ნელი ვარდიაშვილის სტატიები

ვინ გადაარჩინა ქალაქი ბორჯომი განადგურებას- მდინარეს მოჰქონდა უზარმაზარი ხეები, დანგრეული ხიდის ნაწილები…

პეპლებიანი საძინებელი, გაბუტული შეყვარებულების სავარძელი... - ქალი, რომელსაც ნიკოლოზ რომანოვი ეთაყვანებოდა

კოსმოსიდან დაბრუნებულმა იური გაგარინმა, მიწაზე ფეხის დადგმისთანავე, „ბორჯომის“ წყალი მოითხოვა,  ცნობილია ისიც, რომ რეპეტიციების დროს რეჟისორი ტოვსტონოგოვი მუდამ პარტერის მეთორმეტე რიგში ჯდებოდა, სადაც მისთვის წინასწარ იყო მომზადებული „ბორჯომის“ ბოთლი. საბჭოთა კავშირში უინსტონ ჩერჩილის  ვიზიტის დროსაც მაგიდაზე „ბორჯომის წყალი” იდგა, როგორც ოფიციალური პროტოკოლის განუყოფელი ნაწილი.

ასეთი ფაქტები უამრავია, ბორჯომის ხეობის სილამაზესა და სიკეთეზეც ბევრი თქმულა და დაწერილა, მაგრამ ამჯერად ისტორიკოსმა ბაკურ გელაშვილმა ბორჯომის ხეობასთან დაკავშირებული მეტად საინტერესო ისტორიები გაგვაცნო.

      ბორჯომის მინერალური წყლის აღმოჩენის საოცარი ამბავი

ბევრმა არ იცის, რომ თვალწარმტაც „ბორჯომის ხეობას“ მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებამდე ,,სადგერის ხეობა“ ერქვა, უფრო ადრეულ საუკუნეებში, თორის მხარე. არქეოლოგიური კვლევა-ძიებით დასტურდება, რომ ბორჯომის ხეობაში პირველყოფილ ადამიანსაც უცხოვრია. ახალციხის საფაშოს მოშლისა და სამცხე-საათაბაგოდან თურქ დამპყრობთა განდევნის შემდეგ კი, ბორჯომის ხეობის ხელახალი დასახლება დაწყებულა. XIX საუკუნის 50-60 წლებში ზემო იმერეთიდან და  ქართლიდან, ბორჯომის ხეობაში მოსახლეობა გადმოსახლებულა და უკრაინელი და ბერძენი მოახალშენენიც დამკვიდრებულან, თუმცა  ბორჯომის ხეობის განვითარება, მინერალური წყლების ხელახლად აღმოჩენასთან არის დაკავშირებული. ისტორიული წყაროების მიხედვით, 1810 წელს, რუსის ჯარმა ახალციხე ალყაში მოაქცია და რამდენიმე დღიანი ალყის მოხსნის შემდეგ, ჯარი ბორჯომის ხეობაში გააჩერა, რა დროსაც რუსმა ჯარისკაცებმა მიწიდან მორაკრაკე სასიამოვნო წყლები დააგემოვნეს და მის შესახებ ხელმძღვანელებს აცნობეს. 1846 წელს გაზეთი ,,კავკაზი’’ წერდა, ბორჯომის მინერალური წყლები უაღრესად ძველი დროიდან იყო ცნობილი და ჯერ კიდევ ქართველი მეფეების დროს იქ მიემგზავრებოდნენ სამკურნალოდო. ზოგიერთი ისტორიული ჩანაწერის თანახმად, ძველ დროს მინერალურ წყალს მხოლოდ აბაზანებისთვის იყენებდნენ. თუმცა, უდიდესმა ქართველმა მეცნიერმა ივანე ჯავახიშვილმა დაამტკიცა, რომ უძველეს დროში მინერალური წყალი, თავისი უნიკალური თვისებების გამო, სასმელადაც გამოიყენებოდა.

