საზოგადოება

ედუარდ შევარდნაძის ოჯახი გერმანიის ელჩს მიმართვას უგზავნის

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ოჯახი საქართველოში გერმანიის ელჩს ჰაიკე ფაიჩს მიმართვს. მიმართვაში ოჯახი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ თბილისში ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნის ფარგლებში გამართულ გამოფენაზე შევარდნაძის ფოტო ვერ მოხვდა.

“თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო ფაიჩი, გვინდა ჩვენი ღრმა გულისტკივილი გამოვხატოთ ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნის ფარგლებში გამართულ გამოფენასთან დაკავშირებით. ამ ექსპოზიციაზე ისტორიულ ფოტოებს შორის, ჩვენი ბაბუის ედუარდ შევარდნაძის ადგილი არც კი გამოინახა. ეს ფაქტი როგორც ადამიანურად, ისე ისტორიულად ობიექტური ისტორიის სრულ იგნორირებას წარმოადგენს.

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სრულიად სამართლიანად აღნიშნა ამ მოვლენის “ანომალური”, ისტორიულად უსამართლო ხასიათი. მადლობა მას ასეთი სწორი სახელმწიფოებრივი, მოქალაქეობრივი და ადამიანური პოზიციისთვის.

თქვენო აღმტებულებავ, ახლა კი, გვსურს, თავს  მივცეთ უფლება შეგახსენოთ რამდენიმე ისტორიული, ქრონოლოგიურად დალაგებული ფაქტი:

– 1985 წლის ივლისი. უშიშროებისა და თანამშრომლობის დასკვნითი დოკუმენტის, „ჰელსინკის აქტის“ ხელმოწერით მეათე წლისთავისადმი მიძღვნილი შეხვედრა (ჰანს-დიტრიხ გენშერის და შევარდნაძის პირველი შეხვედრა).

– 1986 წლის 21 ივლისი, მოსკოვი – ჰანს-დიტრიხ გენშერის ვიზიტი მოსკოვში.

– 1988 წლის იანვარი – სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრის შევარდნაძის ვიზიტები გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

– 1988 წლის 12-15 ივნისი – მიხეილ გორბაჩოვისა და ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი გერმანიაში.

– 1989 წლის 2-3 დეკემბერი, კუნძულ მალტა – ჯორჯ ბუშის ინიციატივით გორბაჩოვი და ბუშის შეხვედრა;  შეხვედრის მთავარი თემა – გერმანიის გაერთიანება.

– 1989 წლის 12 ივნისს მიხეილ გორბაჩოვის და ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ედუარდ შევარდნაძემ  ბატონ გენშერთან საუბრისას განაცხადა: „ალბათ ძალიან მალე დიდი საუბარი გვექნება კონტინენტის მომავლის შესახებ“ და “როდესაც საამისოდ დრო მომწიფდება ბერლინის კედელიც დაინგრევა”.

– 1989 წლის 9 ნოემბერს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვარი გაიხსნა და გერმანია ფორმალურად გაერთიანდა

– 1989 წლის 12 თებერვალი, კანადა, ოტავა, „ღია ცის“ კონფერენცია, რომლის ჩატარების ერთ-ერთი ინიციატორი საბჭოთა კავშირი იყო. კონფერენციაზე გერმანიის გაერთიანების იდეამ საერთაშორისო დიპლომატიურ არენაზე რეალური კონტურები შეიძინა. „დიდი ოთხეული“ (აშშ, საბჭოთა კავშირი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი) შეთანხმდნენ  ფორმულაზე „ორი პლიუს ოთხი“- გერმანიიდან იქნებოდა ორი დელეგაცია, ერთი დასავლეთ გერმანიიდან და მეორე აღმოსავლეთ გერმანიიდან.

– “ორი პლუს ოთხის” მოლაპარაკებები: ბონში, ბერლინში, პარიზში, მოსკოვში.

– 1990 წლის 23 მაისს ჟენევაში შედგა გენშერის და შევარდნაძის შეხვედრა, სადაც აღინიშნა, რომ გაერთიანების პროცესმა თავისი შეუქცევადი დინამიკა შეიძინა.

– 1990 წლის 15-16 ივლისს საბჭოთა კავშირში, სტავროპოლის ოლქში – არხისში, შედგა გორბაჩოვის, კოლის, გენშერის და შევარდნაძის შეხვედრა – დღის წესრიგი: გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანა.

