განათლება

,,პირველი კლასიდან მე-6 კლასის ჩათვლით ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება”

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ მურღულიას განცხადებით, 2018 წლიდან, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, პირველი კლასიდან მე-6 კლასის ჩათვლით ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

როგორც მურღულიამ აღნიშნა, წიგნების შეცვლის საჭიროება ახლანდელი სახელმძღვანელოების სირთულიდან გამომდინარე დადგა, თუმცა, რა ცვლილებები შეიძლება შევიდეს წიგნის შინაარსობრივ ნაწილში, მინისტრის მოადგილე ჯერჯერობით არ აკონკრეტებს.

„რა ცვლილებები შევა წიგნში, ეს ავტორის გადასაწყვეტია. ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს, რა მოთხოვნებია სწავლის პროცესში და ეს მოთხოვნები ძალიან ბევრია. პირველიდან მე-6 კლასამდე შევცვალეთ სწავლის მოდელი, დამოკიდებულება – ეს არ უნდა იყოს ტანჯვის წლები ბავშვისთვის, ეს უნდა იყოს სწავლა თამაშის პარალელურად, ამიტომ მოთხოვნები ხარისხის მიმართ რადიკალურად შეიცვალა. სახელმძღვანელოები იქნება გაცილებით მარტივი, ახლა რთულია. როცა ამოცანა იმდენად რთულია, რომ ვერასოდეს ვერ წყვეტ, ინტერესს აკარგვინებს ბავშვებს. მათემატიკისადმი ძალიან ბევრი ინტერესდაკარგული ბავშვი გვყავს, მათთვის ტანჯვა იყო მათემატიკა და არა სიამოვნება“, – ამბობს მურღულია.

მისივე განცხადებით, მაღალ კლასებში საპირისპირო ვითარებაა.

გუშინ იმავე თემას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, სასკოლო სახელმძღვანელოებში შინაარსობრივი ცვლილებები შევა და ამ პროცესში მონაწილეობის მიღება საზოგადოების დაინტერესებულ ნაწილსაც შეეძლება.

წყარო: imedinews.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close