ბაკურ გელაშვილი:

_ 1825 წლის გაზაფხულზე, ხერსონის გრენადერთა პოლკი ბორჯომში განთავსდა. ერთ-ერთმა ჯარისკაცმა მდინარე ბორჯომულას მარჯვენა სანაპიროზე ნაპრალიდან ვერტიკალურად ამომავალი თბილი წყარო ნახა და წყალი პოლკის მეთაურს, პოლკოვნიკ პოპოვს მიუტანა, რომელსაც კუჭის დაავადება აწუხებდა. მან თავის თავზე გამოსცადა წყლის უნიკალური თვისებები და შედეგმა იმდენად განაცვიფრა, რომ ბრძანება გასცა, წყარო ქვებით შემოეღობათ და მის ახლოს, 2 ოთახიანი პატარა სახლი აეშენებინათ. პოლკოვნიკი პოპოვი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც თავის ახლობლებს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ამ წყაროს წყლის დალევა ურჩია. მას შემდეგ, რაც ფართოდ გავრცელდა ინფორმაცია „ბორჯომის“ მინერალური წყლის საოცარ თვისებებზე, გორში განლაგებული ქართველ გრენადერთა პოლკის სამხედრო ექიმი ამიროვი ქ. ბორჯომს ეწვია. მას ჯარისკაცების საცხოვრებელი პირობები უნდა შეემოწმებინა. ექიმმა ამიროვმა ჩასვლისთანავე გადაწყვიტა, უფრო დიდი ხნით დარჩენილიყო ბორჯომში, რათა უკეთ გაცნობოდა მინერალური წყლით ჯარისკაცების მკურნალობის შედეგს. ექიმი ამიროვი იყო პირველი სამეცნიერო კვლევის ავტორი, სადაც დეტალურად იყო აღწერილი მინერალური წყლის უნიკალური სამკურნალო თვისებები.

„ბორჯომის“ მინერალური წყლები ქართველ გრენადერთა პოლკის ადმინისტრირების არეალში მოექცა. ექიმმა ამიროვმა წყლის პირველი სინჯები სანქტ – პეტერბურგსა და მოსკოვში გაგზავნა. „ბორჯომის“ მინერალური წყლების საოცარი თვისებები რუსეთში მთავარი სასაუბრო თემა გახდა. სწორედ ამან უბიძგა კავკასიის მთავარმართებლის, გენერალ-გუბერნატორ ევგენი გოლოვინის ქალიშვილს ბორჯომში ჩასულიყო. მართალია, ისტორიული წყაროები არ აზუსტებენ ინფორმაციას გენერლის ქალიშვილი რით იყო ავად, მაგრამ ფაქტია, რომ ის განიკურნა. ამ შემთხვევის გამო მინერალური წყლის პირველ წყაროს მის საპატივსაცემოდ  „ეკატერინსკი“  ეწოდა, ხოლო იმავე პერიოდში ნაპოვნ მეორე წყაროს  – „ევგენიევსკი“, თავად გენერალ-გუბერნატორის სახელი.

   ვორონცოვიდან  რომანოვამდე

1844 წელს კავკასიაში მეფისნაცვლად მიხეილ ვორონცოვი დაინიშნა. როგორც ამბობენ, მისი ყურადღება თავიდანვე მიუპყრია ბორჯომის ბუნებრივ სილამაზეს და მის მინერალურ წყლებს. იმდენად აღფრთოვანებულა კავკასიის მეფისნაცვალი ბორჯომით, რომ იგი საკუთარ რეზიდენციად უქცევია. მას შემდეგ რაც ვორონცოვს ბორჯომი სახაზინო მამულად უქცევია, იქ მშენებლობებიც წამოუწყია. სწორედ ვორონცოვს აუშენებია მინერალურ წყაროსთან ქვის გალერეა, სადაც იმ დროისათვის საჭირო რაოდენობის აბაზანა ჩაუდგამს. მის დროს აგებულა მდ. მტკვარზე ხის ხიდიც. პლატოზე მოუწყვიათ სკვერები.

მიხეილ რომანოვი, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის ძმა იყო. მამამ, რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა, მას ეს სახელი ძმის, მიხეილ პავლეს ძის პატივისცემის მიზნით დაარქვა. იგი დაქორწინდა დანიის პრინცესა ცეცილია (ოლღა) ბადენსკაიაზე და 7 შვილის მამა გახდა. 1862 წელს დიდი მთავარი კავკასიაში დაინიშნა მეფის ნაცვლად და საცხოვრებლად ოჯახით თბილისში დასახლდა.