– 1990 წლის 12 სექტემბერს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას „ორი პლიუს ერთი“. ხოლო მეორე დღეს, 13 სექტემბერს შევარდნაძემ და გენშერმა, უკვე ამ თანხმობის პარაფირებას მოაწერეს ხელი. მოგვიანებით კი გორბაჩოვმა და კოლმა საბოლოოდ დაადასტურეს „ხელშეკრულება  კეთილმეზობლობის, პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“.

ეს მხოლოდ რამდენიმე მშრალი ფაქტების კონსტატირებაა, რაც ნამდვილად არ ასახავს სრულად ჩვენი ბაბუის, ედუარდ შევარდნაძის პირად წვლილს და დამოკიდებულებას გერმანიასა და გერმანელების მიმართ. არ აისახება მის უდიდესი პატივისცემა გერმანელ თანამოაზრეებთან და პარტნიორებთან მიმართებაში. აქ არ ჩანს მისი უდიდესი პირადი პასუხისმგებლობა, რომელიც მან თავის ცხოვრების გზაზე იტვირთა იმ იმედით, რომ გერმანია ერთიანდებოდა ევროპისა და მსოფლიოს საკეთილდღეოდ.

მოგეხსენებათ, ბერლინის კედლის 19 ნატეხიდან, ერთ-ერთი წარწერით „Danke, Eduard” მის სახლმუზეუმში ინახება. ამ ნატეხმა მსოფლიოს ის მრავალი გამოფენა მოიარა, რომელიც გერმანიის გაერთანებას ეძღვნებოდა. თუმცა, რატომღაც ედუარდ შევარდნაძის ფოტოს ვერ გამოენახა ადგილი იმ გამოფენაზე, რომელიც მის სამშობლოში ჩატარდა. ის, რომ ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნა საქართველოში მოხდა, არ არის შემთხვევითი.  ქალბატონო ელჩო, თქვენ ეს გამოფენა საქართველოში იმიტომ გახსენით და არა სხვა ქვეყანაში, რომ აქ ედუარდ შევარდნაძის ისტორიული სამშობლოა.

ჰანს-დიტრიხ გენშერისა და ედუარდ შევარდნაძის პარტნიორობა და მეგობრობა ქართველი და გერმანელი ხალხების ურთიერთობის და თანამშრომლობის საფუძველი გახდა. სწორედ გენშერი იყო ის პირველი დასავლელი პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს ეწვია და გერმანიის სახელით საქართველოს პირველმა მიულოცა დამოუკიდებლობა. გენშერი იყო ის პოლიტიკოსი, რომელიც ედუარდ შევარნაძის გარდაცვალების ცერემონიალზე ჩამოვიდა და თვითონაც უკვე დაუძლურებულმა უკანასკნელი პატივი მიაგო ჩვენი ბაბუის ხსოვნას, მის დამსახურებას გერმანელი ხალხის წინაშე. სულ რაღაც ექვს თვეში ჰანს-დიტრიხ გენშერიც გარდაიცვალა. მასთან ოფიციალური გამომშვიდობებისას გერმანიის ბუნდესტაგში ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან, არაერთხელ გაჟღერდა ედუარდ შევარდნაძის სახელიც, კაცის, რომელმაც, ჰანს-დიტრიხ გენშერთან ერთად გადამწვეტი როლი შეასრულა ახალი გერმანიის და შეასაბამისად – ახალი ევროპის არქიტექტურის ჩამოყალიბებაში.

თქვენო აღმატებულებავ, გვჯერა, რომ გამოფენის დაგეგმვისას დაშვებული იქნა უხეში, სრულიად გაუმართლებელი პროფესიონალური შეცდომა და რომ ეს არ არის გერმანელი ხალხის და გერმანიის სახელმწიფოს პოზიცია. გვჯერა – თქვენი მხრიდან ყველა ძალას იღონებთ იმისთვის, რომ ეს სამარცხვინო ხარვეზი აღმოიფხვრას და საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ განსაკუთრებულად თბილ, ტრადიციულად ღრმად მეგობრულულ და სტრატეგიულ ურთერთობებს ჩრდილი არ მიადგება!”, – ნათქვამია  მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ თამარ მოსაშვილი-შევარდნაძე, სოფიო შევარდნაძე, მარიამ შევარდნაძე ლაშა შევარდნაძე, ნანული შევარდნაძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close