა ისწავლა, მამამ ასეთი გამოცდა ჩაუტარა: ბაღის ერთ კუთხეში, ხნულზე, ისე, რომ არავის დაენახა, შვილის სახელი დაწერა, კვლებში ყვავილების თესლი ჩაყარა, მერე მიწა მიაყარა და გაასწორა. რამდენიმე დღის შემდეგ ბიჭმა მამასთან მიირბინა და გახარებულმა უთხრა, რომ ბაღში თავისი სახელი ნახა ყვავილებით დაწერილი. მან გაიცინა და ისეთი სახე მიიღო, თითქოს ამას დიდ ყურადღებას არ აქცევდა. ბიჭი არ მოეშვა და აიძულა, წაჰყოლოდა იმ ადგილის სანახავად. როცა მივიდნენ, მამამ თავშეკავებით თქვა, რომ ამაში საკვირველი არაფერი იყო და იგი შემთხვევითობას მიაწერა. ბიჭი არ დაეთანხმა.

მაშ, მიგაჩნია, რომ შენი სახელი თავისით არ დაწერილა აქ? – ჰკითხა მამამ.

დიახ, – მტკიცედ მიუგო პატარამ.

ბოლოს მამამ აღიარა, თუ როგორ დათესა კვლებში ყვავილების თესლი და დაუმატა, რომ მსგავსად ამისა, არც სამყარო და მასში დაცული გასაოცარი წესრიგია თავისით შექმნილი, რომ იგი გამოვლენაა ღვთაებრივი გონისა და სიყვარულისა, ქმნილება ღვთის ხელისა.

დიახ, ცა, მიწა, ზღვა… მთელი კოსმოსი დიდი და ბრწყინვალე წიგნია უფლისა, რომელშიც უსიტყვოდაა განცხადებული ღმერთი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამ წაგნის კითხვა, რომ სწორად ვიცხოვროთ.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close