დიდ მთავარს, ბორჯომი ისე როგორც მის წინამორბედს ვორონცოვს ძალიან მოსწონებია და სასახლის მშენებლობა დაუწყია. სასახლე მავრიტანული სტილის აუგიათ. გადმოცემით მიხეილ რომანოვის სასახლის საზეიმო გახსნას იმპერატორი ალექსანდრე II-ე დასწრებია. ბორჯომის სილამაზით აღფრთოვანებული დარჩენილა იმპერატორი და ბორჯომის მამული თავისი ტყეებითა და მინერალური წყლებით, სამუდამო მემკვიდრეობის უფლებით, მიხეილ რომანოვისთვის უბოძებია.

ზეპირი გადმოცემის მიხედვით, მიხეილ რომანოვს იმდენად ყვარებია ბორჯომში ნადირობა, რომ ადგილზე სამონადირეო ძაღლთსაშენი მოუწყვიათ. ამ უბანს დღეს ე.წ. ძაღლების უბანს უწოდებენ. მას შემდეგ, რაც ბორჯომი რომანოვების მამულად გამოცხადდა, რომანოვებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მის ქალაქად ქცევაში. დიდი მთავრის სახელს არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობა უკავშირდება.

          ,,ოლღას ხიდი’’

1868 წელს მდ. მტკვარზე აიგო რკინის ხიდი, რომელიც  სანკტ-პეტერბურგიდან ჩამოიტანეს. მიხეილ რომანოვმა რკინის ხიდს თავისი ცოლის-ოლღას საპატივსაცემოდ,  ,,ოლღას ხიდი’’ უწოდა. იმავე წელს, აპრილში, ბორჯომში დიდი წყალდიდობა მოხდა. წყალმა რომანოვების მიერ აგებული ხიდი დაანგრია, თუმცა შემდეგ კიდევ ააგეს ხიდი და სახელი შეუცვალეს,  ,,სილამაზის ხიდი’’ დაარქვეს.

ბაკურ გელაშვილი:

_ არაერთი საშინელი წყალდიდობის შემსწრეა ბორჯომი. 1968 წლის  აპრილში, ბორჯომში მომხრადი წყალდიდობის მასშტაბურობის შესახებ ბაბუაჩემისგან, ალექსანდრე გელაშვილისგან ვიცი. ბაბუამ თავის ძმასთან, ნიკოლოზ გელაშვილთან ერთად, საკუთარი სიცოცხლის ფასად შეუნარჩუნა უხიდოდ დარჩენილ ბორჯომის ხეობას ჩარხის წყლის ხიდი.

ბაბუაჩემი და მისი ძმა ნიკოლოზი იმ პერიოდში რკინიგზაში მუშაობდნენ. ნიკოლოზი მემანქანე გახლდათ. უხვი ნალექის გამო, 18 აპრილს მტკვრის დონე ისე ყოფილა აწეული, რომ ქალაქის ცენტრალური მოედანი, ე.წ. რკინიგზის სკოლისა და ჩარხის წყალი-ვაშლოვანის ცენტრალური საავტომობილო გზა, მთლიანად წყლის ქვეშ მოქცეულა. ადიდებულ მდინარეს მოჰქონდა თურმე უზარმაზარი ხეები, დანგრეული ხიდის ნაწილები…იმ დღეს ორივე ძმა მორიგე ყოფილა. საფრთხე ქალაქ ბორჯომის არსებობასაც ემუქრებოდაო. მდინარის მიერ წამოღებული ხეები ხიდის ქვეშ ჩახერგილა და მნიშვნელოვნად შეუფერხებია წყლის ნაკადის გასვლა. ძმებ გელაშვილებს ხიდის გადასარჩენად სარისკო გადაწყვეტილება მიუღიათ. ალექსანდრე წვალებით გასულა ხიდზე, რომელზეც მდინარე ზევიდან გადადიოდა და  ე.წ.  ლითონის თოკები (ტროსები) ჩაუბა ჩახერგილ ხეებს. თოკის მეორე მხარე კი იმ ორთქმავალს გამოაბეს, რომლის მემანქანეც მისი ძმა, ნიკოლოზი იყო. ასე გაათრიეს ხიდის ქვემოთ ჩახერგილი ხეები და წყლის ძლიერ ნაკადს გასვლის საშუალება მისცეს. ჩარხისწყლის დღემდე მოქმედი ხიდი და ქალაქი ბორჯომი განადგურებას გადაარჩინეს. წლების წინ, ამ ამბავზე პატარა ფილმიც გადაუღიათ, რომელსაც ,,წყალდიდობა ბორჯომში’’ რქმევია.

        გუსტავ  ეიფელი ბორჯომში

კუკუშკა ყველა ჩვენგანში ბავშვობის მოგონებებს აღვიძებს. მის გარეშე ბორჯომის ხეობა წარმოუდგენელია. პატარების გულის გამხარებელი მატარებლის გუგუნიც  რომანოვების ბორჯომულ ცხოვრებას უკავშირდება. სწორედ მათ წამოიწყეს 1897 წელს ბორჯომ-ბაკურიანის ვიწრო ლიანდაგიანი რკინიგზის მშენებლობა, რომელიც 1902 წელს დასრულდა. სპეციალურად ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზისათვის ინგლისიდან ჩამოიყვანეს ე.წ. ,,პორტერის ტიპის’’ ორთქმავალი, რომელსაც ღია, მხოლოდ მოაჯირებით შემორაგული ვაგონები ებმებოდა. 1902 წელს კი, მდინარე ცემისწყალზე აშენდა ხიდი, რომელიც ბორჯომ-ბაკურიანს ერთმანეთთან რკინიგზით აკავშირებდა. ხიდის კონსტრუქცია ფრანგმა არქიტექტორმა,  გუსტავ ეიფელმა შექმნა. იმ ეიფელმა, რომელმაც პარიზში საოცრება, ეიფელის კოშკი ააგო. ცემის ხიდი მილიონამდე დეტალით საფრანგეთიდან, დაშლილ მდგომარეობაში ჩამოიტანეს და ადგილზე ააწყეს. არსებობს ვერსია, რომ ბორჯომის ცენტრალურ პარკში, მდინარე ბორჯომულაზე  გადებული მცირე ზომის ხიდიც, რომანოვის დაკვეთით ეიფელის შექმნილია.

პანდემიის დროს, ბორჯომი-ბაკურიანის კუკუშკამ მუშაობა შეაჩერა, თუმცა პანდემიამ გადაიარა და პატარა მატარებელს გუგუნი არ განუახლებია. როგორც ამბობენ, კუკუშკა სარკინიგზო ხაზის ავარიულობის  გამო დადუმდა.

    რომანოვის სიყვარულის ისტორიები

მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის მემკვიდრემ ნიკოლოზ რომანოვმა თავის საცხოვრებლად ლიკანი აირჩია.  იქ ჯერ ულამაზესი პარკი გააშენა, 1892-1895 წლებში კი, იმ ადგილზე, სადაც  წინათ ხორბლის კალო იყო, დიდებული სასახლე აშენა.

ნიკოლოზ რომანოვის ბრძანებით, სასახლე, არქიტექტორმა ლეონტინ ბენუამ ააგო. შემდგომში რეზიდენცია ტურისტთა დასასვენებელ ადგილად იქცა.

ბაკურ გელაშვილი:

_ სასახლეში დაცული იყო უნიკალური ექსპონატები: ნაპოლეონის მიერ რომანოვებისათვის ნაჩუქარი მაგიდა, ირანის შაჰის მიერ ნაჩუქარი სავარძელი, პირადად რუსეთის იმპერატორ პეტრე პირველის ხელით კაკლის ხის ფესვებისაგან დამზადებული ისტორიული მაგიდა. სასახლეში არსებული თითქმის ყველა ნივთი ანტიკვარული იყო. ცენტრალური შესასვლელის თაღში მოთავსებული ფაიფურის თუთიყუში კარების გაღებისთანავე იწყებდა მოძრაობას, თითქოს ესალმებოდა სტუმრებს. საბილიარდო ოთახში რომანოვების დროინდელი ბილიარდი იდგა, ოთახში არსებულ რუსულ ღუმელზე იტალიური მწვანე კერემიკით გამოხატული იყო ცხოველები, რომლებიც ბორჯომის ხეობაში ბინადრობნენ. ასევე დაცული იყო რომანოვის კაბინეტი, რომელშიც შემდგომ სტალინი მუშაობდა. ამ კაბინეტის კედელზე, სტალინის მიერ დაჭედებული იყო ორი ისტორიული ლურსმანი. ერთს თურმე ქუდის ჩამოსაკიდად იყენებდა და მეორეს, კიტელის დასაკიდად. სასახლის მეორე სართულზე არსებობდა ე. წ. ,,პეპლებიანი” საძინებელი. რომანოვს ჰყოლია კოლექციონერები, რომლებიც იჭერდნენ პეპლებს ბორჯომის ტერიტორიაზე. ერთ–ერთს მოსვლია აზრად, ოთახი მოეხატა ამ პეპლების ანალოგიური დასურათებებით. ამავე ოთახში იდგა იმდროინდელი, ორმხრივი სავარძელი, რომელსაც გაბუტული შეყვარებულების სავარძელი ერქვა.

_ ისე საუბრობთ, თითქოს ეს ნივთები რომანოვების ყოფილ სასახლეში აღარაა …

_ სასახლეში ამჟამად არავის უშვებენ. როგორც ვიცი, რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს.

ბორჯომში ლეგენდად დადის ნიკოლოზ მიხეილს ძე რომანოვის სასიყვარულო ისტორიები. თავდაპირველად მას საკუთარი ბიძაშვილი ჰყვარებია. რადგან ეს მიუღებელი იყო მართმადიდებელ ქრისტიანებისთვის, სიყვარულში გულგატეხილ ნიკოლოზს ცოლი აღარასოდეს შეურთავს და არც შვილი ჰყოლია. მოგვიანებით, ნიკოლოზ რომანოვს ვარვარა  რომანენკო შეჰყვარებია. ვარვარას ოჯახი უკრაინიდან, კერძოდ პოლტავიდან ჩამოუსახლებიათ წაღვერში. გოგონას რუსულთან ერთად ქართულიც კარგად შეუსწავლია. თავდაპირველად ვარვარა ნიკოლოზის ძმის, სერგეი რომანოვის სასახლის მეთვალყურის, კუხარევიჩის მეუღლე გამხდარა. ქმრის გარდაცვალების შემდეგ-ამავე სასახლის ახლად დანიშნულ მეთვალყურეს, ერმოშკინს გაჰყოლია ცოლად და მეუღლესთან ერთად, სამუშაოდ ლიკანის სასახლეში გადასულა, სადაც 1949 წლამდე მუშაობდა.

თავისი სილამაზით განთქმული ვარვარა სასახლის შეუცვლელი დიასახლისი  და უერთგულესი მეგობარი იყო ნიკოლოზ რომანოვისა, რომელიც ეთაყვანებოდა ქალს. მათი სიყვარულის ამბავი და ურთიერთობა ხანგრძლივი აღმოჩნდა, მაგრამ ვარვარას დაბალი წარმომავლობის გამო, კნიაზ ნიკოლოზს არ შეეძლო მისი ცოლად შერთვა. სასახლის დიასახლისმა სიკვდილამდე, 1958 წლამდე იცხოვრა ბორჯომში.

    ვინ უძღვნა სარკეებიანი სახლი საყვარელ ქალს

ბორჯომის ცენტრალურ პარკთან მდგარი სარკეებიანი, ლურჯი შენობა ყველა მნახველს ხიბლავს. მას ფირუზას სახლსაც ეძახიან. ბაკურ გელაშვილმა სახლის ისტორია გაგვაცნო:

_ ე.წ. ფირუზას სახლი 1892-1893 წლებშია აშენებული. როგორც ამბობენ, ის ,საქართველოში ირანის საელჩოს წარმომადგენელმა, მირზა რიზა ხანმა საყვარელ ქალს მიუძღვნა. ,,ფირუზად” წოდებული ეს შენობა აღმოსავლურ სტილში იყო აშენებული და მორთული ფიგურული ორნამენტებით. წინა, გუმბათისებური ნაწილი მოპირკეთებულია ფერადი, უმეტესად ფირუზისებური სარკეებით. 1925 წლიდან იქ განთავსდა სანატორიუმი ,,ფირუზას 1”, ხოლო 1993 წლიდან აფხაზეთიდან დევნილები შეასახლეს. 2012 წელს სახლს ჩაუტარდა რესტავრაცია და ახლა სასტუმროს წარმოადგენს.

    ნელი ვარდიაშვილი, გაზეთი ,,კვირის პალიტრა”

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close